საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ

საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5273
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.050.140.05.001.003.002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5273
11/07/2007
სსმ, 29, 27/07/2007
110.050.140.05.001.003.002
საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (01/11/2008 - 26/02/2010)

საქართველოს კანონი

 

საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზანია, განამტკიცოს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ასევე საქართველოს სხვა კანონმდებლობით აღიარებული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიები.

2. ეს კანონი ადგენს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა და საჯარო მოსამსახურეთა კომუნიკაციის წესს და განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ამ წესის დარღვევისათვის.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოსამართლესთან კომუნიკაცია – საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის, მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებით;

ბ) პროცესის მონაწილე – პროკურატურის მუშაკი, გამომძიებელი, ადვოკატი, წარმომადგენელი, მხარე, მესამე პირი, აგრეთვე სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მონაწილე სხვა პირი;

გ) დაინტერესებული პირი – პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას;

დ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები.

    მუხლი 3. მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობა

1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე აკრძალულია პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა და საჯარო მოსამსახურეთა მოსამართლესთან კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან და არღვევს სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.

2. ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დგება იმ ქმედებისათვის, რომელიც შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

    მუხლი 4. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) პასუხისმგებლობა

1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის ან საჯარო მოსამსახურის მიერ მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ აკრძალული ფორმით კომუნიკაცია განხორციელდა სასამართლოს თავმჯდომარესთან, აგრეთვე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ერთი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარე (მოსამართლე) აღნიშნული ფაქტის შესახებ ატყობინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს.

2. სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირისა და საჯარო მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი ღონისძიებები:

ა) მიიღოს გადაწყვეტილება მათი დაჯარიმების შესახებ;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასვას საკითხი მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

3. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევა იწვევს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან/და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა

პროკურატურის მუშაკის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნის დარღვევა განიხილება, როგორც პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელი, რაც გამოიწვევს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან/და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრ ის  კანონი № 477 - სსმ I , 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 194

    მუხლი 6. ადვოკატის პასუხისმგებლობა

ადვოკატის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა განიხილება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევად და გამოიწვევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან/და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. გამომძიებლის პასუხისმგებლობა

გამომძიებლის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან/და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 8. საჯარო მოსამსახურის პასუხისმგებლობა

საჯარო მოსამსახურის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან/და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 9. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირისა და საჯარო მოსამსახურის დაჯარიმება

პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 2000 ლარისა.

    მუხლი 10. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის ფაქტის განხილვა

1. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე მიღებულ წერილობით შეტყობინებას სასამართლოს თავმჯდომარე განიხილავს მისი მიღებიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირისა და საჯარო მოსამსახურის დაჯარიმების შესახებ ან/და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასმის თაობაზე.

2. სასამართლოს თავმჯდომარე დაჯარიმების შესახებ განკარგულებას გამოსცემს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის დაჯარიმების წესის შესაბამისად. დაჯარიმების შესახებ განკარგულება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა შეიცავდეს მითითებას ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე და იმ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებს ასეთი დარღვევის ჩადენის ფაქტს. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე მიღებულ წერილობით შეტყობინებას განიხილავს მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

4. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია:

ა) შესაბამისი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართოს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს;

ბ) საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გადაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, თუ წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

    მუხლი 11. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინება

1. პროკურატურის მუშაკის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს მთავარ პროკურორს.

2. ადვოკატის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

3. გამომძიებლის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და მასალებს უგზავნის შესაბამის თანამდებობის პირს.

4. საჯარო მოსამსახურის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და მასალებს უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს.

5. ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინებას განიხილავენ მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა ჩაითვლება გადაწყვეტილებად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე უარის თქმის შესახებ.

6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრ ის  კანონი № 477 - სსმ I , 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 194

    მუხლი 12. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5273–რს

შეტანილი ცვლილებები:

     1. საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრ ის  კანონი № 477 - სსმ I , 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 194