საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 822-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.017028
822-რს
12/07/2013
ვებგვერდი, 06/08/2013
420000000.05.001.017028
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 2. კოდექსის მიზანი

1. საქართველოს საჰაერო კოდექსი უზრუნველყოფს საქართველოს ავიაციის საქმიანობის სამართლებრივ მოწესრიგებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასა და საავიაციო საქმიანობის სხვა სახეობებში.

2. საქართველო, როგორც „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია დროულად, შესაბამისი დოკუმენტებით დადგენილ ვადებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ამ კონვენციის, მისი დანართებისა და მათი შესწორებების მოთხოვნებთან.“. 

2. მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის ზედამხედველობასა და რეგულირებას კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).“. 

 3. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირება

1. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირებას ახორციელებს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი ან/და SAFA-ს ინსპექტორი.

2. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. 

3. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ იმ შენობა-ნაგებობებში, რომელთა ფუნქციონირებაც მიმართულია ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ, აგრეთვე სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებში, სამუშაო ადგილებზე და მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია.  

4. SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს სხვა ქვეყნების საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრებში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებში და მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია.

5. ინსპექტირების განხორციელებისას ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია შეაჩეროს საჰაერო ხომალდის ფრენა, აგრეთვე ნებისმიერ პირს შეუჩეროს სერტიფიკატით (მოწმობით) ან სხვა საავიაციო დოკუმენტით მინიჭებული უფლებების შემდგომი განხორციელება, თუ ინსპექტირებისას აღმოჩენილი ნაკლოვანება საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას ან სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.    

6. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ინსპექტირების ობიექტებს წარმოადგენენ, ვალდებული არიან, დახმარება აღმოუჩინონ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.  

7. სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას ინსპექტირების პროცესში.

8. ინსპექტირების წესი და ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 და 83 მუხლები:

 „მუხლი 82. საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა, უსაფრთხოების მართვის სისტემა

1. საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა არის წესებისა და ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთა მიზანია სახელმწიფოში ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დონის ამაღლება.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებულ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. უსაფრთხოების მართვის სისტემა წარმოადგენს ფრენის უსაფრთხოების მართვისადმი სისტემურ მიდგომას, რომელიც მოიცავს სავალდებულო ორგანიზაციულ სტრუქტურას, ფრენის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელ პირთა იერარქიას, სახელმძღვანელო პრინციპებსა და პროცედურებს.

4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებულ უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგად წესებს ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 83. საავიაციო მოვლენა და მისი  შეტყობინების წესი

1. საავიაციო მოვლენა არის საავიაციო შემთხვევა, სერიოზული ინციდენტი ან ინციდენტი, აგრეთვე საჰაერო ხომალდის ან/და მისი სისტემის გაუმართაობა, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული სისტემებისა და ტექნიკური საშუალებების მტყუნება ან სხვა სახის უჩვეულო ვითარება, რომელმაც ზემოქმედება მოახდინა ან რომელსაც შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა ფრენის უსაფრთხოებაზე.

2. საავიაციო მოვლენის შეტყობინების წესს ამტკიცებს სააგენტო.

3. სააგენტო ვალდებულია შეაგროვოს ინფორმაცია საავიაციო მოვლენების შესახებ, უზრუნველყოს ამ ინფორმაციის მიმწოდებლის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს შეტყობინებების ანალიზი და დამუშავება, შექმნას და შეინარჩუნოს შეტყობინებების მონაცემთა ბაზა, შეტყობინების შესახებ მონაცემები გაცვალოს სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან, განსაზღვროს ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებები.

4. საავიაციო მოვლენის შეტყობინების მიზანია პრევენციული ღონისძიებების გატარება და არა ვინმეს ბრალეულობის ან მისი დადგომისათვის ვინმეს პასუხისმგებლობის დადგენა.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

 „მუხლი 101. სააერნაოსნო მომსახურება

1. სააერნაოსნო მომსახურება, რომელიც მოიცავს საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას, კავშირგაბმულობას, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებასა და მეტეოროლოგიურ, საძებნ-სამაშველო და ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას, ხორციელდება ამ კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და მათ საფუძველზე შემუშავებული სააერნაოსნო მომსახურების წესების შესაბამისად.

2. სააერნაოსნო მომსახურების წესებს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.“.

6. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 15. შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცის გამოყენების რეგულირება

საქართველოს ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცეში ხომალდების ფრენის მომსახურების წესს, საჰაერო ტრასების, საჰაერო მოძრაობის მართვის არეებსა და საზღვრებს ადგენს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.“.

7. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაცია

1. საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისათვის და ქვეყნდება სათანადო კრებულში. საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის შედგენასა და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო.

2. სააგენტო უფლებამოსილია მოახდინოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფუნქციების დელეგირება სხვა სუბიექტზე.“.

8. 55-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. სააგენტო უზრუნველყოფს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის ამ კონვენციის 83 bis მუხლის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის, საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის ან/და რადიოსადგურის მოწმობების აღიარებას.“. 

9. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 56. სერტიფიცირება სამოქალაქო ავიაციაში

1. ავიასაწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ან უზრუნველყოფენ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და საავიაციო სამუშაოებს, ავიაციის ტექნიკური მომსახურების საწარმოები, აეროდრომები, აეროპორტები, საჰაერო ხომალდები, მათი ძრავები, სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, სააერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნ-სამაშველო მომსახურებისა) საწარმოები, საავიაციო სასწავლო დაწესებულებები, საავიაციო პერსონალი, საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოები და მათი ტექნიკური პერსონალი, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. სერტიფიკატი ადასტურებს ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

2. სამოქალაქო ავიაციაში სერტიფიცირების წესებს ადგენს და სერტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და მისი დანართების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სერტიფიცირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორციელებლად ნიშნავს სააგენტო.“.   

10. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 103. საძებნ-სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა

1. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ხორციელდება როგორც საქართველოს ავიაციის ძალებითა და საშუალებებით, ისე სახმელეთო და საზღვაო საძებნ-სამაშველო ჯგუფების დახმარებით.

2. საძებნ-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესი, მათში მონაწილე სტრუქტურები და მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 

3. საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან, დახმარება აღმოუჩინონ საძებნ-სამაშველო ჯგუფებს საძებნ-სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში.

4. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.

11. 109-ე მუხლის:

 ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავიაციო შემთხვევა არის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საავიაციო მოვლენა, რომელსაც პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში − საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრისთვის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე, თუ:

ა) პირი იღებს სხეულის სასიკვდილო ან სერიოზულ დაზიანებას:

ა.ა) საჰაერო ხომალდში ყოფნის შედეგად;

ა.ბ) საჰაერო ხომალდის რომელიმე ნაწილთან (მათ შორის, იმ ნაწილთან, რომელიც ხომალდს მოსცილდა) უშუალო შეხების შედეგად;

ა.გ) რეაქტიული ძრავას აირის ჭავლის უშუალო ზემოქმედების შედეგად.

შენიშვნა: საავიაციო შემთხვევად არ ითვლება ისეთი მოვლენა, როცა სხეულის დაზიანება მიღებულია ბუნებრივი მიზეზების გამო ან თვითდაზიანების შემთხვევაში, ან როცა იგი მიყენებულია სხვა პირის მიერ, ან როცა სხეულის დაზიანება მიიღო უბილეთო მგზავრმა, რომელიც იმალებოდა მგზავრებისა და ეკიპაჟისათვის ხელმისაწვდომი ზონის გარეთ;

ბ) საჰაერო ხომალდი ზიანდება ან მისი კონსტრუქცია ირღვევა, რის შედეგადაც:

ბ.ა) ირღვევა კონსტრუქციის სიმტკიცე, უარესდება ტექნიკური ან საფრენოსნო მახასიათებლები;

ბ.ბ)  აუცილებელია საჰაერო ხომალდის კაპიტალური რემონტი ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლა, გარდა ძრავას მტყუნებისა ან დაზიანებისა, რომელიც შემოიფარგლება ერთი ძრავას  (კაპოტების ან დამხმარე ნაწილების ჩათვლით), საჰაერო ხრახნების, ფრთების დაბოლოებების, ანტენების, გადამწოდების, ნიჩბების, საბურავების, სამუხრუჭე მოწყობილობის, ბორბლების, გარსშემომდენების, პანელების, შასის საგდულების, საქარე მინების, საჰაერო ხომალდის გარსშემომდენის (როგორიცაა მცირე შენაჭყლეტები ან რღვიები), ძირითადი როტორის ნიჩბების, კუდის როტორის ნიჩბების, შასის დაზიანებითა და სეტყვის ან ფრინველებთან შეჯახების შედეგად გამოწვეული უმნიშვნელო დაზიანებით (რადიოლოკატორის ანტენის გარსშემომდენში რღვიების ჩათვლით);

გ) საჰაერო ხომალდი უგზო-უკვლოდ იკარგება ან მიუდგომელ ადგილას აღმოჩნდება.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სერიოზულია ინციდენტი, რომლის გარემოებებიც მიანიშნებს, რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას ადგილი ჰქონდა საავიაციო შემთხვევის დადგომის მაღალ ალბათობას, და რომელიც მოხდა პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში ნებისმიერი პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში − საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრისთვის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე.“.

12. 110-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის  მაღალი ალბათობა, იკვლევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და ავიასაწარმო და მოთხოვნის შემთხვევაში მოკვლევის ანგარიშს წარუდგენს სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.“.

 მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოების პროგრამის დამტკიცება.

2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის დამტკიცება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საავიაციო მოვლენის შეტყობინების წესის დამტკიცება.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2015 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესების დამტკიცება.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივლისი 2013 წ.

N822-რს