„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2535
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 08/08/2003
სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.05.001.001.340
  • Word
2535
22/07/2003
სსმ, 22, 08/08/2003
300.010.000.05.001.001.340
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებსაქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

       მუხლი 1.

 „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ.125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი (საზოგადოებრივი დამცველი) – შესაბამისი მომსახურების სფეროს მომხმარებელთა ინტერესების დამცველი.“.

2. მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან მარეგულირებელი კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის  სამსახური.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

„თავი II1. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი

 

        მუხლი 151. საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებანი

1. საზოგადოებრივ დამცველს უფლება აქვს:

ა) დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები;

ბ) შეაფასოს მომხმარებლებზე სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო ცვლილებათა გავლენის შედეგები;

გ) მარეგულირებელ ორგანოში მომხმარებელთა სახელით გამოვიდეს მხარედ;

დ) გაეცნოს ყველა იმ დოკუმენტაციასა თუ მასალას, რომელიც კანონმდებლობით ნებადართულია მარეგულირებელი კომისიის მიერ გასაცნობად;

ე) წარმოადგინოს ინდივიდუალური მომხმარებელი მომსახურე კომპანიასთან დავაში;

ვ) მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე.

2. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივ დამცველს ჰყავს შესაბამისი სპეციალობის თანაშემწეები, რომელთა შერჩევა ხდება ღია კონკურსის წესით.

3. საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში გადახდილი რეგულირების საფასურიდან და აისახება მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.

4. საზოგადოებრივი დამცველისა და მის თანაშემწეთა ხელფასი განისაზღვრება  საზოგადოებრივი დამცველისა და მის თანაშემწეთა შესარჩევი საკონკურსო პირობებით.

5. საზოგადოებრივ დამცველს და მის თანაშემწეებს არა აქვთ უფლება, მომხმარებელთაგან მიიღონ რაიმე ანაზღაურება.

6. საზოგადოებრივი დამცველის მონაწილეობა საქმისწარმოებაში არ ზღუდავს სხვა მხარეებს, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ მომხმარებლებს.

7. ეს თავი არ ზღუდავს მარეგულირებელი კომისიისა და მისი აპარატის უფლება-მოვალეობას, დაიცვან მომხმარებლები კანონმდებლობის შესაბამისად.

         მუხლი 152. საზოგადოებრივ დამცველთა დანიშვნა და უფლებამოსილების ვადა

1. საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება ღია კონკურსის წესით. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში ფორმდება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის ბრძანებით.

2. საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას ქმნის საქართველოს სახალხო დამცველი არანაკლებ 15 წევრის შემადგენლობით, რომელშიც შედიან სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს კომისიის თავმჯდომარის, საკონკურსო პირობებისა და საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ იღებს ხმათა უმრავლესობით.

3. საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება 2 წლის ვადით.

4. საზოგადოებრივი დამცველის ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ამ კანონის 153, 154 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ან ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ტუსაღობას ან თავისუფლების აღკვეთას;

გ) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას მისი ქმედუუნაროდ ცნობის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ანდა გარდაცვლილად გამოცხადების საფუძველზე.

        მუხლი 153. საზოგადოებრივი დამცველის კვალიფიკაცია და სამსახურებრივი შეუთავსებლობა

1. საზოგადოებრივ დამცველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ბუნებრივი მონოპოლიების შესაბამისი სფეროსა და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიციური ცოდნა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.

2. საზოგადოებრივი დამცველი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი.

3. საზოგადოებრივ დამცველზე ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვრცელდება თანამდებობის პირზე ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 154. საჯაროობა

საზოგადოებრივი დამცველი შესაბამის მარეგულირებელ კომისიას არა უგვიანეს ყოველი წლის მარტისა წარუდგენს წინა წლის ფინანსურ ანგარიშგებასა და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიაწვდის მათ საზოგადოებრიობას. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები ცალკე მუხლად უნდა აისახოს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.“.

4. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მიღებამდე ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში ღია კონკურსის წესით შერჩეულ მომხმარებელთა უფლებების დამცველზე გავრცელდეს ამ კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებანი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 22 ივლისი.

№2535–რს