დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1081-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/09/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.017048 |
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ასისტენტ-პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) ასისტენტი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით;“; გ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯ) პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;“; დ) „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ4) რექტორი − სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე;“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს ან კოლეგიური ორგანოს წარდგინებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებების პროექტებზე გასცემს დასკვნას შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით;“; ბ) „თ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში: ა) რექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,15 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,35 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში; ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში; დ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში.“. 4. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.“. 5. 21-ე მუხლის 12 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი არის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.“; გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“. 7. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევა შესაძლოა გახდეს აკადემიური თანამდებობის მქონე პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.“. 8. 24-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის პროექტს ათანხმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − რეგენტთა საბჭოს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − წარმომადგენლობითი საბჭოს, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილება; გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.“. 9. 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.“. 10. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დეკანის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.“. 11. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სადისერტაციო საბჭო შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან.“. 12. 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“. 13. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 33. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნებიან პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ. 4. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში. 5. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წესდებით დადგენილი წესით.“. 14. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.“. 15. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. 4. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. 6. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.“. 16. 89-ე მუხლის 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „28. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს ამ კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში შეუწყდეთ უფლებამოსილება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებამდე აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული სრული პროფესორი ჩაითვალოს ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესორად. მუხლი 4. ამ კანონის ამოქმედებამდე აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ მოქმედ ასისტენტ-პროფესორზე, აკადემიურ თანამდებობაზე დარჩენილი ვადის ამოწურვამდე, არ ვრცელდება ასისტენტ-პროფესორისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 6 სექტემბერი 2013 წ. N1081-Iს |
დოკუმენტის კომენტარები