დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 206 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/08/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017373 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (15/08/2013 - 24/12/2013)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილი უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების შედეგად მოპოვებული მასალის შესწავლის, ანალიზისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეიქმნას უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი -კომისიის თავმჯდომარე არჩილ კბილაშვილი - საქართველოს მთავარი პროკურორი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი - კომისიის წევრი მერაბ გაბინაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - კომისიის წევრი უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი - კომისიის წევრი თამარ ქალდანი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - კომისიის წევრი ლაშა ტუღუში - გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი - კომისიის წევრი კახაბერ კახიშვილი - საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი ეკა გიგაური - ა(ა)იპ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი - კომისიის წევრი. |
მუხლი 2 |
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის
დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია (შემდგომში - კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. კომისია იქმნება დებულებით განსაზღვრული მიზნის შესრულების ვადით. 3. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 4. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2. კომისიის მიზნები და ამოცანები 1.კომისიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციით, სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების შედეგად მოპოვებული მასალის (შემდგომში - მასალის) აღრიცხვა; მათი განადგურების ან/და დაარქივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 2. კომისიის ამოცანას წარმოადგენს: ა) აუდიო, ფოტო და ვიდეო მასალის სისტემატიზაცია და ანალიზი; ბ) სისტემატიზაციის შედეგად გამოვლენილი პირადი ცხოვრების ამსახველი იმ მასალის განადგურების წესის, მეთოდისა და ვადის განსაზღვრა, რომელიც არ შეიცავს ოპერატიულად ღირებულ ინფორმაციას ან არ არის მოპოვებული სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში. 3. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას. ეს ვალდებულება მათ უნარჩუნდებათ კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. კომისიის და სამუშაო ჯგუფის წევრები, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლებას, ვალდებულ არიან მიიღონ კომპეტენტური ორგანოსგან მსგავსი ნებართვა და ხელი მოაწერონ საიდუმლოების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გაფრთხილებას. 4. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოფს საბოლოო ანგარიშის მომზადებას, რომელშიც მოცემულია კომისიის შექმნიდან მისი უფლებამოსილების შეწყვეტამდე განხორციელებული საქმიანობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილი მასალის ზოგადი შინაარსი და ანალიზი. მუხლი 3. კომისიის სტრუქტურა 1. კომისია შედგება 9 წევრისგან. 2. კომისიის საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 3. კომისიის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს კომისიის მდივანს, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციულ მხარდაჭერას. 5. კომისიის მდივანზე ვრცელდება ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულება. მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია უფლებამოსილია: ა) სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა დაწესებულებებიდან გამოითხოვოს დასკვნები და სხვა საჭირო ინფორმაცია; ბ) განსაზღვროს მისი ცალკეული წევრების ფუნქციები; გ) მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის წევრისთვის მასალის გაცნობის, მისი რაოდენობის, მახასიათებლების თუ შინაარსის გადამოწმების უფლების მინიჭების შესახებ; დ) კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით შექმნას სამუშაო ჯგუფი მასალის სისტემატიზაციის, ანალიზის, სხვა დავალებების შესასრულებლად და დაამტკიცოს მისი ხელმძღვანელი; ე) კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი ან/და დარგის სპეციალისტი; ვ) მიიღოს გადაწყვეტილება მასალის სისტემატიზაციისა და ანალიზის მეთოდოლოგიის შესახებ; ზ) ზედამხედველობა განახორციელოს მასალის სისტემატიზაციისა და ანალიზის პროცესზე; თ) მიიღოს გადაწყვეტილება მასალის არქივის შექმნაზე; ი) მიიღოს გადაწყვეტილება მასალის დეპერსონალიზაციის, დამუშავების შეწყვეტის, დაბლოკვისა და განადგურების შესახებ; კ) ანგარიშის წარდგენამდე მოამზადოს შუალედური დასკვნა, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება გახდეს საჯარო. 2. კომისიის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებზე, მოწვეულ ექსპერტებსა ან/და დარგის სპეციალისტებზე ვრცელდება ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება. მუხლი 5. კომისიის საქმიანობის წესი 1. კომისიის სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ თავმჯდომარის მიერ. რიგგარეშე კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის მინიმუმ ორი წევრის მოთხოვნის შემთხვევაში. 2. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომაზე საკითხის ინიციირების უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს, თავჯდომარის მოადგილეს და წევრებს. 3. კომისიის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლოა გაიმართოს საჯარო სხდომაც. 4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრი არ არის უფლებამოსილი თავი შეიკავოს გადაწყვეტილების მიღებისგან. 6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და მდივანი. 7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დააფიქსიროს ოქმში. 8. მდივანი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გააცნოს სხდომის ოქმი კომისიის წევრებს. 9. კომისიის სხდომის ოქმის საჯაროობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. მუხლი 6. სამუშაო ჯგუფი 1. სამუშაო ჯგუფის მიერ შესასრულებელი დავალებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა ხორციელდება კომისიის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. სამუშაო ჯგუფის წევრი ვალდებულია აცნობოს კომისიას სამუშაო ჯგუფის სხვა წევრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დადგენილი საქმიანობის წესისა და ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვული ვალდებულების დარღვევის შესახებ. 3. სამუშაო ჯგუფი შესრულებული სამუშაოს შესახებ აცნობებს კომისიის წევრებს წერილობითი ანგარიშის წარდგენის სახით. 4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მოახსენებს კომისიის წევრებს. მუხლი 7. კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. კომისია ვალდებულია ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულოს არაუგვიანეს 2014 წლის 31 იანვრისა. ამ ვადაში კომისია აქვეყნებს საბოლოო ანგარიშს. 2. კომისიის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიში საჯაროა და უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე. |
დოკუმენტის კომენტარები