„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1682-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 050030010.05.001.017236
1682-Iს
29/11/2013
ვებგვერდი, 17/12/2013
050030010.05.001.017236
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31(38), 1999 წელი, მუხ. 163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 1. კანონის მიზნები

  ეს კანონი ადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით, დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ან/და კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში მოქცევისას, საბაჟო საწყობში/საბაჟო ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილში შესანახად განთავსებისას ან საქართველოდან ექსპორტირებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ასპექტების შესახებ შეთანხმების დებულებებს სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებების თაობაზე.“.

   2. მე-2 მუხლის:

   ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) უფლების მფლობელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, დიზაინზე განსაკუთრებული უფლება, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება ან/და რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება;“;

   ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

  „ბ1) დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე დამზადებული პროდუქტი, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც  გამოიყენება ის და რომელიც, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დიზაინის მფლობელის უფლებებს;“.

   3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ − შესაბამისი სამსახური) ახორციელებს უფლების მფლობელის უფლებების დაცვას ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც შეტანილია შესაბამისი სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში (შემდგომ − რეესტრი).“.

   4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 4. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები 

  1. უფლების მფლობელს ან მის წარმომადგენელს (შემდგომ – განმცხადებელი) უფლება აქვს, შესაბამის სამსახურს მიმართოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანის (შემდგომ – რეგისტრაცია) შესახებ განაცხადით და მოითხოვოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით, დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ან კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების ან სხვა პროცედურის განხორციელების შეჩერება და უფლების მფლობელის უფლებების დაცვა.

   2. რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს:

   ა) განმცხადებლის სახელს (სახელწოდებას) და მისამართს;

  ბ) ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესახებ, იმ საქონლის დეტალურ აღწერას, რომელიც შეიცავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, სხვა მონაცემებს, რომლებიც შესაბამის სამსახურს საქონლის ამოცნობას გაუადვილებს (მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციას საქონლის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის შესახებ);

  გ) რეგისტრაციის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. ეს ვადა განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება რამდენჯერმე გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების ძალაში ყოფნის ვადისა;

  დ) ნებისმიერ ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შესახებ (მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციას ასეთი საქონლის წარმოშობის, მდებარეობის შესახებ, სასაქონლო პარტიის, შეფუთვის იდენტიფიცირებისათვის საჭირო დეტალებს, გადაადგილების, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამგზავნის, მიმღების ან მფლობელის, ორიგინალ საქონელსა და უფლებების დარღვევით წარმოებულ საქონელს შორის არსებული განმასხვავებელი ნიშნების თაობაზე);

   ე) განცხადებას იმის შესახებ, რომ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს საქონლის შეჩერების შედეგად საქონლის იმპორტიორისათვის, ექსპორტიორისათვის, მფლობელისათვის ან/და სხვა პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში;

   ვ) საკონტაქტო პირის სახელს, გვარს, მისამართსა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას.

  3. რეგისტრაციის შესახებ განაცხადს უნდა ერთოდეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განმცხადებლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (მოწმობა, სერტიფიკატი, სალიცენზიო ხელშეკრულება ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტი) ან/და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ორიგინალი ან ასლი.

  4. შესაბამისი სამსახური რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შესახებ ან მის რეგისტრაციაზე დასაბუთებული უარის თქმის თაობაზე.

  5. რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მონაცემის ცვლილების შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სამსახურს.

  6. რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შემთხვევაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

   7. შესაბამის სამსახურს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ, თუ მისთვის ცნობილი გახდა, რომ განმცხადებელმა დაკარგა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლება.“.

   5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. თუ საქონლის იმპორტში მოქცევისას, საბაჟო საწყობში/საბაჟო ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილში შესანახად განთავსებისას ან საქართველოდან ექსპორტირებისას შესაბამის სამსახურს ექნება საფუძველი ივარაუდოს, რომ საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცულ ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრირებულ ობიექტზე უფლებების დარღვევით, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღით (მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში – 3 სამუშაო დღით) შეჩერების (შემდგომ – საქონლის შეჩერება) შესახებ.“.

   6. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. შესაბამისი სამსახური ვალდებულია განმცხადებელსა და საქონლის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისათვის და შემოწმების ჩატარებისათვის. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. განმცხადებლის მიერ ამ ინფორმაციის გამჟღავნება იწვევს შესაბამისი სამსახურის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღებას და საქონლის შეჩერების პროცედურის შეწყვეტას.“.

   7. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 7. საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

   1. შესაბამისი სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას აუქმებს:

   ა) განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე;

  ბ) თუ შესაბამისმა სამსახურმა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ;

   გ) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

  2. განმცხადებელმა უნდა შეასრულოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენისას ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად აღებული ვალდებულება მას შემდეგ, რაც მიეცემა შეჩერებული საქონლის შემოწმების საშუალება და ვერ დადგინდება შესაბამისი სამსახურის ან/და განმცხადებლის ეჭვის საფუძვლიანობა.

  3. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიღების მომენტიდან საქონლის შენახვის ხარჯები განმცხადებელს ეკისრება.

   მუხლი 8. საქონლის ჩამორთმევა და განადგურება შესაბამისი სამსახურის მიერ

  1. თუ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში განმცხადებელი და საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი შესაბამის სამსახურს წარუდგენენ წერილობით შეთანხმებას, რომ საქონლის მფლობელი უარს აცხადებს შეჩერებულ საქონელზე, საქონელი ნადგურდება განმცხადებლის ხარჯითა და პასუხისმგებლობით, შესაბამისი სამსახურის ზედამხედველობით. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურისათვის წერილობითი შეთანხმების წარდგენის ვადაა 3 სამუშაო დღე.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების მიუღწევლობისას მხარეებს შორის დავა სასამართლო წესით განიხილება. ამ შემთხვევაში საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი (მათ შორის, საქონლის შეჩერების ხანგრძლივობა, მიყენებული ზიანის ოდენობა, უფლებების დარღვევის ფაქტის არსებობა) წყდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

   3. განმცხადებელი ან საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში სასამართლოსათვის სასარჩელო განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ვალდებულია სასამართლო განჩინება დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამის სამსახურს.

  4. თუ საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში არ შესრულდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები, შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს საქონლის გაშვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას.

  5. შესაბამისი სამსახური ვალდებულია შეინახოს გასანადგურებელი საქონლის ეგზემპლარი, რათა შესაძლებელი იყოს მისი მტკიცებულების სახით გამოყენება.

  6. შეჩერებული საქონელი შეიძლება არ განადგურდეს და გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო მიზნებისათვის, მხოლოდ განმცხადებლის თანხმობით, იმ პირობით, რომ ეს საქონელი არ შეუქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.“.     

  

მუხლი 2   

  1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულება და შესაბამისი ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება.

   2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ მიერ რეგისტრირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანა.

 

   მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ნოემბერი 2013 წ.

N1682-Iს