იმპიჩმენტის შესახებ

იმპიჩმენტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1293-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010210030.05.001.017113
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1293-რს
24/09/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
010210030.05.001.017113
იმპიჩმენტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია  - 05.09.2018, №3393)

 

საქართველოს კანონი

 

იმპიჩმენტის შესახებ

თავი I

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან

გადაყენების საკითხის აღძვრა

მუხლი 1

იმპიჩმენტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევისას ან/და დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების წესი.

მუხლი 2

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის საფუძველია თანამდებობის პირის ისეთი ქმედება, როგორიც არის:

ა) საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა;

ბ) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა.

მუხლი 3

თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. 

მუხლი 4

1. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ მისი აღძვრის წერილობით მოთხოვნას ხელს მოაწერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. საქართველოს პარლამენტის წევრის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის წერილობით მოთხოვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარსი, აგრეთვე შესაბამისი არგუმენტები და მითითებული უნდა იყოს არსებული მასალები.

მუხლი 5

თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრიდან 7 დღის ვადაში მისი გადაყენების თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება დასკვნისათვის შეტანილი უნდა იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.  

თავი II

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

დასკვნა თანამდებობის პირის ქმედებაზე

მუხლი 6

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკითხს განიხილავს და საქართველოს პარლამენტს თანამდებობის პირის ქმედებაზე დასკვნას წარუდგენს კონსტიტუციური წარდგინების დასკვნისათვის მიღებიდან 30 დღის ვადაში.

მუხლი 7

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თანამდებობის პირის ქმედებაზე დასკვნის მომზადებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით.

თავი III

თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით

თანამდებობიდან გადაყენება

მუხლი 8

თუ თანამდებობის პირი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც აღიძრა, გადადგა ან გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება.

მუხლი 9

თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით არ დაადასტურა არც ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და არც მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, ამ თანამდებობის პირის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება.

მუხლი 10

თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, საქართველოს პარლამენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა განიხილავს და კენჭს უყრის ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

მუხლი 11

1. საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ქმედებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 საათისა, აღნიშნული ფაქტი ეცნობება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებს, საპარლამენტო ფრაქციებსა და იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში.

2. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების დროს მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 კალენდარული დღისა საქართველოს პარლამენტი იღებს დადგენილებას დასკვნის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკის თაობაზე.

3. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების დროს არ მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას.

მუხლი 12

საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა.

მუხლი 13

1. დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი ბრალდების საქართველოს პარლამენტის მიერ განხილვა ან გადაწყვეტილების მიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.

2. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვას იწყებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის უახლოესი (მორიგი ან რიგგარეშე) სესიის პირველსავე სხდომაზე. 

მუხლი 14

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს მთავრობის წევრი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

მუხლი 15

თუ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ქმედებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან ამ თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას მხარს არ დაუჭერს საქართველოს პარლამენტის წევრთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული აუცილებელი რაოდენობა, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და დაუშვებელია აღნიშნული თანამდებობის პირისათვის იმავე ბრალდების წარდგენა.

მუხლი 16

საქართველოს პარლამენტში ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვაში პარლამენტის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდეს თავად ეს თანამდებობის პირი, ხოლო ამ თანამდებობის პირის განხილვაში მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში  −  მისი წარმომადგენელი.

მუხლი 17

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარულია.

მუხლი 18

საქართველოს პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებული თანამდებობის პირის პასუხისგებაში მიცემის საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი IV

დასკვნითი დებულება

მუხლი 19

ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 სექტემბერი 2013 წ.

N1293-რს