დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 104 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/05/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280020.10.003.017268 |
|
„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ ‑ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (სსმ, 2008 წელი, მუხლი 696) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დადგენილ ვადაში მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების და ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველსაყოფად, შესაბამისმა პირმა უნდა წარმოადგინოს ყოველი მეგავატისათვის 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად), ოდენობით საბანკო გარანტია ამ ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით. ამასთან, საბანკო გარანტია უნდა გაიცეს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. საბანკო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 72-75 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „72. მემორანდუმით დადგენილ ვადაში მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს მთლიანი საგარანტიო თანხის 0,5 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ ენერგეტიკის სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - მთავრობის მიერ საბანკო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში განხორციელდება საბანკო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით. 73. იმ შემთხვევაში, თუ 72 პუნქტის საფუძველზე პირზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს მთლიანი საგარანტიო თანხის 50%-ს, მთავრობა უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება მთლიანი საგარანტიო თანხის მოთხოვნა. 74. მემორანდუმით დადგენილ ვადაში ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს მთლიანი საგარანტიო თანხის 0,5 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ ენერგეტიკის სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - მთავრობის მიერ საბანკო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში განხორციელდება საბანკო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით. 75. იმ შემთხვევაში, თუ 74 პუნქტის საფუძველზე პირზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს მთლიანი საგარანტიო თანხის 50%-ს, მთავრობა უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება მთლიანი საგარანტიო თანხის მოთხოვნა.“. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი წესი (მთლიანად ან ნაწილობრივ) შესაძლებელია გავრცელდეს აგრეთვე ამ დადგენილების ამოქმედებამდე დადებულ მემორანდუმებზე, მათში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით. ამასთან, პირველი მუხლით დადგენილი წესის (გარდა საგარანტიო თანხის ნაწილში) გავრცელება იმ მემორანდუმების მიმართ, რომლის პირობებიც პირის მიერ დარღვეულია (ამ დადგენილების ამოქმედებამდე ან/და მემორანდუმში აღნიშნული ცვლილებების შეტანამდე), შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ წარმოდგენილი იქნება დასაბუთებული წინადადება მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობის დაწყების ან/და ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადების გონივრული ცვლილებების შესახებ და იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ამ პირის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის თანხის (იმ შემთხვევაში, თუ საბანკო გარანტიის თანხა შემცირებულია) შევსება თავდაპირველ ოდენობამდე (1მგვტ - 170000 აშშ დოლარი ან 1მგვტ ‑ 120000 ევრო). ასეთ შემთხვევაში, მემორანდუმის პირობების ასეთი დარღვევის (ამ დადგენილების ამოქმედებამდე ან/და მემორანდუმში აღნიშნული ცვლილებების შეტანამდე არსებული დარღვევის) მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნება გატარებული მემორანდუმით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ამოქმედების (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა სრულად არის მოთხოვნილი და მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ) და მემორანდუმის გაუქმების ღონისძიებები. |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები