„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 673
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 19/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 430.020.000.05.001.003.356
  • Word
673
10/12/2008
სსმ, 38, 19/12/2008
430.020.000.05.001.003.356
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „ე2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე2) უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ყველა კვალიფიკაცია;“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ4) ამტკიცებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს;“.

3. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.

4. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში განსაზღვრული კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი:

     „მუხლი 491. ერთობლივი პროგრამები

1. ამ კანონის 47-ე–49-ე მუხლებით გათვალისწინებული პროგრამები შეიძლება ერთობლივად განახორციელოს რამდენიმე საქართველოს აკრედიტებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. ერთობლივი პროგრამების განხორციელების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით.

2. ერთობლივი პროგრამების განხორციელების წესში შეიძლება მოცემულ იქნეს ამ კანონის 28-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისაგან განსხვავებული ნორმები.“.

6. 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის მქონე აბიტურიენტის ან სტუდენტის საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) საფუძველზე იღებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.“.

7. 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აბიტურიენტთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული პროგრამით სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) აბიტურიენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 3 ან მეტი წლის განმავლობაში და რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

ბ) სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 3 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უცხო ქვეყნების აკრედიტებული/აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის.“.

8. 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 68-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინსტიტუციური აკრედიტაცია ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების) შესაბამისობას ამ დაწესებულების მატერიალური, საფინანსო, პროგრამული და ადამიანური რესურსების სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმატივებთან.“.

10. 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 88-ე მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2009-2010 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2009-2010 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა ფაკულტეტების მიხედვით.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე შეიმუშაოს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დაფინანსების ახალი წესი და პირობები.“.

13. 89-ე მუხლის მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 891 მუხლი:

     „მუხლი 891. საქართველოში საომარი მოქმედებების გამო სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებები

1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს სწავლა განაგრძოს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2009 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცება.

2. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ პირთა უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. ამ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.

3. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციაში და ირიცხებოდნენ ამ ქვეყნის მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფლებამოსილი არიან სწავლა განაგრძონ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2009 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესის დამტკიცება.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 10 დეკემბერი.

№673–რს