სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 816-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 240070000.05.001.017022
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
816-რს
12/07/2013
ვებგვერდი, 05/08/2013
240070000.05.001.017022
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (12/12/2014 - 16/07/2015)

 

საქართველოს კანონი

 

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  ფუნქციონირებასთან, სახელმწიფო ხელშეწყობასთან, მათი საქმიანობის მონიტორინგთან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

         

მუხლი 2. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია:

ა) საკომლო (საოჯახო) მეურნეობების განვითარება, მათი კოოპერირება და სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება; 

ბ) სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების ხელშეწყობა;

გ) სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა;

დ) სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა;

ე) სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება;

ვ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის გაზრდა, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება და რენტაბელობის ამაღლება, ეროვნული ეკონომიკის განვითარება;

ზ) ბიოლოგიური მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

 

მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე განხორციელებული ყველა სახის სამეურნეო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლებიც მოიცავს მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას, შეფუთვას, შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას;

ბ) მიწასთან დაკავშირებული ქონება – უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დაფა­სოების, შეფუთვის, შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციისათვის;

გ) სოფლის მეურნეობის პროდუქტი – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული პროდუქტი;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

ე) წევრთა (მეპაიეთა) ეკონომიკური მონაწილეობა – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა (მეპაიეთა) მონაწილეობა ამ კოოპერატივის მიერ განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში;

ვ) შენატანი (პაი) – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის შენატანი ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით;

ზ) დემოკრატიული მართვა – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების თანაბარი შესაძლებლობა, მართონ და აკონტროლონ კოოპერატივის საქმიანობა, რისთვისაც კოოპერატივის თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით; 

თ) ბიოლოგიური მეურნეობა – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მოწესრიგებული სისტემა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმებისა და გარემოს ისეთ ურთიერთდამოკიდებულებას უწყობს ხელს, რომლის დროსაც შენარჩუნებულია ბუნებრივი წონასწორობა. 

 

მუხლი 4. საქართველოს კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისაგან.

 

მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) ნებაყოფლობითი წევრობა;

ბ) დემოკრატიული მართვა;

გ) წევრთა (მეპაიეთა) ეკონომიკური მონაწილეობა;

დ) სოციალური პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და ურთიერთდახმარება.

         

მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროებია: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაცია.

 

მუხლი 7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვება და შეწყვეტა

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო).

2. განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება; 

გ) კოოპერატივის წესდება. 

3. თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აღნიშნული იურიდიული პირის მონაცემები სააგენტოს შეჰყავს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს შესაბამის მოწმობას.  

5. ელექტრონული რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის საქმიანობის მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგები იურიდიული პირისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველია, რაც ეცნობება შესაბამის იურიდიულ პირს და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

მუხლი 8. სააგენტო

1. სააგენტო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო.

2. სააგენტო იქმნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით.

3. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და სააგენტოს დებულებით.

5. სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია:

ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კონსულტაციების გაწევა;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების ბაზის შექმნა, რომელშიც აისახება ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ განხორციელებული, მიმდინარე ან/და განსახორციელებელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, აგრეთვე მოყვანილი და რეალიზებული მოსავლის, გაწეული მომსახურების სახეობის, რაოდენობის შესახებ და სხვა მონაცემები;

ე) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება და შეწყვეტა;

ვ) კოოპერატივების საერთაშორისო ალიანსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების კოოპერაციულ გაერთიანებებთან თანამშრომლობა;

ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კადრების მომზადებისა და გადამზადების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, გამოფენების, სემინარებისა და შეხვედრების ორგანიზება;

ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება. ამ მიზნით სააგენტო უფლებამოსილია:

ი.ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული ან/და განსახორციელებელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თაობაზე;

ი.ბ) საჭიროების შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების უზრუნველსაყოფად მიავლინოს უფლებამოსილი პირები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ადგილზე გასაცნობად;

ი.გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

6. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტის სახით მიღებული თანხები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

7. სააგენტოს აქვს ბეჭედი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2941 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

 

მუხლი 9. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია სააგენტოს თავმჯდომარე, რომელიც სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.

2. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირთან ურთიერთობაში;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს) სააგენტოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;

ე) ახორციელებს სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 10. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებასთან დაკავშირებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ძირითად საკითხებს:

ა) სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესს;

ბ) წარმომადგენელთა ან საერთო კრების მოწვევის წესსა და უფლებამოსილებებს;

გ) შენატანის (პაის) ოდენობას;

დ) წევრთა (მეპაიეთა) რეესტრის წარმოების წესს; 

ე) მოგებისა და დივიდენდის განაწილების წესსა და პროცედურას;

ვ) ზარალის განაწილების წესს;

ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრს (მეპაიეს) შორის ურთიერთვალდებულებების წერილობით გაფორმების წესს;

თ) ლიკვიდაციის და ლიკვიდაციის შემდგომ დარჩენილი ქონების განაწილების წესს.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სავალდებულო სარეზერვო ფონდის შენატანები არ უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური მოგების 15%-ზე ნაკლები.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს  სხვა სახის ფონდების, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო სარეზერვო ფონდისა, შექმნას და მათი განკარგვის წესს.

 

მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი 

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს:

ა) 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის მიერ განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის;

ბ) ამ კანონით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 5-ზე ნაკლები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს დარღვევის გამოსწორებისათვის მიეცემა გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

 

მუხლი 12. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტა

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) წევრობიდან გასვლა;

ბ) წევრის გარიცხვა;

გ) წევრის გარდაცვალება;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება შეიზღუდოს წევრობიდან გასვლის უფლება წევრის მიერ ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვა შეიძლება, თუ იგი:

ა) არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს;

ბ) უხეშად არღვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებას ან/და არ ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით. საერთო კრების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

მუხლი 13. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება იქმნება წევრთა (მეპაიეთა) შენატანით (პაით), სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული მოგებით, მიღებული გრანტით და სხვა წყაროებით, რომლებიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონებას კოოპერატივის წესდებით დადგენილი უფლებების ფარგლებში განკარგავენ მისი მმართველობის ორგანოები. 

         

მუხლი 14. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშეწყობა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებებია:

ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება;

ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა.

 

მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებულ კოოპერატივს, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს, ამავე კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დაფუძნება, სააგენტოს დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

          

მუხლი 16. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–მე-7 და მე-10–მე-14 მუხლებისა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–მე-7 და მე-10–მე-14 მუხლები და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივლისი 2013 წ.

N816-რს

10. 16/12/2022 - საქართველოს კანონი - 2434-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 15/12/2021 - საქართველოს კანონი - 1140-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/12/2021 8. 04/02/2021 - საქართველოს კანონი - 166-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 08/02/2021 7. 24/06/2020 - საქართველოს კანონი - 6415-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 6. 11/12/2019 - საქართველოს კანონი - 5498-Iს - ვებგვერდი, 23/12/2019 5. 25/06/2019 - საქართველოს კანონი - 4855-IIს - ვებგვერდი, 02/07/2019 4. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1643-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 3. 11/11/2015 - საქართველოს კანონი - 4495-Iს - ვებგვერდი, 24/11/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 16/07/2015 - საქართველოს კანონი - 4039-რს - ვებგვერდი, 28/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2941-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014