დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1688-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/11/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016025 |
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, დაამტკიცოს კონსტიტუციური შეთანხმება, მიიღოს ორგანული კანონი, კანონი, რეგლამენტი, დადგენილება, რეზოლუცია, დეკლარაცია, მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილება, მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები.“. 2. მე-3 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცება;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება; საქართველოს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება;“; გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევა/დანიშვნა, მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემა, მათი თანამდებობიდან განთავისუფლება/გადაყენება;“; დ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევა, მათი თანამდებობიდან განთავისუფლება/გადაყენება;“. 3. 176-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და იღებს სამი მოსმენით კანონპროექტის განხილვისა და მიღებისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. ამასთანავე, კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენებით განიხილება და მიიღება ერთსა და იმავე სესიაზე, ხოლო მესამე მოსმენით განიხილება და მიიღება მხოლოდ პარლამენტის მომდევნო სესიაზე, მეორე მოსმენით მიღებიდან არანაკლებ 3 თვის შემდეგ.“. 4. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1801 და 1802 მუხლები: „მუხლი 1801 1. პარლამენტი დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშისა და საქართველოს სახელმწიფო გერბის შენახვის ადგილს. 2. პარლამენტი დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტულ ზომებსა და ზუსტ გამოსახულებას. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომების შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის იმავე დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო დროშის შესაბამისი პროპორციების დაცვით. 3. პარლამენტი დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესსა და პირობებს. 4. პარლამენტი დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესს.
მუხლი 1802 1. პარლამენტი, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილებით განსაზღვრავს იმავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გასაცემი ოფიციალური დოკუმენტების ნუსხას, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბის სრული სახით გამოყენება სავალდებულოა. 2. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები განისაზღვრება კანონით ან/და პარლამენტის დადგენილებით. 3. პარლამენტი განსაზღვრავს იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული.“. 5. 190-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 190 1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საქართველოს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისთანავე, მაგრამ საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკს. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 45 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის შესახებ. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას განიხილავენ: ა) პარლამენტის კომიტეტები − როგორც წესი, მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით; ბ) ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები. 4. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას პარლამენტი განიხილავს არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებისა. 5. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ასლებს მათი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა გადასცემს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მიღებიდან 2 დღის ვადაში განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის განრიგს და უგზავნის პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, აგრეთვე საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და სხვა კომიტეტები 2 კვირის განმავლობაში, როგორც წესი, მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით, განიხილავენ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს. 6. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის, ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის დასრულების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის თაობაზე. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ამტკიცებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობებს და მათ კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.“. 6. 201-ე მუხლის მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის წარდგენიდან 4 დღის ვადაში, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. 5. პარლამენტის ბიურო პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის წარდგენიდან 5 დღის ვადაში განიხილავს საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და იღებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და პარლამენტს. 6. პარლამენტის ბიუროს სხდომის მომდევნო დღეს პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.“. 7. 204-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 204 1. პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ 5 წევრით განახლების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. 2. პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ნდობას უცხადებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“. 8. 206-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. პარლამენტი უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მთავარი პროკურორის ინფორმაციის მოსმენა.“. 9. 211-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე პარლამენტს მიმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შეჩერებაზე ან მის დათხოვნაზე თანხმობის მისაღებად.“. 10. 215-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველს. მისი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ფრაქციასა და პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში.“. 11. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2152 და 2153 მუხლები: „მუხლი 2152 1. პარლამენტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს ირჩევს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მათი კანდიდატურების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში. თუ პარლამენტში კანდიდატურების განხილვის პერიოდი მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საპარლამენტო არდადეგებს, კომისიის წევრის არჩევის პროცესი, შესაბამისად, დაიწყება ან გაგრძელდება პარლამენტის მორიგი სესიის დაწყებისთანავე ან რიგგარეშე სესიაზე, რომლის მოწვევის საკითხს წყვეტს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს ამ თანამდებობაზე წარდგენილ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევრის ხმებისა. ამ მაჩვენებლის თანაბრობის შემთხვევაში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს შორის მაშინვე გაიმართება ხელახალი კენჭისყრა და არჩეულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი. 3. თუ კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმები, ხელახლა დაიწყება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომისიის წევრის შერჩევის პროცედურები და საქართველოს პრეზიდენტი 50 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს, რომლებიც შეირჩევიან იმავე კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა.
მუხლი 2153 1. პარლამენტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს ირჩევს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მათი კანდიდატურების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში. თუ პარლამენტში კანდიდატურების განხილვის პერიოდი მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საპარლამენტო არდადეგებს, კომისიის წევრის არჩევის პროცესი, შესაბამისად, დაიწყება ან გაგრძელდება პარლამენტის მორიგი სესიის დაწყებისთანავე ან რიგგარეშე სესიაზე, რომლის მოწვევის საკითხს წყვეტს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. პარლამენტი კომისიის წევრებს ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 3. კომისიის წევრი აირჩევა 6 წლით. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა აირჩეს 6-წლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პარლამენტი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ირჩევს კომისიის ახალ წევრს დარჩენილი ვადით. 4. კომისიის წევრის მიერ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის ან/და ზედიზედ 4 თვის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიის წევრის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, იღებს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“. 12. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2181 მუხლი: „მუხლი 2181 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის − საქსტატის (შემდგომ − საქსტატი) საბჭოს წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას. 2. პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან 21 დღის ვადაში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების შემთხვევაში − პარლამენტის სესიის განახლებიდან 2 კვირის ვადაში, ფარული კენჭისყრით თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქსტატის საბჭოს წევრების დანიშვნაზე. 3. ჩაითვლება, რომ საქსტატის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს თანხმობა მიეცა, თუ იგი მიიღებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ხმათა საკმარის რაოდენობას ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი კანდიდატი მიიღებს, ჩაითვლება, რომ თანხმობა მიეცა მათგან საუკეთესო შედეგის მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი ვაკანტური თანამდებობაცაა. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და გამარჯვებული/გამარჯვებულები ხმათა ფარდობითი უმრავლესობით გამოვლინდება/გამოვლინდებიან. 6. თუ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს თანხმობა არ მიეცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალ კანდიდატურებს, რომლებსაც თანხმობა მიეცემათ ამ მუხლით დადგენილი წესით.“. 13. 219-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის ახალ წევრებს პარლამენტი ირჩევს ამ ორგანოთა შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.“; გ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა;“; დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. მე-2 ტურში არჩევისთვის საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა შემდეგი პირობების დაცვით: ა) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აღმოჩნდა პარლამენტის ორი მესამედის უმრავლესობით არჩეული თუნდაც ერთი წევრი, კენჭისყრის მე-2 ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატები. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი; ბ) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში არ აღმოჩნდა პარლამენტის ორი მესამედის უმრავლესობით არჩეული წევრი და მე-2 ტურში ვერავინ მიიღო პარლამენტის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერა, 1 ადგილი ვაკანტური დარჩება, ხოლო დანარჩენ ადგილებზე არჩეულები გამოვლინდებიან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.“; ე) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში კანდიდატურების წარდგენის ვადებს ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა არ იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები განიხილონ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში.“; ვ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. თუ კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში კანდიდატურების წარდგენის ვადებს ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა არ იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები განიხილონ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში.“. 14. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2292 მუხლი: „მუხლი 2292 1. თუ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, აგრეთვე მისი გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში პარლამენტი მითითებული გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომისას მოქმედებს ამ რეგლამენტის მე-9 მუხლით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი პროცედურები. კომისიის წევრი თანამდებობიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა: ა) ინტერესთა კონფლიქტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში; ბ) ზედიზედ 15 სამუშაო დღეზე ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში. 4. პროცედურის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი. 5. პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. 6. დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში პარლამენტი კენჭს უყრის კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა. 7. თუ ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია ან პარლამენტი არ გამართავს კენჭისყრას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება. 8. ერთი ფაქტის საფუძველზე კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ორჯერ დასმა დაუშვებელია.“. 15. 231-ე−234-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 231 1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. 2. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის წერილობით მოთხოვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარსი, აგრეთვე შესაბამისი არგუმენტები და მითითებული უნდა იყოს არსებული მასალები. 3. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებმა საკითხის აღძვრიდან 7 დღის ვადაში კონსტიტუციური წარდგინების სახით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასკვნისათვის უნდა შეიტანონ თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის წერილობითი მოთხოვნა. 4. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, პარლამენტი სასამართლოდან დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეს პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად გამოცხადდეს. 5. პარლამენტში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვაში პარლამენტის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდეს თავად ეს თანამდებობის პირი, ხოლო ამ თანამდებობის პირის განხილვაში მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი წარმომადგენელი.
მუხლი 232 1. პარლამენტის მიერ ამ რეგლამენტის 231-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ქმედებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 საათისა, აღნიშნული ფაქტი ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებს, ფრაქციებსა და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს. 2. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა ამ რეგლამენტის 231-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა და პარლამენტის მიერ სასამართლოდან დასკვნის მიღების დროს მიმდინარეობს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 კალენდარული დღისა პარლამენტი იღებს დადგენილებას დასკვნის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკის თაობაზე. 3. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა და პარლამენტის მიერ სასამართლოდან დასკვნის მიღების დროს არ მიმდინარეობს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას.
მუხლი 233 1. საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს მთავრობის წევრი, გენერალური აუდიტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარულია. 4. პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება იმ თანამდებობის პირს, რომლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც განიხილებოდა. 5. თუ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მისი მიღებიდან 45 დღის განმავლობაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით იმართება რიგგარეშე არჩევნები, რომელთა გამართვასაც უზრუნველყოფს პარლამენტი.
მუხლი 234 1. დაუშვებელია პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვა ან გადაწყვეტილების მიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვას იწყებს/აგრძელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, უახლოესი (მორიგი ან რიგგარეშე) სესიის პირველსავე სხდომაზე. 2. თუ თანამდებობის პირი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც აღიძრა, გადადგა ან გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება. 3. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით არ დაადასტურა არც ამ რეგლამენტის 231-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და არც მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, ამ თანამდებობის პირის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება. 4. თუ პარლამენტმა ამ რეგლამენტის 231-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში კენჭი არ უყარა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ან ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა პარლამენტის წევრთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულმა რაოდენობამ, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და დაუშვებელია აღნიშნული თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა.“. 16. XLII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პარლამენტის მიერ დამოუკიდებელ ორგანოთა მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვა, კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანოებისა და თანამდებობის პირების მოხსენებებისა და ინფორმაციის განხილვა“. 17. 238-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. კანონით და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს/თანამდებობის პირის მოხსენება ან ინფორმაცია განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.“. 18. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2561 მუხლი: „მუხლი 2561 1. პარლამენტი თავის რეკომენდაციებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას, ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, − საქართველოს პრეზიდენტს. 2. პარლამენტის რეკომენდაციები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის დასაბუთებას.“. 19. 278-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტის აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს (გარდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დებულებისა) პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.“. 20. 279-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 279 1. პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკური ხასიათის სხვა ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტის აპარატის სტრუქტურაში იქმნება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი. 2. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე. ერთი და იგივე პირი საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 3. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი. 4. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც საბიუჯეტო ოფისის უფროსის წარდგინებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 5. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ანგარიშვალდებულია პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის ბიუროს წინაშე, რომლებსაც წარუდგენს თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს.“. 21. LVII თავი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2 1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-20 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-20 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან.
|
ქუთაისი, 29 ნოემბერი 2013 წ. N1688-Iს |
დოკუმენტის კომენტარები