საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 71/37
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 12/04/2013
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320010.58.070.016011
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
71/37
12/04/2013
ვებგვერდი, 17/04/2013
010320010.58.070.016011
საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/04/2013 - 23/04/2013)

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №71/37

2013 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, 361  მუხლის მე-2 პუნქტისა და  364  მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესი და პირობები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია



დანართი

 

საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების

მსურველ პირთა სერტიფიცირების წესი და პირობები


თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების საგანი და სფერო
1. საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესი და პირობები (შემდგომში - წესი) არეგულირებს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა  (შემდგომში - კანდიდატთა) მიერ საჯარო აუდიტის სფეროში საკვალიფიკაციო კურსის (შემდგომში - კურსი) გავლასა  და პროფესიული ცოდნის შეფასებას (შემდგომში - სასერტიფიკაციო გამოცდა), საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისა და შეწყვეტის პირობებს.
2. ეს წესი ვრცელდება ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელსაც სურს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების  მოპოვება.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჯარო აუდიტის ინსტიტუტი - (შემდგომში ინსტიტუტი), საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატთათვის კურსისა და სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებას (შემდგომში - სერტიფიცირება) ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) საჯარო სექტორის აუდიტორი - საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მქონე პირი, რაც დასტურდება ინსტიტუტის მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით;

გ) სერტიფიკატი - ინსტიტუტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებას;

დ) დამკვირვებელი – ინსტიტუტის დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად მიენიჭება დამკვირვებლის სტატუსი;

ე) ტესტი – ინსტიტუტის მიერ კანდიდატებისთვის წერილობითი ფორმით ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით  შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;

ვ) საგამოცდო კომისია - სასერტიფიკაციო გამოცდის ფარგლებში, გამოცდების ორგანიზებისა და კანდიდატთა შეფასების მიზნით ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით შექმნილი დროებითი ორგანო;

ზ) საგამოცდო ადგილი – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, ინსტიტუტის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;

თ) საპრეტენზიო კომისია – სასერტიფიკაციო გამოცდის ფარგლებში, ტესტირების პროცედურის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრეტენზიების განხილვის მიზნით, ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით შექმნილი დროებითი ორგანო.

ი) სერტიფიცირების საფასური -  კურსისა და სასერტიფიკაციო გამოცდისათვის ინსტიტუტის მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა, გადახდის წესი და სხვა პირობები განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.


მუხლი 3. სერტიფიცირების  მიზანი
სერტიფიცირების მიზანია კანდიდატის მიერ საჯარო აუდიტის სფეროში კურსის გავლა, კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული ცოდნის შეფასება და საჯარო  სექტორში  აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მინიჭება.

თავი II
სერტიფიცირების  პროცედურა

მუხლი 4. კურსის ხანგრძლივობა, სასწავლო პროგრამა და სხვა პროცედურები
კურსის ხანგრძლივობა, სასწავლო პროგრამა და სხვა პროცედურები განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით. 

მუხლი 5. კანდიდატთა რეგისტრაცია
1. კანდიდატთა რეგისტრაცია გულისხმობს ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული წერილობითი ფორმით კანდიდატთა მიერ შევსებული განცხადებისა და ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენას ინსტიტუტში კურსსა და შემდგომში სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიღების შესახებ.
2. კანდიდატის მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ნაბეჭდი ფორმით;
გ) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური (ფინანსური) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი;
ე) სერტიფიცირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3. კანდიდატთა რეგისტრაციის პროცედურები და ვადები  განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
4. ინსტიტუტი ქმნის კანდიდატთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის საფუძველზე ხორციელდება კურსისა და სასერტიფიკაციო გამოცდების დაგეგმვა.

მუხლი 6. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის უფლება
1. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს კანდიდატს, თუ მას გავლილი აქვს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კურსი.
2. კურსი გავლილად არ ჩაითვლება, თუ კანდიდატი დაესწრება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საათების 65%-ზე ნაკლებს. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატს მის მიერ გადახდილი მომსახურების სერტიფიცირების საფასური არ დაუბრუნდება.

მუხლი 7. საგამოცდო კომისია
1. საგამოცდო კომისია იქმნება სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე არა უადრეს 10 დღისა და ფუნქციონირებას წყვეტს სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისთანავე.
2. საგამოცდო კომისიის შემადგენლობა და წევრთა რაოდენობა (არანაკლებ 5 წევრისა) განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
3. საგამოცდო კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
5. საგამოცდო კომისია:
ა) ასწორებს საგამოცდო ტესტს;
ბ) აფასებს გამოცდების შედეგებს;
გ) ამტკიცებს გამოცდების შედეგებს;
დ) გამოცდების შედეგების დამტკიცების შემდგომ დირექტორს წარუდგენს იმ კანდიდატთა სიას, ვინც დააგროვა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად ქულათა საკმარისი რაოდენობა.
6. საგამოცდო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია და  იგი არ შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ, სასერტიფიკაციო გამოცდების დაწყებამდე.
7. საგამოცდო კომისიის წევრს არ ეძლევა ანაზღაურება.
8. საგამოცდო კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი, რომლებსაც საგამოცდო კომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი.
9. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, საგამოცდო კომისიის შემადგენლობიდან ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით ინიშნება თავმჯდომარის  მოვალეობის  შემსრულებელი.
10. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე:
ა) უძღვება საგამოცდო კომისიის სხდომებს;
ბ) უშუალოდ მეთვალყურეობს გამოცდების შედეგების შეფასების პროცესს;
გ) ხელს აწერს საგამოცდო კომისიის სხდომის ოქმებს;
დ) ასრულებს თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
11. საგამოცდო კომისიის მდივანი:
ა) ადგენს და ხელს აწერს საგამოცდო კომისიის სხდომის ოქმებს;
ბ) კომისიის სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით ასრულებს თავმჯდომარის დავალებებს.

მუხლი 8. სასერტიფიკაციო გამოცდა
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტირების სახით, წერითი ფორმით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.
2. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება სახელმწიფო ენაზე.
3. სასწავლო პროგრამის მიხედვით შედგენილი საგამოცდო ტესტები მტკიცდება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
4. სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს კანდიდატის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტში ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით დადგენილი სავალდებულო ქულების ოდენობის დაგროვებას.

მუხლი 9. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების დრო,  ადგილი და სხვა პროცედურები
1. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების დრო, ადგილი და გამოცდის მიმდინარეობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
2. ინსტიტუტი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის უზრუნველყოფს საჭირო ადგილისა და ინვენტარის გამოყოფას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
3. საგამოცდო დროის, ადგილისა და სხვა პროცედურების (მათ შორის, ვიდეოგადაღების) შესახებ კანდიდატებს ინფორმაცია ეცნობებათ წინასწარ,  ასევე გამოქვეყნდება ინსტიტუტისა ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე, გამოცდის ჩატარებამდე 1 კვირით ადრე მაინც.
4. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობა შესაძლებელია ინსტიტუტის დირექტორის გადაწყვეტილებით გადაღებულ იქნეს ტექნიკური საშუალებებით (ვიდეოგადაღება).

მუხლი 10. სასერტიფიკაციო გამოცდაზე დამსწრე პირები
1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის დროს, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების  ადგილას, დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელთაც აქვთ ინსტიტუტის დირექტორის მიერ გაცემული აღნიშნული უფლების დამადასტურებელი სპეციალური მოწმობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის გამოცდაზე დასწრებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობას. მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით  კანდიდატის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა.
3. სასერტიფიკაციო გამოცდის ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით, ტესტირების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და განაწილება ხდება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 11. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობა
1. ტესტზე მუშაობის პროცესში კანდიდატს ინსტიტუტი უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინვენტარით, წერითი გამოცდის  ჩატარების დროს, ასევე ე.წ. „გელიანი  კალმით“.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები.
3. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას კანდიდატს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონით ან სხვა ელექტრონული აპარატურით სარგებლობა (გარდა ინსტიტუტის მიერ უზრუნველყოფილი ტექნიკური საშუალებებისა);
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის (სახელმძღვანელოები, ჩანაწერები - ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით  და  სხვ.) გამოყენება; 
გ) წერითი ფორმით გამოცდის ჩატარების დროს, პასუხების ფურცლის შესავსებად  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „გელიანი კალმის“ გარდა სხვა კალამის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, პასუხების ფურცლის დაზიანება ან პასუხის გადასწორება;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის დატოვება დამკვირვებლის ნებართვის გარეშე (სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად);
ვ) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
ზ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ მუშაობის გაგრძელება.

მუხლი 12. კანდიდატის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის წესის დარღვევა 
1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას კანდიდატი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ნებადართული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ (წერითი გამოცდის დროს), „დ“, „ვ“ და ,,ზ' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის და წესის შესაბამისად.
3. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის  დარღვევის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად კანდიდატს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი, კანდიდატი ვალდებულია პასუხების ფურცელი შეავსოს და ჩააბაროს დარჩენილ დროში.
4. სამი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, კანდიდატი  იხსნება სასერტიფიკაციო გამოცდიდან, რაც ფორმდება სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნის ოქმით. სასერტიფიკაციო გამოცდიდან კანდიდატის მოხსნის წესი და ოქმის ფორმა მტკიცდება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
5. გაფრთხილების გარეშე კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა', „ბ' და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან წესრიგის უხეში დარღვევის სხვა შემთხვევაში.
6. გაფრთხილების გარეშე კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა ასევე ფორმდება სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნის ოქმით.

მუხლი 13. ტესტების გასწორება
1. კანდიდატის ტესტი საგამოცდო კომისიის მიერ სწორდება სასერტიფიკაციო გამოცდის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში.
2. ტესტები სწორდება კომპიუტერისა და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ან დამოუკიდებლად, მინიმუმ - ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში, ტესტი სწორდება მესამედ. მესამედ  გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა.
3. ტესტი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას (ფიგურა, წარწერა და ა.შ.), რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება. 
4. ამ წესის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანდიდატის ტესტი  არ გასწორდება.
5. ტესტების გასწორებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 14. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებისა და ტესტების პასუხების გამოქვეყნება
ინსტიტუტი, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 1 კვირისა,  უზრუნველყოფს სასერტიფიკაციო გამოცდის წინასწარი შედეგებისა და ტესტების პასუხების გამოქვეყნებას ინსტიტუტის ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

თავი III
სასერტიფიკაციო გამოცდის ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების

 წარდგენისა და განხილვის წესი


მუხლი 15. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება
კანდიდატს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურის დარღვევის ფაქტის შესახებ ან/და ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით.

მუხლი 16. საპრეტენზიო განაცხადი
1. სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურის დარღვევის ფაქტის  შესახებ  ან/და ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით კანდიდატის საპრეტენზიო განაცხადი ინსტიტუტის კანცელარიაში რეგისტრაციის გზით წარედგინება საპრეტენზიო კომისიას, ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.
2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) საპრეტენზიო განაცხადის  წარმდგენი პირის ვინაობა, ხელმოწერა და წარდგენის თარიღი;
ბ) ტესტირების პროცედურის დარღვევის ფაქტის შესახებ პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში დარღვეული პროცედურის აღწერა;
გ) ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში, ტესტის საკითხის ნომერი, რომლის შესახებაც წარდგენილია პრეტენზია და პრეტენზიის დასაბუთება.

მუხლი 17. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა
1. კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურის დარღვევის ფაქტის შესახებ გამოცდის მომდევნო სამუშაო დღის 18:00 საათამდე წარადგენს ინსტიტუტში, საპრეტენზიო კომისიის სახელზე.
2. კანდიდატი ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს  ინსტიტუტში, საპრეტენზიო კომისიის სახელზე, ტესტირების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 18. საპრეტენზიო კომისია
1. კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურის დარღვევის ფაქტს ან/და ტესტური დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა (არანაკლებ 5 წევრისა), თავმჯდომარე და მდივანი განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტის შედგენაში ან არის მიმდინარე წლის საგამოცდო კომისიის წევრი.
4. საპრეტენზიო კომისიის წევრობა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

მუხლი 19. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობა
1. საპრეტენზიო კომისიის სხდომას იწვევს და უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.  საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობიდან ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით ინიშნება თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ  სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
3. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

მუხლი 20. ტესტირების პროცედურის დარღვევების შესახებ წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის შინაარსი 
ტესტირების პროცედურის დარღვევის ფაქტის შესახებ წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი შეიძლება ეხებოდეს პრეტენზიის წარმდგენი კანდიდატის უფლებების დარღვევას, ტესტირების პროცედურის მონაწილე ან სხვა პირების მიერ.

მუხლი 21. ტესტირების პროცედურის დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. საპრეტენზიო კომისია ტესტირების პროცედურის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან  დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 5 დღის ვადაში.
2. ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია იღებს გადაწყვეტილებას პრეტენზიის წარმდგენი კანდიდატის ტესტების  გასწორების თაობაზე;
3.  მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ კანდიდატის ტესტი შეუვსებელია ან ნაწილობრივ არის შევსებული და გასწორების შედეგად მიღებულ ქულათა რაოდენობა არ არის საკმარისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად, კანდიდატს ეძლევა გამოცდის გადაბარების უფლება ან გადახდილი სერტიფიცირების საფასური მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უბრუნდება უკან.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნა (საბანკო რეკვიზიტების მითითებით) წარდგენილი უნდა იქნეს ინსტიტუტში კანდიდატის მიერ საპრეტენზიო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების ცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
5. ინსტიტუტის მიერ საფასურის უკან დაბრუნება მოხდება მოთხოვნის წარდგენიდან 1 კვირის ვადაში.
6. საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოცდო კომისიას.

მუხლი 22. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა  და გადაწყვეტილების მიღება
1. სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს განაცხადში მითითებული ტესტის (ან ტესტის საკითხის) შეფასების სისწორეზე და 5 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი სახის გადაწყვეტილება:
ა) კანდიდატისათვის ქულის მომატების შესახებ;
ბ) კანდიდატისათვის ქულის დაკლების შესახებ;
გ) კანდიდატის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.
2. საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოცდო კომისიას.

მუხლი 23. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების კანდიდატისათვის შეტყობინება და ინფორმაციის გამოქვეყნება
1. ინსტიტუტი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში აცნობებს კანდიდატს.
2. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტის მიერ განთავსდება ინსტიტუტის ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე, საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

თავი IV
საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვება

მუხლი 24. სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები
1. საგამოცდო კომისია ამ წესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიწოდებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ამტკიცებს სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგებს.
2. საგამოცდო კომისიის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების დამტკიცების შემდგომ არაუგვიანეს 10 დღისა ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით მტკიცდება იმ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა და მოიპოვეს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება და სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები ქვეყნდება ინსტიტუტის ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე.

მუხლი 25. სერტიფიკატი
1. პირის საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით.
2. ინსტიტუტი სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე სერტიფიკატების გადაცემას.
3. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 (ხუთი) წელი.
4. სერტიფიკატის მოქმედების ვადა აითვლება ინსტიტუტის ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული პირთა სიისა და სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების მომენტიდან.
5. სერტიფიკატის ფორმა და აღწერილობა მტკიცდება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 26. საჯარო სექტორის აუდიტორთა რეესტრი
1. ინსტიტუტი ვალდებულია შექმნას საჯარო სექტორის აუდიტორთა შესაბამისი რეესტრი (ელექტრონული მონაცემთა ბაზა).
2. საჯარო სექტორის აუდიტორთა რეესტრი ქვეყნდება ინსტიტუტის ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე.

თავი V
 საჯარო სექტორის აუდიტორის სტატუსის შეწყვეტისა

და ხელახლა მოპოვების პირობები


მუხლი 27. საჯარო  სექტორის აუდიტორის სტატუსის შეწყვეტის პირობები
1. ფიზიკურ პირს საჯარო სექტორის აუდიტორის სტატუსი შეუწყდება:
ა) სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლისთანავე;
ბ) პირადი განცხადების საფუძველზე;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
დ) თუ სასამართლომ ცნო შეზღუდულქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ე) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის;
ვ) აუდიტორის გარდაცვალების შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარო სექტორის აუდიტორის სტატუსი წყდება ავტომატურად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ - ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დადგომისას  (რაც ინსტიტუტისათვის ცნობილი გახდა ოფიციალურად), საჯარო სექტორის აუდიტორის სტატუსი წყდება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
4. საჯარო სექტორის აუდიტორის სტატუსის შეწყვეტა აისახება საჯარო სექტორის აუდიტორთა რეესტრში.

მუხლი 28. საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების ხელახლა მოპოვება
საჯარო სექტორის აუდიტორის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევა, ვალდებულია ხელახლა მოიპოვოს აღნიშნული საქმიანობის უფლება, ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

თავი VI
სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარება 

მუხლი 29. სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარების ვადები
1. სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარება გულისხმობს იმ კანდიდატთა მიერ სასერტიფიკაციო გამოცდაზე ხელახლა გასვლას, რომლებმაც ვერ დააგროვეს გამოცდის ჩასაბარებლად ქულათა საკმარისი რაოდენობა.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარების მიზნით კანდიდატმა სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში განცხადებით უნდა მიმართოს ინსტიტუტის დირექტორს, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს განცხადების/განცხადებების წარდგენის ვადის დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
3. სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარება ხორციელდება ამ წესის II-IV თავებით დადგენილი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების პროცედურების შესაბამისად.
4. სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარება უნდა განხორციელდეს  სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 კვირის ვადაში.
5. სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარების მომსახურების საფასურის ოდენობა დგინდება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით. იგი არ შეიძლება იყოს სერტიფიცირების საფასურის ოდენობის 10%-ზე მეტი.
6. სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარების მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ წესის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი.