დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5423 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/10/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38, 14/11/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 050.020.040.05.001.003.040 |
საქართველოს კანონი
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (სსმ I, №28(35), 1999 წელი, მუხ. 147) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 63-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია იქმნება ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ. იგი არ არის შემოქმედებითი კავშირი და მასზე არ ვრცელდება „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ორგანიზაცია იქმნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. თუ ორგანიზაციის წესდება შეესაბამება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, შესაბამის საგადასახადო ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება მისი რეგისტრაციის შესახებ და გასცემს რეესტრიდან ამონაწერს. ორგანიზაცია უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების მართვა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ მისი რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი, რეესტრის ფორმულარი, ასევე რეესტრიდან ამონაწერის ფორმა მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
2. 671 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 26 ოქტომბერი.
№5423–IIს
დოკუმენტის კომენტარები