გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ

გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5602
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 26/12/2007
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.05.001.003.078
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5602
14/12/2007
სსმ, 47, 26/12/2007
360.160.000.05.001.003.078
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (04/05/2010 - 28/10/2010)

საქართველოს კანონი

გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ამ კანონის რეგულირების სფერო არის ისეთი ორგანიზებული საქმიანობა ან ქმედება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით.

2. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობათა სრულ ნუსხას და მათ განსახორციელებლად გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემისას ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საზოგადოების მონაწილეობისა და მისი ინფორმირების სამართლებრივ საფუძვლებს.

    მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები

1. ამ კანონის მიზნებია:

ა) საქმიანობის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობის, ბუნებრივი გარემოს, ასევე კულტურული და მატერიალური ფასეულობების დაცვა;

ბ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მოქალაქის ძირითადი უფლების – მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობაზე, აგრეთვე გარემოსდაცვით სფეროში სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა;

გ) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სახელმწიფოსა და საზოგადოების ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინება.

2. ამ კანონის ამოცანებია:

ა) საქმიანობაზე ნებართვის გაცემის სფეროში საქმიანობის განმახორციელებლის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს უფლება-მოვალეობების ჩამოყალიბება და დაცვა;

ბ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან დაცვის, ასევე მათი რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გარემოზე ზემოქმედების ნებართვა (შემდგომში – ნებართვა) – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია;

ბ) საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი (რომელიც არ არის იურიდიული პირი), რომელიც არის ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების ინიციატორი და მიმართავს შესაბამის ორგანოს ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების უფლების მისაღებად;

გ) მშენებლობის ნებართვა – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვა;

დ) გარემოზე ზემოქმედების შეფასება (შემდგომში – გზშ) – დაგეგმილი საქმიანობის შესწავლისა და გამოკვლევის პროცედურა, რომლის მიზანია გარემოს ცალკეული კომპონენტების, ადამიანის, ასევე ლანდშაფტის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. გზშ შეისწავლის, გამოავლენს და აღწერს საქმიანობის პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, ეკოსისტემებსა და ისტორიულ ძეგლებზე ან ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის ერთიანობაზე, მათ შორის, ამ ფაქტორების ზეგავლენას კულტურულ ფასეულობებსა (კულტურულ მემკვიდრეობასა) და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე;

ე) გარემოს დაცვის ნორმები – „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოს დაცვის ნორმები;

ვ) ტექნიკური რეზიუმე – დაგეგმილი საქმიანობის საპროექტო გადაწყვეტილება .

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3051 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ179

თავი II. ნებართვის გაცემის პროცედურები

    მუხლი 4. ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები და საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებია:

ა) სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება (ეკოლოგიურ ექსპერტიზას არ ექვემდებარება სამშენებლო (მათ შორის, ინერტული) მასალების გადამუშავება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა);

ბ) ნებისმიერი საწარმოო ტექნოლოგია, სადაც გამოყენებული იქნება აზბესტი;

გ) ცემენტის, ასფალტის, კირის, გაჯის, თაბაშირისა და აგურის წარმოება;

დ) მინისა და მინის პროდუქციის წარმოება;

ე) მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება (მათ შორის, ნარჩენების დაწვის ქარხნების მოწყობა) ან/და ნაგავსაყრელების მოწყობა;

ვ) ტოქსიკური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება, მათი სამარხების მოწყობა ან/და ამ ნარჩენების გადამუშავება, გაუვნებლება;

ზ) ქვანახშირის გაზიფიცირებასთან, გათხევადებასთან, ბრიკეტირებასა და დაკოქსვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმძლავრის წარმოება;

თ) მაგისტრალური ნავთობსადენისა და გაზსადენის გაყვანა;

ი) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი და ბუნებრივი აირების საცავების, ტერმინალების განთავსება, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზებიდან ერთ-ერთის მოცულობა 1000 კუბ.მ-ზე მეტია ან მათი ჯამური მოცულობა 1000 კუბ.მ-ს აღემატება;

კ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, რკინიგზის და მათზე განთავსებული ხიდების, გზაგამტარი გვირაბის, აგრეთვე საავტომობილო გზის, რკინიგზის და მათი ტერიტორიების საინჟინრო დაცვის ნაგებობების აგება;

ლ) მაღალი ძაბვის (35 კვტ და მეტი) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა და ქვესადგურის (110 კვტ-ისა და მეტი ძაბვის) განთავსება;

მ) ჰიდროელექტროსადგურის (2 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) და თბოელექტროსადგურის (10 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) განთავსება;

ნ) მეტროპოლიტენის მშენებლობა;

ო) წყალსაცავის (10 000 კუბ.მ-ისა და მეტი მოცულობის) მოწყობა;

პ) ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (დღე-ღამეში 1000 კუბ.მ-ისა და მეტი მოცულობის), აგრეთვე მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორის განთავსება;

ჟ) აეროდრომის, აეროპორტის, რკინიგზის სადგურისა და საზღვაო ნავსადგურის მოწყობა;

რ) კაშხლის, ნავსადგურის, ნავმისადგომის, მოლისა და ბუნის განთავსება;

ს) ქიმიური მრეწველობა, კერძოდ: ნახევარფაბრიკატების (შუალედური პროდუქტების) ქიმიური დამუშავება და ქიმიური ნივთიერებების წარმოება; პესტიციდების, მინერალური სასუქების, ქიმიური საღებავების, ლაქის, პეროქსიდებისა და ელასტიკური ნივთიერებების (რეზინის ან პლასტიკური ნივთიერებების) წარმოება და დამუშავება; დენთისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოება; აკუმულატორების წარმოება; გრაფიტის ელექტროდების დამზადება;

ტ) ნავთობგადამამუშავებელი და გაზგადამამუშავებელი წარმოებები (დღე-ღამეში 500 ტ-ზე მეტის);

უ) ნებისმიერი მეტალურგიული წარმოება (საათში ტონაზე მეტი პროდუქციის წარმადობით), გარდა ლითონთა ცივად დამუშავებისა და საიუველირო წარმოებებისა;

ფ) ტოქსიკური და სხვა საშიში ნივთიერების საცავების მოწყობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებთან დაკავშირებული მშენებლობა ან არსებული საწარმოო ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობების შეცვლას, ასევე განიხილება, როგორც ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს ჩართვას სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამინისტროში წარდგენილ დოკუმენტაციაზე სამინისტრო გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მტკიცდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით, აგრეთვე მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არის მშენებლობის ნებართვის ნაწილი და მშენებლობის ნებართვის მაძიებლისათვის (ან მფლობელისათვის) მისი (ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) პირობების შესრულება სავალდებულოა. ასეთ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობა არის მშენებლობის ნებართვის პირობა.

6. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მასზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაიცემა ნებართვა, რომლის თაობაზედაც მინისტრი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეკოლოგიურ ექსპერტიზას სამინისტრო ატარებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

7. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მისი პირობები არის სანებართვო პირობები.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3051 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ179

    მუხლი 5. გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტები

1. ყველა იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, სავალდებულოა გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დაცვა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტები მტკიცდება „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ“ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

    მუხლი 6. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა

1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენამდე მოაწყოს მისი საჯარო განხილვა (ხოლო ამ კანონის მე4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყოს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიის პროცედურის დაწყებამდე).

2. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის მიზნით საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გამოაქვეყნოს თავის მიერ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს როგორც ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში, ისე იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.

3. დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) დაგეგმილი საქმიანობის მიზნებს, დასახელებასა და ადგილმდებარეობას;

ბ) მისამართს, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლებათ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, გზშ-ის ანგარიშის) გაცნობა;

გ) საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებების წარდგენის ვადას;

დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის დროსა და ადგილს.

4. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:

ა) ბეჭდვით ორგანოში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოშიც) წარადგინოს გზშ-ის ანგარიშის როგორც დოკუმენტური, ისე ელექტრონული ვერსიები;

ბ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში მიიღოს და განიხილოს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან წერილობითი სახით წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები;

გ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 50 და არა უგვიანეს 60 დღისა მოაწყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა თავის მიერ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით;

დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე უზრუნველყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლების წერილობითი მიწვევა.

5. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე დასწრების უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

6. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა ეწყობა იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.

    მუხლი 7. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების გაფორმება

1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმება, რომელიც დეტალურად უნდა ასახავდეს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. ოქმს ხელს აწერენ საქმიანობის განმახორციელებელი (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები (გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე მათი დასწრების შემთხვევაში).

2. საქმიანობის განმახორციელებელი ეცნობა საზოგადოების წარმომადგენელთა წერილობით შენიშვნებსა და მოსაზრებებს და ითვალისწინებს მათ არგუმენტებს გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესში.

3. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საზოგადოების წარმომადგენელთა შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის წერილობითი დასაბუთება და მათი ავტორისთვის (ავტორებისთვის) გაგზავნა. ეს წერილობითი დასაბუთება (შესაბამის წერილობით შენიშვნებთან და მოსაზრებებთან ერთად) საქმიანობის განმახორციელებელმა, გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების ამსახველ ოქმთან და გზშ-ის ანგარიშთან ერთად, უნდა წარადგინოს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში). ამ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები გზშ-ის ანგარიშის განუყოფელი ნაწილია.

4. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის, მისი შედეგების გაფორმებისა და გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს) ერთი წლის განმავლობაში, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარუდგინოს განცხადება ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 8. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები

1. საქმიანობის განმახორციელებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადება წარედგინება, განიხილება და წარმოებაში მიიღება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ინფორმაციის გარდა, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადებასთან ერთად წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გზშ-ის ანგარიში (5 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით);

ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით);

გ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ/ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში და მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტი (4 ეგზემპლარად);

დ) მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ (ტექნიკური რეზიუმეს სახით);

ე) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ.

3. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიაწოდოს ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმიანობა შეიცავს კომერციულ ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას. განცხადების ეს ნაწილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა წარადგინოს ცალკე.

4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტაცია:

ა) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით) – აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე;

ბ) მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ (ტექნიკური რეზიუმეს სახით). ეს დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გზშ-ის ანგარიში (5 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით) – აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე;

დ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში და მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტი (4 ეგზემპლარად) – აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე;

ე) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ – აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3051 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ179

    მუხლი 9. ნებართვის გაცემის წესი

1. სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში.

2. სამინისტრო, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ შესაბამის დოკუმენტაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რის საფუძველზედაც დგება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

3. ნებართვა გაიცემა მხოლოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.

    მუხლი 10. გზშ-ის პროცედურა

1. გზშ არის დაგეგმილ საქმიანობაზე დამასაბუთებელი დოკუმენტაციის შექმნისა და ამ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გარემოზე ყოველგვარი მოსალოდნელი ზემოქმედების წყაროს ხასიათისა და ხარისხის განსაზღვრა, აგრეთვე დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება.

2. გზშ-ის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელია საქმიანობის განმახორციელებელი.

3. გზშ-ის შედეგად დგება გზშ-ის ანგარიში.

4. გზშ-ის პროცედურას და გზშ-ის ანგარიშის შინაარსისადმი მოთხოვნებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა და „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულება, რომელსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

5. გზშ-ის პროცედურის ჩატარებისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს საქმიანობის განმახორციელებელი.

    მუხლი 11. გზშ-ისგან საქმიანობის გათავისუფლება

1. საქმიანობა შეიძლება გათავისუფლდეს გზშ-ისგან, თუ საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს საქმიანობის დაწყებას და ამის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღებას.

2. გზშ-ისგან გათავისუფლების თაობაზე საქმიანობის განმახორციელებლის განცხადებას განიხილავს და შესაბამის წინადადებებს შეიმუშავებს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭო, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს მინისტრი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს მიერ შემუშავებულ წინადადებებზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი დაინტერესებულ უწყებასთან შეთანხმებით.

საქართველო 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი 1918 - სსმ I , 35 19.11.2009 წ., მუხ. 228

    მუხლი 12. საქმიანობის განმახორციელებლის უფლება-მოვალეობანი

1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიაწოდოს ობიექტური მონაცემები ნებართვის გამცემ ორგანოს (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს).

2. ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:

ა) განახორციელოს საქმიანობა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესაბამისად;

ბ) საქმიანობის განხორციელების დაწყების შემდეგ შეასრულოს გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელი ის ღონისძიებები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევს ნებართვის გამცემი ორგანო;

გ) მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, როგორც მშენებლობის პროცესში, ისე საწარმოს (ობიექტის) ექსპლუატაციისას, დაიცვას ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობები;

დ) საქმიანობის განხორციელებისას შეასრულოს გზშ-ის ანგარიშში გათვალისწინებული ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც აუცილებლად იქნება მიჩნეული ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ან/და მოწონებული იქნება ექსპერტების მიერ, რაც შესაბამისად უნდა აისახოს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ან/და მის პირობებში.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3051 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ179

    მუხლი 13. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

ნებართვა არ გაიცემა, თუ:

ა) დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და გარემოსდაცვით სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები;

ბ) განსახორციელებელ საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა არსებობს.

    მუხლი 14. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება

ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

    მუხლი 15. ნებართვის გამცემი ორგანოს უფლება-მოვალეობანი

ნებართვის გამცემი ორგანოს უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 16. სანებართვო მოწმობის ფორმა

სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

    მუხლი 17. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი სამინისტროს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში სამინისტრო გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს, შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამის თაობაზე აცნობებს სახელმწიფო სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს სახელმწიფო სანებართვო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შესატანად.

3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 18. ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა

1. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ნებართვა სხვა პირს გადასცეს.

2. ნებართვის გადაცემის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი და ნებართვის მიმღები სამინისტროს მიმართავენ ერთობლივი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება გადასაცემი ნებართვის სახე და რეგისტრაციის ნომერი. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს:

ა) ნებართვის მფლობელისა და ნებართვის მიმღების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერები – კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები – ფიზიკური პირისათვის. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) ნებართვის გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3. სამინისტრო განცხადებას ნებართვის გადაცემის თაობაზე იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე შეაქვს ცვლილებები სანებართვო რეესტრში და გასცემს სათანადო სანებართვო მოწმობას.

4. ნებართვის მიმღები უფლებამოსილია, შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

5. ნებართვის მიმღები ვალდებულია შეასრულოს ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

საქართველო 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი 1970 - სსმ I , 35 19.11.2009 წ., მუხ .259

    მუხლი 19. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

1. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია (შემდგომში – გარემოს დაცვის ინსპექცია).

3. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის სამინისტროს.

4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გაცემისას ნებართვის პირობებში ასახული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მოთხოვნების შესრულებას ნებართვის გამცემი აკონტროლებს სამინისტროს შესაბამის წარმომადგენლებთან ერთად.

5. გარემოს დაცვის ინსპექცია კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3051 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ179

    მუხლი 20. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის და ნებართვის გაუქმება

პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 21. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობებზე გარემოსდაცვითი ნებართვის ან სახიფათო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა

პირებს, რომელთაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიღებული აქვთ გარემოსდაცვითი ნებართვა ან სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, უფლება აქვთ განცხადების საფუძველზე მოითხოვონ გარემოზე ზემოქმედების სანებართვო მოწმობის გაცემა. სამინისტრო ვალდებულია, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება სანებართვო მოწმობის გაცემის თაობაზე. ამ შემთხვევაში განცხადების შემომტანი თავისუფლდება სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.

თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 22. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებამდე ისეთი საქმიანობებისათვის გაცემული გარემოსდაცვითი ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვები, რომლებიც ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მათზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი ნორმები.

2. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღებას 2010 წლის 1 იანვრამდე სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის (პროგრამის) შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის მისაღებად წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა ასახავდეს როგორც გარემოს არსებული მდგომარეობის ანალიზს (ეკოლოგიურ აუდიტს), ისე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელ ღონისძიებათა გეგმას.

საქართველო 2009 წლის 1 2 ივნისის კანონი 1174 - სსმ I , 12 29.06.2009 წ., მუხ. 48

    მუხლი 23. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი ნორმატიული აქტები

2008 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს მინისტრის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ“;

ბ) „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

გ) „გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის შესახებ“.

    მუხლი 24. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 5);

ბ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 02.09.2005, №104, მუხ. 1161) „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №59 ბრძანება „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულებისა და მაგისტრალური მილსადენების პროექტების თანდართული ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 24.05.2002, №50, მუხ. 470);

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №139 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2005 წ., №74, მუხ. 791).

    მუხლი 25. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 14 დეკემბერი.

№5602–რს

შეტანილი ცვლილებები:

1 . საქართველო 2009 წლის 1 2 ივნისის კანონი 1174 - სსმ I , 12 29.06.2009 წ., მუხ. 48

2 . საქართველო 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი 1918 - სსმ I , 35 19.11.2009 წ., მუხ. 228

3. საქართველო 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი 1970 - სსმ I , 35 19.11.2009 წ., მუხ .259

4. საქართველო 2010 წლის 4 მაისის კანონი 3051 - სსმ I , 26 20.05.2010 წ., მუხ 179

 

 

 

 

16. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1669-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 15. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 890-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 14. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4960-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 13. 11/11/2015 - საქართველოს კანონი - 4491-Iს - ვებგვერდი, 24/11/2015 12. 29/04/2015 - საქართველოს კანონი - 3488-IIს - ვებგვერდი, 14/05/2015 11. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 2996-რს - ვებგვერდი, 12/01/2015 10. 06/02/2014 - საქართველოს კანონი - 1980-IIს - ვებგვერდი, 17/02/2014 9. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 478-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 8. 05/05/2011 - საქართველოს კანონი - 4659-Iს - ვებგვერდი, 110513025, 13/05/2011 7. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4458-Iს - ვებგვერდი, 110401008, 01/04/2011 6. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4400-Iს - ვებგვერდი, 110317030, 17/03/2011 5. 28/10/2010 - საქართველოს კანონი - 3780-IIს - სსმ, 63, 10/11/2010 4. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3051 - სსმ, 26, 20/05/2010 3. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1970 - სსმ, 35, 19/11/2009 2. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1918 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 12/06/2009 - საქართველოს კანონი - 1174 - სსმ, 12, 29/06/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას