საინვესტიციო ფონდების შესახებ

საინვესტიციო ფონდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 843-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 240080000.05.001.017035
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
843-რს
24/07/2013
ვებგვერდი, 16/08/2013
240080000.05.001.017035
საინვესტიციო ფონდების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ამ კანონის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება საინვესტიციო ფონდების სახეების განმარტება, მათი შექმნის და საქმიანობის განსაზღვრა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. პაი – სახელობითი, არამატერიალიზებული, წილობრივი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის წილს საპაიო საინვესტიციო ფონდში და ფონდის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აძლევს მას კომპენსაციის მიღების უფლებას და სხვა უფლებებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით.

2. საპაიო საინვესტიციო ფონდი – კოლექტიური საინვესტიციო სქემა, რომელიც შედგება ინვესტორების მიერ მართვის მინდობის უფლებით გადაცემული ფულადი საშუალებებისგან, აგრეთვე ამ საშუალებების მართვის შედეგად მიღებული ქონებისგან, რომლის წილზე საკუთრების უფლება წარმოიშობა და დასტურდება აქტივების მმართველი კომპანიის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდით (პაით). საპაიო საინვესტიციო ფონდი არ არის იურიდიული პირი.

3. ღია საპაიო საინვესტიციო ფონდი – ფონდი, რომელიც უწყვეტად ახორციელებს პაის განთავსებას ნებისმიერ დროს მისი გამოსყიდვის ვალდებულებით.

4. ინტერვალური საპაიო საინვესტიციო ფონდი – ფონდი, რომელიც უწყვეტად ახორციელებს პაის განთავსებას ფონდის წესებით განსაზღვრულ დროის ინტერვალში მისი გამოსყიდვის ვალდებულებით.

5. დახურული საპაიო საინვესტიციო ფონდი – ფონდი, რომელიც ახორციელებს პაის განთავსებას საჭიროებიდან გამომდინარე და რომელსაც მისი გამოსყიდვის ვალდებულება არ გააჩნია.

6. სააქციო საინვესტიციო ფონდი – სააქციო საზოგადოება, რომელსაც შეიძლება მართავდეს პირი ან პირთა ჯგუფი და რომლის ერთადერთი საქმიანობაა აკუმულირებული ფინანსური აქტივების ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირება და მასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების განხორციელება. სააქციო საინვესტიციო ფონდი ანგარიშვალდებული საწარმოა.

7. ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი – სააქციო საინვესტიციო ფონდი, რომლის ერთადერთი საქმიანობაა ფინანსური აქტივების ინვესტირება დამწყებ (არაუმეტეს 2 წლის) კომპანიებში ანდა ბიზნესიდეებში. ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდს არ შეიძლება ჰყავდეს 50 ინვესტორზე მეტი. ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდის აქტივების 20%-ზე მეტი არ შეიძლება განთავსდეს საჯარო ფასიან ქაღალდებში. მას აგრეთვე ეკრძალება სესხის აღება საკუთარი აქტივების 20%-ზე მეტი ოდენობით.

8. კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდი – სააქციო საინვესტიციო ფონდი, რომლის ერთადერთი საქმიანობაა ფინანსური აქტივების ინვესტირება არსებულ კომპანიებში ამ კომპანიების შემდგომ რესტრუქტურიზების მიზნით. კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდი ინვესტირებისას ვალდებულია შეიძინოს კომპანიის კაპიტალის საკონტროლო პაკეტი. კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდს არ შეიძლება ჰყავდეს 50 ინვესტორზე მეტი. მას უფლება აქვს, ფინანსური საშუალებების მოსაზიდად გამოიყენოს როგორც კაპიტალი, ისე სასესხო ფინანსური ინსტრუმენტები.

 მუხლი 3. საინვესტიციო ფონდები და მათი სახეები

1. საქართველოში ნებადართულია რეგულირებადი საინვესტიციო ფონდების საქმიანობა.

2. კომპანია, რომელიც შეიძლება აწარმოებდეს საინვესტიციო ფონდის საქმიანობის მსგავს საქმიანობას (ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებას), არ შეიძლება ჩაითვალოს საინვესტიციო ფონდად. აღნიშნული ტიპის არარეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია შეიძლება შეიქმნას და ფუნქციონირებდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ფორმით, იმის გათვალისწინებით, რომ მას მის სახელწოდებაში სიტყვების „საინვესტიციო ფონდი“ არსებობის შემთხვევაშიც ეკრძალება ამ სახელწოდების რეკლამირება და შესაბამისი მომსახურების გაწევა საზედამხედველო ორგანოში საინვესტიციო ფონდად რეგისტრაციამდე.   

3. რეგულირებადი საინვესტიციო ფონდების სახეებია:

ა) საპაიო საინვესტიციო ფონდი (რომელიც შეიძლება იყოს ღია, ინტერვალური, დახურული);

ბ) გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი (გისფ);

გ) სააქციო საინვესტიციო ფონდი (მათ შორის, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი ან კერძო სააქციო ფონდი);

დ) სხვა სახის საინვესტიციო ფონდები, რომლებიც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

4. ბანკი, სადაზღვევო კომპანია, საბროკერო კომპანია, საპენსიო სქემა, სამრეწველო ან/და საფინანსო კომპანია, ჰოლდინგი არ არის საინვესტიციო ფონდი.

5. საინვესტიციო ფონდს ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობა, გარდა ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებისა და მათთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა. მას არ შეიძლება ჰქონდეს სხვა ქონება, გარდა ფულისა, ფულთან გათანაბრებული აქტივებისა და ფინანსური ინსტრუმენტებისა. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდზე, რომელიც რეგისტრირებულია იურიდიულ პირად და არის ანგარიშვალდებული კომპანია.

6. საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ფონდის მონაწილეთა ფინანსური აქტივების ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებით და მათთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების განხორციელებით (მათ შორის, დივიდენდებით, საპროცენტო ან სხვა შემოსავლით) წარმოშობილი მოგება ან ზარალი არ არის იმ საინვესტიციო ფონდის მოგება ან ზარალი, რომელიც, ამ კანონის თანახმად, არ არის იურიდიული პირი.

7. საინვესტიციო ფონდის წილის, აქციების ან პაის მფლობელის ინვესტირებულ თანხაზე ნამატი (ამონაგების, დივიდენდის (გარდა საინვესტიციო ფონდიდან მიღებული დივიდენდისა) ან სხვა სახით) საინვესტიციო ფონდიდან ამ პირის გასვლამდე (წილის, აქციების ან პაის რეალიზაციამდე) განიხილება დამატებით ინვესტირებულ თანხად. საინვესტიციო ფონდის წილის, აქციების ან პაის მფლობელის შემოსავალი წარმოიშობა საინვესტიციო ფონდიდან დივიდენდის სახით შემოსავლის მიღების მომენტში ან/და საინვესტიციო ფონდის წილის, აქციების ან პაის რეალიზაციის მომენტში (ანგარიშსწორების დღეს). საინვესტიციო ფონდიდან გასვლის შედეგად მიღებული შემოსავალი შეადგენს მიღებულ და ინვესტირებულ თანხებს შორის წარმოშობილ დადებით სხვაობას.   

8. საინვესტიციო ფონდი ვალდებულია ჰყავდეს აუდიტორი, რომელიც არ უნდა იყოს დაკავშირებული პირი. საინვესტიციო ფონდის 5%-ზე მეტი წილის/აქციების/პაის მესაკუთრეს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ჩაატაროს დამოუკიდებელი აუდიტი.

9. საზედამხედველო ორგანო ადგენს საინვესტიციო ფონდების რეგულირების (მათ შორის, რეგისტრაციის პროცედურისა და ანგარიშგების) წესებს, რომლებითაც განისაზღვრება განსხვავებული მოთხოვნები სხვადასხვა სახის საინვესტიციო ფონდების მიმართ, კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

მუხლი 4. საინვესტიციო ფონდის შექმნის პროცედურა

1. საინვესტიციო ფონდი შექმნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საზედამხედველო ორგანოს რეგისტრაციისათვის უგზავნის განაცხადს.

2. საზედამხედველო ორგანომ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განაცხადი მისი მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში უნდა განიხილოს. თუ განაცხადი არასრულყოფილია, საზედამხედველო ორგანოს შეუძლია საინვესტიციო ფონდს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება (შევსება).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში საზედამხედველო ორგანოს მიერ პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში საინვესტიციო ფონდი რეგისტრირებულად ჩაითვლება.

4. საინვესტიციო ფონდს საზედამხედველო ორგანოში რეგისტრაციის გარეშე არ შეუძლია საქმიანობის დაწყება (ინვესტირება).

5. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მიმართ დამატებითი მოთხოვნებია:

ა) გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის საწყისი კაპიტალი არ შეიძლება იყოს 500 000 (ხუთასი ათას) ლარზე ნაკლები. აღნიშნული მინიმუმი მიღწეული უნდა იქნეს საზედამხედველო ორგანოში ფონდის რეგისტრაციიდან 1 წლის განმავლობაში;

 ბ) გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილეთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს 50-ზე მეტი. აღნიშნული მაქსიმუმის გადაჭარბების შემთხვევაში ფონდი უნდა დარეგისტრირდეს სააქციო საინვესტიციო ფონდად;

გ) გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი შეიძლება იყოს აქტივების მართვის ლიცენზიის მქონე პირი ან პირთა ჯგუფი. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველთან ხელშეკრულება, მომსახურების სახეები, პირობები და ინვესტირების კრიტერიუმები რეგულირდება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით და დამატებით რეგულაციას არ ექვემდებარება; 

დ) გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის პაის, წილებს ან აქციებს აღრიცხავს და ინახავს აქტივების მმართველი კომპანია, თუ მათ შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ე) გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდს ეკრძალება რეკლამირება ფონდის საემისიო აქციებით, წილებით ან პაით დაინტერესებისა და მათი რეალიზაციისათვის.

მუხლი 5. საინვესტიციო ფონდის განაცხადი

საზედამხედველო ორგანოში წარდგენილ საინვესტიციო ფონდის განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) კომპანიის რეკვიზიტები;

ბ) მმართველის (მმართველების), სპეციალიზებული დეპოზიტარის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აუდიტორის (რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში) ან სხვა მომსახურე პირთა ვინაობა და მისამართები;

გ) ყველა მისამართი, რომლებიც ფონდის მონაწილემ (ინვესტორმა) უნდა იცოდეს, რათა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ფონდის შესახებ, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება;

დ) ფონდში ახალი მონაწილის (ინვესტორის) შეყვანის პირობები;

ე) ფონდის მართვისათვის მმართველის (მმართველების) სასარგებლოდ  გადასახდელი გადასახდელები;

ვ) ფონდის წესები.

მუხლი 6. საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი

1. იმ ხელშეკრულების (წესდების) გარეკანზე, რომელიც ეხება ფულადი საშუალებების მოზიდვას, მითითებული უნდა იყოს საინვესტიციო ფონდის სახე.

2. დაუშვებელია ხელშეკრულებაში გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილისათვის (ინვესტორისათვის) კონკრეტული შემოსავლის დაპირება.

3. თუ გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდს მომსახურებას უწევს დაკავშირებული პირი ან ამ ფონდის მმართველი ან რეგისტრირებული მესაკუთრე არის დაკავშირებული პირი, საინვესტიციო ფონდი ვალდებულია ეს ინფორმაცია საჯარო გახადოს.

4. ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდი ვალდებულია ამის შესახებ ინფორმაცია 7 სამუშაო დღის ვადაში  წარუდგინოს საზედამხედველო ორგანოს.

5. საინვესტიციო ფონდის მმართველი ან/და მმართველი კომპანია ვალდებულია წარადგინოს ფონდის წლიური, ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგება, აგრეთვე მიმდინარე ანგარიშები, რომელთა ძირითადი შინაარსი ან განსხვავებული ფორმატი განისაზღვრება საზედამხედველო ორგანოს წესებით. ანგარიშგების წარდგენის ვადა იგივეა, რაც დადგენილია ანგარიშვალდებული საწარმოსთვის, თუ სხვა რამ არ იქნა დადგენილი საზედამხედველო ორგანოს მიერ.

მუხლი 7. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილე (ინვესტორი)

1. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილე (ინვესტორი) თავად ახდენს შესაბამისობის დეკლარირებას და დეკლარაციაში ირწმუნება, რომ მან იცის ფონდში მონაწილეობის რისკების შესახებ.

2. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მმართველი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მან იცოდა, რომ პირი, რომელსაც უფლება მისცა, გამხდარიყო ფონდის მონაწილე (ინვესტორი), არ იყო გამოცდილი ინვესტორი.

მუხლი 8. მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ

1. საინვესტიციო ფონდის ან/და საპენსიო სქემის აქტივების მართვის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირს.

2. აქტივების მმართველი კომპანია რეგისტრირებული უნდა იყოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება.

3. აქტივების მმართველი კომპანია საქმიანობას ახორციელებს საინვესტიციო ფონდის ან სქემის წესდების, საინვესტიციო დეკლარაციის და წესების, ფონდსა და აქტივების მმართველ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ან მართვის მინდობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებისა და საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.

4. აქტივების მმართველ კომპანიას დადებული უნდა ჰქონდეს სადეპოზიტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება ცენტრალურ დეპოზიტართან, სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან დეპოზიტართან, რაც სავალდებულოა საპენსიო სქემებისთვის და ყველა იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო ფონდის პაის, წილის ან აქციების რეგისტრირებულ მესაკუთრეთა რაოდენობა 50-ს აღემატება.

5. აქტივების მმართველი კომპანია არ შეიძლება იყოს იმ საინვესტიციო ფონდის ან სქემის დამფუძნებელთან, მნიშვნელოვანი წილის (პაის, წილის ან აქციების) მფლობელთან დაკავშირებული პირი, რომელსაც უწევს აქტივების მართვის მომსახურებას. აქტივების მმართველი კომპანია აგრეთვე არ შეიძლება იყოს იმ დეპოზიტართან დაკავშირებული პირი, რომელთანაც დებს საინვესტიციო ფონდის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას.

6. აქტივების მმართველ კომპანიას შეუძლია დადოს ხელშეკრულება სხვა იურიდიულ პირებთან, თუ ეს გათვალისწინებულია აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულებით. ამ შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანია პასუხისმგებელია საინვესტიციო ფონდის ან საპენსიო სქემის მეპაიეების, მეწილეებისა და აქციონერების წინაშე მის მიერ სხვა პირისთვის გადაცემულ აქტივებზე.

7. აქტივების მმართველი კომპანია აქტივებში ინვესტირებას, ამ კანონში აღნიშნული ან/და საზედამხედველო ორგანოს წესებით დადგენილი გამონაკლისების გარდა, ახორციელებს მხოლოდ დეპოზიტართან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების პირობები შეთანხმებული უნდა იყოს კოლექტიური საინვესტიციო ან საპენსიო სქემის  დამფუძნებელთან, მეპაიეებთან/მეწილეებთან/აქციონერებთან ან/და საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებთან. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.

8. საინვესტიციო ფონდისა და კოლექტიური სქემის მიერ აქტივების მმართველი კომპანიისთვის მონაწილეთა აქტივების სამართავად გადაცემა არის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა და არ იწვევს ამ აქტივებზე საკუთრების უფლების გადაცემას ან შეცვლას.

 მუხლი 9. აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციები

აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციებია:

ა) ფონდის წესების საფუძველზე საინვესტიციო ფონდის ან საპენსიო სქემის საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელება;

ბ) საინვესტიციო პორტფელებისა და ფულადი სახსრების მართვა, მათ შორის, საინვესტიციო ფონდის ფასიანი ქაღალდების (პაის) გამოშვება, გაყიდვა და გამოსყიდვა, ფონდის/სქემის აქტივების ნომინალური მფლობელობის მომსახურება და საზედამხედველო ორგანოს წესებით განსაზღვრული სხვა ოპერაციების განხორციელება;

გ) საინვესტიციო სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვა და აღრიცხვა, ინვესტორების (მათ შორის, საინვესტიციო პაის მფლობელთა) რეესტრის წარმოება, რეესტრიდან ამონაწერების გაცემა, შემოსავლების გადანაწილება;  

დ) საინვესტიციო ფონდისა და საპენსიო სქემის აქტივების შეფასება და მათი პერიოდული გადაფასება;

ე) დეპოზიტართან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან ურთიერთობა ფონდის აქტივების მართვის და საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, ფონდის ინტერესების დაცვა მესამე პირთან ურთიერთობაში;

ვ) განსაზღვრული პერიოდულობით კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშგების წარდგენა ფონდის/სქემის დამფუძნებლის, მეპაიეებისა და საზედამხედველო ორგანოსთვის საზედამხედველო ორგანოს მიერ შემუშავებული ფორმატით და დადგენილ ვადებში.

 მუხლი 10. მმართველი კომპანიისთვის მართვის მინდობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება

1. მმართველი კომპანიისთვის მართვის მინდობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების შინაარსს განსაზღვრავს აქტივების მმართველი კომპანია სტანდარტული პირობებით, რომლებზედაც თანხმობას ფულადი საშუალებების მართვის მინდობის უფლებით გადამცემი პირი გამოხატავს მხოლოდ ამ ხელშეკრულებასთან მიერთებით.

2. მმართველი კომპანიისთვის მართვის მინდობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებასთან მიერთება შესაძლებელია მხოლოდ საპაიო საინვესტიციო ფონდის ან საპენსიო სქემის აქტივების მმართველი კომპანიის მიერ გამოშვებული საპაიო საინვესტიციო ფონდის ან საპენსიო სქემის პაის შესყიდვით.

 3. ფულადი საშუალებები მმართველ კომპანიას გადაეცემა საპაიო საინვესტიციო ფონდში/სქემაში ჩასართავად, რათა ეს ფულადი საშუალებები გაერთიანდეს სხვა ინვესტორების მიერ გადაცემულ ფულად საშუალებებთან შემდგომ ფონდის წესების შესაბამისად მათი ინვესტირებისათვის.

4. მმართველი კომპანიისთვის მართვის მინდობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს:

ა) ფონდის საქმიანობის შეჩერების და ხელშეკრულების გაწყვეტის პირობებსა და წესებს; 

ბ) სხვა მმართველი კომპანიისთვის ფონდის აქტივების გადაცემის წესებსა და პირობებს ფონდის ლიკვიდაციის ან მმართველი კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.

5. საპაიო საინვესტიციო ფონდის/სქემის ქონებად ითვლება პაის მფლობელთა საერთო ქონება, რომელზედაც მფლობელებს აქვთ წილობრივი საკუთრების უფლება.

6. საპაიო საინვესტიციო ფონდის/სქემის პაის მფლობელებს აქვთ აღებული ზარალის რისკი, რომელიც დაკავშირებულია საპაიო საინვესტიციო ფონდის/სქემის ქონების საბაზრო ღირებულების ცვლილებასთან.

7. აქტივების მმართველი კომპანია ახორციელებს ნებისმიერ იურიდიულ და სხვა  მოქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია საპაიო საინვესტიციო ფონდის/სქემის ქონებასთან, დებს  ხელშეკრულებებს დეპოზიტართან, აუდიტორთან, შემფასებელთან და მესამე პირთან, როგორც  საპაიო საინვესტიციო ფონდის/სქემის აქტივების მმართველი კომპანია. 

მუხლი 101. საინვესტიციო ფონდების საზედამხედველო ორგანო

საინვესტიციო ფონდების საზედამხედველო ორგანოა საქართველოს ეროვნული ბანკი.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1630 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2148 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2955 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4194  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №450 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

მუხლი 11. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 ივლისი 2013 წ.

N843-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.