რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე

  • Word
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1374
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016041
  • Word
1374
19/09/2013
ვებგვერდი, 26/09/2013
000000000.00.003.016041
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარულება 1374

2013  წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტისა და ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 14 ნოემბრის დაფინანსების ხელშეკრულების („საქართველოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა“) მე-2 დანართის (ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები) შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგია“.

 პრემიერ-მინისტრი         ბ. ივანიშვილი

 

 

 

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის

 

 

 

 

 

 

I. რეგიონის ზოგადი დახასიათება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. რეგიონს დასავლეთით ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - ცხინვალის რეგიონი, ხოლო ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია. რეგიონის ფართობია 4600 კვ.კმ., ქვეყნის ტერიტორიის 6,6%. რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა 46,7 ათასია, რაც საქართველოს მოსახლეობის 1,04%-ს შეადგენს. მხარეში შედის 258 დასახლებული პუნქტი - 3 ქალაქი, 2 დაბა და 253 სოფელი. მხარის მოსახლეობის 19,4% ცხოვრობს ქალაქებსა და დაბებში, ხოლო 80,6% სოფლებში. მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება 238 დასახლება - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 64(800 მ-ზე ზევით), ონის მუნიციპალიტეტის 63 (1000 მ-ზე ზევით), ცაგერის მუნიციპალიტეტის 53 (1000 მ-ზე ზევით) და ლენტეხის მუნიციპალიტეტის 58 დასახლება (1000 მ-ზე ზევით). მოსახლეობის სიმჭიდროვე რეგიონის ტერიტორიაზე შეადგენს 10,2 ადამიანს კვ.კმ-ზე. რეგიონში მოქმედებს ოთხი თვითმმართველი ერთეული: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტები. სამხარეო დონეზე სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, რომლის ადმინისტრაცია ქ. ამბროლაურშია განთავსებული. ქ. ამბროლაური დედაქალაქიდან 280 კმ-ით არის დაშორებული.

რეგიონი მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე და განეკუთვნება მაღალმთიან ზონას. რეგიონი ზღვის დონიდან 400 მ-დან 4000 მ-მდე სიმაღლეზე,ზღვის  კლიმატის ნოტიო ოლქში მდებარეობს. დაბალ მთიანეთში ზომიერად ცივზამთრიანი და შედარებით ცხელზაფხულიანი ჰავის ტიპია გაბატონებული, მაღალმთიანი ზონისათვის კი უხვთოვლიანი მთის ნოტიო ჰავაა დამახასიათებელი.

ოფიციალური მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მოსახლეობა 46,7 ათას ადამიანს შეადგენს. რეგიონში შექმნილია რთული დემოგრაფიული ვითარება, რასაც განაპირობებს როგორც შობადობის დაბალი და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები,  რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის სიმცირე და აღნიშნულ ასაკში დაუქორწინებელთა დიდი რაოდენობა, ასევე შიდა და გარე მიგრაცია, რომლის მაჩვენებლები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში განსაკუთრებით მაღალია. მიგრაციული პროცესები, ძირითადად, გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა სამუშაო ადგილების ნაკლებობა, რთული საყოფაცხოვრებო პირობები, სოფლის მეურნეობისთვის რთული სამუშაო გარემო და სუსტად განვითარებული სოციალური ინფრასტრუქტურა. შრომისუნარიანი მოსახლეობა სამუშაოს საძიებლად, ძირითადად, თბილისში, ქუთაისში და საზღვარგარეთ მიემგზავრება. მიგრაცია უარყოფითად აისახება რეგიონის მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაზე.

რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსახლეობის ბუნებრივი მატების უარყოფითი სალდო.

მოსახლეობის რიცხოვნობის კლება და დაბერება არის რეგიონის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა, რომელიც უარყოფითად აისახება რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე. ამ პროცესის შეჩერება და პრობლემის აღმოფხვრა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ქმედითი ზომების მიღების გარეშე, მხარის დეპრესიულ რეგიონად ჩამოყალიბების პროცესი შეუქცევად სახეს მიიღებს.

II. რეგიონის  სოციალური განვითარება

 

მოსახლეობის ცხოვრების დონე და სოციალური უზრუნველყოფა

რეგიონში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 29,6 ათასს (მოსახლეობის 62%), თვითდასაქმებულთა რაოდენობა 19,5 ათასს, ხოლო უმუშევრობის დონე 21%-ს შეადგენს. 2011 წელს რეგიონში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 1,965 ადამიანს (რეგიონის მოსახლეობის 4,2%) შეადგენდა, რაც უმნიშვნელოდ აღემატებოდა 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან, 133 ადამიანი მსხვილ, 938 ადამიანი საშუალო, ხოლო 894 ადამიანი მცირე საწარმოში იყო დასაქმებული. დასაქმებულთა რაოდენობა დარგებზე შემდეგნაირად არის განაწილებული:

            დასაქმების დარგობრივი სტრუქტურა (2011 წ.)

            წყარო: საქსტატი.

დაქირავებულთა შრომის საშუალოთვიური ანაზღაურება 2011 წელს 259,8 ლარს შეადგენდა (ადგილობრივ კერძო ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან - 240,2 ლარი, უცხოელ/უცხოურ კერძო ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან - 480,7 ლარი,რაც 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 83,4 ლარით ნაკლებია. შრომის საშუალოთვიური ანაზღაურება მსხვილ საწარმოებში 533,6 ლარს, საშუალო საწარმოებში 314 ლარს, ხოლო მცირე საწარმოებში 134,4 ლარს შეადგენდა. საშუალოთვიური ანაზღაურების ოდენობით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი საქართველოს რეგიონებს შორის ბოლო ადგილს იკავებს და 2,7-ჯერ ჩამოუვარდება ამავე წლის საქართველოს ანალოგიურ საშუალო მაჩვენებელს (690,9 ლარი).

რეგიონში ძალზე მაღალია სიღარიბის მაჩვენებლები. 2012 წელს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო 12 ,3 ათასი ოჯახი, რომელთაგან შემწეობას იღებდა 7,2 ათასი ოჯახი. ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი საქართველოს რეგიონებს შორის ბოლო ადგილს იკავებს.ღარიბ მოსახლეობას შორის, ყველაზე მეტია 40-60 წლებისა და 70 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფის წილი. ამასთან, ამ უკანასკნელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობას, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს. ეს მაჩვენებლები ნათლად ასახავს რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას, როგორც დასაქმების, ისე დემოგრაფიის მხრივ.

რეგიონში ირიცხება საპენსიო და სოციალური პაკეტის მიმღები 10,9 ათასი პირი, რაც მოსახლეობის 23,4%-ს შეადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საშუალო პროცენტულ მაჩვენებელს (19,05%). ამ თვალსაზრისითაც, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისაქართველოს რეგიონებს შორის ბოლო ადგილს იკავებს.

რეგიონში ირიცხება 937 იძულებით გადაადგილებული პირი (367 ოჯახი), რაც მოსახლეობის 2%-ს შეადგენს. აღნიშნული პირები რეგიონში ინდივიდუალურად არიან ჩასახლებული.

მიუხედავად მძიმე სოციალური ვითარებისა, რეგიონში მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის - მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, მოხუცებისა და შშმ პირებისთვის არ მოქმედებს სოციალური სახლები. აღსანიშნავია, რომ რეგიონში არ არის უზრუნველყოფილი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამშენებლო სტანდარტების დაცვა, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სათანადო ინტეგრირებას.

რეგიონში დიდია მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების რაოდენობა, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე არ დაკმაყოფილებულა საცხოვრებელი ფართით.

ჯანმრთელობის დაცვა

რეგიონში მოქმედებს 4 საავადმყოფო 85 საწოლით. თემებში მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს 62 სოფლის ექიმი და 127 მედდა, რომლებიც მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უწევენ. რეგიონი სოფლის ექიმების ნაკლებობას განიცდის. რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა საფუძვლიან რეაბილიტაციას საჭიროებს. რეგიონს ემსახურება 11 სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ბრიგადა, რომელთაგან 2 ფუნქციონირებს ონში, ხოლო 3-3 - დანარჩენ მუნიციპალიტეტებში. ბრიგადების ავტოპარკი მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.

რეგიონის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურიდან გამომდინარე, სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნა მაღალია. ამასთან, შემოსავლების სიმწირის გამო, მოსახლეობა მწვავედ განიცდის სამედიცინო მომსახურები ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემას. საავადმყოფოები მდებარეობს მუნიციპალურ ცენტრებში და ზამთრის პერიოდში, ცუდი კლიმატური პირობების გამო, მუნიციპალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება. რეგიონში არ არსებობს ვერტმფრენი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების საავადმყოფოში გადაყვანას უზრუნველყოფდა. რეგიონის ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები განიცდის მაღალკვალიფიციური კადრების უკმარისობას, განსაკუთრებით ვიწრო სპეციალობით,  რაც იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამკურნალოდ გასვლას ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში. მოსახლეობას, ძირითადად, აწუხებს გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები, რაც ძირითადად, გამოწვეულია რთული მატერიალური მდგომარეობით და შესაბამისად, დაგვიანებული გამოკვლევებითა და მკურნალობით. რეგიონისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური დაავადებების გავრცელება (მაგ. ენდემური ჩიყვი, დიაბეტი, უროლოგიური პრობლემები). მიუხედავად ამ სპეციფიკისა, რეგიონს არ ჰყავს ვიწრო სპეციალისტები შესაბამის სფეროებში.

კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა რეგიონში ძალზე მცირეა. აქტუალურია სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომის პრობლემა. გაფართოებული სადაზღვევო პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის დაზღვევას საბაზისო სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტით, თუმცა, პრობლემის სრულად აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.

განათლება

რეგიონში ფუნქციონირებს 67 საჯარო და 1 წმ. ილია მართლის სახ. გიმნაზია, რომლებშიც 4136 მოსწავლე სწავლობს. რეგიონში მოსწავლეთა რაოდენობა მოსახლეობის 9,3%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე (13,2%) მნიშვნელოვნად ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2011/12 წლებში, 2010/11 წლებთან შედარებით, მოსწავლეთა რაოდენობა 6,7%-ით (291 მოსწავლე) შემცირდა. მოსწავლეების განათლებაზე ზრუნავს 1522 პედაგოგი. სოფლებში, ძირითადად, ფუნქციონირებს საბაზო სკოლები, რის გამოც უფროსი ასაკის მოსწავლეებს უახლოეს საჯარო სკოლაში (ძირითადად, შესაბამის მუნიციპალურ ცენტრში) სიარული უხდებათ. მუნიციპალურ ცენტრებთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების ნაწილი მუნიციპალურ ცენტრში არსებულ სკოლაში სწავლას ამჯობინებს, რაც განპირობებულია უკეთესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ინფორმაციის მეტად ხელმისაწვდომობით, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სამუსიკო, სამხატვრო, სასპორტო და სხვ.) სიარულის სურვილით და ა.შ. სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს მუნიციპალურ ცენტრებში გადასაადგილებლად ემსახურება სასკოლო ავტობუსები. თუმცა, არის სოფლები, სადაც ბავშვებს სკოლებამდე რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. უკანასკნელ წლებში, რეგიონში გაუმჯობესდა კადრების კვალიფიკაცია, თითქმის ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2 სოფელში აშენდა ახალი სკოლა. სკოლების დიდი ნაწილი აღიჭურვ კომპიუტერული ტექნიკით და ჩაერთ ინტერნეტის ქსელში. თუმცა, სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა კვლავაც არადამაკმაყოფილებელია.

რეგიონში მუნიციპალურ დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს 41 საბავშვო ბაღი, სადაც 747 ბავშვს ემსახურება 162 პედაგოგი და 153 ტექნიკური პერსონალი. მძიმე დემოგრაფიული ვითარების გამო, საბავშვო ბაღი ბევრ სოფელში არ ფუნქციონირებს (მაგალითად, ონის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 2 საბავშვო ბაღია). სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების უმრავლესობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არადამაკმაყოფილებელია.

რეგიონში ფუნქციონირებს სპეციალური სკოლები : 4 სამუსიკო სკოლა 48 თანამშრომლით, 4 სამხატვრო სკოლა 50 თანამშრომლით და 7 სასპორტო სკოლა 139 თანამშრომლით.

რეგიონში არ მოქმედებს არც ერთი საჯარო ან კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. დემოგრაფიული სიტუაციის გათვალისწინებით, ამის საჭიროება ნაკლებადაა. სწავლის გაგრძელების მსურველი ახალგაზრდები, ძირითადად, სწავლობენ ქვეყნის დიდი ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში. 2010 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა რეგიონის 189 მცხოვრები (მოსახლეობის 0,4%) - 105 ქალი და 84 კაცი. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი რეგიონში საცხოვრებლად არ ბრუნდება. აღნიშნული გარემოება განსაკუთრებული აქტუალობით აყენებს დღის წესრიგში რეგიონში სკოლისშემდგომი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების აუცილებლობას.

ქ. ამბროლაურში ფუნქციონირებს ავტორიზებული პროფესიული კოლეჯი, სადაც ამზადებენ ბუღალტრებს, იუველირებს, მემინანქრეებს, ასწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს. გარდა ამისა, სახელმწიფო თანადაფინანსებით (80%) კოლეჯში ხორციელდება მეღვინის, ტრაქტორისტ-მემანქანის, მეფუტკრის, მევენახის, ვეტერინარის სწავლებაც. კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები ძალზე დაბალია. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, არსებულის ბაზაზე, დაწყებულია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული გადამზადების ცენტრის მშენებლობა, სადაც აგრარული სფეროს სპეციალისტები მომზადდებიან. ახლახანს, ქ. ცაგერში ამოქმედდა კერძო პროფესიული კოლეჯი.

კულტურა და სპორტი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ფუნქციონირებს 103 ბიბლიოთეკა, რომელთა წიგნადი ფონდი 426 ათას ცალს შეადგენს.რეგიონში მოქმედებს 5 მუზეუმი, რომელთა დამთვალიერებლების რიცხვი 2011 წელს 12,4 ათას ადამიანს შეადგენდა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედებს სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ლენტეხისა და ონის მუნიციპალიტეტებში - მხარეთმცოდნეობის მუზეუმები, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში - ისტორიული, ლადო ასათიანის სახელობის და სევერიან ისიანის სახელობის მუზეუმები. მუზეუმებში ინახება მრავალფეროვანი ისტორიული, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და სხვა ექსპონატები. თუმცა, შენახვის სტანდარტები არცთუ კარგად არის დაცული. მუზეუმების დამთვალიერებელთა დიდ ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. რეგიონში არ ფუნქციონირებს პროფესიული თეატრები, თუმცა, თითოეულ მუნიციპალიტეტში მუნიციპალური დაფინანსებით მოქმედებს თითო სახალხო თეატრი. თეატრალური დასების ძირითად პრობლემას ფინანსების ნაკლებობა წარმოადგენს. შესაბამისად, გასტროლები ძირითადად რეგიონის შიგნით ხორციელდება, პრემიერები საკმაოდ იშვიათად იმართება, მაყურებელთა რაოდენობა კი არცთუ დიდია. მაყურებლის სიმრავლე, ძირითადად, ზაფხულობით შეინიშნება, როდესაც სეზონური დამსვენებლები ჩამოდიან. ზოგადად, რეგიონში სუსტად არის განვითარებული კულტურის ცენტრების, პარკების, სკვერების, ბიბლიოთეკების, სამუსიკო და სამხატვრო სკოლების, სტუდიების, გალერეების, მუზეუმების, თეატრების, სპორტული სკოლების/კლუბების/წრეების და სასპორტო დაწესებულებების ქსელი და მათი ინფრასტრუქტურა.

სამოქალაქო სექტორი და მედია

რეგიონში ძალზე სუსტად, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით დაფუძნებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციით არის წარმოდგენილი სამოქალაქო სექტორი. რეგიონში ადგილობრივი ტელე და რადიომაუწყებლობა არ არსებობს. ოთხივე მუნიციპალიტეტში თვეში ერთხელ გამოდის თითო გაზეთი, რომლებიც თავის ფუნქციას არადამაკმაყოფილებლად ასრულებენ. რეგიონში ინფორმაციის ძირითად წყაროს საერთო ტელემაუწყებლები წარმოადგენს. სატელიტური თეფშების გარეშე, მხოლოდ რამდენიმე ქართული ტელეარხის სიგნალის მიღებაა შესაძლებელი. ამჟამად, ერთ-ერთი კერძო კომპანია საკუთარი სახსრებით, უფასოდ ახორციელებს მოსახლეობის სატელიტური თეფშებით უზრუნველყოფას.

გენდერული მაჩვენებლები

ქალთა ჩართულობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, სხვა რეგიონების მსგავსად, ძალზე დაბალია. ადგილობრივი საკრებულოების 96 წევრს შორის მხოლოდ 16 ქალია. არ არის დაცული გენდერული თანაფარდობა კერძო სექტორშიც. ბიზნესსექტორში დასაქმებული კაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბობს ქალების რაოდენობას. 2012 წლის მონაცემებით, აღნიშნულ სექტორში დასაქმებული იყო 538 ქალი და 1428 კაცი. სხვაობა აღინიშნებოდა ქალებისა და მამაკაცების შრომის საშუალო თვიურ ანაზღაურებებს შორისაც. კერძოდ, 2009 წელს ქალის საშუალო თვიური ანაზღაურება 220,8 ლარს, ხოლო კაცისა - 275,2 ლარს შეადგენდა.

III. რეგიონის  ეკონომიკური განვითარება

ბუნებრივი რესურსები

წყლის რესურსები და ენერგეტიკული პოტენციალი. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი მდიდარია წყლის რესურსებით. 2011 წლის წყალაღების მონაცემების თანახმად, ბუნებრივი წყლის ობიექტებიდან (მიწისქვეშა და ზედაპირული წყალი) წყლის აღებამ 1174 მლნ კბმ, ხოლო წყლის გამოყენებამ 1172 მლნ კბმ შეადგინა. აღებული წყლის რესურსების 99% ჰ იდროენერგეტიკაში გამოიყენება. წყლის ძირითადი არტერიებია: ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მდ. რიონი თავისი შენაკადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში - მდ. ცხენისწყალი, მდ. ხელედურა და მდ. ლასკადურა, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში - მდ. ცხენისწყალი და მდ. რიონი.

რეგიონში მდებარეობს 2 წყალსაცავი. შაორის წყალსაცავის წყლის საერთო მოცულობ 90 მლნ კბმ-ს, ხოლო სასარგებლო მოცულობა - 87 მლნ კბმ-ს შეადგენს.მისი დანიშნულება ტყიბულში არსებული შაორის ჰესისთვის სეზონური ჩამონადენის რეგულირება. ლაჯანურის წყალსაცავის წყლის საერთო მოცულობ20 მლნ კბმ-ს, ხოლო სასარგებლო მოცულობა- 17 მლნ კბმ-ს შეადგენს. წყალსაცავი ყოველკვირეული რეგულირების ტიპს მიეკუთვნება და წყალს აწვდის ლაჯანურჰესს.

რეგიონი მდიდარია ბუნებრივი წყაროებით და შესაბამისი საკურორტო ადგილებით. მინერალური წყლების პოტენციალი ჯეროვნად არ არის ათვისებული და არ ხდება მათი გატანა რეგიონულ თუ საერთაშორისო ბაზრებზე. კურორტ უწერაში 28 სახის მინერალური წყლის საერთო დღეღამური დებეტი 800 ტონაა. ისინი მდიდარია კალციუმითა და რკინით, შეიცავს ბორსა და იოდს, ასევე სხვა მინერალებს. შოვში გამოკვლეულია 16 სახის მინერალური წყარო, რომელთა დღეღამური დებეტი 150 ტონაა. ისინი ქიმიური შემადგენლობის პირველი ტიპისაა, შეიცავს კალციუმს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს, ქლორს და სხვა მინერალებს. გამორჩეულია ცაგერის მუნიციპალიტეტის მინერალური წყლები, განსაკუთრებით კურორტ ლაშიჭალას სამკურნალო ბალნეოლოგიური წყლები და ძუღურის მინერალური სამკურნალო წყალი, რომელიც, ძირითადად, დიაბეტით დაავადებულთა სამკურნალოდ გამოიყენება. გამოირჩევა აგრეთვე ალპანის, ახალჭალის, აღვი-ცაგერის, ლაძგვერიის და უსახელოს მინერალური სამკურნალო წყლები, რომლებიც გამოიყენება პროფილაქტიკური ართროლოგიური, გასტროენტეროლოგიური, გინეკოლოგიური, ნევროლოგიური მკურნალობისთვის. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, მინერალური წყლის რესურსის პოტენციალი უმნიშვნელოდ არის გამოყენებული.

მდიდარი წყლის რესურსების გათვალისწინებით, რეგიონს საქართველოს ჰიდროენერგეტიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. რეგიონში ენერგეტიკის ძირითად ობიექტებია ორი ჰიდროელექტროსადგური: ამბროლაურში რიცეულაჰესი 6,1 მგვტ სიმძლავრით და ცაგერში ლაჯანურჰესი 112,5 მგვტ სიმძლავრით. აღნიშნული ორი ობიექტი უზრუნვეყოფ რეგიონის ენერგომომარაგება. ამჟამად, მდ. ლუხუნზე მიმდინარეობს კასკადური ჰესის მშენებლობა. სხვადასხვა ადგილას (მდ. ხელედურა , მდ. ჩეშურა, მდ. ჯეჯორა, მდ. ჯონოული), შესაძლებელია მცირე ჰესების აშენება. მდ. რიონის აუზის მდინარეების თეორიული ტექნიკური ჰიდროპტენციალი შეადგენს 428,8 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს და 2390 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიის წლიურ გამომუშავებას. ჰიდრორესურსების გამოყენებისას, ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონის გეოდინამიკური პოტენციალისა და მაღალი საშიშროების რისკის გათვალისწინება.

ქარის ენერგეტიკული პოტენციალი უმნიშვნელოა. რეგიონს აქვს საკმარისი პოტენციალი მზის ენერგი ის გამოყენების მიმართულებით, რომლის დღიური მაჩვენებელი 4,2-4,5 კვტსთ/მ²-ია (ყველაზე დიდ მაჩვენებელი სამხრეთ კავკასიონის ფერდობზე ფიქსირდება). დღეისათვის, რეგიონში მზის ენერგიის გამოყენების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული (ქ. ონში). მეცხოველეობის განვითარების გათვალისწინებით, რეგიონში ბიოგაზის სექტორის განვითარების დიდი პოტენიალი არსებობს.

ტყის რესურსები. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი გამორჩეულია მდიდარი ტყის რესურსებით. ტყით დაფარულია რეგიონის ტერიტორიის დაახლ. 61% (292,9 ათასი ჰა ფართობი მერქნის საერთო მარაგით 60,6 მლნ კბმ). აღსანიშნავია ე.წ. ხელუხლებელი ტყეები, რომლებიც შენარჩუნებულია პირვანდელი სახით და ბიომრავალფეროვნებით. გარდა ამისა, რაჭაში გვხვდება ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი (ძირითადად, კედარის) ტყეები, რომელთა ასაკი მრავალი ათეული წელია. რეგიონის ტერიტორიაზე განფენილი ტყეები განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულებით გამოირჩევა. გარდა სამრეწველო პოტენციალისა, უნდა აღინიშნოს მათი ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, კლიმატმარეგულირებელი ფუნქციები. განსაკუთრებით აღსანიშნავია საკურორტო ზონის ტყეები. ტყეები იძლევა შესაძლებლობას, სრულად იქნეს დაკმაყოფილებული მოსახლეობის მოთხოვნილება როგორც საშეშე, ისე სამასალე მერქანზე.

ტყის შემქმნელ ძირითადმერქნიან სახეობებს შორის, მაგარმერქნიანი ფოთლოვნებიდან ჭარბობს წიფელი (გავრცელებულია 134724 ჰა ფართობზე და მერქნის მარაგი შეადგენს 24665 ათას კბმ-ს). მნიშვნელოვანი ფართობი უკავია მუხნარებს (26057 ჰა, 3205 ათასი კბმ). წიწვოვნებიდან ჭარბობს სოჭი (29314 ჰა, 11281 ათასი კბმ), ნაძვი (9002 ჰა, 2720ათასი კბმ) და ფიჭვი (5900 ჰა, 398 ათასი კბმ). რბილმერქნიანი ფოთლოვნებიდან ყველაზე დიდი ფართობი უკავია არყს (13139 ჰა) და მურყანს (5244 ჰა) საერთო მერქნის მარაგით 612 ათასი კბმ.

2011 წელს რეგიონში ათვისებულ იქნა 25825 მ3 საშეშე და 11867 მ3 სამასალე მერქანი. შეიმჩნევა მოთხოვნის კლება, რაც, სავარაუდოდ, რეგიონის გაზიფიკაციის მასშტაბების გაზრდით, ალტერნატიული ენერგომატარებლების მოხმარებით და მოზამთრე ოჯახების კლებით არის გამოწვეული. ამავდროულად, გაიზარდა სამასალე მერქნის მოპოვების მაჩვენებელი, რაც რეგიონის ტერიტორიაზე ხე-ტყის სამრეწველო დანიშნულებით დამზადების მასშტაბების გაზრდით არის განპირობებული. ამჟამად, ხორციელდება ხე-ტყის მოპოვება 3894 ჰა ფართობზე, რისთვისაც გაცემულია ხე-ტყის დამზადების 4 სპეციალური ლიცენზია. რეგისტრირებულია 59 ლიცენზირებული სახერხი. რეგიონის ტერიტორიაზე მოწყობილია 2 სამონადირეო მეურნეობა საერთო ფართობით - 3476 ჰა.ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაცემულია 22 ლიცენზია სოჭის გირჩის თესლის მოპოვებაზე. შესაბამისი მოსაკრებელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში არ არის განხორციელებული ტყის რესურსების ინვენტარიზაცია.

ტყეებისა და მისი რესურსების პოტენციალის გამოყენებას რეგიონის განვითარებისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მერქნული რესურსის არსებული მარაგები, სწორად დაგეგმვისა და მდგრადი ტყითსარგებლობის შემთხვევაში, იძლევა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ისე მათი სამრეწველო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.

წიაღისეული. რეგიონ მოიპოვება ფერადი ლითონები და არალითონური წიაღისეული. ამჟამად, რეგიონში გაცემულია 41 ლიცენზია წიაღისეული რესურსების მოპოვებაზე. რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში მოიპოვება ქვიშა-ხრეში, რომლის საერთო მარაგი 780 ათას მ3-ს შეადგენს. გარდა ამისა, რეგიონში გვხვდება კირქვა (130 ათასი მ3), ქვანახშირი (300 ათასი ტონა), თაბაშირი (900 ათასი მ3), დიაბაზი (20 ათასი მ3), ბარიტი (შეფასებული არ არის), მანგანუმი (1010 ათასი ტონა) და ოქრო (შეფასებული არ არის). ინვესტიციების არარსებობის გამო, წიაღისეულის დიდი ნაწილის მოპოვება არ ხორციელდება. 2011 წელს გაიცა ლიცენზიები ჩორდის ბარიტის და სოფ. ღებში ზოფხითოს ოქროს საბადოებზე, სადაც დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონის წიაღისეულის, მისი რესურსული პოტენციალის ეფექტიანი მართვა-გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია არსებული რესურსების მარაგების ხელახალი აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საორიენტაციო საბაზრო ღირებულების შეფასება. არსებული საინფორმაციო ბაზა ემყარება მრავალი წლის წინ მომზადებულ კვლევებს, რაც მათი სანდოობის ხარისხს გარკვეულწილად ეჭვქვეშ აყენებს. აღნიშნული  მნიშვნელოვანია რეგიონისა და მის ტერიტორიაზე შემავალი მუნიციპალიტეტების, ასევე შესაბამისი ცენტრალური უწყებების მიერ რეგიონში ინვესტიციების მოზიდვისთვის.

 

რეგიონში წარმოებული დამატებული ღირებულება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში წარმოებული მთლიანი დამატებული ღირებულება იმერეთის რეგიონში წარმოებულ დამატებულ ღირებულებასთან ერთად იანგარიშება და შესაბამისად, რეგიონის ეკონომიკური განვითარების მდგომარეობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. თუმცა, ბიზნეს სექტორში წარმოებული დამატებული ღირებულების დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ რეგიონი ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული დამატებული ღირებულების მაჩვენებლით საქართველოს სხვა რეგიონებს  ჩამორჩება.

2006-2011 წლებში რეგიონის ეკონომიკა 4% -ით გაიზარდა. უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2007-2009 წლებში, ხოლო 2010-2011 წლებში ადგილი ქონდა შედარებით აღმავალ დინამიკას.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის სტატისტიკურ მონაცემებში ენერგეტიკის სფეროში წარმოებული პროდუქცია არ აისახება. აღნიშნულს განაპირობებს ის გარემოება, რომ არსებული ენერგეტიკული ობიექტები (ლაჯანურჰესი, რიცეულაჰესი) რეგიონს გარეთ რეგისტრირებულ საწარმოთა კერძო საკუთრებაშია.

 

ბიზნესსექტორი

ბიზნესის რეგისტრის ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში რეგისტრირებულია 2703 სუბიექტი. თუმცა, რეალურად, რეგიონში მოქმედებს დაახლოებით 50 მცირე და საშუალო საწარმო. 2011 წელს ბიზნესსექტორში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ შეადგინა სულ 11,2 მლნ ლარი, ხოლო ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა - 0,9 მლნ ლარი. ამასთან, ბიზნესსექტორის ბრუნვამ შეადგინა 32,7 მლნ ლარი, ხოლო გამოშვებული პროდუქციის ღირებულებამ - 27 , 4 მლნ ლარი.

რეგიონში ბიზნეს სუბიექტები, ძირითადად, ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში, კერძოდ, ხორცის, რძის, თაფლისა და ხილის წარმოების, ღვინისა და ღვინომასალების წარმოების, უალკოჰოლო სასმელების წარმოების, ხე-ტყის გადამამუშავებელი და სხვა მიმართულებით.

ოთხივე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კომერციული ბანკების, ხოლო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფილიალები. სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მაღალია და 17%-დან 24%-მდე მერყეობს, ხოლო ალტერნატიული კაპიტალი ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. ასეთ პირობებში, სტარტაპების რაოდენობა ძალზე მცირეა. რეგიონში კონსალტინგურ მომსახურებას ამბროლაურში მოქმედი მხოლოდ ერთი აუდიტი ახორციელებს. რეგიონში არ ფუნქციონირებს ბიზნესის მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები (კონსალტინგური ფირმები, ბიზნესცენტრი, ბიზნესინკუბატორი და სხვ.). ბიზნესის მხარდამჭერად, ძირითადად, გვევლინება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც საკონსულტაციო მომსახურებას მეტწილად სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებენ.

რეგიონში ბიზნესსექტორის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს რეგიონის პერიფერიული მდებარეობა და მისი დიდი დაშორება გასაღების ბაზრებთან. მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის, ხე-ტყის გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორია ხე-ტყის მოპოვებაზე ლიცენზიების გაცემის არსებული წესი, რომლის თანახმად, ლიცენზიები გაიცემა დიდი მოცულობის მასივზე, რის გამოც, მისი შესყიდვა ადგილობრივი მეწარმეებისთვის შეუძლებელია. რთული რელიეფის გამო, ბუნებრივი რესურსების დაძიება-მოპოვება ძვირი ჯდება, რის გამოც აღნიშნული რესურსები ვერ იპყრობს ინვესტორთა სათანადო ყურადღებას.

 

მრეწველობა

რეგიონში მრეწველობა სუსტად არის განვითარებული, რაც, ძირითადად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტრადიციული ბაზრებისა და სამეურნეო კავშირების დაკარგვამ, პრობლემურმა პოლიტიკურმა პროცესებმა, ქვეყანაში ეკონომიკის საერთო ვარდნამ, აგრეთვე მოსახლეობის მიგრაციამ და დაბერებამ განაპირობა. 2011 წელს რეგიონში მრეწველობის ბრუნვის მოცულობა 14,8 მლნ ლარს, პროდუქციის გამოშვება 14,5 მლნ ლარს, მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობა 372 ადამიანს, დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 382,6 ლარს, ხოლო ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 0,8 მლნ ლარს შეადგენდა. ამასთან, 2010 წელთან შედარებით, ბრუნვის მოცულობა 3-ჯერ, პროდუქციის გამოშვება 3,2-ჯერ, ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა თითქმის 60%-ით, დასაქმებულთა რაოდენობა 10,7%-ით, ხოლო მრეწველობაში დასაქმებულთა საშუალოთვიური ანაზღაურება 40%-ით გაიზარდა. 2011 წელს მრეწველობაში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 3,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. დადებითი ტენდენცია მრეწველობის სხვადასხვა დარგის (ხე-ტყის გადამუშავება, პურ-ფუნთუშეულის წარმოება, სამთო-მოპოვებითი წარმოება, გარეული ხილის და სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი წარმოება, სასმელი წყლის წარმოება, ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოება) პროდუქციის მატებით არის განპირობებული.

რეგიონში სუსტადაა წარმოდგენილი გადამამუშავებელი მრეწველობა და კიდევ უფრო სუსტად - მძიმე და მომპოვებელი მრეწველობა. წარმოების ძირითადი დარგებია: ელექტროენერგიის, აირის და წყლის წარმოება და განაწილება (20,1 მლნ ლარი), ხე-ტყის წარმოება (3,5 მლნ ლარი), ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელის წარმოება (0,14 მლნ ლარი), პურისა და ფუნთუშეულის წარმოება (1,4 მლნ ლარი), უალკოჰოლო სასმელის წარმოება (1,2 მლნ ლარი), სამთო-მოპოვებითი მრეწველობა (0,2 მლნ ლარი) და ჩირის წარმოება (0,2 მლნ ლარი). გადამამუშავებელი საწარმოებიდან რეგიონში, ძირითადად, ფუნქციონირებს ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოები სახერხების სახით და საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები - ღვინის, წყლის, პურ-ფუნთუშეულის, გარეული ხილის და სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმოების სახით. აღსანიშნავია, რომ რაჭაში რამდენიმე მილიონი ბოთლი სასმელი წყლის წარმოებაა შესაძლებელი. ამჟამად, ეს პოტენციალი მხოლოდ ნაწილობრივაა ათვისებული და ისიც მხოლოდ არამინერალური სასმელი წყლის სეგმენტში. მუნიციპალიტეტების მიხედვით, მრეწველობის მაპროფილებელი დარგებია: ამბროლაურში - ელექტროენერგიის, ხე-ტყისა და მტკნარი წყლის წარმოება, ლენტეხსა და ონში - ხე-ტყის წარმოება, ხოლო ცაგერში - ელექტროენერგიის წარმოება. რეგიონის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტებია რიცეულაჰესი და ლაჯანურჰესი. რეგიონის სამრეწველო საწარმოები (ღვინის ქარხნები, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა, პურის საცხობები, სახერხები და სხვ.), ძირითადად, ადგილობრივ ენერგეტიკულ რესურსებს იყენებენ.

ქმედითი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოლიტიკის პირობებში, რეგიონს მრეწველობის სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ინვესტიციების მოზიდვაზე მიმართული ძალისხმევა, ხარისხზე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების მაქსიმალური წახალისება, ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემური ზრუნვა და კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა მრეწველობის სექტორის განვითარებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

 

ეკონომიკის სხვა დარგები

მაღალია მშენებლობის ხვედრითი წილი რეგიონში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში (18%). თუმცა, 2011 წელი ზრდის უარყოფითი მაჩვენებლით აღინიშნა და 2011 წელს სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება 3,15-ჯერ შემცირდა 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. უკანასკნელ წლებში, მშენებლობის გამოცოცხლებას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს საჯარო სახსრებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 2012 წელს რეგიონში გაიცა 23 მშენებლობის ნებართვა 5619 მ2 ფართზე. ამასთან, 2012 წელს დამთავრებულ იქნა 8 ობიექტი 810 მ2 საერთო ფართით.

ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში 2011 წელს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 0,1 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის რეალურ ბრუნვას არ ასახავს.

რეგიონში ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის საწარმოების ბრუნვის მოცულობამ 2011 წელს 5,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2,6-ჯერ აღემატება 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2,2-ჯერ გაიზარდა საწარმოების პროდუქციაც, რომლის ღირებულებამ 0,9 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი, სავაჭრო ობიექტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ფასების დონის მატებითაც არის განპირობებული. რეგიონში კვლავაც აღინიშნება ვაჭრობის ბრუნვის დაბალი მაჩვენებელი, რაც,მნიშვნელოვანწილად, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ რეგიონში ყოველკვირეულ ბაზრობებზე გასაყიდი პროდუქციის შემომტანთა მნიშვნელოვანნაწილს იმერეთის რეგიონის მეწარმეები წარმოადგენენ. გარდა ამისა, ზაფხულის სეზონზე რეგიონის სოფლებში მათ მიერვე ხორციელდება ე.წ. დატარებითი ვაჭრობა, რაც ადგილობრივ აღრიცხვას არ ექვემდებარება. ვაჭრობის თვალსაზრით, შედარებით უკეთაა განვითარებული ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები. ცაგერში ვაჭრობის განვითარებას ხელს უწყობს მოსახლეობის სიმრავლე და სიახლოვე ქ. ქუთაისთან, საიდანაც ხდება საქონლის შემოდინება. ამბროლაურში ვაჭრობას სეზონური ხასიათი აქვს და ზაფხულის პერიოდში ხდება მისი გამოცოცხლება, როდესაც რაჭაში დამსვენებლები ჩამოდიან. ქ. ამბროლაურში ფუნქციონირებს დიდი აგრარული და სამრეწველო საქონლის ბაზრობა, აგრეთვე მსხვილი სავაჭრო ობიექტები, რომლებიც მთელი დატვირთვით ასევე ზაფხულის პერიოდში ფუნქციონირებს. მომსახურების სფერო, ძირითადად, წარმოდგენილია საოჯახო და სხვა ტიპის სასტუმროებით.

 

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობას რეგიონის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ამ დარგში შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 24,1 ათასი ადამიანია დასაქმებული. ძირითადად, ისინი თვითდასაქმებულთა კატეგორიას განეკუთვნებიან და თავიანთ ოჯახურ მეურნეობებში საქმიანობენ. სოფლის მეურნეობა არ არის სათანადოდ მოდერნიზებული და ძირითადად, ნატურალური მეურნეობის ნიშნებს ატარებს. მეტწილად იგი ორიენტირებულია არაბაზარსა და პროდუქციის წარმოებაზე, არამედ კომლის სასურსათო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. მნიშვნელოვანი დისპროპორცია შეინიშნება დასაქმებულთა რაოდენობასა და პროდუქციის მოცულობას შორის. რეგიონი მცირემიწიანია. გარდა ამისა, რელიეფისა და სხვა ფაქტორების გამო, იგი გამოირჩევა ფართობების ფრაგმენტაციით, რაც ძალზე ართულებს მეურნეობების გამსხვილებას. რეგიონში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტრატეგიული მიმართულებაა მევენახეობა, რომელიც, ძირითადად, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებშია წარმოდგენილი.

სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი. რეგიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საერთო მოცულობა 108,8 ათას ჰექტარს შეადგენს. კომლების უმრავლესობას საკუთრებაში1,25 ჰექტარზე ნაკლები მიწა აქვს. საძოვრებზე მოდის სავარგულების 66%, სახნავ-სათესზე - 7%, სათიბზე - 23%, ხოლო მრავალწლიან ნარგავებზე - 4%. რეგიონის ერთ-ერთი პრობლემაა აუთვისებელი სავარგულები - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და მიტოვებული გაბუჩქებულ-გაუხეშებულ-დასარევლიანებული ფართობები. აუთვისებელი ფართობები 84,7 ათას ჰა-ს, ანუ მთლიანი სავარგულების 78%-ს შეადგენს, საიდანაც დეგრადირებულია სათიბების 25% და საძოვრების 10%. გარდა ამისა, გამოუყენებელია 1166 ჰა სახნავი. სახელმწიფო და დეგრადირებული სავარგულების ათვისება როგორც სათიბ-საძოვრებად, ისე სახნავად, რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდისათვის მნიშვნელოვან პოტენციალს წარმოდგენს.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი შიდა გზების დიდი ნაწილი რეაბილიტაციას საჭიროებს. კლიმატური პირობებიდან და სასოფლო-სამეურნეო მიწის სპეციფიკიდან (რეგიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უმეტესობას სათიბ-საძოვრებ შეადგენს) გამომდინარე, რეგიონში საირიგაციო სისტემები არ არსებობს. სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მორწყვას არ ექვემდებარება. თუმცა, მოსახლეობა საკარმიდამო ბაღ-ბოსტნების მოსარწყავად ზაფხულის გვალვიან პერიოდში აქტიურად იყენებს სასმელი წყლის სისტემებს და ბუნებრივ წყაროებს, რაც რიგ სოფლებში, სადაც სათავე ნაგებობებს შედარებით მცირე დებეტი აქვს, სეზონურად, წყლის მიწოდების პრობლემას ქმნის.

რეგიონში აღრიცხული არ არის სასოფლო-სამეურნეო მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მემცენარეობა. 2011 წელს, რეგიონში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნათესი ფართობები შემდეგი სახით იყო წარმოდგენილი:

           

 

 

 

 

 

ნათესი ფართობების განაწილება კულტურების მიხედვით, ჰა(2011წ.)

            წყარო: სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია.

რეგიონში მემცენარეობის პრიორიტეტული მიმართულებაა მევენახეობა , რომელიც წარმოდგენილია ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. 2011 წელს ვენახის ფართობებმა რეგიონში 1708 ჰა, ხოლო ყველა ჯიშის ყურძნის მოსავალმა - 4540 ტონა შეადგინა. აქედან - 760 ტონა მუჯურეთული და ალექსანდროული, 300 ტონა რაჭული თეთრა, 200 ტონა ოჯალეში და 10 ტონა უსახელაური.

ერთწლიან კულტურებში ძირითადი ადგილი უკავია სიმინდს და ლობიოს (რეგიონში ლობიო, ძირითადად, სიმინდთან ერთად ითესება) წარმოებას. 2011 წელს სიმინდის მოსავალმა შეადგინა 8950 ტონა, ლობიოს მოსავალმა - 470 ტონა, კარტოფილის მოსავალმა - 6740 ტონა, ხოლო თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოსავალმა -11465 ტონა.

რეგიონში მემცენარეობის პროდუქტიულობა ძალზე დაბალია, რასაც განაპირობებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაბალი ინფორმირებულობა, შრომის დაბალი ორგანიზებულობა, მოძველებული და ამორტიზებული გენეტიკური მასალა, ფინანსების არასათანადო ხელმისაწვდომობა, ექსტენციისა და მომსახურების ცენტრების სიმცირე, სავარგულების დეგრადაცია და ამორტიზება, ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა, მიმღები და გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირე და სხვ.

მეცხოველეობა. მეცხოველეობა მხარეში ერთ–ერთ წამყვან დარგს წარმოადგენს და ის ფერმერთა და გლეხური მეურნეობების ძირითადი შემოსავლის წყაროა. რეგიონში მეცხოველეობა, ძირითადად, წარმოდგენილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით და შესაბამისად, მეცხოველეობის ძირითადი მიმართულება ხორცისა და რძის წარმოებაა. რეგიონში დამზადებული ხორცისა და რძის პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა, გემრიელი და ჯანსაღი.

მხარის ტერიტორიაზე 2011 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 27,3 ათასს შეადგენდა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია 2007 წლის მაჩვენებელზე (40 ათასი). სოფლად, საკუთარი საჭიროებისათვის, მოსახლეობას, როგორც წესი, ჰყავს 1-2 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. 2007-11 წლებში შეიმჩნეოდა საქონლის სულადობის საგრძნობი კლება ყოველწლიურად 1500-7000 სულით, რაც, ძირითადად, მოსახლეობის მიგრაციით და საქონლის საკვები ბაზის დეფიციტით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ მიწის რესურსი (სათიბები და საძოვრები) რეგიონში საქონლის სულადობის გაორმაგების საშუალებას იძლევა.

რეგიონში შედარებით სუსტადაა განვითარებული მეღორეობა და მეფრინველეობა, რაც, ძირითადად, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ქათმის გრიპისა და ღორის აფრიკული ციებ-ცხელების გავრცელებას უკავშირდება. ღორის სულადობის კლება 2007 წლიდან დაიწყო. თუმცა, 2011 წელს, 2007 წელთან შედარებით, ღორის რაოდენობა გაორმაგდა და 3,8 ათას სულს მიაღწია. ღორის ხორცის წარმოებამ 2011 წელს 900 ტონა შეადგინა. 2011 წელს რეგიონში ფრინველის რაოდენობამ 75 ათასი ფრთა, ხოლო კვერცხის წარმოებამ 11,25 მლნ ცალი შეადგინა. რეგიონში არ არსებობს მეფრინველეობის ფერმები. მეფრინველეობას მისდევენ ოჯახურ მეურნეობებში, არაკომერციული მიზნით. მეფრინველეობის განვითარების კარგი პოტენციალი აქვს ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს.

ოთხივე მუნიციპალიტეტში ფართოდ არის გავრცელებული მეფუტკრეობა . აქაური თაფლი გამორჩეულია გემური და სამკურნალო თვისებებით, რაც გამოწვეულია ხე-მცენარეებისა და ყვავილოვანი მცენარეების არაერთგვაროვნებით. რეგიონში 2011 წელს ირიცხებოდა 8600 ძირი ფუტკრის ოჯახი და შეინიშნებოდა მზარდი დინამიკა წინა წლებთან შედარებით (2007 წელს რეგიონში ირიცხებოდა 6500 ოჯახი ფუტკარი). 2007-2011 წლებში იმატა თაფლის წარმოებამაც და იგი 30 ტონიდან 40 ტონამდე გაიზარდა. რეგიონში მეფუტკრეობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს.

რეგიონში არსებული წყალსაცავები, განსაკუთრებით კი შაორის წყალსაცავი და არსებული მთის ცივი მდინარეები განაპირობებს მეთევზეობის მეურნეობების არსებობას. აღინიშვნის ღირსია მეცხენეობის განვითარების ტენდენციები, რაც ნაკლებად დამახასიათებელია სხვა რეგიონებისთვის. 2011 წელს რეგიონში ირიცხებოდა 600 სული ცხენი.

აგროწარმოება და ლოჯისტიკა. სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოები , ძირითადად, წარმოდგენილია ალკოჰოლური და მეცხოველეობის პროდუქტის მწარმოებელი ქარხნების სახით. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 6 საამქრო (დასაქმებულია 89 ადამიანი), რომელთაგან 4 ალკოჰოლური მიმართულებისაა. ღვინის საწარმოები, ძირითადად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. რეგიონში არსებული 5 საწარმოდან, ამ ეტაპზე მზა პროდუქციას მხოლოდ 2 საწარმო აწარმოებს, ხოლო დანარჩენი 3 ქარხანა სეზონურად მუშაობს და ღვინომასალებს ამზადებს, რომლებიც შემდგომ რეგიონის გარეთ ჩამოისხმება. ღვინის მრეწველობის განვითარებაში დადებითი დინამიკა აღინიშნებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გამოცხადებამდე. ამჟამად, ექსპორტი გართულებულია და ღვინო, შემცირებული მოცულობით, ძირითადად, შიდა ბაზარსა და ევროპის ქვეყნებში გადის. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედებს გარეული ხილის  ჩირის საშრობი საწარმო „აგროფლაუერი“, რომელიც იღებს, აშრობს და აფასოებს შემდეგ სამკურნალო მცენარეებს: ასკილი, ჭინჭარი, ცაცხვის ყვავილი, ფირისულას ძირები, შავყვავილა, დეკა. აღნიშნული პროდუქტის დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე გერმანიაში. ონის მუნიციპალიტეტში მოქმედებს მეცხოველეობის პროდუქტების გადამამუშავებელი ორი საამქრო. გასულ წლებში ფუნქციონირებდა საკონსერვო ქარხანა, ყველ-კარაქის საამქრო და რაჭული ლორის გამომყვანი საწარმო. ამ წარმოების პოტენციალი მხარეში ამჟამადაც არსებობს და შესაბამისი ინვესტიციების მოძიების შედეგად, შესაძლებელია აღდგეს აღნიშნული საწარმოების ფუნქციონირება.

მიმღები და გადანაწილების ცენტრები რეგიონში არ არსებობს. რეგიონის მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე, დიდი მოცულობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ გვხვდება და აქედან გამომდინარე, რეგიონში წარმოებული პროდუქცია (ყურძენი, ხილი, სიმინდი, ლობიო და სხვ.) დიდი მოცულობის სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობის შექმნას არ  საჭიროებს.

ცაგერის მუნიციპალიტეტში არის სანერგე მეურნეობა , სადაც გამოჰყავთ უნიკალური ჯიშის ვაზის ნერგები, ხოლო მცირე ზომის სატბორე მეურნეობები არის როგორც ონის (სოფ. შარდომეთი), ისე ცაგერის (სოფ. ქვემო ცაგერი) მუნიციპალიტეტებში.

ახალი ტექნოლოგიები, მასტიმულირებელი სისტემები და მექანიზმები. ქ. ამბროლაურში არსებული სასოფლო-სამეურნეო რეგიონული სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სახნავ-სათესი ტექნიკით და იგი ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება. სერვისცენტრში განთავსებულია აგრომაღაზია, სადაც ფერმერს შეუძლია შეიძინოს სერტიფიცირებული შხამქიმიკატები და სასუქი, ასევე ვენახის შესაწამლი ტექნიკური საშუალებები. საჭიროა სერვისცენტრში მთიანი რეგიონისათვის აუცილებელი მცირეგაბარიტიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოტანა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის მომსახურე სერვისცენტრები, რომლებიც აღჭურვილია სახნავ-სათესი, სათიბი და საპრესი ტექნიკით და ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტის ფერმერებს ემსახურება. ქ. ამბროლაურში ფუნქციონირებს სასოფლო-სამეურნეო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, რომელიც აღჭურვილია რძის და თაფლის გამოსაკვლევი ლაბორატორიებით.

სურსათის უვნებლობა. მცენარეთა დაცვის დარგში რეგიონში ხორციელდება საკარანტინო ღონისძიებები სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ფინანსდება განსაკუთრებით საშიში საკარანტინო მავნებლის, ამერიკული თეთრი პეპლის წინაღმდეგ ბიოლოგიური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები. პერიოდულად წარმოებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარული მონიტორინგი, დიაგნოსტიკა, მავნე ორგანიზმების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება. ხორციელდება კარანტინს დაქვემდებარებული საექსპორტო პროდუქციის ფიტოსანიტარული საკარანტინო შემოწმება და ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გაცემა. ვეტერინარიის დარგში მიმდინარეობს ცხოველების განსაკუთრებით საშიში სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებები. მიმდინარეობს თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები, ხორციელდება კერძო ვეტერინარული საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა და სერტიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიმდინარე მონიტორინგის პროგრამით ხორციელდება სასმელი წყლისა და კვების პროდუქტების შესყიდვა და კვლევა. სურსათის უვნებლობის მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს რეგიონში არსებული საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებას.

 

ტურიზმი

რეგიონის ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები, მიმზიდველი ბუნება, კლიმატური პირობები, მთის სუფთა ჰაერი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების სიხშირე, კულტურული ძეგლების სიმრავლე, მინერალური წყლებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების სიუხვე ქმნის უნიკალურ პირობებს სხვადასხვა სახის ტურიზმის (საავტომობილო, საცხენოსნო, საფეხმავლო და სამონადირეოტურიზმი, ეკოტურიზმი და სხვ.) განვითარებისათვის. რეგიონის კურორტებია შოვი, უწერა, ქვეშვაკე, სორტუანი, ხიდიკარი, ბუგეული, ლაშიჭალა, ძუღური, ახალჭალა, ზესხო, მუაში, სადაც ასამდე სამკურნალო-მინერალური და გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. რეგიონში ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა და ინვესტიციების ნაკლებობა. ამჟამად, რეგიონის კურორტების უმრავლესობის ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს.

რეგიონის კურორტებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა შოვისა და უწერის კურორტებიჰავის, კლიმატისა და მინერალური წყლების სამკურნალო თვისებებით. შესაძლებელია კურორტ შოვის სამთო-სათხილამურო კურორტად გარდაქმნა, რის შემდეგაც კურორტი შეძლებს დამსვენებელს წელიწადის ნებისმიერ დროს მოემსახუროს და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანოს. სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობისათვის შესანიშნავი პირობებია სოფ. შქმერშიც.ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილებია შაორისა და ლაჯანის წყალსაცავები. შაორის წყალსაცავი ამბროლაურის მუნციპალიტეტის ულამაზესი ადგილია, რომლის ირგვლივ გვხვდება უნიკალური ჯიშის ტყეები და კულტურულ-ისტორიული ძეგლები. შაორზე არსებობს პოტენციალი ყველა სეზონის ტურიზმის (მ.შ. სათხილამურო ტურიზმის)განვითარებისთვის.

ამჟამად, რეგიონში ფუნქციონირებს რამდენიმე კომფორტული სასტუმრო (ამბროლაურში, ონში, ლენტეხსა და შოვში). რეგიონში ძალზე სუსტად არის განვითარებული კვების ობიექტები. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ქ. ამბროლაურში ფუნქციონირება დაიწყო ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა, რომლის ძირითადი ამოცანა შესაბამისი ინვესტიციების მოძიება და სხვადასხვა სახის ტურისტული მარშრუტების შედგენაა.

 

ინოვაციები

საინოვაციო განვითარების ამჟამინდელი დონე რეგიონში ძალზე დაბალია. უკანასკნელ წლებში, რეგიონში განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ისახავდა მიზნად, კერძოდ, გაიხსნა მექანიზაციის რეგიონული სერვისცენტრი და მოეწყო საცდელი ნაკვეთი მორწყვის წვეთოვანი სისტემით. კერძო კომპანიები ნერგავენ ტექნოლოგიებს ხორცის, გარეული ხილისა და სამკურნალო მცენარეების წარმოება-გადამუშავების სფეროში.

რეგიონში არ არსებობს რაიმე სპეციალური ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ქმედითი საინოვაციო სისტემის განვითარების კოორდინირებაზე და ხელს შეუწყობდა რეგიონში ტექნოლოგიურ ტრანსფერს და მომსახურებას.

 

ინვესტიციები და ექსპორტი

ძალზე მცირეა რეგიონში შემოსული პირდაპირი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოცულობა. რეგიონულ ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებს აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები საინვესტიციო პროექტების შემუშავებისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რეგიონში ეკონომიკური პროცესების სტიმულირებას. რეგიონში არ ფუნქციონირებს რაიმე ქმედითი ინსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფდა საინვესტიციო პროექტების შემუშავებას, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკების წარმოებას, უცხოელ და ადგილობრივ სამეწარმეო სუბიექტებს შორის კავშირების დამყარებას, ინვესტორების კონსულტირებას რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის და სხვა საკითხების შესახებ, საერთაშორისო გამოფენებზე რეგიონის წარდგენას, რეგიონის ბრენდინგს, ინვესტიციებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოებას და სხვ.

რეგიონიდან, ძირითადად, ხორციელდება ღვინის ექსპორტი. ღვინო „ხვანჭკარა“ გააქვთ უკრაინაში, პოლონეთში, გერმანიასა და აშშ-ში. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, „ხვანჭკარის“ ექსპორტი რეგიონზე არ აღირიცხება, რადგან ალექსანდროულისა დამუჯურეთულის ჯიშის ყურძნის დიდი რაოდენობა ღვინომასალის სახით გადის. გერმანიაში ექსპორტზე გადის სამკურნალო მცენარეები და გარეული ვაშლის ჩირი წელიწადში დაახლოებით 80 ტონის ოდენობით.

IV. ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი მომსახურებები

დასახლებათა იერსახე და სივრცითი დაგეგმვა

რეგიონში არსებული დასახლებების ინფრასტრუქტურული იერსახე - შენობა-ნაგებობების, ეზოების, ქუჩების, ტროტუარების, მოედნების, სკვერების, პარკების იერსახე, საქართველოს სხვა რეგიონების ანალოგიურად, არადამაკმაყოფილებელია. დასახლებების ინფრასტრუქტურული იერსახის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორია არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს რეგულირების ქმედითი სისტემის არარსებობა. უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მუნიციპალური ცენტრების კეთილმოწყობას და გარე განათების სამუშაოებს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში არც მხარის და არც მუნიციპალურ დონეზე არ ხორციელდება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა.

გზები და ტრანსპორტი

საავტომობილო გზებს (დასახლებების შიდა გზების ჩათვლით) რეგიონში 1543,5 კმ უკავია. მათ შორის ასფალტ-ბეტონის საფარით დაფარულია 121,2 კმ, გრუნტით - 1414,1 კმ, ხოლო ბეტონით - 8,2 კმ. რეგიონის ტერიტორიაზე საერთაშორისო მნიშვნელობის გზა არ გადის. რეგიონში არსებულ გზებზე განლაგებულია 185 ხიდი, რომელთა საერთო სიგრძე 3855 გრძივ მეტრს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ასფალტის ან ბეტონის საფარით არ არის დაფარული მუნიციპალური ცენტრებისა და შესაბამისი დასახლებების დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო გზების, აგრეთვე საკურორტო დასახლებებამდე მისასვლელი გზების დიდი ნაწილი. მეწყერული მოვლენები და მიწისძვრები პერმანენტულად აზიანებს საფარს. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების დიდი ნაწილი გრუნტოვანია, რის გამოც ზამთრის დიდთოვლობის პერიოდში იშლება კომუნიკაცია ბევრ დასახლებულ პუნქტთან. მოსაწესრიგებელია მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების უდიდესი ნაწილი. განსაკუთრებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს რეგიონის ორი ნაწილის დამაკავშირებელი გზის (ამბროლაური-ცაგერი-ლენტეხის გზა) გაუმართაობა, რომელიც ზაფხულის პირობებშიც კი ძნელად გასავლელია, ხოლო ზამთარში იკეტება, რაც იწვევს ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მოწყვეტას რეგიონის ცენტრისგან.

რეგიონის მოსახლეობის გადაადგილებისა და ტვირთების გადატანის ერთადერთ საშუალებას საავტომობილო ტრანსპორტი წარმოადგენს. რეგიონში შიდა სატრანსპორტო საშუალებები, ძირითადად, წარმოდგენილია მუნიციპალური და კერძო სატრანსპორტო ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების სახით. ძირითადი მგზავრთნაკადები და ტვირთნაკადებია თბილისი-რეგიონის მუნიციპალიტეტები, ქუთაისი-რეგიონის მუნიციპალიტეტები, რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები-შესაბამის მუნიციპალიტეტებში შემავალი სოფლები და თემები. ნაკადები სეზონური ხასიათისაა და ზამთრის პერიოდში დაბალი ინტენსივობით ხასიათდება. მუნიციპალიტეტებცენტრებს სოფლები, ძირითადად, ბაზრობის დღეს უკავშირდება. მგზავრთა გადაყვანას თბილისის მიმართულებით და თბილისიდან არა აქვს ქანქარისებური ხასიათი და ტრანსპორტი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს. რეგიონისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ არ არის უზრუნველყოფილი პირდაპირი სამგზავრო გადაყვანები რაჭასა და ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს შორის. ყოველივე ეს უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების მობილურობაზე. არადამაკმაყოფილებელია რეგიონში არსებული ავტოსადგურების მდგომარეობა.

კომუნალური მომსახურებები

წყალმომარაგება. მოსახლეობისთვის წყალი ხელმისაწვდომია როგორც წყალგაყვანილობით, ისე ინდივიდუალური მოპოვების გზით (ჭები, ბუნებრივი წყაროები). წყლის ხარისხი არსებითად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს. რეგიონში ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემებით სასმელი წყლით უზრუნველყოფილია როგორც მუნიციპალური ცენტრების, ისე სხვა დასახლებების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. რეგიონში წყალმომარაგებას ახორციელებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრები. რთული რელიეფიდან გამომდინარე, წყალმომარაგების სისტემები რეგულარულ რეაბილიტაციას საჭიროებს.

კანალიზაცი ა. რეგიონში საკანალიზაციო სისტემები მხოლოდ მუნიციპალურცენტრებში არსებობს. საკანალიზაციო სისტემით სარგებლობს ქ. ამბროლაურის მოსახლეობის 60%,დაბა ლენტეხისმოსახლეობის 97%, ქ. ონის მოსახლეობის 100% და ქ. ცაგერის მოსახლეობის 50%. რეგიონში არ არსებობს საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობები.

ენერგომომარაგება. რეგიონი თითქმის მთლიანად არის ელექტროფიცირებული. გადასაწყვეტია ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი ლენტეხისა და ონის მუნიციპალიტეტების რამდენიმე მაღალმთიან სოფელში.

გაზიფიკაცია. ამჟამად, ბუნებრივი აირის მიწოდებით უზრუნველყოფილია მხოლოდ ქ. ამბროლაურის მოსახლეობა. დასრულებულია ცენტრალური გაზსადენი მილის მშენებლობა ამბროლაური-ჭრებალო-ქვიშარის მიმართულებით, ხოლო სანახევროდ არის დასრულებული ამბროლაური-ონის მიმართულებით.

ნარჩენების მართვა და დასუფთავება. რეგიონში ნარჩენების გატანა და ქუჩების დასუფთავება უზრუნველყოფილია მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრებში და სხვა დასახლებების მცირე ნაწილში.

ნარჩენების მართვა

რეგიონისთვის განსაკუთრებულ პრობლემას ნაგავსაყრელები წარმოადგენს. ნაგავსაყრელებზე ნარჩენები ყოველგვარი დახარისხების გარეშე შედის. საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ხვდება სამრეწველო, სამშენებლო და სხვა ნარჩენები. ნაგავსაყრელების ნაწილი მდინარეების პირასაა განლაგებული. ატმოსფერული ნალექებისა და წყალდიდობის დროს ადგილი აქვს მდინარეში ნარჩენების ჩარეცხვის ფაქტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მცირე მდინარეების დაბინძურება საკანალიზაციო წყლებით, საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის არმქონე ნაგავსაყრელები განთავსებულია ქ. აბროლაურის, ქ. ონის და ქ. ცაგერის ტერიტორიაზე. ნაგავსაყრელების საერთო ფართობი 1,3 ჰა-ზე მეტია, ხოლო წლის განმავლობაში წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობა 10144 მ3-ს შეადგენს. ლენტეხის მუნიციპალიტეტს საკუთარი ნაგავსაყრელი არა აქვს. ნაგავსაყრელები არა აქვს რეგიონის სოფლებსაც. ამდენად, მოსახლეობა ნარჩენებს მდინარეებში ან გზის პირას ყრის. არ ხორციელდება ნარჩენების დახარისხებული შეგროვება და ორგანული ნარჩენების კომპოსტირება.

რეგიონის გეოგრაფიული თავისებურებებიდან (მაღალმთიან ზონაში მიწის ნაკლებობა) გამომდინარე, მიზანშეწონილია მეზობელი რეგიონის ნაგავსაყრელით სარგებლობის უზრუნველყოფა, ხოლო რეგიონის მუნიციპალიტეტებში ნარჩენების გადასატვირთი სადგურების ან/და დროებით შესანახი ტერიტორიების მოწყობა.

რეგიონში მოქმედი საავადმყოფოების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობა არ აღირიცხება. სამი დაწესებულებიდან ნარჩენების გატანას ახორციელებს შესაბამისი ნებართვის მქონე ორგანიზაცია, ხოლო სამედიცინო ნარჩენის ნაწილის გატანა ხდება არსებულ ნაგავსაყრელებზე, რაც დიდი საფრთხის შემცველია. ინფორმაცია რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების, პესტიციდების მოქმედი და მიტოვებული საწყობის არსებობისა და მდგომარეობის შესახებ არ მოიპოვება.

რეგიონში ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ყოფილი დარიშხანის მოპოვებისა და გამამდიდრებელი საწარმოების ტერიტორიებზე აკუმულირებული დაახლოებით 100 ათასი ტონა დარიშხანის შემცველი ნაცარი და შლამი სოფ. ცანასა (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) და სოფ. ურავში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, საერთაშორისო მხარდაჭერით, დაწყებულია პროექტის განხორციელება.

კავშირგაბმულობა

რეგიონის ტერიტორიაზე ვრცელდება ფიჭური კავშირგაბმულობის მობილური ქსელები. ინტერნეტკავშირი, ძირითადად, ფუნქციონირებს მობილური ქსელების (მოდემები) და სატელიტური თეფშების საშუალებით. DSL-ინტერნეტკავშირი მხოლოდ ქ. ამბროლაურშია ხელმისაწვდომი.„საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრები ოთხივე მუნიციპალურ ცენტრში მოქმედებს.

სახანძრო-სამაშველო სამსახური

რეგიონულ ადმინისტრაციაში მოქმედებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხოლო მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს სახანძრო-სამაშველო სამსახურები. სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პერსონალის კვალიფიკაცია არ შეესაბამება სტანდარტებს.

 

V. გარემოს დაცვა

ატმოსფერული ჰაერის და წყლის ხარისხი

საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში საწარმოთა რიცხვი მცირეა და შესაბამისად, ემისიები ატმოსფეროში მცირე რაოდენობითაა. რეგიონის პროცენტულმა წილმა ქვეყნის მასშტაბით საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების გაფრქვევაში 2012 წელს 0,05% შეადგინა. ამასთან, უკანასკნელ 5 წელიწადში, შეინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების კლების ტენდენცია, რაც, ძირითადად, ხე-ტყის სახერხი საწარმოების რაოდენობისა და გამოშვებული პროდუქციის მოცულობის შემცირებით არის განპირობებული. 2012 წლის მდგომარეობით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებელი 13 სტაციონარული ობიექტი. ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელია ასფალტის წარმოება (49%) და ხის დამუშავების საწარმოები (30%), რომელთა გაფრქვევების ხვედრითი წილი მთლიანი გაფრქვევებიდან 79%-ს შეადგენს. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი, პრაქტიკულად, არ ახდენს მავნე ზემოქმედებას ქვეყნის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე. რეგიონი არ შედის ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელში. ამასთან, რეგიონში არსებული ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი წყაროების მოცულობის გათვალიწინებით, მონიტორინგის სადგურის არსებობა საჭირო არ არის.

რეგიონის ზედაპირული წყლის ობიექტების წყლის ხარისხზე უარყოფითი ზემოქმედების კუთხით, ძირითად საფრთხეს წარმოადგენს წერტილოვანი (საყოფაცხოვრებო და სამედიცინო დაწესებულებების ჩამდინარე წყლები)და დიფუზიური წყაროები(დასახლებული პუნქტებიდან წამოსული სანიაღრე წყლები, ნაგავსაყრელები და მიტოვებული სამრეწველო ობიექტები, მ.შ. დარიშხანისმომპოვებელი საწარმოების საწარმოო ნარჩენები). რეგიონის ტერიტორიაზე არსებული მდინარეების - რიონის, ჯეჯორას და ცხენისწყლის წყლის ხარისხის მონიტორინგი წარმოებს ერთ წერტილში და ფრაგმენტულად.

ტყის დაცვა

რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ტყეების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ტყეები გამოირჩევა თვითაღდგენის მაღალი მაჩვენებლით. ბუნებრივი განახლება საკმაოდ შესამჩნევია როგორც წიწვიან, ისე ფოთლოვან კორომებში. თუმცა, სამეურნეო ღონისძიებების პარალელურად, აუცილებელია ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების გატარება. ტყეების დეგრადაციის გამომწვევ ძირითად მიზეზად და სამომავლო რისკ-ფაქტორად შესაძლოა ჩაითვალოს ტყის ხანძრები (როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენული წარმოშობის). ტყის ხანძრებისა და სხვა ბუნებრივი პირობებით გამოწვეულ დეგრადაციის მიზეზებთან ერთად, აღსანიშნავია უკონტროლო ძოვების პრობლემა. ასევე გასათვალისწინებელია ტყეების სანიტარული მდგომარეობაც. უკანასკნელი წლების მონაცემებზე დაყრდნობით, გამოკვეთილია რეგიონის ტყეებისათვის ზიანის მომტანი ძირითადი მავნებელ-დაავადებები. გამოვლენილია ნაძვნარი კორომების ზიანის მომტანი მავნებელი - ტიპოგრაფი. ამ ეტაპისათვის, აღნიშნული მავნებლის აგრესიულობა გამოხატული არ არის. თუმცა, აუცილებელია შესაბამისი მონიტორინგი.

ბუნებრივი კატასტროფების მართვა

რეგიონის მთელი ტერიტორია მიეკუთვნება მთიან ზონას და ხასიათდება რთული ლანდშაფტურ-კლიმატური პირობებით, რის გამოც იგი არათანაბრადაა ათვისებული. დასახლებული პუნქტები ძირითადად განლაგებულია მდინარეთა ხეობებში. რელიეფი ძლიერ დანაწევრებულია მდ. რიონისა და მდ. ცხენისწყლის შენაკადების მიერ, რაც ქმნის პირობებს ღვარცოფების და მეწყრული სხეულების ჩასახვა-ჩამოყალიბებისათვის. რეგიონი გეოლოგიური საშიშროებისა და კლიმატის ცვლილების (ქვემო სვანეთის მთიანი რეგიონი) თვალსაზრით, ერთ-ერთ ურთულეს მოწყვლად სივრცეს წარმოადგენს და ხასიათდება მეწყრებით, ღვარცოფებით და ეროზიული პროცესებით, წყალდიდობებითა და გრუნტის წყლების შეტბორვებით. პერიოდულად, რეგიონს ახასიათებს მაღალი სეისმური ფონის წარმოქმნა. პროცესების გააქტიურებას, ექსტრემალურ გეოლოგიურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, განაპირობებს კლიმატის ცვლილების, გლობალური დათბობის ზეგავლენა. რეგიონში საგრძნობლადაა გააქტიურებული სხვადასხვა სტიქიური მოვლენები. ამას ემატება ანტროპოგენული ფაქტორიც - რიონის აუზის მდინარეებზე მარეგულირებელი კაშხლებისა და წყალსაცავების მშენებლობა, რამაც გამოიწვია სედიმენტის შემცირება და შესაბამისად, შეაფერხა დელტის ჩამოყალიბება. სტიქიური მოვლენების (წყალმოვარდნა, მეწყერი და ღვარცოფი) სიხშირისა და ინტენსივობის ზრდამ გააძლიერა მიწის ეროზია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანება და განაპირობა მოსახლეობის მიგრაცია. სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარება-რეაქტივაციისას მოსალოდნელი საშიშროებისაგან რეგიონის მოსახლეობის დაცვისათვის, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მოწყვლად ფერდობებზე სარეაბილიტაციო და საადაპტაციო ღონისძიებების გატარება და საგანგებო სიტუაციების სამოქმედო გეგმის შემუშავება.

გარემოსდაცვითი საქმიანობა და თანამშრომლობა

საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში გარემოსდაცვითი საქმიანობა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ძირითადად, ფრაგმენტულად ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების ფარგლებში. რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე, პრაქტიკულად, არ ხორციელდება გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ნეგატიურ ზემოქმედებასთან სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური სისტემების ადაპტაციის პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად, საქართველოს შესაძლებლობა აქვს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მიიღოს მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნოლოგიური დახმარება.რეგიონისთვის, როგორც კლიმატის ცვლილების მიმართ ერთ-ერთი მოწყვლადი ტერიტორიისათვის (ლენტეხი), მნიშვნელოვანია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული შესაძლებლობა და შემუშავდეს შესაბამისი პროექტები. გარემოსდაცვით სფეროში რეგიონის აქტიური თანამშრომლობა მოსაზღვრე და არამოსაზღვრე რეგიონებთან ხელს შეუწყობს გარემოსდაცვის ეფექტიანად განხორციელებას და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას.

დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია

რეგიონში 230ათას ჰა-ზე, ზღვის დონიდან 500-4600 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორიები, რომლებიც წარმოადგენს ცენტრალური კავკასიონის გეგმარებითი დაცული ტერიტორიების ნაწილს და მოიცავს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ეროვნულ პარკს,  ბუნების 12 ძეგლს და 4 აღკვეთილს. აღკვეთილები გამოირჩევა კარსტული ღრმულებით, პლატოსებური უბნებით, კირქვული სერებითა და ღრმად ჩაჭრილი ეროზიული კანიონებით. ბუნების ძეგლები შერჩეულია მათი უნიკალური ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლების - კარსტული რელიეფის და კირქვის სუბსტრატზე განვითარებული მცენარეულობის თავისებურებით. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეებიდან 164 კავკასიის ენდემია, 26 - საქართველოს ენდემი, ხოლო 5 - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფლორის ენდემს წარმოადგენს. ასევე გავრცელებულია ძუძუმწოვართა 51 და ფრინველთა 152 სახეობა, მათ შორის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები, რაც ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე მიუთითებს.ეროვნული პარკი არის მაღალი ეკოლოგიური ღირებულებისა და ეკოტურიზმის განვითარების პოტენციალის მქონე ტერიტორია. შესაძლებელია გეგმარებით დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული პოტენციალის გამოყენება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების, ასევე ბოტანიკური და ეკოლოგიური (მაგალითად, კარსტულ მღვიმეებში) ტურების ორგანიზებით. ეროვნულ პარკში შესაძლებელია ალპინიზმის განვითარებაც. დღეისათვის, ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურა არ არის შექმნილი. თუმცა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით უკვე მომზადებულია მენეჯმენტის გეგმები 5-წლიანი მართვისთვის. აღნიშნული გარემოება ხელს შეუწყობს ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჩართვას ეკოტურისტულ საქმიანობასა და სხვადასხვა სოციალურ პროექტებში. შესაძლებელი გახდება მოსახლეობის გადამზადება გიდის სერვისის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების განვითარება და ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

VI. ხელისუფლება

რეგიონული ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა

რეგიონული ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობები სარგებლობენ შეზღუდული უფლებამოსილებებით, ფინანსური და ქონებრივი რესურსებით. შესაბამისად, ძალზე შეზღუდულია მათი შესაძლებლობები რეგიონული განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გარდა ამისა, საჭიროა რეგიონული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კვალიფიკაციის სისტემური ამაღლება განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სტრატეგიული დაგეგმვა, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, საზოგადოებრივი მომსახურებების გაწევა და სხვ. არადამაკმაყოფილებელია რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა.

დასახლებებში არ მოქმედებს მოსახლეობისთვის ადმინისტრაციული მომსახურებების გაწევაზე პასუხისმგებელი სერვისცენტრები.

ქვეყანაში ფისკალური დეცენტრალიზაციის დაბალი მაჩვენებლის პირობებში, რეგიონის მუნიციპალიტეტებს აქვთ მწირი საბიუჯეტო რესურსები. მათი საბიუჯეტო შემოსავლები 2013 წლის დასაწყისში 11,6 მლნ ლარს (ამბროლაური - 3,2 მლნ, ონი - 2,3 მლნ, ლენტეხი - 2,2 მლნ, ცაგერი - 3,9 მლნ) შეადგენს. ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლის ძირითად წყაროდ (84,5%) ცენტრალური ხელისუფლებიდან მიღებული გათანაბრებითი ტრანსფერი გვევლინება, რომლის საერთო მოცულობა ოთხივე მუნიციპალიტეტისთვის დაახლოებით .9,8 მლნ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერებით ფინანსდება.

 

 

VII. რეგიონის ფაქტორული ანალიზი (SWOT)

რეგიონის ფაქტორული ანალიზი

ძლიერი მხარეები

სუსტი მხარეები

მდიდარი ტყის რესურსები

მაღალი საწარმოო, ენერგეტიკული და რეკრეაციული პოტენციალის მქონე წყლის რესურსები

მდიდარი წიაღისეული რესურსები

რეგიონის ბიომრავალფეროვნება და მაღალი ტურისტული პოტენციალი

რეგიონში ვაზის უნიკალური ჯიშების გავრცელება და საერთაშორისო ცნობადობა

სათიბ-საძოვრების დიდი რესურსი

ეკოლოგიურად სუფთა გარემო

 

რეგიონის პერიფერიული მდებარეობა, მაღალმთიანობა და ურბანიზაციის დაბალი დონე

რეგიონში შექმნილი რთული დემოგრაფიული ვითარება

მოსახლეობის სტრუქტურული უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლები და სოციალური უზრუნველყოფის ქმედითი სისტემის არარსებობა

მოსახლეობის უმრავლესობისთვის ჯანდაცვისა და მედიკამენტების შეზღუდული ხელმისაწვდომობა

სუსტად განვითარებული სოციალური მომსახურებები და ინფრასტრუქტურა

სუსტი სამოქალაქო სექტორი და რეგიონული მედია

გენდერული დისბალანსი საჯარო და კერძო სექტორში

ეკონომიკის განვითარებისა და დივერსიფიკაციის დაბალი დონე

სუსტად განვითარებული კომერციული და საბაზისო ინფრასტრუქტურა

კომერციული კრედიტების სიძვირე და კაპიტალის ალტერნატიული წყაროების არარსებობა

მუშახელის პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის დაბალი დონე

ტურისტული ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის დაბალი დონე

რეგიონის მცირემიწიანობა, დამრეცი რელიეფი და ფართობების ფრაგმენტაცია

აგროწარმოებისა და ლოჯისტიკის განვითარების არასათანადო დონე

ბუნებრივი კატასტროფების მართვის ქმედითი სისტემის არარსებობა

სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების შეზღუდული უფლებამოსილებები, მწირი შემოსავლები და ქონებრივი რესურსები

შესაძლებლობები

საფრთხეები

საფინანსო-ეკონომიკური განვითარების მაღალი დინამიკა

საბანკო კრედიტებზე და კაპიტალის ალტერნატიულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდა

რეგიონში წარმოებული პროდუქციისთვის ახალი გასაღების ბაზრების გახსნა

ინვესტორების გაზრდილი ინტერესი რეგიონის ტყისა და წყლის რესურსების, წიაღისეულის და ტურისტული პოტენციალის მიმართ

საერთაშორისო ბაზრებზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდა

ტურისტული ნაკადების გაზრდა

საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი

ბუნებრივი კატასტროფები და სამრეწველო ავარიები,

ეპიდემიების გავრცელება

ეპიზოოტიებისა და მცენარეული დაავადებების გავრცელება

პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია

 

 

 

დარგობრივი ანალიზი ( SWOT )

სოციალური განვითარება, ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი მომსახურებები

ძლიერი მხარეები

სუსტი მხარეები

მეწარმე ექიმის მომსახურებით თემების უზრუნველყოფა

ყველა მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების არსებობა

საავტომობილო გზების მნიშვნელოვანი ნაწილის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

გარე განათებით დასახლებების დიდი ნაწილის უზრუნველყოფა

ელექტროენერგიის მომარაგებით მოსახლეობის სრული უზრუნველყოფა

სასმელი წყლით მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უზრუნველყოფა

რეგიონის სრული დაფარვა მობილური სატელეფონო კავშირგაბმულობის ქსელით და საფოსტო კავშირით

 

 

რეგიონის ურბანიზაციის დაბალი დონე და მაღალმთიანობა

რთული დემოგრაფიული სიტუაცია

რეგიონიდან მოსახლეობის მიგრაციის უარყოფითი დინამიკა

მოსახლეობის ბუნებრივი მატების უარყოფითი დინამიკა და მოსახლეობის დაბერება

რეგიონის დიდი დაშორება ქვეყნის დედაქალაქიდან და სხვა დიდი ქალაქებიდან

სტრუქტურული უმუშევრობის უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი და დასაქმების მწირი შესაძლებლობები მოსახლეობისთვის

სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, მოსახლეობის მწირი შემოსავლები და დანაზოგების მცირე მოცულობა

სოციალური უზრუნველყოფის ქმედითი სისტემის არარსებობა, სოციალური სახლების ნაკლებობა

საავადმყოფოების არადამაკმაყოფილებელი აღჭურვილობა

სამედიცინო სფეროში ვიწრო სპეციალისტების ნაკლებობა

სასწრაფო დახმარების ბრიგადების უაღრესად სუსტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

მოსახლეობის უმრავლესობისთვის სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა

ენდემური ჩიყვის ფართო გავრცელება

საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების არადამაკმაყოფილებელი ინფრასტრუქტურა

სოფლების ნაწილისთვის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რთული გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არარსებობა

პროფესიული სასწავლებლების ნაკლებობა

კულტურის ცენტრების, პარკების, სკვერების, ბიბლიოთეკების, სამუსიკო და სამხატვრო სკოლების, სტუდიების, გალერეების, მუზეუმების, თეატრების, სასპორტო სკოლების/კლუბების/წრეების და საცურაო აუზების არასაკმარისი რაოდენობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

მომსახურების სფეროს განვითარების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

დასახლებების ინფრასტრუქტურული იერსახის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

დასახლებების დიდ ნაწილში გარე განათების არარსებობა

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების უდიდესი ნაწილის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

საზოგადოებრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

მუნიციპალურ ცენტრებს შორის პირდაპირი სამგზავრო გადაყვანების არარსებობა

რეგიონში საერთაშორისო მნიშვნელობის გზის და რკინიგზის არარსებობა

რეგიონის დიდი დაშორება პორტებიდან და აეროპორტებიდან

ხარისხის სტანდარტებთან სასმელი წყლის შეუსაბამობა

მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაზმომარაგების ხელმიუწვდომლობა და არასრული გამრიცხველიანება

მუნიციპალურ ცენტრებში საკანალიზაციო სისტემების გაუმართაობა და სოფლებში საკანალიზაციო სისტემების არარსებობა

სოფლებიდან (მ.შ. საკურორტო დასახლებებიდან) ნარჩენების გატანის პრაქტიკის არარსებობა

ნარჩენების გადამუშავებისა და კომპოსტირების პრაქტიკის არარსებობა

რეგიონში გარემოზე ზემოქმედების ნებართვის არმქონე ნაგავსაყრელების არსებობა

სამედიცინო ნარჩენების გატანის პრაქტიკის არარსებობა

სოფლებში ქუჩების დასუფთავების პრაქტიკის არარსებობა

რეგიონში ხარისხიანი და იაფი ინტერნეტკავშირის არარსებობა

სახანძრო-სამაშველო სამსახურების არადამაკმაყოფილებელი აღჭურვილობა

რეგიონში სივრცითი დაგეგმვის პრაქტიკის არარსებობა

სამოქალაქო სექტორისა და რეგიონული მედიის განვითარების არადამაკმაყოფილებელი დონე

გენდერული დისბალანსი საჯარო და კერძო სექტორში

შესაძლებლობები

საფრთხეები

საფინანსო-ეკონომიკური განვითარების მაღალი დინამიკა

ბუნებრივი კატასტროფები

ეპიდემიების გავრცელება

ეკონომიკა

ძლიერი მხარეები

სუსტი მხარეები

გადამამუშავებელი მრეწველობისთვის სანედლეულო ბაზის მნიშვნელოვანი მოცულობა და სიიაფე

რეგიონში ბანკების ფილიალების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების არსებობა

რეგიონში მაღალი პოტენციალის მქონე მთის და ბალნეოლოგიური კურორტების არსებობა

სხვადასხვა სახის ტურიზმის განვითარების პოტენციალი

კურორტების - შოვის, უწერის, მუაშის, ზესხოს და ლაშიჭალას მაღალი ცნობადობა

წყლის რესურსების მაღალი საწარმოო, ენერგეტიკული და რეკრეაციული პოტენციალი, მინერალური და სამკურნალო წყლების დიდი რესურსი(მინერალური წყლების 28 სახეობა)

მდიდარი ენერგეტიკული რესურსები (წყლის რესურსები, ბიომასა, მზე)

რეგიონის სიმდიდრე ტყის რესურსებით და ტყის რესურსების ბიომრავალფეროვნება, სამკურნალო მცენარეების მდიდარი რესურსების არსებობა

სოჭის გირჩის მდიდარი რესურსი

რეგიონში ტბებისა და წყალსაცავების არსებობა

რეგიონში სხვადასხვა სახის წიაღისეული რესურსების არსებობა

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის გამოცდილება

 

პერიფერიული მდებარეობა და გასაღების ბაზრებთან სიშორე

მოქმედი ბიზნესსუბიექტების უკიდურესად მცირე რაოდენობა

სუსტი კომერციული და საბაზისო ინფრასტრუქტურა

ვაჭრობის სეზონური ხასიათი

ბიზნესის მხარდამჭერი ქმედითი ორგანიზაციების ნაკლებობა

ძვირი საბანკო კრედიტები და კაპიტალის ალტერნატიული წყაროების არარსებობა

მრეწველობის სექტორის განვითარების არადამაკმაყოფილებელი დონე

ეკონომიკის არასათანადო დივერსიფიკაცია

მუშახელის პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის დაბალი დონე

შრომითი რესურსების მომზადება-გადამზადების ქმედითი სისტემის არარსებობა

რეგიონიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება

ტურისტული ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

ტურისტების მოზიდვისადმი არასისტემური მიდგომა

ტურიზმის ინდუსტრიული ზონების მართვის და ტურიზმის, როგორც ბიზნესის საქმიანობის, არასაკმარისი ცოდნა

ტურისტული დასახლებებისთვის კურორტის სტატუსის არქონა

საკურორტო ზოლში ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების სიმცირე

მხარის ბუნებრივი, კულტურული და ისტორიული თავისებურებების სუსტი კომერციალიზაცია

რეგიონში კონსალტინგური და აუდიტორული ფირმების ნაკლებობა

მშენებლობის სექტორის განვითარების დაბალი დონე

ვაჭრობისა და მომსახურების სექტორის განვითარების დაბალი დონე

ინოვაციების განვითარების უკიდურესად დაბალი დონე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების დაბალი ინტენსივობა, მოწინავე ტექნოლოგიების შესახებ მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობა

მოძველებული საწარმოო ტექნიკური ბაზა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებლები და რეგიონის დონეზე მათი მოზიდვის ქმედითი მექანიზმების არარსებობა

პროდუქციის ექსპორტის არასათანადო მოცულობა

გამოშვებული პროდუქციის სუსტი სარეკლამო მხარდაჭერა და მარკეტინგი

ადგილობრივი გზების რთული რელიეფი და დაბალი გამტარუნარიანობა

ბუნებრივი რესურსების არასრული შესწავლა და დაძიება-მოპოვების მაღალი ხარჯები

ტყის რესურსების არასრული ინვენტარიზაცია

შესაძლებლობები

საფრთხეები

საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ ბაზრებზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე მოთხოვნის ზრდა

ქვეყანაში კვების მრეწველობის განვითარება

ტურისტული ნაკადების ზრდა

ეკოტურიზმზე, სასოფლო და აგროტურიზმზე მოთხოვნის ზრდა

ახალი გასაღების ბაზრების გახსნა. სტრატეგიულ პარტნიორებთან,  მათ შორის , ევროკავშირთან და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულება

კერძო ინვესტორების დაინტერესების ზრდა

საბანკო კრედიტებზე და კაპიტალის ალტერნატიულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდა

ხარისხზე და ექსპორტზე ორიენტირებული მეწარმეობის საკანონმდებლო წახალისება

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარების მოცულობის ზრდა

ინვესტორების მზარდი ინტერესი რეგიონის ტყის და წყლის რესურსების და წიაღისეულის მიმართ

მცირე ბიზნესის და აგროსესხების გაიაფებაზე ორიენტირებული სპეციალური სახელმწიფო პროგრამები

ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვაზე მიმართული სპეციალური სახელმწიფო და დონორული პროგრამები

ფორმირების პროცესში მყოფი თანაინვესტირების, სუვერენული და ვენჩორული ფონდების, ასევე, მოქმედი  სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების ფონდების ეფექტური საქმიანობა;  რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისთვის დაფინანსების   მიზნობრივი და წარმატებული ათვისება-გამოყენება.

ბუნებრივი კატასტროფები

პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია

გლობალური საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი

რეგიონული და მუნიციპალური განვითარების გეგმების სუსტი იმპლემენტაცია; მათ განხორციელებაზე  ნულოვანი ან სუსტი მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების არსებობა

 

ტყის ხანძრები და ტყის მავნებლების გავრცელება

სოფლის მეურნეობა

ძლიერი მხარეები

სუსტი მხარეები

რეგიონის ნიადაგების მაღალი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი

სათიბ-საძოვრების დიდი რესურსი და პოტენციალი

სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანის ტრადიციის არსებობა

საკურორტო ზონებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობა

მემცენარეობის პროდუქტიულობის ზრდის პოტენციალი

მეცხოველეობის პროდუქტიულობის ზრდის პოტენციალი

რეგიონში მექანიზაციის ცენტრის არსებობა

ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია

ვაზის უნიკალური ენდემური ჯიშების არსებობა, ღვინო „ხვანჭკარას“ საერთაშორისო ცნობადობა

 

არახელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები პროდუქციის დივერსიფიკაციისათვის

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის დაბალი დონე

სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების დაბალპროდუქტიულობა, უარყოფითი დისპროპორცია დასაქმებულთა რაოდენობასა და პროდუქციის მოცულობას შორის

რეგიონის მწირი ნიადაგები, დამრეცი რელიეფი და ფართობების ფრაგმენტაცია

სათიბ-საძოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუხეშება

სათიბ-საძოვრებზე მისასვლელი გზების ნაკლებობა

აგროწარმოებისა და ლოჯისტიკის განვითარების არადამაკმაყოფილებელი დონე

მოსახლეობაში თანამედროვე სამეურნეო-სამეწარმეო უნარ-ჩვევების ნაკლებობა

სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ორგანიზაციების ნაკლებობა

სურსათის უვნებლობის სისტემის არასათანადო განვითარება

მომსახურების, ექსტენციის ცენტრებისა და ლოჯისტიკის განვითარების არასათანადო დონე

შიდა ბაზრის არაორგანიზებულობა

პროდუქციის დაბალკონკურენტუნარიანობა იმპორტირებული პროდუქციის მიმართ

შესაძლებლობები

საფრთხეები

ტურისტთა მზარდი ნაკადის მხრიდან რეგიონში წარმოებულ პროდუქტებზე მოთხოვნილების ზრდა

მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება-გაფართოება

შეღავათიან აგროკრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა

სოფლის მეურნეობის სფეროში სადაზღვევო სისტემების ხელმისაწვდომობის ზრდა

ბუნებრივი კატაკლიზმები

ეპიზოოტიებისა და მცენარეთა დაავადებების გავრცელება

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისსაიმპორტო დემპინგი

უხარისხო სასოფლო-სამეურნეო საშუალებების (სათესლე მასალა, სასუქი და სხვ.) გავრცელება

გარემოს დაცვა

ძლიერი მხარეები

სუსტი მხარეები

გარემოს დაბინძურების უმნიშვნელო დონე

რეგიონში დამაბინძურებელი სტაციონარული ობიექტების მცირე რაოდენობა

ტყის თვითაღდგენის მაღალი მაჩვენებელი

რეგიონში არსებული წყლის რესურსების თვითგაწმენდის უნარი

რეგიონის მდიდარი ბიომრავალფეროვნება

რეგიონში საკანალიზაციო სიტემების მოუწესრიგებლობა და გამწმენდი ნაგებობის არარსებობა

ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების პრობლემა

ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის არარსებობა

რეგიონში ბუნებრივი კატასტროფების მართვის ქმედითი სისტემის არარსებობა

სტიქიური გეოლოგიური პროცესების პრევენციულ ღონისძიებათა გეგმის არარსებობა

კლიმატის ცვლილების მოწყვლადი ტერიტორიების ადაპტაციისადა მიტიგაციის ღონისძიებათა გეგმების არარსებობა

ტყის ხანძრების პრევენციისა და ლიკვიდაციისათვის საკმარისი რესურსის არარსებობა

ტყეების არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა

საქონლის დაურეგულირებელი ძოვება

ადგილობრივი ბიზნესმენებისა და მოქალაქეების არასათანადო გათვითცნობიერება მათ მიერ გარემოს დაბინძურების მავნე შედეგების შესახებ

სამრეწველო ნარჩენებით დაბინძურების ისტორიული კერების არსებობა

ხელისუფლება და საჯარო ფინანსები

ძლიერი მხარეები

სუსტი მხარეები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი ორგანოების არსებობა

რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების შეზღუდული უფლებამოსილებები

რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მწირი საბიუჯეტო შემოსავლები და ქონებრივი რესურსები

რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

რიგ სფეროებში რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მოხელეების არასათანადო კვალიფიკაცია

შესაძლებლობები

საფრთხეები

ხელისუფლების საფინანსო-ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა

საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი

პოლიტიკური დესტაბილიზაცია

 

VIII. რეგიონის განვითარების ხედვა, სტრატეგიული მიზნები, ამოცანები და წინადადებები

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მომავალი განვითარებისათვის შემუშავებული სტრატეგიული ხედვები, პრიორიტეტები და წინადადებები ეფუძნება რეგიონისა და მისი სექტორული განვითარების მრავალმხრივ ანალიზს, შესაბამის სიტუაციურ და ფაქტობრივ დიაგნოსტიკას, რომელიც მომზადდა წინამდებარე დოკუმენტის ჩამოყალიბების პროცესში, სათანადო მეთოდოლოგიისა და  ჩართულობის საფუძველზე.

 

დიაგნოსტიკური და ფაქტორული ანალიზის, გამოვლენილი გამოწვევებისა და პოტენციალის საფუძველზე  განისაზღვრება რეგიონის ხედვა 2021 წლისთვის და შესაბამისი პრიორიტეტული მიზნები და ამოცანები.

 

რეგიონის ხედვა 2021 წლისთვის

2021 წელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში:

-         მოქმედებს ფართო უფლებამოსილებებითა და სათანადო რესურსებით აღჭურვილი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის ქმედითი ჩართულობით უზრუნველყოფენ რეგიონის მდგრად განვითარებას;

-         ჩამოყალიბებულია ეკონომიკური განვითარების სტიმულირების ქმედითი ინსტიტუციური და საფინანსო მექანიზმები, უზრუნველყოფილია ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ინვესტიციების მოზიდვა და მნიშვნელოვნად გაზრდილია რეგიონში წარმოებული დამატებული ღირებულებისა და მოსახლეობის რეალური დასაქმების მაჩვენებლები;

-         უზრუნველყოფილია რეგიონის ტყის, წყლისა და წიაღისეული რესურსების ეფექტიანი გამოყენება;

-         მოდერნიზებულია სოფლის მეურნეობა, არსებითადაა გაზრდილი მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქტიულობა და განვითარებულია აგროწარმოება;

-         მაღალია რეგიონის საინოვაციო განვითარების დონე;

-         განვითარებულია რეგიონის ძირითადი ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურა და შექმნილია მიმზიდველი ტურისტული მარშრუტები;

-         განვითარებულია რეგიონის საბაზო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ყველა ძირითადი საზოგადოებრივი მომსახურებით;

-         მოქმედებს განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და კვალიფიციური კადრებით აღჭურვილი და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი სისტემები;

-         გაფართოებულია რეგიონის კულტურული და სასპორტო ობიექტების ქსელი და გაუმჯობესებულია მათი ინფრასტრუქტურა;

-         აღინიშნება მოსახლეობის მატება და ასაკობრივი სტრუქტურის პოზიტიური ცვლილება;

-         მნიშვნელოვნად არის შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი და უზრუნველყოფილია მოსახლეობის ქმედითი სოციალური დაცვა;

-         უკეთ არის დაცული გენდერული თანასწორობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში;

-         შენარჩუნებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მოქმედებს გარემოს დაცვის ქმედითი სისტემა.

 

 

რეგიონის პრიორიტეტული მიზნები და ამოცანები:

 

  ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარება

  რეგიონის ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვა-გამოყენება

  მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა

  საბაზისო ინფრასტრუქტურის და მშენებლობის განვითარება

  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა

  ტურისტული ინდუსტრიის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა

  სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა

  უცხოური ინვესტიციების მოზიდვა

  რეგიონის ბრენდის შექმნა

  კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მოწესრიგება

  ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება

  განათლების, კულტურის და სპორტის განვითარება

  გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესება

  მედიისა და სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გენდერული უთანასწორობის შემცირება

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განვითარების სტრატეგიის საერთო მიზანი შეესაბამება რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ სახელმწიფო სტრატეგიის, ასევე, მდგრადი და სწრაფი ეკონომიკური განვითარების 2010-2013 წწ საბაზისო მონაცემებისა და მიმართულებების მიზნებს. იგი პასუხობს სიღარიბის მინიმუმ 20-25% შემცირების საშუალოვადიან ამოცანას, რაც ეთანადება ათასწლეულის განვითარების მიზნებს, ამოცანებსა და ვადებს.

 

 

მიზანი 1:   ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარება

         თვითმმართველობის უფლებამოსილებებისა და რესურსული შესაძლებლობების თანდათანობითი გაფართოება

         რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

         სოფლებსა და დაბებში თანამედროვე ტიპის სერვისცენტრების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი მომსახურებების გაწევას, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართვას მუნიციპალიტეტების მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და შეასრულებს დასახლების კულტურული ცენტრის ფუნქციას

         რეგიონულ ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებში კადრების კვალიფიკაციის სისტემატური ამაღლება

         რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის წარმოების ქმედითი სისტემის დანერგვა

         რეგიონის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო პროგრამის განხორციელებაზე ეფექტიანი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა

 

მიზანი 2:  რეგიონის ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვა-გამოყენება

         რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსების, წიაღისეულის, მათი მარაგების, ასევე სხვა ეკონომიკური აქტივების (მიწა, ქონება) შესახებ არსებული საინფორმაციო ბაზის განახლება, მათი შესაბამისი აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საორიენტაციო საბაზრო ღირებულების შეფასება.

         ამ დრომდე შეუსწავლელი რესურსული პოტენციალის (ბარიტი, ოქრო, და სხვა) შესწავლა და შეფასება

         ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, უახლესი ტექნოლოგიების, მართვის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და ხელშეწყობა

         ტყის მართვის სტრატეგიის შემუშავება და ქმედითი განხორციელების უზრუნველყოფა; სატყეო ინფრასტრუქტურის შექმნა ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეებში მოსახლეობის საჭიროების დასაკმაყოფილებლად და ტყის რესურსების შესანარჩუნებლად; ტყის რესურსების სრული ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა

         ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოჭის გირჩის თესლის მოპოვების მხარდაჭერა

 

მიზანი 3:  მრეწველობის განვითარება

  ამოცანა 3.1. კვების მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა

       რეგიონში დიდი რაოდენობით არსებული ეკოლოგიურად სუფთა რესურსის (ხილი – კენკროვანი, თესლოვანი, კურკოვანი) გამოყენებისა და საკონსერვო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა - ხილის ნატურალური  წვენების, ჯემების, ჩირის დამზადების წახალისების სახით.

       ეკოლოგიურად სუფთა რესურსის მტკნარი და მინერალური წყლების დიდი მარაგის გათვალისწინებით, ისეთი დარგების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების ჩამოსხმა; უწერაში შესაბამისი ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობის შესწავლა

       რეგიონში არსებული უნიკალური ენდემური ვაზის ჯიშების პოპულარიზაციის ხელშეწყობა მათი საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისა და უცხოურ სამომხმარებლო ბაზრებზე დამკვიდრების მიზნით

       რაჭული ლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და რეგიონის ბრენდინგისთვის გათვალისწინებული ინიციატივების კონტექსტში, რაჭული ღვინის, ლორისა და მინერალური წყლების რეკლამირების ხელშეწყობა

       რძის ჩასაბარებელი პუნქტების გახსნის, შესაბამისი ხელშეწყობის აუცილებლობის, სხვა შესაძლებლობათა შესწავლა და გამოვლენა

 

  ამოცანა 3.2. სამთო - მოპოვებითი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა

       სამთო-მოპოვებითი მრეწველობის განვითარების სისტემური წახალისება და ხელშეწყობა

       ონის მუნიციპალიტეტში მარგანეცის, ოქროს, ვოლფრამის, მოლიბდენის, სორის ბარიტის მომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების მხარდაჭერა

       თაბაშირის მომპოვებელი მრეწველობის სტიმულირების ხელშეწყობა ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში

       სამშენებლო მასალების (აგური, ბლოკი) წარმოების წახალისება და ხელშეწყობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების (კირქვები, ქვაღორღი, სააგურე თიხები, თაბაშირი, მუყაო) გათვალისწინებით

       მოსაპირკეთებელი ქვებისა და ფილების წარმოების ხელშეწყობა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში არსებული რესურსების (მარმარილო, სპონდიოქვი, გაბრი–დიაბაზი, დიაბაზოვის პორფირეტი, სპილენძის საბადოები) გათვალისწინებით.

 

  ამოცანა 3.3. ხის დამუშავების ხელშეწყობა

       ავეჯის და ხის წარმოების განვითარება: ხე-მასალის გადამამუშავებელი საწარმოებისა და შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა

       რეგიონში გავრცელებული  ჯიშები  (წიფელი, ფიჭვი, მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, წაბლი, იფ. თხმელა, აკაცია) და ამასთან ერთად, იმ სპეციალისტების არსებობა, რომელთაც შესწევთ უნარი შეასრულონ  რთული კონფიგურაციის მაღალმხატვრული ხეზე ნაკვეთი ორნამენტები, ჩუქურთმები და სხვა, იძლევა საშუალებას ავეჯის  და სამშენებლო მასალების (დიქტი, ფანერი, ლამინატი და სხვა) წარმოების შესაძლებლობისთვის.

  ამოცანა 3.4. ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის წარმოება–განაწილება

       რეგიონის გეოდინამიკური პოტენციალისა და მაღალი საშიშროების რისკის გათვალისწინებით, ჰესების მშენებლობა და რეაბილიტაციის მხარდაჭერა; მცირე ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციის მხარდაჭერა ლენტეხში, ონსა და ცაგერში

       ლენტეხი-სააშის 10 კილოვატიანი ხაზის აღდგენა

       ელ.ენერგიის უწყვეტი მიწოდების საკითხის გადაწყვეტა ლენტეხის და ონის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში (ყორულდაში, ცანა, ზესხო, ბავარი, მანანაური, ხაჩეში, გადამში და ჭვებარი)

       მზის ენერგიისა და ბიოგაზის რესურსების ენერგეტიკული პოტენციალის ქმედითი გამოყენების  ხელშეწყობა

       ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის ფარგლებში, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება

       სორი-ონის გაზის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება

       ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზის მაგისტრალიდან გაზმომარაგების შიდა ქსელის მოწყობა

 

მიზანი 4:  საბაზისო ინფრასტრუქტურის და მშენებლობის განვითარება

       რეგიონის საგზაო ინფრასტრუქტურის (სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზები, მათ შორის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთები, ქუთაისი -ალპანა-მამისონის გზის დარჩენილი მონაკვეთები, საჩხერე-ამბროლაურის გზის მონაკვეთის კაპიტალური მშენებლობა, შიდასასოფლო და სამთოგზები, კურორტებამდე და საკურორტე ადგილებამდე მიმავალი გზები) სრული რეაბილიტაცია და რეგულარული მოვლის უზრუნველყოფა; ამ კუთხით, მუნიციპალიტეტებსა და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა, რათა მათ განახორციელონ თავიანთ კომპეტენციას მიკუთვნებული გზების რეაბილიტაცია

       ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის საკითხის შესწავლა

       სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმების შემუშავება; აუცილებელია შემუშავდეს რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ქალაქდაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სისტემურად ჩამოყალიბებული დოკუმენტები; ამ კუთხით, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და დონორი ორგანიზაციების კოორდინებული საქმიანობის უზრუნველყოფა

       ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის საკითხის შესწავლა

       ვერტმფრენის დასაჯდომი პლაცების მოწყობა ცაგერის, ონის და ლენტეხის მუნიციპალიტეტში

       ინტერნეტქსელის, მისი ხელმისაწვდომობის გაფართოება და ინტერნეტკაფეების მოწყობის ხელშეწყობა

       მუნიციპალური ცენტრების და საკურორტო დასახლებების ინფრასტრუქტურული იერსახის გაუმჯობესება და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს რეგულირების ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება

 

მიზანი 5:  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება

       მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების და განვითარების პერსპექტივების კვლევა

       ბიზნეს-განათლების და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებებზე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმისაწვდომობის გაზრდა სპეციალური პროგრამების საშუალებით.

       შრომითი რესურსების მომზადებისა და გადამზადების სისტემის მხარდაჭერა; რეგიონის მუნიციპალიტეტებში გადამზადების ცენტრების და ბიზნეს ინკუბატორების შექმნა-განვითარების ხელშეწყობა

       რეგიონის საჭიროებათა განსაზღვრა პროფესიული განათლების მიმართულებით და პროფესიული განათლების ცენტრების საჭირო პროფილისა და რაოდენობის პროგნოზირება.

       მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა საინვესტიციო პროექტების მომზადებაში და მათი დაკავშირება პოტენციურ უცხოელ ინვესტორებთან

       ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ახალი ბაზრების და შესაძლებლობების მოძიებაში

       თანამედროვე ორგანიზებული სავაჭრო ქსელების განვითარების ხელშეწყობა

 

მიზანი 6:  ტურიზმის მრავალმხრივი განვითარება

ამოცანა 6.1.  პროგრამული და ინფრასტრუქტურული ინიციატივების მომზადება, მართვა და განხორციელება

       ტურიზმის განვითარების რეგიონული და მუნიციპალური პროგრამები შემუშავება

       ტურიზმის, როგორც კომპლექსური ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობების (ინფრასტრუქტურა, კადრები, წარმოება, მომსახურება, კლასტერიზაცია, და სხვ.) შესწავლა და გამოვლენა, შესაბამისი ინიციატივების შემუშავება, განხორციელება და პოპულარიზაცია

       ტურიზმის სხვადასხვა სახეების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია

       ტურიზმის უფრო ეფექტური მართვისათვის, შესაბამისი სახელმწიფო გრანტებისა და პროგრამების ათვისება-განხორციელებაში კერძო სტრუქტურების ჩართვა

       ტურისტული ინფრასტრუქტურის, ისევე როგორც შესაბამისი პოლიტიკის შექმნაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის  დონის გაზრდა

       სპეციალური საინვესტიციო პაკეტების მომზადება და მათი შეთავაზება ინვესტორებისათვის

       ტურისტული სააგენტოების, შესაბამისი კადრების და რეგიონში ტურისტული ნაკადების ორგანიზებული შემოდინების ხელშეწყობა

       ტურიზმის კეთილმოწყობილი საინფორმაციო ცენტრების შექმნა და ამოქმედება

       შოვის,  უწერის, ლაშიჭალის კურორტებისა და შაორის ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შესაბამისი საინვესტიციო წინადადებების მომზადება

       ლენტეხის მუნიციპალიტეტში კურორტ მუაშის, ზესხოს, ყორულდაშის და ბავარის ტურისტული და საკურორტო პოტენციალის ამოქმედება

       რეგიონის საკურორტო და სარეკრეაციო ობიექტების, მათთან მისასვლელი გზებისა და ინფრასტრუტურის მოწესრიგება; ისტორიული და კულტურული ძეგლებისა და ობიექტების კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია და მათთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება

       რეგიონის მასშტაბით საინფორმაციო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი მოწყობა; ქალაქებში, სოფლებში გზებზე და მაგისტრალ-ტრასებზე ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების, ტურისტული ობიექტების მიმანიშნებელი საგზაო ნიშნების, ასევე ქუჩების სახელდებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი (მიმართულების მიმანიშნებელი) ფირნიშების და აბრების დამონტაჟება ქართულ და ინგლისურ ენებზე

       მუნიციპალური ტრანსპორტის ოფიციალურ გაჩერებებზე ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის ორენოვანი დაფების მოწყობა, რათა ტურისტებს გაუადვილდეთ გადაადგილება რეგიონის ტერიტორიაზე

       ტურისტთა დაბინავების ადგილებისა და კვების ობიექტების (მათ შორის, სწრაფი კვების ობიექტების) მოწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად

·       კეთილმოწყობილი კემპინგის პუნქტების შექმნის ხელშეწყობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში

 

  ამოცანა 6.2. მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტის შექმნა და რეგიონის რეკლამირება

       ტურისტული მარშრუტების შექმნა-განახლება რელიეფისა და ადგილმდებარეობის თავისებურების გათვალისწინებით; კულტურული, სათავგადასავლო, სამკურნალო, რელიგიური, აგრო, ეკო, სპორტული და სხვა ტურების ორგანიზების ხელშეწყობა

       სხვადასხვა სახის და მასშტაბის ტრადიციული სპორტული დღესასწაულების, შეჯიბრებების, ფოლკლორული ფესტივალების, კონკურსების, ოლიმპიადების აღდგენა-განვითარების ორგანიზება

       ადგილობრივი ნატურალური პროდუქტების, ადგილობრივი წარმოების, ეკოლოგიურად სუფთა და ბევრ ქვეყანაში განთქმული ღვინოების პოპულარიზაცია

       სარეკლამო-საინფორმაციო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერა უცხოური ტუროპერატორებისა და ტურისტების მოტივაციის ამაღლებისთვის

       სპეციალური ვებგვერდისა და ბანერების გაკეთება; რუკების, გზამკვლევების, ბროშურების და სარეკლამო რგოლების მომზადება და გავრცელება

       ადგილობრივი ტრადიციული ნაწარმისა და სუვენირების წარმოების განვითარების ხელშეწყობა

       ტურისტული გამოფენების მოწყობა

       ახალი ტურისტული პოტენციალის მქონე ობიექტების მოძიება

 

  ამოცანა 6.3. ტურისტების მომსახურების დონის გაუმჯობესება

       ტურისტული მომსახურების ობიექტებში მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების განხორციელება; ტრენინგების ჩატარების ორგანიზება-მხარდაჭერა ტურისტულ სფეროში დასაქმებულ პირთათვის

       ტურისტული მომსახურების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა; საუკეთესო ტურისტული ობიექტების, მომსახურების მიმწოდებლების, მენეჯერებისა და პერსონალის გამოვლენა და დაჯილდოება

       რეგიონის მუნიციპალიტეტების ცენტრებში დამატებითი ბანკომატების განთავსების ხელშეწყობა ტურისტების საბანკო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; ამ კუთხით, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საბანკო სექტორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა

 

მიზანი 7:   სოფლის მეურნეობის განვითარება

·         სპეციალური ფონდის ფორმირების მხარდაჭერა, რომელიც საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემების ამოქმედების, ბიზნეს პროექტების დაფინანსებისა და საწარმოებზე შეღავათიანი კრედიტების გაცემის გზით, ხელს შეუწყობს რეგიონში სოფლის მეურნეობისა და აგროწარმოების პრიორიტეტული სფეროების, საექსპორტო და იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების განვითარებას, მიმღები პუნქტებისა და გადანაწილების ცენტრის ორგანიზებას და ტექნოლოგიური ხაზების დანერგვას

·         ექსტენციისა და მომსახურების ცენტრების შექმნა-განვითარების, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთების ორგანიზების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების გზით, მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარებისა და პროდუქტიულობის ზრდის ხელშეწყობა

         ადგილობრივი საჭიროებების სრულად დასაკმაყოფილებლად, მექანიზაციის ცენტრის დამატებითი ტექნიკით, მ.შ. მცირეგაბარიტიანი ტექნიკით უზრუნველყოფა

         აუთვისებელი სავარგულების ათვისება, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება, სავარგულებთან მისასვლელი შიდა გზების რეაბილიტაცია და აღურიცხავი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის უზრუნველყოფა

         სურსათის უვნებლობის ქმედითი სისტემის დანერგვა

         საერთაშორისო ცნობადობის რაჭული ღვინოების წარმოებისა და ექსპორტზე გატანის მხარდაჭერა

 

მიზანი 8: უცხოური ინვესტიციების მოზიდვა

      რეგიონის ბუნებრივი რესურსებისა და მატერიალური აქტივების შესახებ ინფორმაციის როგორც შემდგომი სისტემატიზაცია, ასევე მისი სათანადო გავრცელება

      რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში შესაბამისი საინვესტიციო პროექტებისა თუ წინადადებების მომზადება უცხოელი ინვესტორების დაინტერესების მიზნით

      მოქმედ და პოტენციურ უცხოურ ინვესტორებთან ურთიერთობის მიზნით, კვალიფიციური ადამიანური რესურსების მოზიდვა და გადამზადება

      უცხოელ და ადგილობრივ სამეწარმეო სუბიექტებს შორის კავშირების დამყარების ხელშეწყობა; მათ შორის, საინფორმაციო ბანკის მომზადება ადგილობრივი სამეწარმეო სუბიექტების, მათი საქმიანობის პროფილისა და შესაძლებლობების შესახებ

      მოქმედი და პოტენციური უცხოელი ინვესტორების კონსულტირება რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის, ინვესტიციების განხორციელების ოპტიმალური იურიდიული ფორმების, ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობის, უძრავი ქონების და სხვა საკითხებზე

      ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების (უპირველესად ევროკავშირის ბაზარი) მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, - შეფუთვის, მარკირების და სხვა კუთხით

      სპეციალური ბიზნესფორუმების, პრეზენტაციების, მარკეტინგული ანალიზის, მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება-ორგანიზება, რეგიონის წარდგენა საერთაშორისო გამოფენაზე

      რეგიონის ჭრილში უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება და დამუშავება

      ზემოაღნიშნული ამოცანებისა და საქმიანობების ეფექტიანი განხორციელებისთვის,  რეგიონში ინვესტიციების მოზიდვაზე პასუხისმგებელი ქმედითი ინსტიტუციის შექმნა; ამ მიზნით, შესაბამისი საჯარო, კერძო და დონორული რესურსების ჩართვა; აღნიშნული ინსტიტუციის, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებების საქმიანობის მჭიდრო კოორდინაციის უზრუნველყოფა ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან და სხვა შესაბამის ცენტრალურ უწყებებთან

 

მიზანი 9: რეგიონის ბრენდის შექმნა

       საექსპორტო ბაზრებზე მომხმარებელთა რეგულარული ინფორმირება რეგიონში წარმოებული ხარისხიანი პროდუქტებისა და უნიკალური თვისებების შესახებ; რეგიონის ვებ გვერდების დახვეწა მის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის განთავსების მიზნით

       რეგიონში წარმოებული პროდუქტის სლოგანისა და ლოგოტიპის დივერსიფიცირებული ვიზუალური და ვერბალური იდენტურობის ფორმირება; თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ქსელური შესაძლებლობების აქტიურად გამოყენების ხელშეწყობა

 

მიზანი 10: კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურებების მოწესრიგება

         მოსახლეობისთვის ცენტრალური სისტემებით ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდების, ხარისხიანი და უწყვეტი ენერგომომარაგების და ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდების სრული (გარდა განსაკუთრებით რთული უბნებისა) უზრუნველყოფა

         მუნიციპალურ ცენტრებსა და საკურორტო დასახლებებში საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება და საწარმოო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა

         მუნიციპალიტეტებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ქმედითი სისტემის დანერგვა, ყველა დასახლებიდან ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა და „უკონტროლო“ ნაგავსაყრელების გაუქმება

         მუნიციპალურ ცენტრებსა და საკურორტო დასახლებებში ქუჩების რეგულარული დასუფთავების უზრუნველყოფა

         გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მქონე ნაგავსაყრელზე ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და კომპოსტირების უზრუნველყოფა

         საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ავტოსადგურების კეთილმოწყობა

         მუნიციპალურ ცენტრებს, მუნიციპალურ ცენტრებსა და შესაბამის დასახლებებს, მუნიციპალურ ცენტრებსა და ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისს, აგრეთვე ონი-ამბროლაურსა და ცაგერ-ლენტეხს შორის რეგულარული პირდაპირი სამგზავრო გადაყვანების უზრუნველყოფა

         ყველა დასახლების ხარისხიანი და იაფი ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფა

         სახანძრო-სამაშველო სამსახურების სტანდარტების შესაბამისად (მ.შ. ვერტმფრენით) აღჭურვა

 

 

მიზანი 11:   ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება

         საარსებო მინიმუმით მოსახლეობის სრული უზრუნველყოფა

         სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტის შემდგომი გაფართოება და მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემის სრულად გადაჭრა

         დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ქმედითი პროგრამების ( რეგიონში მცხოვრები და დაბრუნებული ახალგაზრდებისთვის დასაქმების სპეციალური პროგრამების ამოქმედება, მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება, ორსულობასთან, მშობიარობასთან და მცირეწლოვანი ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება) შემუშავება და განხორციელება

         რეგიონის მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული საერთო პროფილის საავადმყოფოს გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

         სათემო ამბულატორიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სოფლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ქმედითი სისტემის ამოქმედება

         ჯანდაცვის პრიორიტეტულ სფეროებში ვიწრო სპეციალისტებით რეგიონის უზრუნველყოფა

         სასწრაფო დახმარების ბრიგადების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება (მ.შ. რეანომობილით და ვერტმფრენით უზრუნველყოფა) თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად

         მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის (მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მოხუცები, შშმ პირები) სოციალური სახლების მომსახურების სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

         შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამშენებლო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა

         მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით სრული უზრუნველყოფა

 

მიზანი 12: განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარება

·         საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემის სრულად გადაჭრა და პედაგოგების/ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება. ქ.ამბროლაურში  „მასწავლებელთა სახლის’’ მოწყობა

         ადგილობრივ საჭიროებათა გათვალისწინებით, რეგიონში მრავალპროფილიანი პროფესიული გადამზადების ცენტრის (ცენტრების) შექმნა

         რეგიონში კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბლიტაცია და განვითარება

 

მიზანი 13: გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესება

         ბუნებრივი კატასტროფების რისკებისა და ავარიული სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავება და განსაკუთრებით მოწყვლადი ტერიტორიების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება

         ნაპირსამაგრი ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება

         წყლის ხარისხის მონიტორინგის პუნქტების რაოდენობის გაზრდა, მონიტორინგის რეგულარული ჩატარება და ზედაპირული წყლის დაბინძურების პრევენცია

         გადაუდებელი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების შემუშავება

         ტყეების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი კადრების კვალიფიკაციისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება

         გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება

         ტრანსსასაზღვრო და ტერიტორიათაშორის გარემოსდაცვით თანამშრომლობაში და საქმიანობებში რეგიონის ჩართულობის უზრუნველყოფა

         რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის განვითარება და ქმედითი მართვის სისტემის ჩამოყალიბება

         მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების გახსნა

         რეგიონის წყლის რესურსების, მათ შორის მინერალური და სხვა წყლების გამოყენების, დაცვისა და მართვისკენ მიმართული ღონისძიებების ხელშეწყობა

 

მიზანი 14:   მედიისა და სამოქალაქო სექტორის განვითარება და გენდერული უთანასწორობის შემცირება

         ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს/მედიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ბიზნესსექტორსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის წახალისება

         გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება