„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 804
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 29/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.05.001.003.383
  • Word
804
19/12/2008
სსმ, 40, 29/12/2008
010.130.000.05.001.003.383
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“.

2. პირველი–მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 1. კანონის მიზანი

1. ამ კანონის მიზანია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის უფლება, დატოვოს თავისი ქვეყანა და თავისუფლად დაბრუნდეს უკან, განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესები და პირობები, აგრეთვე მოაწესრიგოს ამასთან დაკავშირებით წარმოშობილი სხვა ურთიერთობები.

2. ეს კანონი არ აწესრიგებს საქართველოს მოქალაქეთა დიპლომატიური ან სამსახურებრივი მიზნით მოგზაურობისა და შესაბამისი პასპორტების გაცემის წესს.

    მუხლი 2. საქართველოს მოქალაქეთა საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები

1. საქართველოს მოქალაქეთა საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.

2. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული ნორმები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულება.

    მუხლი 3. საქართველოს მოქალაქის საქართველოდან მუდმივი ან დროებითი გასვლა და საქართველოში შემოსვლა

1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოდან ემიგრაციის, ანუ სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების (შემდგომში – ემიგრაციის), აგრეთვე საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის უფლება.

2. ეს უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 4. საქართველოს მოქალაქის მიერ ქონების საზღვარგარეთ გატანის უფლება

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მუდმივად ან დროებით გადის საქართველოდან, უფლება აქვს, საზღვარგარეთ გაიტანოს ნებისმიერი მოძრავი ქონება, რომელიც მას აქვს საკუთრების უფლებით ან კანონიერ საფუძველზე გადაცემულია მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში, თუ ეს აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.

2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ:

ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;

გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;

ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV თავი:

„თავი IV. ემიგრაციის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი

    მუხლი 19. ემიგრაციის დოკუმენტი

საქართველოს მოქალაქე ემიგრაციაში მიდის საქართველოს მოქალაქის პასპორტით. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, პასპორტის ნაცვლად შეიძლება გაიცეს მისი შემცვლელი დოკუმენტი.

    მუხლი 20. შუამდგომლობა ემიგრაციის ნებართვის მისაღებად

1. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეს.

2. შუამდგომლობა დაინტერესებულ პირს შეაქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო).

3. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის მონაცემი, რომელიც შეტანილია საქართველოს მოქალაქის პასპორტში. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ბ) სამხედრო ბილეთის ასლი;

გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4;

დ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 21. ემიგრაციის ნებართვის გასაცემად შუამდგომლობის განხილვა

1. ემიგრაციის ნებართვის გასაცემად შუამდგომლობა განიხილება საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

2. ამ კანონით დადგენილი წესით სააგენტო გასცემს ემიგრაციის ნებართვას და საქართველოს მოქალაქის პასპორტში სვამს შტამპს აღნიშვნით „მუდმივი გასვლა“, ნებართვის გაცემის თარიღის მითითებით, რაც დასტურდება სააგენტოს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

3. ემიგრაციის ნებართვის გაცემის შესახებ შეტყობინება ეგზავნება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ემიგრანტის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის გამოცვლის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, ემიგრანტის მიერ ემიგრაციის ნებართვისა და შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გამოსცეს შესაბამისი აქტი და ახალ პასპორტზე გადაიტანოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შტამპი სათანადო აღნიშვნით.

    მუხლი 22. ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის საფუძვლები

1. დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ:

ა) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

ბ) მას არ მოუხდია სასამართლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი;

გ) იგი წვევამდელი ასაკისაა და არ მოუხდია სავალდებულო სამხედრო სამსახური, თუ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის ამ ვალდებულებისგან;

დ) სამუშაოს ხასიათის გამო მისთვის ცნობილია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებანი და არ გასულა კანონით დადგენილი ვადა, რომლიდანაც იგი დაკავშირებული არ არის ამ სამუშაოსთან. ამასთანავე, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს;

ე) ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრისას წარმოადგენს ყალბ საბუთებს.

2. დაინტერესებული პირის შუამდგომლობის მიღებიდან 2 დღის ვადაში სააგენტო ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობის თაობაზე მიმართავს სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ვალდებული არიან, მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში წარუდგინონ სააგენტოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტების წარსადგენად, სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, ამის თაობაზე წერილობით აცნობონ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ 2-დღიანი დამატებითი ვადა.

3. სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადებში სააგენტოსათვის შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში.

4. გადაწყვეტილება ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოქალაქეს წერილობითი ფორმით.

    მუხლი 23. არასრულწლოვნის ემიგრაცია

1. 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ემიგრაციაში მიდის თავის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, ხოლო თუ იგი მიემგზავრება უცხოეთში მყოფ თავის კანონიერ წარმომადგენელთან და აქვს ამ უკანასკნელის თანხმობა – სრულწლოვან ქმედუნარიან თანმხლებ პირთან ერთად.

2. თუ არასრულწლოვნის ემიგრაციის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლები ვერ შეთანხმდებიან, დავა გადაწყდება სასამართლო წესით.

    მუხლი 24. ქმედუუნარო პირის ემიგრაცია

დაუშვებელია ქმედუუნარო პირის ემიგრაცია მისი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვისა და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლების გარეშე.

    მუხლი 25. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები

1. საქართველოს მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ავსებენ მიგრანტის ბარათს და გადიან საპასპორტო კონტროლს. პასპორტში ან მის შემცვლელ დოკუმენტში აღინიშნება საზღვრის გადაკვეთის თარიღი.

2. სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმ სახელმწიფოში შესასვლელი ვიზა, რომელშიც მიემგზავრება.

    მუხლი 26. ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის გასაჩივრება

დაინტერესებულ პირს, რომელსაც უარი ეთქვა ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 27. ემიგრაციის სტატისტიკა

ემიგრაციის სტატისტიკას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 დეკემბერი.

№804–IIს