„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 792
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 29/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.05.001.003.373
  • Word
792
19/12/2008
სსმ, 40, 29/12/2008
430.060.000.05.001.003.373
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აკრედიტაცია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესის აღნიშნული სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ პროფესიულ სტანდარტთან და დადგენილ ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ატესტაცია – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არაფორმალური გზით შეძენილი სახელობო განათლების მქონე პირის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება და შესაბამისი კვალიფიკაციის დადასტურება, აგრეთვე უცხო ქვეყანაში მიღებული სახელობო განათლების შეფასება და კვალიფიკაციის აღიარება;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) პროფესიული ასოციაცია/პროფესიულ ასოციაციათა გაერთიანება (შემდგომში – პროფესიული ასოციაცია) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;“;

ე) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) პროფესიული ასოციაციისა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაცია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ პირობებთან შესაბამისობის დადასტურება, რომლის მიზანია დაადგინოს პროფესიული ასოციაციისა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაძლებლობები, შეიმუშაოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სტანდარტები;“;

ვ) „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი – დოკუმენტი, რომელიც ადგენს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის პირობებსა და წესს;

ტ) პროფესიული სტანდარტი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პროფესიული ასოციაცია და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და რომლითაც განსაზღვრულია ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, რომლებსაც უნდა ფლობდეს კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელი;“;

ზ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული სახელობო განათლების შესაბამისი ყველა პროფესია, კვალიფიკაცია, კვალიფიკაციის დონე და შესაბამისი პროფესიული სტანდარტი;“;

თ) „ჰ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უცხო ქვეყანაში მიღებული სახელობო განათლებისა და კვალიფიკაციის აღიარებას;“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თითოეული პროფესიისა და კვალიფიკაციისათვის ადგენს საატესტაციო ორგანოთა შერჩევის წესს, აგრეთვე ატესტაციის პირობებსა და წესს.“.

4. მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში არსებულ კვალიფიკაციათა განსაზღვრის მიზნით იქმნება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, რომელიც მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს. პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს პროფესიულ ასოციაციებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2. პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო ახდენს საქართველოში არსებული სახელობო განათლების შესაბამისი ყველა პროფესიის, კვალიფიკაციის, კვალიფიკაციის დონისა და შესაბამისი პროფესიული სტანდარტის სისტემატიზებას. სახელმწიფო უზრუნველყოფს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში არსებული ყველა პროფესიის შესაბამისი კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ფორმალური პროფესიული განათლების აკრედიტაციას და არაფორმალური გზით შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ატესტაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეგულირებად პროფესიათა ნუსხას, რომლებსაც შეესაბამება სახელობო განათლების კვალიფიკაცია, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ან მისი სავალდებულო დასკვნის გათვალისწინებით ადგენს საქართველოს მთავრობა.“.

6. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14. საქართველოს მთავრობა

პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა:

ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას;

ბ) ადგენს რეგულირებად პროფესიათა ნუსხას, რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს;

გ) რეგულირებადი პროფესიებისათვის განსაზღვრავს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩამტარებელ ორგანოს;

დ) ადგენს პროფესიული განათლების დაფინანსების წესს;

ე) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – პროფესიული სწავლების ცენტრში სახელობო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის საფასურის ოდენობას/ოდენობებს, რომელსაც/რომლებსაც სრულად ფარავს ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერი;

ვ) ამტკიცებს იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისადაც აკრედიტებულმა პროფესიულმა ასოციაციებმა და აკრედიტებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა შეიმუშაონ პროფესიული სტანდარტები.“.

8. მე-15 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ადგენს არაფორმალური განათლების ატესტაციის პირობებსა და წესს;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“, „ღ“, „ყ“, „შ“, „ჩ“, „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები:

„ქ) აწარმოებს პროფესიათა საინფორმაციო ბანკს;

ღ) იკვლევს შრომის ბაზარს;

ყ) შეიმუშავებს და ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინსტიტუციური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს;

შ) პროფესიულ კვალიფიკაციათა სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებისა და მისი შემდგომი ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს საქმიანობათა კოორდინაციას;

ჩ) კოორდინაციას უწევს პროფესიული განათლების სფეროში ჩართულ დონორებს;

ც) დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ უცხო ქვეყნების პროფესიულ სტანდარტთა თარგმნას, რომელთა მიხედვითაც დაინტერესებულმა პირმა უნდა შეიმუშაოს პროფესიული სტანდარტი და წარადგინოს იგი სარეგისტრაციოდ;

ძ) ადგენს პროფესიული ასოციაციისა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის წესსა და პირობებს.“.

9. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის ან/და პროფესიის დამატების, ამოღებისა და ცვლილების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეიმუშავებენ სარეკომენდაციო სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს და სარეგისტრაციოდ წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უფლებამოსილი არიან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის მოპოვების შემთხვევაში შეიმუშაონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სტანდარტები;“.

12. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი:

ა) ახორციელებს პროფესიული სწავლების ცენტრების აკრედიტაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ახორციელებს პროფესიული ასოციაციებისა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სტანდარტების შემუშავების უფლების მოსაპოვებლად;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული სწავლების ცენტრის აკრედიტაციის დებულებას.“.

13. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 22. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი შეიმუშავებს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.“.

14. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიული სტანდარტი არის დოკუმენტი, რომლითაც საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით განსაზღვრულია კონკრეტული პროფესიის მიზნები, ამოცანები და ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, რომლებსაც უნდა ფლობდეს პირი ამ პროფესიით საქმიანობისას.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პროფესიული ასოციაცია და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არიან შეიმუშაონ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარეგისტრაციოდ წარუდგინონ პროფესიული სტანდარტი. პროფესიული სტანდარტი ამოქმედდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეგისტრაციის შემდეგ.“.

15. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტი არის დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის აუცილებელი მოთხოვნები და მისი შექმნის წესი. სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტში აღნიშნული მოთხოვნებისა და წესის შესრულება სავალდებულოა აკრედიტებული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის.“.

16. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაცია ადგენს დაწესებულების მიერ განხორციელებული პროგრამების, პროგრამების ფარგლებში დაწესებულებაში ან დაწესებულების გარეთ განხორციელებული სასწავლო პრაქტიკისა და მთლიანად დაწესებულებაში არსებული რესურსების შესაბამისობას პროფესიულ სტანდარტთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ აკრედიტაციის ნორმატივებთან.“.

18. მე-40 მუხლის:

ა) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კანონით დადგენილი წესით პროფესიული სტანდარტების რეგისტრაციამდე და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესის დასრულებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მონაწილეობით დაამტკიცოს შესაბამისი დროებითი სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები.

14. ლიცენზირებული პროფესიული სწავლების ცენტრები ამ კანონით დადგენილი წესით შესაბამისი პირველი აკრედიტაციის დასრულებამდე ითვლებიან აკრედიტებულად. ამ პერიოდისათვის პროფესიული სწავლების ცენტრების პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას განსაზღვრავს პროფესიული სწავლების ცენტრი.“;

გ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16–მე-18 პუნქტები:

„16. 2011-2012 სასწავლო წლის დაწყებამდე პროფესიული სტანდარტების შემუშავება და მათი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სარეგისტრაციოდ წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ამ კანონით დადგენილი წესით.

17. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2010 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცება.

18. სააგენტოს ლიკვიდაცია დასრულდეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 იანვრისა.“.

19. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებიდან, ხოლო 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი – 2014 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 დეკემბერი.

№792–II