დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 709 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 17/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.170.310.05.001.003.357 |
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ.გ“ და „თ.დ“ ქვეპუნქტები:
„თ.გ) ლოტო – თამაშობა, რომელიც ტარდება ბილეთების მეშვეობით და რომელშიც მოგება დამოკიდებულია რიცხვითი ან სიმბოლოების კომბინაციების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან;
თ.დ) ბინგო – თამაშობა, რომელიც ტარდება ბილეთების მეშვეობით და რომელშიც რიცხვითი ბარათების ან ელექტროტაბლოს მეშვეობით მოგება ფიქსირდება სპეციალური მოწყობილობიდან ამოსული რიცხვითი კომბინაციების დამთხვევით და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან;“.
2. მე-6 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით. ლატარიის ორგანიზება და ჩატარება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დელეგირებულ უნდა იქნეს ამ მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულ პირზე. ტენდერში გამარჯვებულად განისაზღვრება ის პირი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდებით გათვალისწინებული სპორტისა და კულტურის განვითარებისათვის განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებისათვის გადაიხდის ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას, მაგრამ არანაკლებ რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 20 პროცენტისა.
2. ტენდერში გამარჯვებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ოდენობის 25 პროცენტი მიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 75 პროცენტი მიმართოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდებით გათვალისწინებული სპორტისა და კულტურის განვითარებისათვის განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებისათვის.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი და შეზღუდვები არ მოქმედებს სარეკლამო-მარკეტინგული მიზნით ჩატარებული ლატარიების მიმართ.“.
მუხლი 2.
ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ტენდერის ჩატარება ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 10 დეკემბერი.
№709–რს
დოკუმენტის კომენტარები