საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016055
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05/27
02/09/2013
ვებგვერდი, 04/09/2013
040030000.22.054.016055
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/09/2013 - 08/10/2013)

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/27

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 14  მაისის №212  ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის  სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ' საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №3/114 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრიმირიანე ოდიშარია




საჯარო სამართლის იურიდიული პირისზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო  დრამატული თეატრი  დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდგომში _ თეატრი)  როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.

2. თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი თეატრალური ტრადიციების მქონე სტაციონარულ სარეპერტუარო დაწესებულებას, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოსაგან კანონმდებლობით დადგენილი ფორმით გადმოცემული ქონება, ჰყავს თეატრალური დასი, რომელთა უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები - დრამატული სახის სცენური წარმოდგენები (სპექტაკლები).

3. თეატრის დამფუძნებელია სახელმწიფო.

4. თეატრის სრული სახელწოდებაა _ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი”.

5. თეატრს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, სხვადასხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, საკუთარი ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. თეატრს უფლება აქვს საკუთარი სახელით შეიძინოს პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დადოს კანონით ნებადართული გარიგებები.

6. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

7. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. № 56.   

მუხლი 2. თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

 თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება.

მუხლი 3. თეატრის უფლება-მოვალეობანი

1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს:

ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება შემოქმედებითი მიმართულებების არჩევანის, რეპერტუარის შერჩევის, სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციის შესახებ;

ბ) ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;

გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან;

დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა მის მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება;

ე) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად.

 2. თეატრს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

5. თეატრი ვალდებულია:

ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „კულტურის შესახებ“, „პროფესიული თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;

ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;

გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

მუხლი 4. თეატრის სტრუქტურა და მართვა

1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, პროფესიული თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

2. თეატრის შემადგენლობა განისაზღვრება „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.

 3. სამხატვრო ხელმძღვანელის ან/და თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის გადაწყვეტილებით, თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო საბჭო.  

4.  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს  სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს წარდგინებით, ან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი 4 წლის ვადით.

5. სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი. სამხატვრო ხელმძღვანელი:

ა) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი;

ბ) პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე;

გ) განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს არაუმეტეს 4 წლის ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 6 თვეს. 4 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი შრომით ხელშეკრულებებს დებს მინისტრთან შეთანხმებით;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით;

ვ) უზრუნველყოფს რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;

 ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;

 თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მხატვარს;

კ) თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;

ლ) შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს თეატრის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან).  

6. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, ან  თეატრის დასის ან/და სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

7. სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დროებითი მოვალეობის შემსრულებელს სამხატვრო საბჭოს წარდგინებით, ან საკუთარი შეხედულებით,   ნიშნავს მინისტრი.

8. თეატრის დირექტორი:

ა) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;

 ბ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკური და დამხმარე პერსონალის მოწვევისა და გათავისუფლების საკითხს;

გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

9. თეატრის დირექტორს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  შეთანხმებით სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

მუხლი 5. სამხატვრო საბჭო

1. სამხატვრო საბჭო არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, მინისტრს წარუდგინოს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურა და დასაბუთებული მოთხოვნა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

2.  სამხატვრო საბჭო აირჩევა  თეატრის დასისა და შემოქმედებითი კოლექტივის საერთო კრების მიერ.

3.  სამხატვრო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ ხმები თანაბრად გადანაწილდება, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა; საბჭოს მოწვევა ხდება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა 1/3-ის ინიციატივით.

4. სამხატვრო საბჭოსთვის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობით.

5. სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი.

მუხლი 6. თეატრის ქონება

 თეატრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

მუხლი 7. თეატრის დაფინანსების წყაროები

1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;

ბ) უცხოური ინვესტიციები;

გ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი;

დ) კერძო შემოწირულობანი;

ე) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. თეატრის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება თეატრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. თეატრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.

მუხლი 8. თეატრის სახელმწიფო კონტროლი

1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

მუხლი 9. თეატრის წლიური ბალანსი

1. თეატრი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

2. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 10. თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

 თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.