„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1584-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 300010000.05.001.017206
1584-რს
20/11/2013
ვებგვერდი, 03/12/2013
300010000.05.001.017206
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ. 125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“.

     2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. კანონის მიზნები

  1. ამ კანონის მიზანია, შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება.

  2. ეს კანონი აწესებს: საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობას ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელყოს მათი დამოუკიდებლობა; კონკრეტული სფეროს სრულყოფილი რეგულირების განხორციელების უფლებამოსილებას; პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურის გამჭვირვალობისა და საიმედოობის უზრუნველყოფისათვის; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზების ძირითად პრინციპებს.“.

   3. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა ორგანოზე, რომლებიც, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები არიან.

   2. საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებია:

   ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

   ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.“.

   4. მე-3 მუხლის:

   ა) „ა“−„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა – პირის ქმედება, კერძოდ, ზემოქმედება, ჩარევა, ხელის შეშლა ან სხვაგვარი ზეგავლენა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში მიმდინარე განხილვების შედეგებზე ან მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე ან კომისიის წევრის თავისუფალ და დამოუკიდებელ მსჯელობებზე ან აპარატის თანამშრომელთა საქმიანობაზე, იმ გზით, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, იმ მიზნით, რომ მიიღოს სარგებელი ან განსაკუთრებული მოპყრობა;

  ბ) გადაწყვეტილება – ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტი (დადგენილება, გადაწყვეტილება და ა. შ.);

 გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;

  დ) დამოუკიდებლობა – როგორც ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, ისე კომისიის წევრის შესაძლებლობა, არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის გარეშე განახორციელოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, მათ შორის, განიხილოს, გამოიკვლიოს და გადაწყვიტოს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები; დაუშვებელია ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ჩარევა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით;

  ე) კომისიის წევრი – პირი, რომელიც ამ კანონითა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით დადგენილი წესით, სათანადო აქტის საფუძველზე დანიშნულია ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრად;

   ვ) ოჯახის წევრი – კომისიის წევრის მამა, დედა, მეუღლე, შვილი;“;

   ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „თ) უფლებამოსილება – ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით განსაზღვრული და ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსთვის სპეციალურად დელეგირებული უფლებები და მოვალეობები;“;

   გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „კ) შესაბამისი კანონი – საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ძირითად ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს;“;

   დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მ) რეგულირება – შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, ლიცენზიების/ნებართვების გაცემა, მონიტორინგის, კოორდინაციის, ზედამხედველობისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;“.

   5. მე-4 მუხლის:

   ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით.

  2. დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით.“;

   ბ) მე-3 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;

   ბ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს და კომისიის წევრის პასუხისმგებლობის განსაზღვრა სასამართლოს მეშვეობით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

   გ) კომისიის წევრთა დანიშვნა მხოლოდ შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;“;

   გ) მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. თუ ორგანო, შესაბამისი კანონის თანახმად, არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა პრინციპით ერთდროულად ან მოქმედებს განსხვავებული წესებითა თუ პროცედურებით, იგი არ ჩაითვლება ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოდ.

   5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე. ასეთი პროცედურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება იწვევს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობას.

   6. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.“.

   6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესი და უფლებამოსილება

  1. საქართველოს პარლამენტი ირჩევს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრებს, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

  2. შესაბამისი კანონით განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები. ეს უფლებამოსილება თავისუფალია არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან.

  3. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს და კომისიის წევრს მინიჭებული აქვთ სრული დამოუკიდებლობა შესაბამისი კანონის ფარგლებში მათი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღებისას და კანონიერი ქმედებების განხორციელებისას. კომისიის წევრის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას დაუშვებელია მის მიმართ არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა.

   4. არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა ან ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის ცდა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, კომისიის წევრის ან აპარატის თანამშრომლის გეგმის, რწმენის, გადაწყვეტილების, მოქმედების ან უმოქმედობის მიმართ უკანონოა, ხოლო არასათანადო ზემოქმედებითა და არასამართლებრივი ჩარევით გადაწყვეტილების მიღება იწვევს ასეთი გადაწყვეტილების ბათილობას.

  5. კომისიის წევრი უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მის მიმართ არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის თავიდან აცილების ან/და აღკვეთის მიზნით.“.

   7. მე-6 მუხლის:

   ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო და კომისიის წევრი თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. მხოლოდ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება იმ საკითხებზე, რომლებიც მისთვის დელეგირებულია შესაბამისი კანონით.“;

   ბ) მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. ნებისმიერი პირის ცდა, განახორციელოს იურისდიქცია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროზე, უკანონოა, ხოლო შედეგებს არა აქვს იურიდიული ძალა.

   4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო შეიძლება გაწევრდეს, ითანამშრომლოს, კონსულტაციები მიიღოს ან სხვაგვარი ურთიერთობა ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ასოციაციებთან) და ფონდებთან და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომელთაც აქვთ იგივე ან მსგავსი უფლებამოსილების სფერო, როგორიც ამ მარეგულირებელ ორგანოს.

  5. დაუშვებელია, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

   8. მე-7−მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 7. ფინანსური დამოუკიდებლობა

  1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ხარჯები ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან.

  2. ყველა პირი, რომლებიც ახორციელებენ ან აპირებენ განახორციელონ საქმიანობა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროში, ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური.

  3. რეგულირების საფასური ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად. იგი გადაირიცხება ცალკე საბანკო ანგარიშზე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს სარგებლობისათვის, რომელსაც ექნება მისი მიზნობრივი გამოყენების სრული უფლებამოსილება.

  4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას.

  5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირების საფასურის მიღება არ არის ეკონომიკური საქმიანობა.

   მუხლი 8. ბიუჯეტი

   1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად, შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში შეიმუშავებს საკუთარ ბიუჯეტს.

  2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შედგებოდეს შესაბამისი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ყოველწლიურად აუცილებელი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებისაგან, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისაგან.

  3. დაუშვებელია, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ საკუთარი ბიუჯეტიდან შექმნას საქველმოქმედო თუ სხვა მსგავსი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და გაიღოს ისეთი ხარჯები (მათ შორის, სხვადასხვა სახის დახმარების, სპონსორობის გაწევის მიზნით), რომლებიც არ შეესაბამება მისთვის შესაბამისი კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს.

   4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებსა (ასოციაციებსა) და ფონდებში და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში გაწევრებასთან დაკავშირებით გადახდილ საწევრო შენატანებზე.

   მუხლი 9. ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება

  1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს სამართლებრივი ხასიათის ზოგადსავალდებულო ქცევის წესები (ნორმატიული აქტები) თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

   2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება.

  3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

   9. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს სრული უფლებამოსილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ლიცენზიები და ნებართვები, შეაჩეროს მათი მოქმედება, გააგრძელოს მათი მოქმედების ვადა, მოახდინოს მათი მოდიფიცირება, გააუქმოს ისინი.

  2. დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სალიცენზიო და სანებართვო უფლებამოსილებაში ჩარევა და ამ უფლებამოსილების კონტროლი.“.

   10. მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 11. სატარიფო უფლებამოსილება

  1. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს სრული უფლებამოსილება, დაადგინოს და არეგულიროს ტარიფები თავისი კომპეტენციის სფეროში, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

   2. დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სატარიფო უფლებამოსილებაში ჩარევა და ამ უფლებამოსილების კონტროლი.

   მუხლი 12. დავების გადაწყვეტის უფლებამოსილება

  1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

  2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.“.

   11. მე-13 მუხლის:

   ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა. განცხადებები და საჩივრები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს.

  2.  მომხმარებლის განცხადება და საჩივარი განიხილება საჯარო მოსმენის წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია მოიწვიოს დაინტერესებული მხარეები საჯარო მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. მოწვევის შესახებ ცნობის გამოქვეყნება შეიძლება ნებისმიერი საშუალებით. ცნობაში უნდა მიეთითოს საჯარო მოსმენაზე განსახილველი საკითხი, მოსმენის გამართვის თარიღი, ადგილი და დრო.“;

   ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. საჯარო მოსმენის შესახებ ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, რომლის შესრულება მხარეებისათვის სავალდებულოა. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში.

  6. მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტის სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.“.

   12. მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 14. კომისიის წევრი

  1. კომისიის წევრი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება შესაბამისი კანონით დადგენილი წესით.

   2. თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისიის წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:

   ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

   ბ) ეთიკის ნორმების დარღვევა;

   გ) პროფესიული მოვალეობების შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;

  დ) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა კომისიის წევრის ქმედუუნაროდ ცნობის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე;

   ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

   ვ) გადადგომა;

   ზ) გარდაცვალება.

  3. კომისიის წევრს უფლება აქვს, გაასაჩივროს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

   მუხლი 15. ეთიკის ნორმები

  1. ეთიკასთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით კომისიის წევრზე ვრცელდება ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი წესი.

  2. კომისიის წევრი ვალდებულია შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის  წევრობა კომისიის წევრად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. დაუშვებელია ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსა და მის აპარატში პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

  3. კომისიის წევრსა და მისი ოჯახის წევრს, აგრეთვე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ, ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი ლიცენზიის მფლობელის მიმართ, ან ეკავოთ თანამდებობა ლიცენზიის მფლობელ საწარმოში.

   4. კომისიის წევრსა და აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ, მიიღონ საჩუქარი იმ პირისაგან ან ორგანიზაციისაგან, რომელზედაც ვრცელდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილება, ან ისარგებლონ ამავე პირის ან ორგანიზაციის შეღავათიანი ან უფასო მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ყველასთვის ხელმისაწვდომია.

   5. კომისიის წევრსა და აპარატის თანამშრომელს უფლება აქვთ, იყვნენ იმ პირის მომხმარებლები, რომელზედაც ვრცელდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილება.

   6. კომისიის წევრი ვალდებულია შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

   13. 151 მუხლის:

   ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „გ) ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში მომხმარებელთა სახელით გამოვიდეს მხარედ;

  დ) გაეცნოს ყველა დოკუმენტსა და მასალას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ გასაცნობად;“;

   ბ) მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივ დამცველს ჰყავს შესაბამისი სპეციალობის თანაშემწეები.

   3. საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში გადახდილი რეგულირების საფასურიდან და აისახება ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.

   4. საზოგადოებრივი დამცველის ხელფასი განისაზღვრება საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო პირობებით.“;

   გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „7. ეს თავი არ ზღუდავს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსა და მისი აპარატის უფლება-მოვალეობას, დაიცვან მომხმარებლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

   14. 152 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 152. საზოგადოებრივი დამცველისა და საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნა და უფლებამოსილების ვადა

   1. საზოგადოებრივი დამცველი შეირჩევა ღია კონკურსით. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 10 დღის ვადაში შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას საზოგადოებრივი დამცველის დანიშვნის შესახებ.

   2. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ქმნის საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების წარმომადგენლები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოს სახალხო დამცველისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

   3. საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწეს შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე ნიშნავს საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილების ვადით, საზოგადოებრივი დამცველის წარდგინების საფუძველზე.

   4. საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნის წესზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 32-ე მუხლების მოქმედება.

  5. საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის ხელფასს ადგენს შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე საზოგადოებრივი დამცველის წარდგინების საფუძველზე.

   6. საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება 5 წლის ვადით.

  7. საზოგადოებრივი დამცველის ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ამ კანონის 153 და 154 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ან ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:

   ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

   ბ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

   გ) სასამართლოს მიერ მისი ქმედუუნაროდ ცნობის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანისას.“.

   15. 154 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 154. საჯაროობა

   საზოგადოებრივი დამცველი შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს არაუგვიანეს ყოველი წლის მარტისა წარუდგენს წინა წლის ფინანსურ ანგარიშგებასა და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიაწვდის მათ საზოგადოებას. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები ცალკე მუხლად აისახება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.“.

   16. მე-16−მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 16. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სხდომები. ინფორმაციის კონფიდენციალობა

  1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სხდომები საჯაროა, გარდა შესაბამისი კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება დადგენილი წესით.

  2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შეინახოს სხდომების ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია არანაკლებ 7 წლით. კომისიის წევრსა და დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად მიიღონ შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ყველა ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი.

   3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ყველა გადაწყვეტილება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს ეს ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით. ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

   მუხლი 17. ანგარიშის წარდგენა

   ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და ბუღალტერიის ანგარიშების ფინანსურ აუდიტს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აუდიტს ახორციელებენ დამოუკიდებელი აუდიტორები, რომელთაც შეარჩევს სატენდერო კომისია, რომლის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს ყველა შემთხვევაში გაიღებს ეროვნული მარეგულირებელი ორგანო. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საჯაროდ აქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.

   მუხლი 18. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

  ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება განსჯადობის შესაბამისად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში.“.

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ნოემბერი 2013 წ.

N1584-რს