დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 798-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.05.001.017013 |
|
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1031 მუხლი:
„მუხლი 1031. დარღვევით განხორციელებული მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი 1. ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის (გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობისა) და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა (გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობისა), თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ მათ მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ან გამოსწორდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის შემოწმების ჩატარებას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უზრუნველყოფს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, რომელიც შემოწმების შედეგებს აფორმებს წერილობით და უგზავნის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ დასკვნის მიღების მიზნით. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო იხილავს დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევით/შეუსრულებლობით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობას და გასცემს დასკვნას განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო აგრეთვე უფლებამოსილია გასცეს განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ დასკვნა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის პირობით. დადებითი დასკვნის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო: ა) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ ნაწილის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესახებ და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე; ბ) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ან იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედება ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებზედაც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის დასრულებულია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 88-ე მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული სამუშაოები. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დამკვეთს წერილობით განუსაზღვროს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების იმავე პროექტით განსაზღვრული მოსაპირკეთებელი მასალისა და ფერის დაცვით დასრულების ვალდებულება. 4. ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსით (გარდა ამ კოდექსის 45-ე მუხლისა) გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ან გამოსწორდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის ამავე მუხლის ამოქმედებამდე დადგენილი წესით. 5. ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაეკისრა სამმაგი ოდენობის ჯარიმა და იგი არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, აგრეთვე ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელიც ექვემდებარებოდა აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრებას და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის არა აქვს იგი დაკისრებული, თავისუფლდებიან სამმაგი ოდენობის ჯარიმის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან. სამშენებლო სამართალდარღვევების გამოსასწორებლად სამართალდამრღვევ სუბიექტებს განესაზღვრებათ ახალი 6-თვიანი ვადა, რომელიც აითვლება ამ მუხლის ამოქმედების დღიდან. 6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ სამშენებლო დოკუმენტის დარღვევამ გამოიწვია დადგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილება, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დამატებით წარუდგინოს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ახალი გაანგარიშება ან/და სართულის (სართულების) გეგმები შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით. 7. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ სამშენებლო დოკუმენტში ცვლილება შეიტანება ან/და ახალი ნებართვა გაიცემა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებული წესით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში დამკვეთი თავისუფლდება ჩადენილი დარღვევისათვის ჯარიმის (მათ შორის, უკვე დაკისრებულის) გადახდის ვალდებულებისაგან. 8. განცხადება ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე ჯარიმის/საურავის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ უფლებამოსილ ორგანოში შეტანილ უნდა იქნეს ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. 9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება: ა) მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობებზე; ბ) ამ კოდექსის 46-ე და 47-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე; გ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 28 ივნისი 2013 წ. N798-IIს |
დოკუმენტის კომენტარები