სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1683-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 120190000.05.001.017226
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1683-Iს
29/11/2013
ვებგვერდი, 16/12/2013
120190000.05.001.017226
სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (16/12/2013 - 28/06/2019)

 

საქართველოს კანონი

 

 

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

თავი I

კანონის რეგულირების სფერო, მიზანი და ტერმინების განმარტება

მუხლი 1

1. ეს კანონი არეგულირებს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (შემდგომ − პროდუქცია) ბრუნვის ეროვნული კონტროლის და პოლიტიკის განხორციელების საფუძვლებსა და წესს. ამ კანონის მიზანია:

ა) დაიცვას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება პროდუქციის ბრუნვაზე ეროვნული კონტროლის დაწესების გზით;

ბ) ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) ფარგლებში არსებული ვალდებულებებისა და პრინციპების შესაბამისად;

 გ) საქართველომ, როგორც გაეროს, აგრეთვე გაუვრცელებლობისა და უსაფრთხოების შესაბამისი რეჟიმების წევრმა სახელმწიფომ, შეასრულოს მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

2. ეს კანონი არ არეგულირებს სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებს. სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არარეზიდენტი − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ბ) ბროკერი − რეზიდენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საბროკერო მომსახურებას;

გ) გადამზიდველი − ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც პასუხისმგებელია პროდუქციის ტრანზიტის განხორციელებისთვის;

დ) ექსპორტი:

დ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან პროდუქციის საბაჟო კონტროლისადმი დაქვემდებარებული დროებითი ან მუდმივი გატანა;

დ.ბ) ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ნებისმიერი სახის ელექტრონული საშუალებით გადაგზავნა, რაც მოიცავს ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის ამგვარი კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის ელექტრონულად ხელმისაწვდომობას;

დ.გ) ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის ტელეფონით ან ზეპირად მიწოდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში არარეზიდენტისათვის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის;     

ე) ექსპორტიორი − ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ახორციელებს ექსპორტს;

ვ) იმპორტი − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის დროებითი ან მუდმივი შემოტანა; 

ზ) იმპორტიორი − ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ახორციელებს იმპორტს;

თ) ნებართვა − ეს ტერმინი განიმარტება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ი) ნებართვის გამცემი – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას;

კ) ნებართვის მაძიებელი – ეს ტერმინი განიმარტება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ლ) ნებართვის მფლობელი – ეს ტერმინი განიმარტება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

მ) ორმაგი დანიშნულების პროდუქცია − პროდუქცია (მათ შორის, კომპიუტერული პროგრამა ან/და ტექნოლოგია), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისათვის, აგრეთვე როგორც ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ისე არაფეთქებადი მიზნებისათვის;

ნ) რეზიდენტი − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ო) საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი − პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზნის დამადასტურებელი და მომხმარებლის აღმნიშვნელი დოკუმენტი;

პ) საბროკერო მომსახურება:

პ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარედან სხვა, საბოლოო დანიშნულების ადგილას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ პროდუქციის ყიდვის, გაყიდვის ან მიწოდების ორგანიზება, მათ შორის, ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოება.

 შენიშვნა: ეს ქვეპუნქტი არეგულირებს პროდუქციის ყიდვის, გაყიდვის ან მიწოდების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პროდუქციის გადატანა ორ ან ორზე მეტ იდენტიფიცირებულ ქვეყანას შორის;

პ.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებული პროდუქციის ყიდვა, გაყიდვა ან მიწოდება სხვა ქვეყანაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

შენიშვნა: საბროკერო მომსახურებაში არ იგულისხმება ისეთი დამხმარე მომსახურება, როგორიცაა გადაზიდვა, ფინანსური მომსახურება, დაზღვევა და გადაზღვევა, ზოგადი რეკლამირება და მხარდაჭერა;

ჟ) საკონტროლო ნუსხები − სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხები;

რ) სამხედრო პროდუქცია – ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული სამხედრო დანიშნულების პროდუქცია;

ს) სანებართვო პირობები – ამ კანონის საფუძველზე დადგენილი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მფლობელი ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;

ტ) საქართველოს საბაჟო ტერიტორია − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

უ) სახელმწიფო საზღვარი − ეს ტერმინი განიმარტება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად;

ფ) ტექნიკური დახმარება − ტექნიკური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია პროდუქციის შეკეთებასთან, განვითარებასთან, დამზადებასთან, აწყობასთან, ტესტირებასთან, ან სხვა ტექნიკური მომსახურება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პროდუქციასთან დაკავშირებულ ინსტრუქტაჟს, წვრთნას, სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას, საკონსულტაციო მომსახურებას. ტექნიკური დახმარება აგრეთვე მოიცავს ნებისმიერ ზეპირი ფორმის დახმარებას; 

ქ) ტრანზიტი − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

თავი II

ექსპორტი

 მუხლი 3

ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე.

მუხლი 4

ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით გაუთვალისწინებელი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს ნებართვა ესაჭიროება, თუ:

ა) ექსპორტიორს ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულმა ნებართვის გამცემმა გონივრული ვარაუდის საფუძველზე აცნობა, რომ პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა.ა) ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის შემუშავებასთან/განვითარებასთან, წარმოებასთან, მართვასთან, ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, შენახვასთან, აღმოჩენასთან, იდენტიფიცირებასთან ან გავრცელებასთან დაკავშირებით ან ასეთი იარაღის გადამტანი ჭურვის/რაკეტის შემუშავებასთან/განვითარებასთან, წარმოებასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან ან შენახვასთან დაკავშირებით;

ა.ბ) სამხედრო მიზნებისათვის, თუ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ან საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე ან საქართველოს მიერ ცალმხრივად მყიდველი მხარის ან საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მიმართ იარაღის ემბარგოა დაწესებული. სამხედრო მიზნებისათვის გამოყენება ამ მუხლში გულისხმობს:

ა.ბ.ა) პროდუქციის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ სამხედრო პროდუქციაში ჩაყენებას/ჩამონტაჟებას;

ა.ბ.ბ) საწარმოო, საცდელი ან ანალიტიკური აღჭურვილობის და მისი კომპონენტის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის შემუშავებისთვის/განვითარებისთვის, წარმოებისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის გამოყენებას;

ა.ბ.გ) ნებისმიერი ნახევარფაბრიკატის/დაუსრულებელი პროდუქციის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის გამოყენებას;

ბ) ექსპორტიორისთვის ცნობილია ან მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ ამ მუხლით განსაზღვრული პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

თავი III

იმპორტი

 მუხლი 5

ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული პროდუქციის იმპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.

თავი IV

ტრანზიტი

მუხლი 6

  1. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ტრანზიტის ნებართვის საფუძველზე.

  2. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საკონტროლო ნუსხაში ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ტრანზიტის ნებართვის საფუძველზე.

თავი V

საბროკერო მომსახურება

 მუხლი 7

1. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული საბროკერო მომსახურების ნებართვის საფუძველზე.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული საბროკერო მომსახურების ნებართვის საფუძველზე, თუ:

ა) ბროკერს ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულმა ნებართვის გამცემმა გონივრული ვარაუდის საფუძველზე აცნობა, რომ ამ პუნქტით განსაზღვრული პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;

ბ) ბროკერისთვის ცნობილია ან მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ ამ პუნქტით განსაზღვრული პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

თავი VI

ტექნიკური დახმარება

მუხლი 8

1. რეზიდენტის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ტექნიკური დახმარების გაწევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ტექნიკური დახმარების ნებართვის საფუძველზე, თუ:

ა) ტექნიკური დახმარების გამწევს ნებართვის გამცემმა გონივრული ვარაუდის საფუძველზე აცნობა, რომ ტექნიკური დახმარება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;

ბ) ტექნიკური დახმარების გამწევისთვის ცნობილია ან მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ ტექნიკური დახმარება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ტექნიკური დახმარება:

ა) ღია ინფორმაციაა ან ფუნდამენტური მეცნიერული კვლევის ნაწილია;

ბ) ხორციელდება ზეპირი ფორმით და დაკავშირებული არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრულ ტექნოლოგიასთან. 

თავი VII

ნებართვები

მუხლი 9

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ სამხედრო პროდუქციაზე გასცემს:

ა) ექსპორტის ნებართვას;

ბ) იმპორტის ნებართვას;

გ) ტრანზიტის ნებართვას;

დ) საბროკერო მომსახურების ნებართვას;

ე) ტექნიკური დახმარების ნებართვას.

 მუხლი 10

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე გასცემს:

ა) ექსპორტის ნებართვას;

ბ) იმპორტის ნებართვას;

გ) ტრანზიტის ნებართვას;

დ) საბროკერო მომსახურების ნებართვას;

ე) ტექნიკური დახმარების ნებართვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვები გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე:

ა) თუ საკონტროლო ნუსხაში ორმაგი დანიშნულების პროდუქცია ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით იქნება აღნიშნული;

 ბ) ამ კანონის მე-4 მუხლით, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 მუხლი 11

1. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელებისას უწყებათაშორისი კოორდინაციის საკითხები, აგრეთვე კონტროლის განხორციელების მეთოდიკა და წესები, ამ კანონის განმარტებისა და გამოყენების საკითხები, საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის გაცემის წესი განისაზღვრება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამ აქტის საფუძველზე, ნებართვების გაცემისას ან/და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტრონული დოკუმენტები და დოკუმენტები გაიცვალოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით, კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლებელია დადგინდეს ამ კანონით განსაზღვრულ ნებართვებთან დაკავშირებული და მათი გაცემისათვის დადგენილი პროცედურების საგამონაკლისო წესები.

   მუხლი 12

1. ნებართვის მაძიებელი უნდა იყოს სანებართვო ქმედების უშუალო განმახორციელებელი, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი შესაძლებელია იყოს აგრეთვე გადამზიდველი.

  2. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად მიმართავს ამ კანონის მე-9 ან მე-10 მუხლით განსაზღვრულ ნებართვის გამცემს და მას წარუდგენს:

  ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას;

  ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას. 

  3. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ნებართვის მაძიებელი რეკომენდაციის მისაღებად მიმართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას, ხოლო რეკომენდაციის მიღების შემდეგ − ნებართვის გამცემს. თუ ნებართვის მაძიებელი განცხადებას ამ წესის დარღვევით წარადგენს, ნებართვის გაცემისათვის დადგენილი წარმოება არ იწყება და ეს განცხადება ქვემდებარეობით განსახილველად ეგზავნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას.

  4. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით განისაზღვრება ის შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებული არ არის, მოიპოვოს ამ კანონით განსაზღვრული ნებართვები. აღნიშნული არ გულისხმობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას.

მუხლი 13

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია რეკომენდაციის გაცემისას ითვალისწინებს:

ა) ბირთვული, მასობრივი განადგურების და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს;

ბ) საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები განისაზღვრება ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით.

  3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება.

მუხლი 14

1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემს წარუდგენს ამ კანონის შესაბამისად ნებართვის ან რეკომენდაციის მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაციას.

2. ნებართვა მოქმედებს მასში მითითებული ვადის განმავლობაში. თუ ნებართვაში ვადა მითითებული არ არის, იგულისხმება, რომ ნებართვა მოქმედებს მისი გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.

3. ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები, მათ შორის:

ა) ნებართვის გაცემისათვის წარდგენილი დოკუმენტების შეცვლისას ამის თაობაზე აცნობოს ნებართვის გამცემს;

ბ) შექმნას შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას;

გ) მუდმივად აწარმოოს საინფორმაციო ბაზა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, ნებართვის გამცემს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ანგარიში სანებართვო ქმედების განხორციელების მდგომარეობის შესახებ;

დ) არ შეაფერხოს და ხელი შეუწყოს ნებართვის გამცემს, რათა მან განახორციელოს სანებართვო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონტროლის ღონისძიებები.

 მუხლი 15

1. ნებართვის გამცემმა შეიძლება უარი თქვას ნებართვის გაცემაზე, შეაჩეროს გაცემული ნებართვა ან გააუქმოს (ბათილად ან არარად ცნოს ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს) გაცემული ნებართვა:

  ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

  ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული საფუძვლით;

  გ) სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ან თუ ამ კანონის VIII თავის საფუძველზე კონკრეტული ქვეყნის მიმართ ემბარგო ან სახელმწიფო სანქცია დაწესდა.     

  2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შეაჩეროს პროდუქციის  ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, თუ წარმოიქმნა ან აღმოჩნდა ახალი გარემოებები, რომლებიც კომპეტენტური ორგანოს მიერ შესწავლას საჭიროებს და რომლებიც ვერ იქნებოდა გათვალისწინებული ნებართვის გაცემისას. ასეთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური საქმეს საკითხის ხელახალი განხილვისათვის უგზავნის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. 

თავი VIII

საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები

 მუხლი 16

1. ერთი ან მეტი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებში საქართველოს მონაწილეობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით ან ეფუძნება გაეროს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.

2. საქართველოს შეუძლია ცალმხრივად დააწესოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სანქციები.

3. საქართველოს მიერ საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების დაწესების შემთხვევაში ზიანის კომპენსირების პროცედურა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებთან შესაბამისობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია დააწესოს აკრძალვები, მათ შორის, პროდუქციის ექსპორტზე, იმპორტზე, ტრანზიტზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული აკრძალვების შესრულება სავალდებულოა იმ ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, რომლებიც ამგვარ დავალებას მიიღებენ.

თავი IX

კონტროლის ღონისძიებები

 მუხლი 17

1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აწარმოოს სანებართვო საქმიანობის რეესტრი. 

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული რეესტრი ინახება 6 წლის განმავლობაში. ამ ვადის ათვლა იწყება იმ კალენდარული წლის ბოლოდან, როდესაც ამოიწურება ნებართვის მოქმედების ვადა. პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები ინახება არანაკლებ ამ პუნქტში მითითებული ვადის განმავლობაში, თუნდაც შესაბამისი კანონმდებლობით უფრო მცირე ვადა იყოს დადგენილი.

მუხლი 18

ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრული საქართველოს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, სასწავლო და სამხედრო დანიშნულების დამხმარე ქონების, აგრეთვე მათი შემადგენელი ნაწილების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ხორციელდება და მაკონტროლებელი ორგანო განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას.

მუხლი 19

1. ამ კანონის მე-9 და მე-10 მუხლებით განსაზღვრული ნებართვის გამცემები უფლებამოსილი არიან, კონტროლის განხორციელების მიზნით ნებართვის მფლობელს მოსთხოვონ სანებართვო ქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენა. ნებართვის მფლობელი ინფორმაციას ან დოკუმენტს წარადგენს გონივრულ ვადაში.

2. ნებართვის მაძიებლის ან ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის პროცესში ნებართვის მფლობელის შესახებ მიღებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ ამ კანონის მიზნებისათვის.

თავი X

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

მუხლი 20

1. ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევა იწვევს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაჯარიმებას. 

2. ამ კანონის დარღვევისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

თავი XI

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 21

ნებართვა, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდეა გაცემული, ინარჩუნებს ძალას.  

მუხლი 22

საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტების მიღება. 

თავი XII

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 23

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 28 აპრილის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19).

მუხლი 24

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−21-ე და 23-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   2. ამ კანონის პირველი−21-ე და 23-ე მუხლები ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ნოემბერი 2013 წ.

N1683-Iს