დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5909 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/03/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 26/03/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 220.020.000.05.001.003.149 |
საქართველოს კანონი
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრატორი – კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ ანდა ერთზე მეტ პირთან ერთად ბანკის სახელით აიღოს ვალდებულებები;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი;“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„ზ) კომერციული ბანკი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;“;
დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზია – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების ნებართვა;“;
ე) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ პუნქტი:
„კ1) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით შექმნილი ორგანო, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას საფინანსო სექტორზე;“;
ვ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) უცხოური სანდო ბანკი – განვითარებული ქვეყნის ბანკი, რომელსაც აქვს კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული, გარკვეული დონის ან მასზე მაღალი რეიტინგი; სააგენტო ადგენს კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხას და თითოეული კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიხედვით განსაზღვრავს რეიტინგის დონეს;“;
ზ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ფინანსური ინსტიტუტები – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები;“;
თ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხ) მნიშვნელოვანი წილი – კომერციული ბანკის განცხადებული თუ განაღდებული საწესდებო კაპიტალის წილის 10 პროცენტზე მეტი, რომელსაც პირი ფლობს საწესდებო კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით;“.
2. მე-2 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არავის არ აქვს უფლება, მოიზიდოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით გასცეს კრედიტები სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე.“;
ბ) მე-4–43 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტო ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგულირებას ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრული წესით.
41. სააგენტო ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგულირებას ახორციელებს მათი რეგისტრაციის, შემოწმებისა და მათ მიმართ მინიმალური მოთხოვნების დადგენის გზით, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის ხელშეწყობასთან. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა პირის იდენტიფიკაციისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.
42. პირი, რომელსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტი მოწყობილი აქვს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საქმიანობის დაწყებამდე 7 კალენდარული დღით ადრე სააგენტოში აგზავნის შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას, რომელსაც ადგენს სააგენტო.
43. თუ სააგენტო დაადგენს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტოს უფლება აქვს დააჯარიმოს იგი ან, თუ დარღვევა განსაკუთრებით მძიმე ხასიათისაა, შეუწყვიტოს მას საქმიანობა.“.
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს მიმართავენ წერილობით (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა (წარმომადგენლობისა)), ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული წესებისა და ფორმის მიხედვით. შუამდგომლობას უნდა დაერთოს:
ა) დამფუძნებელი დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები;
ბ) ინფორმაცია ადმინისტრატორების ამ კანონით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;
გ) კომერციული ბანკის ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს შესაბამისი კომერციული ბანკის განცხადებული საწესდებო კაპიტალის და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
დ) ამ კანონის 81 მუხლით გათვალისწინებული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ;
ე) სააგენტოს წესებით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს საწესდებო კაპიტალისა და სხვა ფინანსური რესურსების, კომერციული ბანკის სათავო დაწესებულებისა და ფილიალების ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც სააგენტო დასაბუთებულად მოითხოვს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში;
ვ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება კომერციული ბანკი ან მისი ფილიალი.“.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ
1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობის მიღების დღიდან არა უგვიანეს 3 თვისა სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.
2. სააგენტო საბანკო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირზე, რომლის განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ადმინისტრატორი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი შეესაბამებიან ამ კანონით განსაზღვრულ კომერციული ბანკის ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის შესაფერისობის კრიტერიუმებს.
3. უცხოეთის ბანკის ფილიალზე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა (წარმომადგენლობისა)) საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი უფლებამოსილია სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიიზიდოს დეპოზიტები. ასეთ შემთხვევაში მასზე ლიცენზია გაიცემა, თუ წარმოდგენილი იქნება იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის (წარმომადგენლობის) გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული.
4. სააგენტო უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე (წარმომადგენლობაზე) შესაბამისი სახეობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე:
ა) დამფუძნებელი ბანკის განცხადება;
ბ) იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის (წარმომადგენლობის) გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული;
გ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელ ბანკს, მინიჭებული რეიტინგის თანახმად, ამ კანონიდან გამომდინარე, ენიჭება უცხოური სანდო ბანკის სტატუსი;
დ) ფილიალის (წარმომადგენლობის) ადმინისტრატორების დანიშვნის აქტი;
ე) იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
5. უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე (წარმომადგენლობაზე) ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის დადგენილი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები
1. პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის, ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის.
2. პირი შეიძლება იყოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, თუ:
ა) იგი სასამართლომ არ ცნო ქმედუუნაროდ;
ბ) იგი არ არის ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის ან/და ტერორიზმის დაფინანსებისათვის;
გ) აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება;
დ) იგი ამავე დროს არ არის სხვა კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ ბანკის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ბანკში ან ბანკში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული კომერციული ბანკი;
ე) იგი არ არის ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის.“.
6. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტო უფლებამოსილია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისას დაურთოს მას გარკვეული პირობები და შეზღუდვები, თუ სრულად არ არის დაკმაყოფილებული ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. შემდგომში პირობები და შეზღუდვები საბანკო საქმიანობის ლიცენზიას შეიძლება დაერთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი სისტემატურად არღვევს საბანკო კანონმდებლობას, სააგენტოს ინსტრუქციებს, დებულებებს, წესებს, დადგენილებებს, მოთხოვნებს, და მხოლოდ დარღვევათა აღმოსაფხვრელად საჭირო ფარგლებში.“.
7. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება
1. საბანკო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ სააგენტოს გადაწყვეტილებით:
ა) კომერციული ბანკის თხოვნის საფუძველზე, ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად;
ბ) ამ კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო;
გ) ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე გარემოების გამო:
გ.ა) ლიცენზია გაცემულია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობაში ყალბი განცხადების ან სხვა უზუსტობების საფუძველზე;
გ.ბ) კომერციულმა ბანკმა არ გამოიყენა ლიცენზია მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში;
გ.გ) ბანკის სხვა ბანკთან შერწყმის, მიერთების ან გამოყოფის შემთხვევაში;
გ.დ) კომერციულ ბანკს აღარ აქვს სააგენტოს მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის ან საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა, ან მან დაკარგა კრედიტორების ნდობა მათ წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულების ნაწილში, ან ბანკს აღარ შეუძლია მისთვის მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ.ე) კომერციული ბანკის პარტნიორებმა (აქციონერებმა) გადაწყვიტეს ბანკის გაუქმება ან ლიკვიდაცია ან ბანკმა შეწყვიტა არსებობა, როგორც იურიდიულმა პირმა;
გ.ვ) კომერციული ბანკი ეწევა ან ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ საბანკო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დეპოზიტორებს;
გ.ზ) აქციონერთა გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკი ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება;
გ.თ) კომერციული ბანკი გადახდისუუნაროა.
2. სააგენტო ვალდებულია გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება უცხოეთის ბანკის ფილიალს და შვილობილ ბანკს, თუ ბანკის სათავო დაწესებულებას ჩამოერთვა მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში სათანადო ოპერაციების წარმოების უფლება.
3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე სავალდებულოა სააგენტოს მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება მოთხოვნით
1. კომერციულ ბანკს შეუძლია წერილობით სთხოვოს სააგენტოს, გაუუქმოს მას ლიცენზია.
2. სააგენტო აღნიშნული თხოვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს კომერციულ ბანკს (უარის შემთხვევაში – მისი საფუძვლის მითითებით).“.
8. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ქვეყნდება სააგენტოსა და სხვა ბეჭდვით ორგანოში. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომერციული ბანკის გადახდისუუნარობასა და გაკოტრებაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სააგენტო.“.
9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:
„თავი II1
კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენა
მუხლი 81. შესაფერისობის დეკლარაცია
1. პირი (შემდგომში – დეკლარანტი), რომელიც აპირებს შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ რაოდენობით, რომ მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობა ამ ბანკის კაპიტალში გადააჭარბებს 10, 25 ან 50 პროცენტს, ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს შესაფერისობის დეკლარაცია (შემდგომში – დეკლარაცია).
2. დეკლარაციაში დეკლარანტი მიუთითებს:
ა) მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) ინფორმაციას, რომ იგი არ არის ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის, ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ან აღნიშნავს, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ოპერაციის შედეგად ასეთი ბენეფიციარი მესაკუთრე (მესაკუთრეები) არ იქნება;
დ) ინფორმაციას, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის, ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის;
ე) მის საკუთრებაში არსებული წილის რაოდენობას ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში;
ვ) მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, იმ ბენეფიციარი მესაკუთრის საკუთრებაში აღმოჩენილი წილის რაოდენობას, რომლის წილიც აჭარბებს 10, 25 ან 50 პროცენტს;
ზ) დასკვნას ბენეფიციარი მესაკუთრის დეკლარაციაზე (მისი წარმოდგენის შემთხვევაში), რომელშიც აისახება, ადასტურებს თუ არა იგი ბენეფიციარი მესაკუთრის დეკლარაციაში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტეს.
21. შესაძლებლობის შემთხვევაში დეკლარანტი თავის დეკლარაციას დაურთავს ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მიერ შევსებულ დეკლარაციას (დეკლარაციებს).
3. თუ დეკლარანტის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს, იგი ამის შესახებ მიუთითებს დეკლარაციაში და არ ავსებს დეკლარაციის იმ ნაწილებს, რომლებიც შეეხება ბენეფიციარ მესაკუთრეს.
მუხლი 82. დეკლარაციის განხილვა
1. სააგენტო განიხილავს დეკლარაციას მისი წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში და დეკლარანტს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე აძლევს თანხმობას ან ეუბნება დასაბუთებულ უარს.
2. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ წარმოდგენილია არასაკმარისი ან არაზუსტი ინფორმაცია, მას უფლება აქვს აღნიშნული გადაამოწმოს ან დააზუსტოს უშუალოდ ბენეფიციარ მესაკუთრესთან. ამ შემთხვევაში პასუხის გაცემის ვადა გრძელდება 3 თვემდე და ამის შესახებ უნდა ეცნობოს დეკლარანტს.
3. დეკლარაციის წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში სააგენტოს მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
4. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გარიგება ბათილია, თუ დეკლარანტმა სააგენტოს არ წარუდგინა დეკლარაცია ან სააგენტოსაგან მიიღო დასაბუთებული უარი, მაგრამ მან მაინც შეიძინა კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილი.
მუხლი 83. სააგენტოსათვის წარსადგენი ინფორმაცია
1. კომერციული ბანკი სააგენტოს წლიურ ანგარიშთან ერთად, მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აწვდის ინფორმაციას მისი 10 პროცენტზე მეტი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ და აღნიშნავს, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტეს.
2. ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის წილის 10 პროცენტზე მეტს, ვალდებულია ყოველი წლის აპრილში სააგენტოს წარუდგინოს დეკლარაცია წინა წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით.
3. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ სააგენტოსათვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში დადგება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 84. სანქცია და გასაჩივრება
1. საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია კომერციული ბანკისაგან მოითხოვოს მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ დეკლარაციის წარდგენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის პირს:
ა) გარკვეული ვადით შეუჩეროს ხმის უფლება და მოსთხოვოს 60 დღის ვადაში მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირება;
ბ) უვადოდ შეუჩეროს ხმის უფლება.
3. შესაბამის პირს უფლება აქვს სააგენტოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკის წილის შეძენაზე უარის, ხმის უფლების შეჩერების ან/და მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირების მოთხოვნის შესახებ გაასაჩივროს სააგენტოს საბჭოში ან სასამართლოში. ამასთანავე, სააგენტოს საბჭოში გასაჩივრება პირს არ ართმევს უფლებას, იჩივლოს სასამართლოში.
4. ხმის უფლების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს ისარგებლოს მხოლოდ წილის 10 პროცენტის შესაბამისი ხმის უფლებით.“.
10. მე-9–მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მოთხოვნები კომერციული ბანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ
1. სააგენტო კომერციულ ბანკს პერიოდულად განუსაზღვრავს რეზერვების, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნებისა, განაღდებული საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას და მათი შექმნის წესებს. კომერციულ ბანკს ეკრძალება საწესდებო კაპიტალის შევსება (ფორმირება) არაფულადი ფორმით.
2. არც ერთ კომერციულ ბანკს არ აქვს უფლება, შეამციროს თავისი საწესდებო კაპიტალი აქციების გამოსყიდვით ან შეამციროს საზედამხედველო კაპიტალი რეზერვების გამოყენებით სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობისა და საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წესდებაში სათანადო შესწორების შეუტანლად.
მუხლი 10. კომერციული ბანკის საკუთრების უფლებისა და აქტივების სტრუქტურის შეზღუდვა
1. კომერციული ბანკი უფლებამოსილია:
ა) ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არა უმეტეს 20 პროცენტისა, თუ ბანკის წილი არ აღემატება თვით ამ ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს;
ბ) შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს წილს გარკვეულ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ საბანკო საქმიანობასთან. სააგენტოს წერილობითი ნებართვის გარეშე ეს წილი არ უნდა აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს;
გ) სააგენტოს წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას და შეიძინოს შვილობილი საწარმოები, რომლებიც ეწევიან სხვა სახის საქმიანობას. ნებართვაში თითოეული შვილობილი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის შესრულებაც მას შეუძლია. ამ შემთხვევაში შვილობილი საწარმოების საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით;
დ) მიიღოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. ასეთ შემთხვევაში, თუ დარღვეულ იქნა ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის მოთხოვნები, იგი ვალდებულია გაასხვისოს ნამეტი წილი ამ უფლების შეძენიდან არა უგვიანეს 6 თვისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია გააგრძელოს აღნიშნული ვადა;
ე) შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო – საბროკერო კომპანია, რომელიც მონაწილეობს მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბროკერო კომპანიის საქმიანობაში, და ფლობდეს მასში წილს შეუზღუდავი ოდენობით, თუ სააგენტოს ნებართვის გარეშე ეს წილი არ აღემატება მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებში მითითებული წილების ერთობლივი ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს.
3. კომერციული ბანკი ვალდებულია ჰქონდეს სრული ინფორმაცია ბანკის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის 10 პროცენტზე მეტს (მისი ოდენობის მითითებით), აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს ისევე, როგორც ინფორმაცია ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე, და საჯაროდ გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია თავის წლიურ ანგარიშში. სააგენტო განსაზღვრავს ასეთი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც ეფუძნება საფინანსო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ შეეხება კომერციული ბანკის იმ ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომლის ვინაობის დადგენაც ბანკს არ შეუძლია, ვინაიდან მის სასარგებლოდ ნომინალური მფლობელობა ხორციელდება განვითარებულ ქვეყნებში განთავსებული და იქ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საკლირინგო ორგანიზაციების ან საერთაშორისო დეპოზიტარების მიერ.
5. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომლებიც შეეხება კომერციული ბანკის პარტნიორს (აქციონერს), აგრეთვე ვრცელდება ბენეფიციარ მესაკუთრეზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის აქციებს (წილს).
მუხლი 11. კომერციული ბანკების შერწყმა, მიერთება ან გაყოფა
კომერციული ბანკების შერწყმა, მიერთება ან გაყოფა შეიძლება მხოლოდ სააგენტოს წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. დაუშვებელია ისეთი შერწყმა, მიერთება ან გაყოფა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მე-10 მუხლის დებულებებს.
მუხლი 12. კომერციული ბანკის წესდება
1. თითოეულ კომერციულ ბანკს აქვს წესდება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ წერილობით დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს.
2. თითოეული კომერციული ბანკის მართვა ხორციელდება შინაგანაწესით, რომელმაც მისი წესდების შესაბამისად უნდა განსაზღვროს:
ა) ბანკისა და მისი საოპერაციო და ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ორგანიზაციული და მართვის სტრუქტურა, მათი შემადგენელი ერთეულები და ფუნქციები, მმართველობითი თანამდებობები და ანგარიშვალდებულებები;
ბ) თითოეული დეპარტამენტის დირექტორისა და მის დაქვემდებარებაში და კონტროლის ქვეშ მყოფი განყოფილების მოვალეობანი;
გ) აუდიტის კომიტეტის ფუნქციები;
დ) ადმინისტრატორებისა და ბანკის სხვა თანამშრომელთა უფლებამოსილება, აწარმოონ საბანკო ოპერაციები ბანკის სახელით და მის ხარჯზე.
3. თითოეული კომერციული ბანკი სააგენტოს წარუდგენს წესდებას, შინაგანაწესს და იმ თანამდებობის პირთა სიებს, რომლებსაც აქვთ ბანკის წარმომადგენლის უფლებამოსილება, ამ უკანასკნელთა ხელის მოწერის ნიმუშებთან ერთად და მათი უფლებამოსილების ფარგლების აღნიშვნით.
მუხლი 13. კომერციული ბანკის ხელმძღვანელი ორგანოები
კომერციული ბანკის ხელმძღვანელ ორგანოთა ფორმირება და ფუნქციონირება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. კომერციული ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების შესაბამისად. იგი ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს. ინფორმაცია აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის მითითებით კრებაში შესაძლო მონაწილეობის მისაღებად აქციონერებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უნდა მიეწოდოს სააგენტოს.“.
11. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. კომერციული ბანკის დირექტორი (დირექტორები) შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (წევრები). დირექტორი (დირექტორები) არ შეიძლება წარმოადგენდეს უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს სრულ შემადგენლობაში.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აქციონერთა საერთო კრება განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების საკითხს.
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით საბჭოდან გამოყვანილ უნდა იქნეს პირი, რომელიც:
ა) არის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი საქართველოში რეგისტრირებულ შვიდზე მეტ საწარმოში;
ბ) არის საქართველოში რეგისტრირებული სხვა კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ ბანკის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ბანკში ან ბანკში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული კომერციული ბანკი;
გ) კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი, დაიკავოს ადგილი სამეთვალყურეო საბჭოში;
დ) გამოცხადებულია გაკოტრებულად.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეული წევრის გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კომერციული ბანკის ინტერესებს. ისინი საქმეს უნდა მიუდგნენ გონივრულად და დამოუკიდებლად. მათ უნდა უზრუნველყონ კომპეტენტური დირექტორების შერჩევა და შენარჩუნება, კომერციული ბანკის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და საბანკო საქმიანობის პოლიტიკის წერილობით ჩამოყალიბება.“.
12. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
13. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. აუდიტის კომიტეტი
1. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოსთან იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელშიც შედის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. აუდიტის კომიტეტი სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდულად აბარებს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ.
3. აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციაა შიდა აუდიტისა და ბანკის გარე აუდიტორების ფუნქციონირების ხელშეწყობა.“.
14. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არავის არ აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ სააგენტოს, მისი კომპეტენციის ფარგლებში.“.
15. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. კომერციული ბანკის ფილიალები
კომერციული ბანკის ფილიალები, წარმომადგენლობა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით და პირობებით.“.
16. მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომერციული ბანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისათვის დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე სააგენტოს დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. სააგენტოს წესები, ნორმატივები და ინსტრუქციები, რომლებიც შეეხება ერთზე მეტ ბანკს, ექვემდებარება აუცილებელ გამოქვეყნებას და ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში დათქმული უფრო გვიანი თარიღიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების საბანკო საქმიანობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესი, ბანკი მოქმედებს საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების შესაბამისად.
2. კომერციული ბანკი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდური რესურსების სათანადო დონეს და ახდენს თავისი აქტივების დივერსიფიკაციას დანაკარგების რისკის გათვალისწინებით, სააგენტოს მოთხოვნათა შესაბამისად.“.
17. მე-20 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები:
„ი1) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობა;
ი2) ქონების იჯარით გაცემა;“.
18. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები
1. კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას სააგენტოს მიერ დაწესებული ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:
ა) საწესდებო და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;
ბ) ბანკის სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა სააგენტოს წესების შესაბამისად;
გ) ბანკის მიერ მოზიდული ანაბრების ზღვრული თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;
დ) ბანკის მიერ ერთ მსესხებელზე (ინსაიდერსა და აუტსაიდერზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;
ე) ბანკის მიერ ყველა ინსაიდერზე (ბანკთან, ასევე ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;
ვ) ყველა კრედიტის მაქსიმალურად დასაშვები მთლიანი მოცულობა, რომელიც გამოიხატება პროცენტულად ბანკის მიერ გაცემულ ყველა კრედიტთან მიმართებით, რომლებიც შეიძლება გასცეს ბანკმა 10 ყველაზე მსხვილ მსესხებელზე (მათ შორის, ინსაიდერებსა და ურთიერთდაკავშირებულ) პირებზე.
2. კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას სააგენტოს მიერ დადგენილი ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ნორმატივების მოთხოვნები:
ა) ლიკვიდური სახსრების მინიმალური ერთობლივი თანხის ან ასეთი სახსრების კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების (მიღებული გარანტიებისა და გირაოს ჩათვლით) ღირებულებასთან ან მათი ღირებულების ცვლილებასთან. ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს ზოგადად აქტივებთან ან ვალდებულებებთან (გარესაბალანსო ვალდებულებების ჩათვლით) ან მათ კონკრეტულ სახეობებთან. ბანკს აქვს ლიკვიდურობის დაცვის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკში შესაბამისი სახსრების განთავსების უფლება;
ბ) კრედიტებისა და ინვესტიციების, ან მათი განსაკუთრებული სახეების მაქსიმალური ერთობლივი თანხის შესახებ;
გ) აქტივებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება, ასევე ის ვადები და პირობები, რომლებითაც აქტივების მიხედვით მისაღები თანხები აღარ აღირიცხება შემოსავალში, გარდა ნაღდად მიღებულისა;
დ) აკრძალვების, შეზღუდვების ან პირობების შესახებ, რომლებიც შეეხება:
დ.ა) გაცემული კრედიტებისა და განხორციელებული ინვესტიციების სახეობებსა და ფორმებს;
დ.ბ) აქტივებისა და ვალდებულებების (გარესაბალანსო და სხვ.) მიხედვით დაბრუნების ვადებისა და პროცენტების შესაბამისობას;
დ.გ) დადგენილი ლიმიტების გადამეტებით წარმოქმნილ ღია პოზიციებს უცხოურ ვალუტაში, ძვირფას ლითონებში ან ძვირფას ქვებში.“.
19. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომერციულ ბანკს ეკრძალება ისეთი გარიგებები და ქმედებები, რომელთა შედეგად იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად აღმოჩნდება დომინირებულ მდგომარეობაში ფულად, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე, აგრეთვე ყოველგვარი მანიპულაცია, რომელიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მას ან მესამე პირებს, შექმნის საბანკო საქმიანობის კონკურენციის შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის შესაძლებლობას ან საშიშროებას. საბანკო საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას ახორციელებს სააგენტო, რომელიც განსაზღვრავს ამ სფეროში საბანკო საქმიანობის დასაშვებ პარამეტრებს, შეფასების კრიტერიუმებსა და ზემოქმედების ზომებს.“.
20. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. გარიგებებისა და ვალდებულებების რეგისტრაცია
კომერციული ბანკი ვალდებულია სააგენტოს მიერ დადგენილი ვადით შეინახოს ყველა საბუთი, რომელიც მის თითოეულ გარიგებას შეეხება, კერძოდ:
ა) შუამდგომლობები და ყველა სახელშეკრულებო საბუთი, რომელიც გარიგებას შეეხება (კრედიტთან, გარანტიასთან და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით);
ბ) ბანკის პარტნიორების (მსესხებლებისა და გარანტორების ჩათვლით) ფინანსური ჩანაწერები და სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა ბანკი გარიგების დამტკიცებისას;
გ) გარიგების დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი;
დ) სააგენტოს ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები.“.
21. 27-ე–29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. გარე აუდიტი
1. თითოეული კომერციული ბანკი და მისი შვილობილი საწარმო ვალდებულია ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი და სააგენტოს მიერ დადგენილი წესით ჩაატაროს გარეაუდიტორული შემოწმება.
2. თითოეული კომერციული ბანკი ვალდებულია გარე აუდიტორული შემოწმების დასრულებისთანავე სააგენტოს წარუდგინოს შემოწმების სრული ანგარიში და ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს სააგენტოს წესებით განსაზღვრული საფინანსო ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა.
მუხლი 28. უცხოეთის ბანკის ფილიალი
ამ კანონის 26-ე, 27-ე და 29-ე მუხლების დებულებები ვრცელდება უცხოეთის ბანკის ფილიალზე და შვილობილ ორგანიზაციაზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობას ეწევიან სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიებით. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბანკის ფილიალის საფინანსო-საანგარიშგებო საბუთები შეიძლება წარდგენილ იქნეს გამარტივებული საფინანსო ანგარიშების სახით, რაც გულისხმობს, რომ ბანკის ფილიალის აუდიტის კომიტეტად შეიძლება ჩაითვალოს მოცემული უცხოეთის ბანკის აუდიტის კომიტეტი ან სხვა შესაბამისი ორგანო.
მუხლი 29. ანგარიშგება და ინსპექციები
1. კომერციიული ბანკი ამზადებს და სააგენტოს წარუდგენს ანგარიშგებებს, რომლებშიც ასახავს (როგორც თვით ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების) ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას; ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობას და მომგებიანობას, თვით ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივი და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და მათი წარდგენის ვადები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატივებით.
2. თითოეული კომერციული ბანკი და მისი შვილობილი ორგანიზაცია ექვემდებარება ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებენ სააგენტოს ინსპექტორები ან სააგენტოს მიერ დანიშნული აუდიტორები. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება ხორციელდება უცხოეთის ბანკის ფილიალში ან შვილობილ ორგანიზაციაში, აუდიტორები შეიძლება იყვნენ შესაბამის ქვეყანაში მოქმედი საფინანსო ან საკონტროლო ორგანოს მოსამსახურეები.
3. ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ინსპექტირებისას სააგენტოს და მის აუდიტორებს უფლება აქვთ:
ა) შეამოწმონ ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ანგარიშები, სახსრები, დავთრები, საბუთები და სხვა აუცილებელი ჩანაწერები;
ბ) მოსთხოვონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებს, თანამშრომლებს, ასევე მათი მონათესავე საწარმოების ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მიაწოდონ ინფორმაცია კომერციული ბანკების აქციონერების, მაკონტროლებელი პირებისა და ადმინისტრატორების შესახებ, ასევე ოპერაციებთან და გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.
22. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. დარღვევები და სანქციები
1. ამ მუხლში მითითებული დარღვევებისათვის განსაზღვრულ სანქციებს თითოეულ შემთხვევაში უფარდებს სააგენტო. მხარეს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს მისი სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
2. სააგენტოს უფლება აქვს კომერციული ბანკის, მისი ადმინისტრატორებისა და მაკონტროლებელი პირების მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი სანქციები, თუ ბანკმა ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაუშვა ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევა:
ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან სააგენტოს ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;
ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან სააგენტოს შესაბამის დებულებას;
გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;
დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
3. ზემოთ აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას სააგენტოს უფლება აქვს თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და კომერციული ბანკის აქტივების არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) კომერციულ ბანკს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ კომერციულმა ბანკმა შეწყვიტოს და შემდგომში არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადებში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;
გ) კომერციულ ბანკს დააკისროს ფულადი ჯარიმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ბანკის საკუთარი სახსრებისა;
დ) კომერციულ ბანკს გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ ადმინისტრატორის ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა ბანკს ან დაუშვა სააგენტოს მიერ დადგენილი საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა;
ე) ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება;
ვ) სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატს მოსთხოვოს კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება;
ზ) კომერციულ ბანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასის გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა;
თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შეუჩეროს მას აქტიური ოპერაციები, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;
ი) მოითხოვოს კომერციული ბანკის მაკონტროლებელი პირისაგან კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა სააგენტოსათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც სააგენტო საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე;
კ) კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
4. სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებულ ზარალს ანდა შესაძლო საფრთხეს.
5. ამ მუხლის შესაბამისად გამოყენებული ჯარიმების თანხები შეიტანება სააგენტოს შემოსავალში.“.
23. 33-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დროებითი ადმინისტრაციის ბრალეული ქმედებით კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს სააგენტო.“.
24. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს მიიღოს აუცილებელი ზომები კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის, მისი ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ქვედანაყოფების გაყიდვის ან დახურვის, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების, ბანკის მოსამსახურეთა თანამდებობიდან გათავისუფლების ჩათვლით. აგრეთვე დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებაა, მოახდინოს დროებითი ადმინისტრაციის მართვის ქვეშ მყოფი ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა, ბანკის კაპიტალის განახლება ან მისი აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის სხვა კომერციულ ბანკზე გასხვისება.“.
25. 35-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სააგენტოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით;“.
26. 37-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს სააგენტოს მიერ დანიშნული პირი სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. დაუშვებელია ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა.
2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის განმავლობაში შეადგინოს აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს სააგენტოს გამოსაქვეყნებლად. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე, სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით.“;
ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომერციული ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც ამონაწერში მითითებულ ვადებში არ არის გამოთხოვილი, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც ბანკზე ირიცხება ხელშეკრულების საფუძველზე, ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის სააგენტოს მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.
7. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმებების პირობების თანახმად (გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) სააგენტო და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;
ბ) ფიზიკურ პირთა ანაბრები არა უმეტეს 1500 ლარის ოდენობისა;
გ) ფიზიკურ პირთა ანაბრები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) სხვა ნებისმიერი სახის დეპოზიტი;
ე) დანარჩენი მოთხოვნები ბანკის მიმართ;
ვ) სააგენტოს მიერ გაწეული აუცილებელი და მიზნობრივი ხარჯები.“.
27. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. მოქმედი ბანკების ლიცენზიები
2008 წლის 15 აპრილამდე გაცემულ საბანკო საქმიანობის ლიცენზიას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც სააგენტოს მიერ გაცემულ ლიცენზიას, და ტოლფასია სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიისა.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით წარმოდგენილი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით წარმოდგენილი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 14 მარტი.
№5909–Iს
დოკუმენტის კომენტარები