სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1441-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.017190
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1441-Iს
04/10/2013
ვებგვერდი, 22/10/2013
480140000.05.001.017190
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (21/07/2018 - 30/11/2018)

 

საქართველოს კანონი

 

 

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზანი

1. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ან საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის სფეროებში, განსაზღვროს წესები და პროცედურები სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისათვის, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან, ხოლო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი ასეთი თანამშრომლობის განსახორციელებლად.

2. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვითა და პატივისცემით.

მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გაცვლას, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ სხვა სფეროებს, რომლებშიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები თანამშრომლობენ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურებთან.  

2. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება იმ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენის ან აღკვეთის მიზნით, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია მინიმუმ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. (ამოღებულია - 21.07.2018, №3261).

4. ეს კანონი არ არეგულირებს:

ა) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) ფარგლებში;   

ბ) „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს;

გ) „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.

5. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ისეთი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, რომელთათვისაც აუცილებელია საქართველოს პროკურატურის ორგანოების ან საქართველოს საერთო სასამართლოების თანხმობა ან ნებართვა, ასეთი თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს აღნიშნული თანხმობის ან ნებართვის მიღების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია ამ ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის კომპეტენტური ორგანოს თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად.

საქართველოს 2018 წლის 21  ივლისის კანონი №3261  ვებგვერდი, 30.07.2018წ.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ad hoc გადაწყვეტილება – სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიღებული წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების საფუძველია;  

ბ) ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება – საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან ნაცვალგების პირობებით სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების თაობაზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების საფუძველია;  

გ) ინდივიდუალური შეთანხმება – საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცალკეული სახეების დეტალებს; 

დ) სპონტანური თანამშრომლობა – სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმა, რომელიც ხორციელდება საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ინიციატივით, საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მოთხოვნის გარეშე;

ე) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოვლინებული პირი;

ვ) პოლიციის ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ საქართველოში აკრედიტებული თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოვლინებული პირი;

1) უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი;

ზ) მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმი – ორგანიზაციული ხასიათის შეხვედრა, რომელიც რეგულარულად ან საჭიროებისამებრ იმართება საქართველოში ან საზღვარგარეთის შესაბამის ქვეყანაში მეკავშირე ოფიცრებთან ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებთან, დანაშაულთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად;

თ) modus operandi – დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ან დამნაშავის მოქმედების ან საქმიანობის მეთოდი და კრიმინალური ჩვევა, რომლებიც ამ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფისათვის ან დამნაშავისათვის არის დამახასიათებელი;

ი) ძებნისადმი დაქვემდებარებული პირები – დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული, მსჯავრდებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები, აგრეთვე სხვები, ვინც იძებნება საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ და ვისი ადგილმდებარეობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურა;

კ) ოპერატიული მუშაკი – საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელიც საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის კანონმდებლობით უფლებამოსილია იმოქმედოს კონსპირაციულად ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის შეგროვების ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

ლ) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე – მოწმე, დაზარალებული, ბრალდებული, ექსპერტი ან საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილე, რომელიც აცხადებს თანხმობას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების თანახმად და რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის კონკრეტული ღონისძიება;

მ) სხვა პირი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის ახლო ნათესავი, მასთან დაკავშირებული პირი ან საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით გათვალისწინებული სხვა პირი, რომელიც აცხადებს თანხმობას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების თანახმად და რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის კონკრეტული ღონისძიება;

ნ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;

ო) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

მუხლი 4. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები

  1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების ან სხვა შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიღებული ad hoc გადაწყვეტილების ან ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

   2. ad hoc გადაწყვეტილებას ან ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მოადგილე სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში.

მუხლი 5. კომუნიკაციის არხები და საშუალებები

1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი კომუნიკაციის არხებითა და საშუალებებით.

2. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განსახორციელებლად აგრეთვე გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის ფარგლებში არსებული კომუნიკაციის პირდაპირი არხები ან მეკავშირე ოფიცრებისა და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების კავშირები.

  3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება არ ადგენს კომუნიკაციის არხებსა და საშუალებებს, ან საზღვარგარეთის შესაბამის ქვეყანასთან საქართველოს არ აქვს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება დიპლომატიური არხებით ან, შესაძლებლობის შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული კომუნიკაციის პირდაპირი არხებით, თუ საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით. ასეთი ინფორმაციის გადასაცემად გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საშუალებები, დიპლომატიური არხები, სამართალდამცავი ორგანოს ხელთ არსებული კრიპტოგრაფიული სისტემები და შიფრები ან სხვა ისეთი საშუალებები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შეთანხმებით.

5. კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა აგრეთვე ხორციელდება „კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2001 წლის 23 ნოემბრის კონვენციის 35-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მიერ განსაზღვრული, 24/7 საკონტაქტო არხის ფარგლებში არსებული კომუნიკაციის საშუალებებით.

6. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული კომუნიკაციის არხები და საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების პროცესში სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის კომუნიკაციისთვის.

საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3100 – ვებგვერდი, 12.03.2015წ.

 საქართველოს 2018 წლის 21  ივლისის  კანონი №3261  –  ვებგვერდი,  30.07.2018წ.

მუხლი 6. ფინანსური უზრუნველყოფა

1. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ad hoc გადაწყვეტილებით, ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველომ შეიძლება იკისროს საქართველოს ტერიტორიაზე სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურება.

  2. საზღვარგარეთის ქვეყნის ტერიტორიაზე სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯები გამონაკლისის სახით შეიძლება საქართველომ აანაზღაუროს იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყანა უარს აცხადებს აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებაზე და ასეთი თანამშრომლობის განხორციელება შედის საქართველოს ინტერესებში.

თავი II

თანამშრომლობის ფორმები

მუხლი 7. თანამშრომლობა მოთხოვნის საფუძველზე

1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2. მოთხოვნა და მასზე პასუხი უნდა გაიგზავნოს და მიღებული უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, ამ კანონით დადგენილი კომუნიკაციის არხებითა და საშუალებებით. მოთხოვნაზე პასუხი უნდა გაიგზავნოს გონივრულ ვადაში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან მოთხოვნით კონკრეტული ვადა არ არის დადგენილი.

3. გადაუდებელ შემთხვევაში ამ კანონის მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ზეპირი ფორმითაც. თანამშრომლობის თაობაზე ზეპირი მოთხოვნა უნდა დადასტურდეს წერილობით მანამ, სანამ მოთხოვნაში მითითებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ პასუხი მომთხოვნ სამართალდამცავ ორგანოს გაეგზავნება. უკიდურესად გადაუდებელ შემთხვევაში პასუხი შეიძლება იყოს ზეპირი ფორმის, რომელიც შემდგომ გონივრულ ვადაში წერილობით უნდა დადასტურდეს. პასუხი უნდა გაიგზავნოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო თუ ვადა დადგენილი არ არის − გონივრულ ვადაში.

4. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს:

ა) მომთხოვნი სამართალდამცავი ორგანოს დასახელება;

ბ) მოთხოვნის მიმღები სამართალდამცავი ორგანოს დასახელება;

გ) მოთხოვნის საგანი;

დ) მოთხოვნის მიზეზი;

ე) სასურველი ღონისძიებების ჩამონათვალი და მისაღწევი მიზანი;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესრულების სასურველი ვადა;

ზ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მოთხოვნის შესრულებას.

5. თუ თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შესრულება არ განეკუთვნება მოთხოვნის მიმღები სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციას, მან აღნიშნული მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს თავისი ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შესასრულებლად და შემდგომ მოთხოვნის შესრულების შედეგები თავად უნდა აცნობოს მომთხოვნ სამართალდამცავ ორგანოს ან ამის განხორციელება სთხოვოს თავისი ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.     

6. თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით.

მუხლი 8. სპონტანური თანამშრომლობა

1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს სპონტანურად, თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის გარეშე, თუ საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურა მიიჩნევს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლებელია სასარგებლო იყოს საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოსათვის ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურისათვის დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად ან აღსაკვეთად.

2. სპონტანური თანამშრომლობის წასახალისებლად საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლებლობის ფარგლებში პირდაპირი კავშირები უნდა დაამყარონ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურებთან, აგრეთვე ეფექტიანად უნდა გამოიყენონ არსებული კავშირები და მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმები.

მუხლი 9. მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობა

1. ამ კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობის წასახალისებლად საქართველოს შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანომ ეფექტიანად უნდა ითანამშრომლოს საქართველოში არსებული მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმის ფარგლებში. ამ მიზნით საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო განსაზღვრავს კონკრეტულ დანაყოფს ან პირს, რომელიც აღნიშნული თანამშრომლობისთვის იქნება პასუხისმგებელი.

2. საქართველოს შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანომ აგრეთვე ეფექტიანად უნდა გამოიყენოს საზღვარგარეთის ქვეყანაში არსებული მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმი და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განავითაროს ან/და გააძლიეროს ამ კუთხით არსებული თანამშრომლობა.

თავი III

თანამშრომლობის სახეები

მუხლი 10. ინფორმაციის გამოთხოვნა, მიწოდება და გაცვლა

დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან შემდეგი ინფორმაციისა და მონაცემების გამოთხოვნასთან, მიწოდებასა და გაცვლასთან დაკავშირებით:

ა) ინფორმაცია და მონაცემები, რომლებიც ხელს შეუწყობს დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოვლენასა და აღკვეთას;

ბ) ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, რომლებიც ეხება ძებნისადმი დაქვემდებარებულ ან დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირებს ან იმ პირებს, რომლებზედაც არსებობს ვარაუდი, რომ ისინი მონაწილეობდნენ დანაშაულის ჩადენაში;

გ) ინფორმაცია და მონაცემები, რომლებიც ეხება დამნაშავეთა კავშირებს, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფების სტრუქტურას, ცალკეული დამნაშავეებისა და დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ გამოყენებულ ტიპურ მეთოდებს, დანაშაულის ჩადენის დროს, ადგილსა და modus operandi-ს;

დ) ინფორმაცია და მონაცემები, რომლებიც ეხება საქართველოს მოქალაქის მიერ საზღვარგარეთის ქვეყანაში ან საზღვარგარეთის ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას ან რეგისტრაციას;

ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების, გემის, საჰაერო ხომალდის, უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები და მისი მესაკუთრის ან მფლობელის პერსონალური მონაცემები;

ვ) ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაცია;

ზ) ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის შედეგად მოპოვებული შემოსავლებისა და ქონების, აგრეთვე დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული ან გამოსაყენებელი აღჭურვილობისა და სხვა საშუალებების შესახებ;

თ) ინფორმაცია კომერციული იურიდიული პირის, მისი მესაკუთრისა და მასში მომუშავე პირის შესახებ, რომლის გამოთხოვნა, მიწოდება და გაცვლა ხდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, თუ აღნიშნული პირები არიან ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები;

ი) ინფორმაცია ფიზიკური ან იურიდიული პირის შემოსავალსა და დანახარჯს შორის შეუსაბამობის შესახებ, რომლის გამოთხოვნა, მიწოდება და გაცვლა ხდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, თუ აღნიშნული პირი არის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი;

კ) ინფორმაცია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის შესახებ;

ლ) საქართველოს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია და მონაცემები.

მუხლი 11. პირებისა და საგნების ძებნა მათი ადგილმდებარეობის დასადგენად

1. მიღებული მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ღონისძიებას ძებნისადმი დაქვემდებარებული პირების ან/და საგნების, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და საჰაერო ხომალდების, ადგილმდებარეობის დასადგენად.

2. ძებნისადმი დაქვემდებარებული პირების ან/და საგნების, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და საჰაერო ხომალდების, ადგილმდებარეობის დასადგენად საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო ახორციელებს თავისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს.

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

მუხლი 12. კონტროლირებადი მიწოდება

1. მიღებული მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო დანაშაულის თავიდან აცილების, გახსნის ან/და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენის მიზნით საქართველოში, საქართველოდან საქართველოს ფარგლების გარეთ, საქართველოს ფარგლების გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით ახორციელებს ნივთიერი მტკიცებულების ან ისეთი საგნის კონტროლირებად გადაადგილებას, რომლის თავისუფალი რეალიზაცია კანონით აკრძალულია ან შეზღუდულია.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, კონტროლირებადი მიწოდების შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) ტვირთის შემადგენლობის, მისი მოსალოდნელი მარშრუტის, გადაადგილების ხანგრძლივობის, ტრანსპორტირების სახისა და სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ;

ბ) ესკორტირების სახის შესახებ;

გ) გამოსაყენებელი ტექნიკური ხელსაწყოების შესახებ;

დ) საჭიროების შემთხვევაში, მომთხოვნი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან ესკორტირებაში მონაწილე პირების რაოდენობისა და ოპერატიული მუშაკების მონაწილეობის შესახებ;

ე) კონტროლირებად მიწოდებაში მონაწილე პირებთან კონტაქტის უზრუნველყოფის სახის შესახებ;

ვ) ტვირთის გადაბარებისა და მიღების პირობების შესახებ;

ზ) შეფერხებისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

3. კონტროლირებადი მიწოდების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. საქართველოდან საქართველოს ფარგლების გარეთ, საქართველოს ფარგლების გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით კონტროლირებადი მიწოდების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იქნეს აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.

4. კონტროლირებადი მიწოდება იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ შესაძლებელი იყოს მისი ნებისმიერ დროს შეწყვეტა.

5. კონტროლირებადი მიწოდების განხორციელების მეთოდები და დეტალები განისაზღვრება საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოსთან ამ მიზნით დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით, საქართველოსა და საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის კანონმდებლობების დაცვით.  

6. საქართველოს ტერიტორიაზე კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას მასზე კონტროლსა და მის მართვას ახორციელებს/ახორციელებენ საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო/ორგანოები.

7. საქართველოს ტერიტორიაზე კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებაში საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და ოპერატიული მუშაკების მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს/იღებენ საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო/ორგანოები, რომელმაც/რომლებმაც საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს/უზრუნველყონ ოპერატიული მუშაკების დაცვის ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

მუხლი 13. დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის შექმნა

1. თუ ჩადენილი დანაშაული სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და მისი გამოვლენა ერთი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოსათვის საკმაოდ რთულია, ან თუ ერთი და იმავე დანაშაულის გამოვლენის ღონისძიებები ერთზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება, რაც ამ ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს, საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, ამ კანონის თანახმად საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის/ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოსთან/ორგანოებთან დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით შეუძლია შექმნას დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმოქმედებს ერთ-ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე.

 2. დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის მოქმედების პირობები, მისი შემადგენლობა, ხარჯები, მის მუშაობაში მონაწილე პირების უფლებები და მოვალეობები, მათი სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ან/და სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფთან დაკავშირებული სხვა დეტალები განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმებით, საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის/ქვეყნების კანონმდებლობების დაცვით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის შექმნის ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი თანხმობით.

  4. თუ დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფი შექმნილია და მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ დანიშნული პირი.

   5. საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ და მოქმედ დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფში საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ წარმოგზავნილ პირებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად იმოქმედონ. მათ უნდა დაიცვან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნულმა პირებმა აგრეთვე უნდა იმოქმედონ ან თავი უნდა შეიკავონ მოქმედებისაგან დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.

   6. საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ და მოქმედ დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფში საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ წარმოგზავნილ პირებს შეუძლიათ გაეცნონ ჯგუფის ფარგლებში მოპოვებულ საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, თუ მათ აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვება და ამ ინფორმაციის გაცნობა ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად სჭირდებათ.

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

მუხლი 14. ოპერატიული მუშაკის განთავსება

1. აუცილებლობის შემთხვევაში და მიღებული მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით შეუძლია ნება დართოს საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურას, რომ მან განათავსოს თავისი ოპერატიული მუშაკი საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით შეუძლია აგრეთვე თავად განათავსოს თავისი ოპერატიული მუშაკი საზღვარგარეთის ქვეყნის ტერიტორიაზე.

2. ოპერატიული მუშაკის განთავსების პირობები, ხარჯები, ოპერატიული მუშაკის უფლებები და მოვალეობები, მისი სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ან/და სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ოპერატიული მუშაკის განთავსებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმებით, საქართველოსა და საზღვარგარეთის  შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების დაცვით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიული მუშაკის განთავსების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი თანხმობით.

4. საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიული მუშაკი უნდა განთავსდეს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით.

5. საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიულ მუშაკს არ შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს. მან უნდა დაიცვას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6. საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიულ მუშაკს შეუძლია გაეცნოს საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, თუ მას აქვს საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვება და ამ ინფორმაციის გაცნობა ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად სჭირდება.

7. საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიული მუშაკის საქმიანობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ ამას დასაბუთებულად მოითხოვს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო.

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

მუხლი 15. ტრანსსასაზღვრო ვიზუალური კონტროლი

1. წინასწარ გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურას შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს ვიზუალური კონტროლი იმ პირისა, რომელზედაც არსებობს ვარაუდი, რომ ის მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში, ან იმ პირისა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ზემოაღნიშნული პირის იდენტიფიკაციას და მისი ადგილმდებარეობის დადგენას, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით ამის ნებართვას გასცემს. საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია დააწესოს გარკვეული პირობები, რომელთა შესრულება იქნება ამგვარი ნებართვის გაცემის წინაპირობა.

  2. საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია თავად განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიზუალური კონტროლი.

  3. საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საზღვარგარეთის ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელოს ვიზუალური კონტროლი საქართველოს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების ან საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად.

   4. ვიზუალური კონტროლის განხორციელების მეთოდები და დეტალები განისაზღვრება საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოსთან ამ მიზნით დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით, საქართველოსა და საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის კანონმდებლობების დაცვით. 

   5. საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიზუალური კონტროლი საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

  6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიზუალური კონტროლი უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების დაცვით:

  ა) ვიზუალური კონტროლის განმახორციელებელმა პირმა ვიზუალური კონტროლის განხორციელებისას უნდა დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და უნდა შეასრულოს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მითითებები;

   ბ) ვიზუალური კონტროლის განმახორციელებელი პირი უნდა ატარებდეს ვიზუალური კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელ სათანადო დოკუმენტს, რომელსაც გასცემს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო;

   გ) ვიზუალური კონტროლის განმახორციელებელ პირს ეკრძალება ვიზუალური კონტროლის კერძო საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებულ ადგილებში განხორციელება;

   დ) ვიზუალური კონტროლის განმახორციელებელ პირს უფლება არა აქვს, გააჩეროს, დაკითხოს ან დააკავოს ვიზუალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული პირი;

  ე) ვიზუალური კონტროლის განმახორციელებელმა პირმა ვიზუალური კონტროლის განხორციელებისა და შედეგების შესახებ ანგარიში პერიოდულად უნდა წარუდგინოს საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

   7. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

მუხლი 16. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის დაცვა

  1. მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ითანამშრომლოს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის საქართველოდან საზღვარგარეთის ქვეყანაში გადაყვანის ან საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანის საკითხებში, საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების დაცვით.

  2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილესა და სხვა პირს უზრუნველყოფს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის კონკრეტული ღონისძიებებით.

   3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაცვის კონკრეტული ღონისძიებების მომთხოვნ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს აცნობებს, რა ღონისძიებები იქნა გამოყენებული საქართველოში გადმოყვანილი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის მიმართ.

   4. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის გადაყვანის/გადმოყვანის ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან დებს ინდივიდუალურ შეთანხმებას, რომლითაც განისაზღვრება მათი გადაყვანის/გადმოყვანის საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობის დეტალები.

  5. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანის ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო.

   6. ამ მუხლით გათვალისწინებულმა თანამშრომლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველოს ან საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებულ სისხლის სამართლის პროცესს.

  7. საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის დაცვის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს. ასეთ შემთხვევაში განხილული უნდა იქნეს საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის უკან დაბრუნების შესაძლებლობა.

   8. საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილმა სისხლის სამართლის პროცესის მონაწილემ და სხვა პირმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა. თუ ისინი დაარღვევენ საქართველოს კანონმდებლობას ან სპეციალურად მათთვის განსაზღვრულ ქცევის წესებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს. საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ქცევის წესების დარღვევა შეიძლება გახდეს მათი უკან დაბრუნების საფუძველი.

   9. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიიდანაც მოხდა სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის ან სხვა პირის გადაყვანა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 17. ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვება

  1. მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაშაულის გამოვლენის პროცესში ფარულად შეაგროვოს ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაცია და მიაწოდოს იგი საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს.

   2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვების შესახებ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს:

   ა) სასურველი ღონისძიება ან მეთოდი;

   ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ხანგრძლივობა;

   გ) იმ მონაცემების სფერო, რომლებიც უნდა აღირიცხოს და გადაიცეს;

   დ) მონაცემების გადაცემის სახე.

   3. ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო.

მუხლი 18. თანამშრომლობის სხვა სახეები

  საჭიროების შემთხვევაში, შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ითანამშრომლოს აგრეთვე შემდეგ სფეროებში:

   ა) შესაბამისი ექსპერტების გაცვლა და მათი ტრენინგი;

   ბ) ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;

   გ) გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;

  დ) პროფესიონალი კადრების მომზადებასა და მათი პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაში დახმარება;

   ე) სამეცნიერო კვლევის შედეგების გაზიარება;

   ვ) შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკითა და მოწყობილობით დახმარება;

  ზ) კრიმინალისტიკის სფეროში გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ გამოცდილების გაზიარება.

  თავი IV

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა.

პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაცვა

მუხლი 19. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა

ამ კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში გადაცემული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა ხორციელდება საქართველოს ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად.

მუხლი 20. პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაცვა

1. ამ კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაცვა ხორციელდება საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შემდეგი მინიმალური მოთხოვნების თანახმად:

   ა) გადაცემული პერსონალური მონაცემები არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომლებისთვისაც ისინი იქნა გადაცემული, პერსონალური მონაცემების გადამცემი სამართალდამცავი ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე;

   ბ) პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ არ უნდა გადასცეს ისინი მესამე მხარეს პერსონალური მონაცემების გადამცემი სამართალდამცავი ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე;  

   გ) მოთხოვნის საფუძველზე პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა აცნობოს მათ გადამცემ სამართალდამცავ ორგანოს პერსონალური მონაცემების გამოყენების შედეგების შესახებ;

   დ) პერსონალური მონაცემების გადამცემმა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ პერსონალური მონაცემები ზუსტი და განახლებული იყოს. თუ გამოვლინდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის ზუსტი, მათმა გადამცემმა სამართალდამცავმა ორგანომ ამის შესახებ უნდა აცნობოს პერსონალური მონაცემების მიმღებ სამართალდამცავ ორგანოს;

   ე) თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის სწორი ან განახლებული, ან მათი გადაცემა არ იყო ნებადართული, პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა შეასწოროს და განაახლოს ისინი ან უნდა გაანადგუროს პერსონალური მონაცემები და დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ მათ გადამცემ სამართალდამცავ ორგანოს;

   ვ) გადაცემული პერსონალური მონაცემები უნდა გაანადგუროს მათმა მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ, მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს პერსონალური მონაცემების გამოყენების კანონიერი საფუძველი;

   ზ) პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ სათანადოდ უნდა დაიცვას მიღებული პერსონალური მონაცემები უნებართვო შეღწევისგან, მათში ცვლილებების შეტანისგან ან მათი გავრცელებისგან;

   თ) პერსონალური მონაცემების გადამცემმა და მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აღრიცხონ შესაბამისად მათთვის გადაცემული და მათ მიერ მიღებული პერსონალური მონაცემები;

   ი) პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მათი გადამცემი სამართალდამცავი ორგანოს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების პერიოდული გადახედვა პერსონალური მონაცემების წაშლისთვის დადგენილი ვადების ფარგლებში.

   2. საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია უარი განაცხადოს პერსონალური მონაცემების გადაცემაზე, თუ საზღვარგარეთის ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებს ან/და საზღვარგარეთის ქვეყანა, რომელიც არ არის „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის კონვენციისა და მისი 2001 წლის 8 ნოემბრის დამატებითი ოქმის წევრი, თანახმა არ არის, უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების ისეთი დაცვა, როგორსაც საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო ითხოვს.   

თავი V

თანამშრომლობის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლები

   მუხლი 21. თანამშრომლობის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლები

   1. თუ საქართველოს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებაზე, თუ:

   ა) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

  ბ) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს;

   გ) თანამშრომლობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

  დ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, საქართველოს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად მიაჩნია. დანაშაული არ ჩაითვლება პოლიტიკურად, თუ დანაშაულის ჩადენის მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები გადაწონის დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ ასპექტებს;

  ე) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.

   2. თუ საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს აქვს ეჭვი, რომ დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, პოლიტიკური დანაშაულია, იგი ამის შესახებ აცნობებს საქართველოს პროკურატურას, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის თაობაზე მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლობის თაობაზე ან თანამშრომლობის განხორციელებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.  

თავი VI

დასკვნითი დებულება

მუხლი 22. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 ოქტომბერი 2013 წ.

N1441-Iს