ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.017370
203
02/08/2013
ვებგვერდი, 02/08/2013
240110000.10.003.017370
ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №203

2013 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



დანართი
ტექნიკური რეგლამენტი ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური რეგლამენტი ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდგომში - ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს ტექნიკური უსაფრთხოების, მოწყობისა და ექსპლუატაციისადმი მოთხოვნებს ისეთი სტაციონარული, სამეწარმეო დანიშნულების  სამაცივრო დანადგარების მიმართ, რომლებიც მუშაობენ ჩაკეტილი ციკლით, სადაც მაციებელ აგენტად გამოყენებულია ამიაკი, ტექნოლოგიურ ციკლში გამოყენებული ამიაკის წონა წარმოადგენს არანაკლებ 100 კილოგრამს და/ან რომლის სისტემაში ამიაკის დასაჭირხნად გამოიყენება კომპრესორი.

2. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება დასაპროექტებელ, დასამონტაჟებელ, რეკონსტრუირებულ და ექსპლუატაციაში მყოფ სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარებზე.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებაზე პასუხისმგებლობა და კონტროლი ეკისრება მფლობელს. 

4. მფლობელს უნდა ჰქონდეს სამაცივრო დანადგარის ექსპლუატაციის  ინსტრუქცია, რომელიც შემუშავებულია ამ მაცივრის დამამზადებლის მიერ. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში მფლობელმა თავად უნდა შეიმუშაოს სამაცივრო დანადგარის შემადგენლობაში შემავალი მოწყობილობის ექსპლუატაციის ინსტრუქციები.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემ­დეგი მნიშვნელობა:

ა) ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი - კომპრესორული და აბსორბული ტიპის დანადგარი, რომელიც გამოიყენება ტემპერატურის შემცირებისა და შენარჩუნებისათვის, ხოლო გაციების აგენტად გამოიყენება ამიაკი. იგი შედგება კომპრესორის, კონდენსატორის, ამაორთქლებლისა და ჭურჭლებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია მილსადენებით 

ბ) მოწყობილობა - სამაცივრო დანადგარი, მისი შიდა სტრუქტურის მქონე ხელოვნურად შექმნილი ობიექტები და დანადგარის დამხმარე ინფრასტრქუტურა, მათ შორის რადიატორი, ჭურჭლები, საკომპრესორო დანადგარები, მილსადენები და სხვა.

გ) მფლობელი - პირი, რომელიც ფლობს ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარს.

დ) დაცვის ინდივიდუალური საშუალება - ფიზიკური პირის დაზიანებისაგან, მათ შორის ტრამვისაგან ან ინტოქსიკაციისაგან, დაცვის საშუალება.

ე) გარსაცმი - კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც გამოიყენება მილსადენის გარეგანი დაზიანებისაგან, მათ შორის კოროზიისაგან, ტემპერატურული ცვლილებისაგან და მექანიკური დაზიანებებისაგან,  დასაცავად.

ვ) ავტომატური ხელსაწყოები - ხელსაწყოები, რომელთა საშუალებით ხორციელდება სამაცივრო დანადგარის ელემენტების მართვა (რეგულირება, სიგნალიზაცია, დაცვა) მომსახურე პერსონალის ჩარევის გარეშე.

ზ) ჭურჭელი - კორპუსი, სხვა მოწყობილობებთან უშუალოდ დამაკავშირებელი ელემენტების ჩათვლით, რომელიც დაპროექტებულია და აგებულია დენადი არეების შესანახად და მისაწოდებლად, ასევე წნევის ქვეშ მოსათავსებლად.

თ) მოწყობილობის განყოფილება - სპეციალური შენობა, რომელშიც განლაგებულია სამაცივრო დანადგარის მოწყობილობები და ტუმბოები.

ი) რადიატორი - გლუვი ან შეწიბოებული მილებისაგან შემდგარი თბოგამანაწილებელი მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შენობის გასაცივებლად ჰაერის ბუნებრივი ცირკულაციის პირობებში.

კ) მაცივებელი აგენტის (ამიაკის) ზედა მიწოდება - მიწოდების გზა, რომლითაც ხორციელდება თხევადი მაცივებელი აგენტის რადიატორის ან ჰაერგამაცივებელის ზედა ნაწილში მოხვედრა.

ლ) ჰაერგამაცივებელი - წიბოვანი მილებისაგან შემდგარი თბოცვლის დანადგარი, რომელიც განკუთვნილია შენობის გასაცივებლად ჰაერის იძულებითი ცირკულაციის დროს.

მ) გამოსაცდელი წნევა - მოწყობილობისა და მილსადენების სისტემის სიმტკიცეზე გამოსაცდელი წნევა.

ნ) საშიში სამუშაო რეჟიმი - ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც ხდება საქართველოს სტანდარტის მიხედვით დადგენილი ტექნიკური პარამეტრის დარღვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დანადგარის დაზიანება ან ავარია. 

ო) სამაცივრო დანადგარში გამოყენებული ამაორთქლებელი - თბომცვლელი მოწყობილობა,  რომელშიც თბომატარებლის გაცივება ხორციელდება მაცივებელი აგენტის დუღილის ხარჯზე.

პ) დამცავი სარქველი - სარქველი, რომელიც იხსნება ჭურჭელში ან რადიატორში  წნევის სიმტკიცეზე გამოსაცდელ წნევაზე მეტად გაზრდისას, რათა მოხდეს მაცივებელი აგენტის გადაშვება დაბალი წნევის ზონაში ან ჰაერში გაშვება.

ჟ) კონდენსატორი - თბოცვლის მოწყობილობა, რომელშიც ხორციელდება მაცივებელი აგენტის ორთქლის კონდენსაცია (გათხევადება).

რ) ზეთგამომყოფი - მაცივებელი აგენტის ორთქლიდან საპოხი ზეთის გამომყოფი მოწყობილობა.

ს) სამანქანო განყოფილება - სპეციალური შენობა, რომელიც განკუთვნილია სამაცივრე კომპრესორების ან კომპრესორების, მოწყობილობის და ტუმბოების ერთობლივად განსათავსებლად.

ტ) მაცივებელი აგენტის ქვედა მიწოდება - მიწოდების გზა, რომლის დროსაც თხევადი მაცივებელი აგენტი მიეწოდება რადიატორის ან ჰაერგამაცივებელის ქვედა ნაწილს.

უ) უკუსარქველი - სარქველი, რომელიც ეწინააღმდეგება მაცივებელი აგენტის უკუსვლას, მაგალითად, კონდენსატორიდან საჭირხნ მილსადენში.

ფ) სითხის გამცალკევებელი - ჭურჭელი, რომელიც გამოაცალკევებს მაცივებელი აგენტის თხევად ნაწილაკებს კონდენსატორში შესაწოვი ორთქლისაგან.

ქ) გამაცივებელი მოწყობილობა - თბომცვლელი მოწყობილობა (რადიატორი,  ჰაერგამაცივებელი), რომლითაც ხორციელდება შენობის გაცივება.

ღ) მარეგულირებელი სადგური - მარეგულირებელი და ჩამკეტი სარქველები, რომლითაც რეგულირდება მაცივებელი აგენტის მიწოდება ასაორთქლებელ სისტემაში.

ყ) სადრენაჟო რესივერი - ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია, სამაცივრო დანადგარის გამაცივებელი მოწყობილობებიდან თხევადი მაცივებელი აგენტის დროებით მისაღებად და შესანახად (გალღობისას, რემონტის დროს და ა.შ.).

შ) ხაზოვანი რესივერი - ჭურჭელი,  რომელშიც ხორციელდება თხევადი მაცივებელი აგენტის მიღება კონდენსატორიდან.

ჩ) დამცავი რესივერი - ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია შესაწოვ ორთქლთან ერთად შემავალი თხევადი მაცივებელი აგენტის მისაღებად და კომპრესორის ჰიდრავლიკური დარტყმისაგან დასაცავად.

ც) გაჟონვის სიგნალიზატორი - ხელსაწყო, რომელიც განკუთვნილია ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის განთავსების შენობაში, ასევე სხვა ადამიანთა დაშვების ადგილებში, ამიაკის ორთქლის კონცენტრაციის (როდესაც კონცენტრაცია მეტია 0.5-1 მგ/ლ ან შესაბამისი საქართველოს სტანდარტით გათვალისწინებული კონცენტრაციის სიდიდის შემთხვევაში) დასაშვები სიდიდეების გადაჭარბების/დარღვევის შემთხვევაში სიგნალიზაციისა და შემწოვ-გამწოვი ვენტილაციის ჩასართავად.

ძ) ავარიული კონცენტრაციის სიგნალიზატორი - ხელსაწყო, რომელიც განკუთვნილია ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის განთავსების შენობაში, ასევე ადამიანთა დაშვების სხვა ადგილებში, ამიაკის ორთქლის კონცენტრაციის დასაშვები სიდიდის გადაჭარბების/დარღვევის შემთხვევაში - (1.5 მგ/ლ ან შესაბამისი საქართველოს სტანდარტით გათვალისწინებული კონცენტრაციის სიდიდის შემთხვევაში) სიგნალიზაციის ჩასართავად, ასევე მთელი სამაცივრო დანადგარის ელექტროკვების ავარიული გამორთვისათვის და იმავდროულად ავარიული ვენტილაციის ჩასართავად.

წ) უშუალო გაცივების სისტემა - სისტემა, რომელშიც გასაცივებელი ობიექტიდან სითბო თბომცვლელი მოწყობილობით გადაეცემა უშუალოდ მაცივებელ აგენტს (ამიაკს).

ჭ) თხევადი მაცივებელი აგენტის დონის მაჩვენებელი - ხელსაწყო, რომელიც გვიჩვენებს ჭურჭელში თხევადი მაცივებელი აგენტის დონეს.

ხ) მეხდაცვის სისტემა - ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული გარემოს ხელოვნური ან ბუნებრივი საშუალებებით მეხისაგან დაცვას.

ჯ) ექსპლუატაცია - მოწყობილობის მიზნობრივი გამოყენება.  

ჰ) საქართველოს სტანდარტი - ტექნიკური რეგლამენტის დაკმაყოფილების საშუალება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს, როგორც საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტის საფუძველზე, ისე შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ. 


მუხლი 3. საორგანიზაციო ღონისძიებები
1. ჭურჭლების ექსპლუატაცია, მონტაჟი, დემონტაჟი, შეკეთება და რეკონსტრუქცია უნდა აკმაყოფილებდეს წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

2. საწარმოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული შესაბამისი საქართველოს  სტანდარტით გათვალისწინებული ინსტრუქციები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.


მუხლი 4. საწარმოს ტერიტორიაზე მომუშავე პირთა ინფორმირება და ინსტრუქტაჟი
1. მფლობელი პასუხისმგებელია უზრუნველყოს საწარმოს ტერიტორიაზე მომუშავე ყველა პირის უსაფრთხოების ტექნიკის ცოდნა და მათთვის ზოგადი ხასიათის ინსტრუქტაჟის გაწევა.

2. მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე  სამუშაოს გამწევი პირების ინსტრუქტაჟი/სწავლება დანადგარის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.


მუხლი 5. მოწყობილობის და მილსადენების მასალები
1. მილსადენების მახასიათებლები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ამიაკის ტრანსპორტირება, უნდა განისაზღვროს შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. მოწყობილობის იმ ნაწილების მასალები, რომლებიც იმყოფებიან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ, უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი საქართველოს  სტანდარტის მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. იმ ნაწილების მასალა, რომლებიც მუშაობისას უშუალო შეხებაში არიან ამიაკთან და საპოხ ზეთთან, უნდა იყოს ქიმიურად ინერტული ამიაკის და ზეთის მიმართ.

4. ამიაკის მილსადენების მილტუჩების დასამზადებლად გამოყენებული უნდა იქნას უსაფრთხო მასალა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ რეგლამენტს და შესაბამის საქართველოს  სტანდარტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.


მუხლი 6. სპეციალური მოთხოვნები
1. ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის და მასთან კავშირში მყოფი მოწყობილობების მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის უსაფრთხოების მოთხოვნებს ან შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. სამანქანო და მოწყობილობის განყოფილებების შენობაში უნდა დამონტაჟდეს ჰაერში ამიაკის ორთქლის გაჟონვის და ავარიული კონცენტრაციის სიგნალიზატორები.

3. სიგნალიზატორების რაოდენობა და მახასიათებლები განისაზღვრება შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. სამაცივრო დანადგარის სამანქანო და მოწყობილობის განყოფილების შენობაში განსათავსებელი ელექტრომოწყობილობა, მათი განთავსება და გადამღობი კონსტრუქციები უნდა აკმაყოფილებდეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/251 ბრძანებით დამტკიცებული 1986 წლის „ელექტოდანადგართა მოწყობის წესები“-ს მოთხოვნებს.

5. სამანქანო და მოწყობილობის განყოფილებების შენობის გადამღობ კონსტრუქციებს უნდა გააჩნდეთ ადვილჩამომყრელი ელემენტები შესაბამისი საქართველოს  სტანდარტის შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. აკრძალულია ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების და სატრანსფორმატორო ქვესადგურების უშუალოდ სამანქანო და მოწყობილობის განყოფილების შენობაში განთავსება.

7. სამანქანო და მოწყობილობის განყოფილებას უნდა ჰქონდეს ავარიული და გამწოვი ვენტილატორები, შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

8. მოწყობილობის და სამანქანო განყოფილების, აგრეთვე ამიაკის მილსადენებით და გამანაწილებელი არმატურით არსებულ მიწისქვეშა გამავალი არხების და გვირაბების  შენობებს უნდა გააჩნდეთ დამოუკიდებელი წყაროდან მკვებავი ავარიული განათება, რომელიც ძირითადი განათების წყაროს გამორთვის შემთხვევაში უნდა ირთვებოდეს ავტომატურად.

9. ჭურჭლის, კომპრესორის, ცილინდრის და მანქანა დანადგარის სხვა მოწყობილობებისა და შიდა ნაწილების დათვალიერების, რემონტის და გაწმენდის დროს ადგილობრივი განათებისათვის გამოყენებული უნდა იქნას აფეთქებადაცული სანათები, შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

10.  სამაცივრე კამერები, რომელთა ტემპერატურა 00C-ზე დაბალია, აღჭურვილი უნდა იყოს სიგნალიზაციის სისტემით, რომელიც მიანიშნებს, რომ სამაცივრე კამერაში იმყოფება ადამიანი სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია.

11. მაცივარს და სამანქანო განყოფილებას, აგრეთვე გარე კონდენსატორ-რესივერულ მოწყობილობებს, უნდა გააჩნდეს მეხდაცვის სისტემა.

12. სამაცივრე დანადგარის ნებისმიერი მოწყობილობის ელექტროკვების საგანგებო გამორთვისას უნდა ხდებოდეს ავარიული ვენტილაციის სისტემის ჩართვა  შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

13. დაუშვებელია იმ მოწყობილობებისა და ავზების ფიზიკური დაზიანება, რომლებიც მუშაობენ ამიაკზე ან მასთან შეხებაში იმყოფებიან, ასევე დასაშვები ზღვრის მიღმა ტემპერატურული ცვლილება და სხვა სახის ქმედება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და ასევე გარემოს.

14. იმ მოწყობილობის, მილსადენების და არმატურის დემონტაჟი და რემონტი, რომლებიც ურღვევ კავშირში  იმყოფებიან კომპრესორთან და სხვა მოწყობილობებთან, რომლებშიც გამოიყენება ამიაკი, დასაშვებია მხოლოდ მათი ამიაკისგან დაცლის შემთხვევაში.


მუხლი 7. არმატურა, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და დამცავი მოწყობილობები
1. ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარში, თითოეული არააგრეგატირებული კომპრესორის, შუალედური შეკუმშვის საფეხურების ჩათვლით, საჭირხნ მილებზე, აგრეთვე საჭირხნ მაგისტრალზე დამონტაჟებული უნდა იყოს უკუსარქველები.

2. გარსაცმიან მილიან მოწყობილობაში უნდა იყოს გამოყენებული სითხის დონის ვიზუალური მაჩვენებლები დამზადებული შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. ამიაკის მანომეტრები და მანოვაკუუმმეტრები უნდა იყოს დამონტაჟებული ისე, რომ უზრუნველყოს მონაცემთა მკაფიო ჩვენება ვიბრაციის გარეშე  საქართველოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. მანომეტრები უნდა იყოს დამონტაჟებული ყველა დაჭირხნულ და გაიშვიათებულ წნევაზე მომუშავე მოწყობილობაზე.

5. მანომეტრები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი საქართველოს სტანდარტით დადგენილ და გათვალისწინებულ  მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. თითოეული კომპრესორის შემწოვ და დამჭირხნავ მილსადენებზე დამონტაჟებული უნდა იყოს მასრები გარსაცმიანი თერმომეტრებისათვის შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7.  გარსაცმიანი მილის მოწყობილობებს უნდა გააჩნდეთ ზამბარიანი დამცავი სარქველები წნევაზე მომუშავე ჭურჭლების შესახებ შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

8. აკრძალულია ჭურჭელსა და დამცავ სარქველს შორის ჩამკეტი არმატურის დამონტაჟება.

9. აკრძალულია დამცავი სარქველების ნაცვლად სახშობების და დამცავი ფირფიტების დამონტაჟება.

10. კომპრესორებში დამცავი სარქველების ზომა და კონსტრუქცია, უნდა შეესაბამებოდეს ქარხანა დამამზადებლის მიერ მოწყობილობის პასპორტით/ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ხოლო ჭურჭლებში - წნევაზე მომუშავე ჭურჭლების შესახებ შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

11. დამცავი სარქველებიდან ამიაკის ორთქლის ატმოსფეროში გაფრქვევა უნდა ხდებოდეს გამფრქვევი მილის საშუალებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

12. კომპრესორების დამცავი სარქველების შემოწმება უნდა ხდებოდეს შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.


მუხლი 8. ჰიდრავლიკური დარტყმის და საშიში სამუშაო რეჟიმისგან კომპრესორების ავტომატური დაცვა
1. საშიში სამუშაო რეჟიმიდან გამოსართავად სამაცივრო დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური დაცვის ხელსაწყოებით.

2. თითოეულ თბომცვლელ ან ტევადობის ჭურჭელს, საიდანაც კომპრესორები შეიწოვენ ამიაკის ორთქლს, უნდა გააჩნდეთ ორ-ორი ურთიერთდუბლირებადი დამცავი დონის რელე, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპრესორების გამორთვას სითხის საშიშ დონემდე მატების შემთხვევაში.

3. საცირკულაციო რესივერებს, ამაორთქლებლებს და შუალედურ ჭურჭლებს უნდა გააჩნდეთ რეგულატორები ან რელე, რომლებიც უზრუნველყოფენ ამიაკის აუცილებელი ნორმალური სამუშაო დონის შენარჩუნებას.

4. საცირკულაციო და დამცავ რესივერებს უნდა გააჩნდეთ ზღვრული დასაშვები დონის რელე, რომელიც რთავს სიგნალიზაციას. დონის შემდგომი აწევის საწინააღმდეგო ზომების მიღების აუცილებლობის ნიშნად, სიგნალიზაციის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის საქართველოს სტანდარტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. ხაზოვანი რესივერები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით დადგენილი მახასიათებლების მქონე სიგნალიზაციით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. დაუშვებელია ერთი და იმავე ხელსაწყოს ერთდროულად გამოყენება საცირკულაციო და დამცავი რესივერების ფუნქციონირების რეგულირების და დაცვისთვის.

7. სითხის დონის კონტროლისათვის ვერცხლისწყლიანი მოწყობილობების გამოყენება აკრძალულია.

8. ელექტრონული სადენები, რომლებიც აკავშირებენ დონის დამცავი რელეს გადამწოდებს ელექტრონულ ბლოკებთან, დაცული უნდა იყოს მექანიკური დაზიანებისაგან ან გაყვანილი უნდა იქნეს მილებში შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

9. დანადგარებში ნებისმიერი ამაორთქლებელი სისტემის მოწყობილობის ან ჭურჭლის დონის დამცავი რელეს ამოქმედების შემთხვევაში, უნდა გამოირთოს სამანქანო განყოფილების ყველა მომუშავე ამიაკის კომპრესორი.

10. კომპრესორების ჩართვა დაცვის ხელსაწყოების ამოქმედების შემდეგ დაუშვებელია  დაცვის მექანიკური განბლოკვის გარეშე.

11. დაუშვებელია კომპრესორების ამუშავება გამორთული ავტომატური დაცვის მოწყობილობების პირობებში.


მუხლი 9. სამშენებლო ნაწილი, მოწყობილობის განთავსება, გათბობა და ვენტილაცია
1. ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი და მისი მოწყობილობები დაპროექტებული, აწყობილი და განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2.  სამანქანო განყოფილების სათავსოს, უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი, მათ შორის, ერთი გარეთ, გასასვლელი, რომლებიც ერთმანეთისგან მაქსიმალურად იქნებიან დაშორებული, მე-9 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით.

3. სამანქანო განყოფილების სათავსოს სიმაღლე, მზიდი კონსტრუქციის ზედაპირიდან, უნდა იყოს არანაკლებ 4.8 მ. ხოლო რეკონსტრუირებული შენობის შემთხვევაში   არანაკლებ 3.6 მ.

4. მოწყობილობის განყოფილების სიმაღლე, მზიდი სამშენებლო კონსტრუქციის ზედაპირიდან, უნდა იყოს არანაკლებ 3.6 მ. რეკონსტრუირებული შენობის შემთხვევაში   არანაკლებ 3.0 მ.

5. ახლად დაპროექტებულ ობიექტებში, სამანქანო და მოწყობილობის განყოფილების ქვეშ, დაუშვებელია სარდაფის მოწყობა ამიაკის მოწყობილობის, ჭურჭლების, ტუმბოების და მილსადენების განსათავსებლად.

6. სამანქანო და მოწყობილობის განყოფილების იატაკი უნდა იყოს სწორი, არასრიალა და დამზადებული უნდა იყოს უწვადი და არაალებადი მასალისაგან.

7. სამანქანო და მოწყობილობის განყოფილებებში  მოწყობილი უნდა იყოს მუდმივად მოქმედი მომდენ-გამწოვი და ავარიული გამწოვი ვენტილაციის სისტემები.

8. სამანქანო და მოწყობილობის განყოფილების ავარიულ ვენტილაციას უნდა გააჩნდეს გამშვები ხელსაწყო, როგორც შიგნით სავენტილაციო სათავსოში გასასვლელებთან, ასევე შენობის გარე კედელზე. ავარიული ვენტილაციის ელექტროკვებისთვის გამოყენებული უნდა იყოს როგორც ძირითადი, ასევე მისგან დამოუკიდებელი ენერგიის წყარო.


მუხლი 10. გაცივების სისტემები
1. თითოეული გაცივების სისტემის კომპრესორები დაცული უნდა იყოს ჰიდრავლიკური დარტყმისაგან.                                                                                                                                 

2. 500 ტონის პროდუქტის და მეტი ტევადობის მაცივრებს უნდა გააჩნდეს უშუალო გაცივების ტუმბო-ცირკულაციური სისტემები.

3. უშუალო გაცივების სისტემის მქონე მაცივარს, კომპრესორების თითოეულ შემწოვ მაგისტრალზე,  უნდა გააჩნდეს სითხის გამცალკევებელი, რომლის მახასიათებლები განისაზღვრება შესაბამისი საქართველოს  სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. ხაზობრივი  რესივერების ტევადობა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის საქართველოს სტანდარტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 5. ამიაკის სამაცივრო დანადგარი და მისი ინფრასტრუქტურა დაცული უნდა იყოს უშუალო სითბური ზემოქმედებისგან, მათ შორის პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებისგან. ამასთანავე მიღებული უნდა იყოს ყველა ზომა მოწყობილობათა გადახურების გამოსარიცხად.


მუხლი 11. მილსადენების სისტემები
1. საწარმოს ტერიტორიაზე ამიაკის მილსადენები გაყვანილი უნდა იქნას საყრდენებზე, მიწის ზემოთ, ტრანსპორტის თავისუფალი მოძრაობის სიმაღლეზე.

2. საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გვირაბებს უნდა ჰქონდეს ორი გასასვლელი, მათ შორის ერთი უშუალოდ გარეთ გამავალი, ასევე მომდენ-გამწოვი ვენტილაცია, საავარიო და სარემონტო განათება და საავარიო სიგნალიზაცია სამანქანო განყოფილებაში.                                                                                                                                

3. კომპრესორების მუშაობით გამოწვეული ვიბრაციის ზეგავლენის შემცირების მიზნით, მფლობელმა უნდა დაიცვას  შესაბამისი საქართველოს სტანდარტით გათვალისწინებული შესაბამისი პირობები, ზომები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. სამაცივრო კამერებში გამაცივებელ მოწყობილობებთან ამიაკის მილსადენების მიყვანა უნდა განხორციელდეს გასასვლელების გასწვრივ, კედლებთან და ტიხრებთან, რათა გამოირიცხოს ტვირთებით და სატრანსპორტო საშუალებებით  მილების დაზიანება.   

5. სამაცივრო დანადგარების მილსადენებს, შემაერთებელ ნაწილებს, არმატურას და იზოლაციას უნდა ჰქონდეთ ამოსაცნობი შეფერილობა შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.


მუხლი 12. სამაცივრო დანადგარის და მილსადენების მონტაჟი
1. სამაცივრო დანადგარისა და მილსადენის მონტაჟი და მასთან დაკავშირებული სამუშაო უნდა განხორციელდეს წნევაზე მომუშავე ჭურჭლების შესახებ შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2.  მოწყობილობის მფლობელის მიერ მონტაჟის შემდეგ სისტემის ამიაკით შევსება უნდა მოხდეს სისტემის გაქრევის, სიმტკიცეზე და სიმკვრივეზე გამოცდის შემდეგ.

3.  მოქმედი სამაცივრო დანადგარის მილსადენებზე საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ გამორთულ და ამიაკისგან (ჰაერის გამოქრევით) განთავისუფლებულ მოწყობილობაზე და მილსადენზე. 


მუხლი 13. სამაცივრო დანადგარების ამიაკით შევსება
1. საკომპრესორო დანადგარების შევსება თხევადი ამიაკით უნდა ხორციელდებოდეს ქარხანა-დამამზადებლის პასპორტის/ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ამიაკის   ავზები უნდა აკმაყოფილებდნენ წნევაზე მომუშავე ჭურჭლების შესახებ შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.      

3. სამაცივრო დანადგარსა და მის დამხმარე ინფრასტრუქტურაში გამოყენებული ამიაკი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის საქართველოს  სტანდარტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარში გამოსაყენებელ ამიაკს თან უნდა ერთვოდეს ამიაკის დამამზადებლის ლაბორატორიული დასკვნა.

5.  სისტემის ამიაკით შევსების დროს მომსახურე და დაქირავებული პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით   შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. ამიაკის ბალონების შევსება და დაცლა უნდა ხორციელდებოდეს  უსაფრთხოების სრული დაცვით. 


მუხლი 14. კომპრესორები
    1. კომპრესორის ექსპლუატაცია, მათ მიერ ამიაკის ორთქლის შეწოვა, გადახურება და ცილინდრების გახსნა უნდა მოხდეს უსაფრთხოების სრული დაცვით.

    2. სითხის გამცალკევებლის გარეშე კომპრესორების მიერ ამიაკის ორთქლის შეწოვა დაუშვებელია.

    3. მოწყობილობის ყველა მოძრავი და მბრუნავი ნაწილი უნდა იყოს მთლიანი ან ბადისებრი შემოღობვით უზრუნველყოფილი,  შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    4. სამაცივრო ამიაკის კომპრესორების შესაპოხად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ კომპრესორების პასპორტში/ინსტრუქციაში მითითებული შესაბამისი საპოხი მასალები.

    5. მონტაჟის ან/და რემონტის შემდეგ, ამიაკის კომპრესორების შემოწმება და საცდელი ჩართვა უნდა განხორციელდეს ქარხანა-დამამზადებლის პასპორტის/ინსტრუქციის შესაბამისად.


მუხლი 15. ჭურჭლები
1. ჭურჭლებიდან ამიაკის გაწოვისას დაუშვებელია მათში მკვეთრი წნევის ვარდნა. დასაშვები ზომა განისაზღვრება ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციით/პასპორტიით. 

2. გარსაცმიანი მილის და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების მოხმარების დროს გამოყენებული ნივთიერებები (კონცენტრირებული მარილხსნარი, წყალი), ასევე მათი ტემპერატურული ცვლილების დასაშვები ზღვრები უნდა აკმაყოფილებდეს   შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. ზეთგამომყოფიდან, ასევე მაღალი და დაბალი წნევის მხარის მოწყობილობიდან უნდა ხორციელდებოდეს ზეთის პერიოდული გადაშვება ზეთსაკრებებში. ზეთსაკრებებიდან ზეთის გამოშვება უნდა მოხდეს უსაფრთხოდ.

4. სამაცივრო დანადგარებში ხაზოვანი რესივერების დამცავი, სადრენაჟო ან საცირკულაციო რესივერების, აგრეთვე გარსაცმიან მილიანი ამაორთქლებლების კონდენსატორის სახით გამოყენება დაუშვებელია.                 

5. ჭურჭელი უნდა გამოირთოს, შესაბამისი  შემთხვევების დროს:

ა) წნევა ჭურჭელში დასაშვებზე მაღალია;

ბ) გაუმართავია დამცავი სარქველები;

გ) ჭურჭელის ძირითად ელემენტებში აღმოჩენილია ბზარები, ამონაბერები, კედლების მნიშვნელოვანი დათხელება, შუასადებების გარღვევა;

დ) გაუმართავია მანომეტრი და შეუძლებელია წნევის განსაზღვრა;

ე) გაუმართავია ლუქების და თავსახურების სამაგრი დეტალები;

ვ) გაუმართავია სითხის დონის მაჩვენებელი;

ზ) გაუმართავია საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და ავტომატიკის საშუალებები.

თ) ჭურჭლის პასპორტში/ინსტრუქციაში მითითებული სხვა გარემოებების დროს.                                                                                 


მუხლი 16. მილსადენები და სამაცივრო კამერების მოწყობილობები
1. მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ამიაკის სისტემის შემადგენელი ნაწილების შეერთებიდან ამიაკის გაჟონვისგან დაცვა, შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. მარეგულირებელ სადგურსა და კონდენსატორს შორის სითხის მილსადენების, აგრეთვე მათანაბრებელი სითხის და ორთქლის ხაზების ჩამკეტი ვენტილები, მუშაობის დროს, უნდა იყოს ღია მდგომარეობაში ან გამოყენებულ იქნას სხვა ზომა აფეთქებასა და გაჟონვასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

3. ამიაკის არმატურა და მილსადენები დაცული უნდა იყოს მექანიკური დაზიანებისაგან.

4. აუცილებელია ლითონის ან მისი ეკვივალენტური მდგრადობის მასალით შემოღობვის გაკეთება ან მიღებული იქნეს სხვა ალტერნატიული ზომა, რომელიც უზრუნველყოფს მილსადენების დაზიანებისგან დაცვას.

5. ამიაკის სამაცივრო კამერებში ტვირთები უნდა იყოს უსაფრთხოების ზომების, მათ შორის მანძილების დაცვით განთავსებული, ასევე უნდა აკმაყოფილებდეს პასპორტით/ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

6. ჰაერგამაცივებლების მასში ჩამონტაჟებული ელექტრო-გამახურებელი ელემენტებით გალღობის წინ აუცილებელია ჰაერგამაცივებლების თხევადი ამიაკისგან განთავისუფლება.


მუხლი 17. დაცვის ინდივიდუალური საშუალებები
1. ავარიის ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარებთან მუშაობის პროცესში გამოყენებული უნდა იყოს დაცვის ინდივიდუალური საშუალებები.

 2. დაცვის ინდივიდუალური საშუალებების შემადგენლობა, პერსონალისათვის ხელმისაწვდომობა და შენახვის პირობები უნდა განისაზღვროს შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 


მუხლი 18. ამიაკის შენახვა
1. ამიაკით შევსებული ავზების შესანახი სათავსო, მისი ტევადობა, დაშორება საწარმოო და სასაწყობე შენობებისგან და სხვა მოთხოვნები განისაზღვრება  შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. ამიაკით შევსებული ავზების შესანახი სათავსოს იატაკი უნდა იყოს სწორი და არასრიალა ზედაპირის მქონე.

3. ამიაკით შევსებული ავზების შესანახ სათავსოს უნდა გააჩნდეს ბუნებრივი ან მექანიკური ვენტილაცია.

4. ამიაკით შევსებული ავზების შესანახი სათავსო უნდა მდებარეობდეს მეხდაცვის ზონაში და უზრუნველყოფილი იყოს ხანძარსაქრობი საშუალებებით.        

5. ამიაკით შევსებული ავზები, მასზე ჩამოცმული ბუნიკებით, უნდა ინახებოდეს პასპორტში/ინსტრუქციაში მითითებული ინსტრუქციის  და/ან შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. ამიაკის ავზების შესანახი საწყობის გარედან განთავსებული უნდა იყოს მაფრთხილებელი ნიშნები, მათ შორის: „საშიშია“, „მოწევა აკრძალულია“, „ადვილად აალებადი“ და ა.შ.

7. ამიაკის ავზების შეფერილობა და მათზე განთავსებული წარწერები უნდა განისაზღვროს შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

8.  ამიაკის ავზების შენახვა დასაშვებია მხოლოდ ამიაკის ავზების შესანახ სპეციალურ საწყობში.

9.  რესივერები,რომლებიც განკუთვნილია ამიაკის შესანახად და საწარმოების ამიაკით მომარაგებისათვის, დაცული უნდა იყოს ნალექებისგან და მზის სხივებისგან.

10. რესივერებს უნდა გააჩნდეთ სითხის დონის ვიზუალური მაჩვენებლები, მანომეტრები, დამცავი სარქველები და მათგან ჩამოსასხმელი მილსადენები.

11. საცავის ცალკეული ჭურჭლების შევსება უნდა განხორციელდეს მისი პასპორტის/ინსტრუქციის მიხედვით.


მუხლი 19. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა
1. ამ ტექნიკური  რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-5 მუხლის პირველ,  მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-6 მუხლის  მე-7 და მე-10 პუნქტებში, მე-7 მუხლის მე-2, მე-6 და მე-12 პუნქტებში, მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებში, მე-9  მუხლის მე-6 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებში, მე-11 მუხლის პირველ, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-13 მუხლის მე-6 პუნქტში, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-15 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-16 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-18 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში  მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2.  ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-6 მუხლის მე-5, მე-8, მე-9, მე-11, მე-12 და მე-13  პუნქტებში, მე-7 მუხლის მე-3, მე-4, მე-10 და მე-11 პუნქტებში, მე-8 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-10 და მე-11 პუნქტებში, მე-9 მუხლის მე-2, მე-5, მე-7 და მე-8  პუნქტებში, მე-10 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-18 მუხლის მე-4, მე-8, მე-9 და მე-10  პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.


მუხლი 20. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა
1.   ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-13 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-16 მუხლის მე-6  პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-4, მე-6 და მე-14 პუნქტებში, მე-7 მუხლის პირველ, მე-8  და მე-9 პუნქტებში, მე-8 მუხლის პირველ და მე-15 მუხლის მე-5 პუნქტში  მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.


მუხლი 21. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა
ტექნიკური რეგლამენტის მე-19 და მე–20 მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შუსაბამობას.