„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1051-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 480040000.05.001.017057
1051-Iს
06/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
480040000.05.001.017057
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი – საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეებისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;“.

2.  მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

   6. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

    3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1.  გადაწყვეტილებებს დიპლომატიური წარმომადგენლობის დაფუძნებისა და ლიკვიდაციის შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა.“.

     4. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეებისა, მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.        

5.  29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გაუგრძელოს 1 წლამდე;“.

6. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიპლომატიური რანგისათვის დაწესებულია შესაბამისი დანამატი, რომლის ოდენობას მინისტრის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

7. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მინისტრის წარდგინებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით.“.

8. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.“.

9. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და  33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილებების მიღება;“.

მუხლი 2. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებისთანავე იურიდიულ ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1051-Iს