ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ

ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5603
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 26/12/2007
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 360.130.000.05.001.003.079
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5603
14/12/2007
სსმ, 47, 26/12/2007
360.130.000.05.001.003.079
ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (25/03/2013 - 01/06/2017)

საქართველოს კანონი

ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ

 

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეკოლოგიური ექსპერტიზა არის გარემოსდაცვითი ხასიათის აუცილებელი ღონისძიება, რომელიც ხორციელდება საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

2. იმ საქმიანობათა სრულ ნუსხას, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექვემდებარება სავალდებულო ეკოლოგიურ ექსპერტიზას, განსაზღვრავს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

3. ეკოლოგიური ექსპერტიზის მიზანია გარემოსდაცვითი მოთხოვნების, რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების უზრუნველყოფა.

4. ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა არის აუცილებელი საფუძველი ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებაზე გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის გასაცემად.

    მუხლი 2. ეკოლოგიური ექსპერტიზის ძირითადი პრინციპები

ეკოლოგიური ექსპერტიზის ძირითადი პრინციპებია:

ა) საქმიანობის პოტენციური ეკოლოგიური საშიშროების რისკის შეფასება;

ბ) საქმიანობის დაწყებამდე გარემოზე მისი შესაძლო ზეგავლენის შეფასების კომპლექსურობა;

გ) გარემოსდაცვით მოთხოვნათა და გარემოს დაცვის ნორმების გათვალისწინება;

დ) ექსპერტთა უფლებამოსილების შეუზღუდავი განხორციელება;

ე) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დასაბუთებულობა და კანონიერება;

ვ) საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინება.

    მუხლი 3. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანო და მისი უფლება-მოვალეობანი

1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).

2. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში სამინისტროს უფლებებია:

ა) საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევა;

ბ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურისათვის აუცილებელი ინფორმაციის (მათ შორის, საცნობარო, სტატისტიკური და სამსახურებრივი სარგებლობის ინფორმაციის) მიღება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში სამინისტროს მოვალეობებია:

ა) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით საექსპერტო კომისიების შექმნა;

ბ) ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;

გ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

დ) დამოუკიდებელი ექსპერტების რეგისტრაციაში გატარება და მათი მონაცემთა ბაზის შექმნა;

ე) საქმიანობის განმახორციელებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მისთვის ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზებისა და ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გასაცნობად წარდგენა;

ვ) საზოგადოების წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში, მისთვის ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მარეგულირებელი დოკუმენტების გაცნობა.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4394-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 68 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 4. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესი

1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია.

2. საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისათვის, დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტრომ შეიძლება მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები.

3. ეკოლოგიური ექსპერტიზა ტარდება საქმიანობაზე განცხადების „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით წარდგენის შემდეგ.

4. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურას და საექსპერტო კომისიის ფორმირების წესს განსაზღვრავს „ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულება, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4394-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 68 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 5. დამოუკიდებელი ექსპერტი

1. დამოუკიდებელი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე.

2. დამოუკიდებელი ექსპერტი ექვემდებარება სამინისტროს მიერ წარმოებულ ექსპერტთა რეესტრში რეგისტრაციას. დამოუკიდებელ ექსპერტთა ექსპერტთა რეესტრში შეყვანა და რეესტრიდან გამოყვანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

3. საექსპერტო კომისიაში შეყვანილ უნდა იქნეს მხოლოდ ის დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სამინისტროს ექსპერტთა რეესტრში.

4. ექსპერტთა რეესტრიდან დამოუკიდებელი ექსპერტის საექსპერტო კომისიაში შეყვანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

5. დამოუკიდებელი ექსპერტი პასუხისმგებელია თავის მიერ მომზადებული დასკვნის ობიექტურობასა და სისრულეზე.

6. დამოუკიდებელი ექსპერტი ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობს სამინისტროს მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებას სამინისტრო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

7. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

8. დამოუკიდებელ ექსპერტთა შერჩევის, მათი ექსპერტთა რეესტრში რეგისტრაციის წესს და მათ უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ დებულება, რომელსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 6. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

1. საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგები აისახება საექსპერტო კომისიის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს საექსპერტო კომისია და ხელს აწერს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე. საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე სამინისტრო ამზადებს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

2. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია:

ა) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს;

ბ) ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს;

გ) ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს (მათ შორის, ავარიული სიტუაციების შესაძლო შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებს).

3. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) შეესაბამება თუ არა საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) რა სახის ნაკლოვანებებს შეიცავს ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია;

გ) რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლოვანებები გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის;

დ) შესაძლებელია თუ არა ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლოვანებების გამოსწორება და თუ შესაძლებელია, რა გზით;

ე) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობებს (საჭიროების შემთხვევაში).

4. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არის შესაბამისად გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის შემადგენელი ნაწილი, ხოლო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობა – სანებართვო პირობა, რომლის შესრულება სავალდებულოა გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის მფლობელისათვის.

    მუხლი 7. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში საქმიანობის განმახორციელებლის უფლება-მოვალეობანი

1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელს უფლება აქვს:

ა) წარადგინოს საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაცია ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად;

ბ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული დავის წამოჭრის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს.

2. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში საქმიანობის განმახორციელებლის მოვალეობებია:

ა) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად წარდგენა;

ბ) გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის პირობების შესაბამისად საქმიანობის განხორციელება.

    მუხლი 8. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 9. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი ნორმატიული აქტები

2008 წლის 1 აპრილამდე გამოცემულ იქნეს მინისტრის შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“;

ბ) „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“;

გ) „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“.

    მუხლი 10. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 17).

    მუხლი 11. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი  ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 14 დეკემბერი

№5603–რს