საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 13/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2013
ძალაში შესვლის თარიღი 14/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.025.016104
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
93
13/05/2013
ვებგვერდი, 13/05/2013
040030000.22.025.016104
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/05/2013 - 14/05/2013)

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №93

2013 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწოფო   სააგენტოს თანდართული დებულება.
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ნავთობისა და გაზის სახელმწოფო სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2013 წლის 1 აგვისტომდე.
3.  ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 14 მაისიდან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნავთობისა და გაზის სახელმწოფო სააგენტოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო  სააგენტო (შემდგომში – სააგენტო)      შექმნილია „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ეს დებულება განსაზღვრავს სააგენტოს სტატუსს, მიზნებს, ამოცანებს, სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
5. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკის  მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს სამართლებრივი აქტებით.
6. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონში „ნავთობისა და გაზის შესახებ” და სხვა ნორმატიულ აქტებში.
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სანაპორის ქ. №2.

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები
სააგენტოს მიზნებს წარმოადგენს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად;
ბ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა, ნავთობისა და გაზის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი გატარების პრაქტიკული უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
დ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებში, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობაში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა;
ე) ,,ერთი გაჩერების“ და საჯაროობის პრინციპის ხელშეწყობა ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ სააგენტოს საშუალებით ინვესტორს შესაძლებლობა აქვს მიიღოს კონსულტაციები, აწარმოოს მოლაპარაკებები, გააფორმოს ხელშეკრულება, მიიღოს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიები. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს მინაკუთვნი, სერტიფიკატი და ყველა საჭირო ნებართვა ან მათი გაცემის გარანტია ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის საწარმოებლად საქართველოში;
ვ) საქართველოში ნავთობის და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგისტრაციის და აღრიცხვის მიზნით, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური უსაფრთხოების, ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა  ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.

მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები
 სააგენტოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებათა მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
ბ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად. ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ინვესტორთან დასადები ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
გ) ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესებისა და პირობების შემუშავება და გამარჯვებული ინვესტორისათვის შეთავაზებული სალიცენზიო ფართობის გადაცემის პროცედურის ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ინვესტორის მიერ ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების მოქმედების შეჩერება/შეწყვეტა და აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო ნორმებისა და წესების შემუშავება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) გამარჯვებული ინვესტორის გამოსავლენად ტენდერებისა და აუქციონების წარმართვა და ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებული ფართობის გადაცემის გაფორმება;
ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა. ხელშეკრულების მომზადების და მოლაპარაკების პროცესში სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დახმარება ნებისმიერი სამთავრობო სტრუქტურიდან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციიდან;
ზ) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;
თ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან, შეგროვებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ყველა საშუალების (მიწისზედა ან მიწისქვეშა საცავის, ტერმინალის, რეზერვუარის, მილსადენის, მოწყობილობის და ა.შ.) ზედამხედველობა და კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ი) ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით და სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების ზედამხედველობა და კონტროლი. ხელშეკრულებებითა და სარგებლობის ლიცენზიებით წარმოშობილი ვალდებულებების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა. ამასთან, არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელმწიფო მარეგულირებელი ხასიათის ყოველგვარი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები (საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების გარდა) გადაეცემა სააგენტოს;
კ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ცენტრალიზებული საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (ყველანაირი ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
ლ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებით ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა.  ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;
მ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების სფეროში დადებული ხელშეკრულებების კომერციული პირობების ზედამხედველობა;
ნ) ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში მათი საჯარო განხილვა და დამტკიცება;
ო) საქმიანობისა და სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი; ლიცენზიის მფლობელთათვის გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო პირობების უზრუნველყოფა;
პ) საჭიროების შემთხვევაში, ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების შემოწმების მიზნით, ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ჟ) თავისი კომპეტეციის ფარგლებში ნედლეულის, აგრეთვე ნავთობგაზპროდუქტების სატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა;
რ) სახელმწიფო ინტერესებისა და საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით, არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტური განხორციელების მიზნით სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;
ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების განხილვა და მათ დამტკიცებაში მონაწილეობა. სააგენტოს ექსპერტებს უფლება აქვთ პერიოდულად შევიდნენ ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების და ტრასპორტირების საქმიანობის ზონაში, აიღონ ნავთობის ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშები ლაბორატორიაში გასასინჯად. თუ ნავთობის ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, სააგენტო გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 4. სააგენტოს უფლება-მოვალეობები
სააგენტოს უფლება-მოვალეობებია:
ა) სახელმწიფოს სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, გასცეს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიები. დაარეგულიროს ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის წარმოება საქართველოში;
ბ) გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას;
გ) მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიების მფლობელებისაგან, სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციების, დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო საწარმოების, უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან;
დ) ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიების მფლობელის მიერ ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და სააგენტოს ნორმატიული აქტების დარღვევისათვის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის. სააგენტოს უფლება-მოვალეობაა შეაჩეროს ან ვადაზე ადრე შეწყვიტოს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ხელშეკრულების, სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას;
ე) განიხილოს და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილებები განაცხადებზე, რომლებიც შეტანილია სააგენტოში იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ;
ვ) ინვესტორის ინიციატივითა და მასთან წინასწარი მოლაპარაკების შემდგომ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეცვალოს ნავთობისა და გაზის ნებისმიერი ხელშეკრულების, სარგებლობის ლიცენზიის პირობები ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, მათ შორის, უცხოელი. საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას საკონსულტაციო საბჭო;
თ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით მოითხოვოს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა საჭირო მოწყობილობების შეძენა და ექსპლუატაცია ,,საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად;
ი) უზრუნველყოს სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
კ) განახორციელოს ნავთობის გადამუშავებისა ან/და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
ლ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის განხორციელების პროცესში უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომხდარი მნიშვნელოვანი შემთხვევის გამოკვლევის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, საჯაროობის გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;
მ) მოითხოვოს და მიიღოს ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისაგან ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიში და ყველა სახის ინფორმაცია ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებით;
ნ) ტენდერებისა და აუქციონის პირობების შემუშავების პროცესში, მათი საჯარო განხილვა და დამტკიცება;
ო) სამუშაო ფართობისა და გამოყენებული დანადგარების მიტოვებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად ლიცენზიანტთან ერთად სპეციალური სარეზერვო ფონდის ანგარიშის გახსნა;
პ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი.

მუხლი 5. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წარდგინებით.
2. სააგენტოს უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას, აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის;
გ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს და გასცემს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიებს, მინაკუთვნს, სერტიფიკატებს და ნებართვებს;
დ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარუდგენს წინადადებას სააგენტოს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებით ბიუჯეტის პროექტზე. იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრულებისათვის;
ე) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს;
ვ) წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
ზ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აგრეთვე თვალყურს ადევნებს სააგენტოს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობას კანონით დადგენილი წესით;
თ) უფლება აქვს მოითხოვოს ყველა საჭირო მონაცემი და ინფორმაცია სამინისტროებიდან, სახელმწიფო უწყებებიდან, აგრეთვე იმ პირთაგან, რომლებიც აწარმოებენ ნავთობისა და გაზის ოპერაციებს, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობას საქართველოში;
ი) ძალადაკარგულად ცნობს მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებებს, აგრეთვე სააგენტოს უფროსის ბრძანებებს;
კ) კანონით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას და ზედამხედველობს მის შესრულებას;
ლ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის, ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ნ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ო) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად;
პ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ჟ) ასრულებს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს ენერგეტიკის  მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
4. სააგენტოს უფროსის არყოფნისას სააგენტოს უფროსის უფლებამოსილებას, უფროსის დავალებით, ასრულებს  ერთ-ერთი მოადგილე.
5. სააგენტოს უფროსის მოადგილეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. სააგენტოს უფროსს, მის მოადგილეებს და თანამშრომლებს უფლება არა აქვთ ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური კავშირი საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის განმახორციელებელ და/ან მწარმოებელ რომელიმე სუბიექტთან.

მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ხელშეკრულებებისა და საქმიანობის ლიცენზიების დეპრატამენტი;
ბ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების დეპარტამენტი;
გ) იურიდიულ და ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტი.

მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია
1. იურიდიულ  და ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტი:
ა) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) დეპარტამენტში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შეთანხმება და ვიზირება;
დ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს უფროსის შესაბამისი რწმუნების საფუძველზე სააგენტოს  სასამართლოში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარმოდგენა და მათი ინტერესების დაცვა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგელბში მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა ან/და  განხილვაში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და ვიზირება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. დადგენილ შემთხვევებში დადგენილების იძულებით აღსრულების მიზნით სააღსრულებლო ფურცლის გამოცემისა და საქმის მასალების უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნისათვის  შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
კ) საქმიანობის ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საქმის წარმოების უზრუნველყოფა;
ლ) სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელის, რეგულირების საფასურის, სააგენტოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმების შესაბამის ანგარიშებზე გადახდის აღრიცხვის  ანალიზი და მონიტორინგი;
მ) ხელშეკრულებების განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ნ) სააგენტოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ო) სააგენტოს ბიუჯების პროექტის მომზადება და ენერგეტიკის სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა;
პ) დადგენილი წესით სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;
ჟ) სააგენტოს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;
რ) სააგენტოს ფინანსური და არაფინანსური აქტივების მოთხოვნების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზება;
ტ) სააგენტოს წლიური ან/და კორექტირებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
უ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
ფ) სახელმწოფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
ქ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ღ) სააგენტოს ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა;
ყ) სააგენტოს საქმისწარმოების განხორციელება, სააგენტოს საერთო საქმისწარმოების ორგანიზება, კონტროლი და კოორდინაცია;
შ) სააგენტოს საკადრო საკითხების განხორციელება;
ჩ) სააგენტოს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება;
ც) კომპეტენციის ფარგლებში უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება;
ძ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდბლობით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. ხელშეკრულებებისა და საქმიანობის ლიცენზიების დეპარტამენტი;
ა) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება;
ბ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება;
გ) ტენდერის ან აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის შედგენა:
დ) ყველა ხელშეკრულების მომზადება; მოლაპარაკების წარმოება;
ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან  და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული საფინანსო-ეკონომიკური და საოპერაციო საკითხების ზედამხედველობა და კონტროლი;
ვ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;
ზ) საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადების და თანდართული დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან  შესაბამისობის დადგენა;
თ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული საფინანსო-ეკონომიკური საკითხების ზედამხედველობა და კონტროლი;
ი) სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (საქმიანობის ლიცენზია) გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება;
კ) საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;
ლ) ხელშეკრულებების, ბიზნეს-გეგმებისა და სააგენტოში შემოსული პროექტების იურიდიული და ფინანსური ექსპერტიზა;
მ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა;
ნ) ნედლი ნავთობის, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე გარიგებებისა და დადგენილი ფასების ანალიზი;
ო) ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
პ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
3. ნავთობისა და გაზის ოპერაციების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად;
ბ) სატენდერო პაკეტების შედგენა;
გ) ხელშეკრულებების მომზადებაში და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
დ) ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების მონიტორინგი და კონტროლი გარემოსდაცვითი და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით;
ე) ინვესტორი/ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გეგმების, განაცხადების განხილვა და ანალიზი;
ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი ეროვნული წესებით გათვალისწინებულ ოპერაციებზე უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადების განხილვა და დამტკიცება,  ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონიტორინგი;
ზ) ნავთობისა და გაზის მარეგულირებელი ეროვნული წესებით გათვალისწინებული გეგმების განხილვა,  კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და დასკვნის მომზადება;
თ) უბედური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შემთხვევების გამოკვლევა, განხილვა და საჯარო ანგარიშების მომზადება;
ი) მარეგულირებელ წესებში საჭირო ცვლილებების და დამატებების მომზადებაში მონაწილეობა;
კ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
ლ) საქართველოში არსებული ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის და საფონდო მასალის მოძიება, მართვა, შენახვა და ოპტიმიზაცია მათი ერთიან საინფორმაციო ბაზაში ინტეგრირების მიზნით;);
მ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, სამართალდამრღვევის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზნით საქმის მასალების მომზადება და უფლებამოსილი ორგანოსთვის (თანამდებობის პირისთვის) გადაგზავნის უზრუნველყოფა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო­სათვის მიწოდება;
ო) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის მართვა
1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს - დეპარტამენტს ხელძღვანელობს შესაბამისად თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
2. დეპარტამენტის  უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;
გ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) აბარებს სააგენტოს უფროსს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ანგარიშს;
თ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულების (მათი არსებობისას) საქმიანობის კოორდინაციას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის მოადგილე. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციას;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან კოორდინაციით ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს უფროსის, მისი მოადგილის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და სააგენტოს უფროსის წინაშე.
5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დადგენილი წესით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე.

მუხლი 9. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს თავისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება. სააგენტოს ქონების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი საბრუნავი საშუალებებისაგან, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.

მუხლი 10. სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტოს დაფინანსების წყარო არის:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების საფასური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 11. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სააგენტომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანხმობით, უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 12. სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის    სამინისტრო.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

მუხლი 13. საგენტოს სიმბოლიკა
1. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო მცირე გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით.
2. სააგენტო სახელმწიფო დროშასა და გერბს იყენებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა ან სიმბოლიკა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სააგენტოს სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სააგენტოს სუვენირებზე.

მუხლი 14. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 15. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.