დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 232 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 26/07/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 010010010.04.001.016044 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (25/05/2012 - 04/05/2018)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2008 წლის 20 თებერვალს მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.
ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 4 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 15 ივლისი.
№232–რს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი, ხელმძღვანელობენ რა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებების დაცვის, ხელისუფლების დანაწილების დემოკრატიული მმართველობის პრინციპებით და საყოველთაოდ აღიარებული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით, აცხადებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ტერიტორიული ერთეული, რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების საფუძველზე.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მოიცავს ტერიტორიას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მიღების დღისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ინიციატივის საფუძველზე. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს ორგანული კანონით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტების მიღება, მათში ცვლილებების შეტანა;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება;
დ) განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობა, კულტურისა და სამეცნიერო დაწესებულებების შექმნა და მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობა;
ე) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკები და მუზეუმები;
ვ) ტურიზმი, კულტურა და სპორტი;
ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობა და ურბანული განვითარება;
თ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები და სხვა კომუნიკაციები;
ი) სანიტარია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა;
კ) სოფლის მეურნეობა და სამონადირეო საქმე;
ლ) სურსათი და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
მ) ბაზრობები, ბაზრები და გამოფენები;
ნ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ფარგლებში საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტის დამტკიცება და შესრულების კონტროლი;
ო) საქართველოს კანონებით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;
პ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა;
ჟ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამსახური;
რ) სატყეო მეურნეობის მართვა;
ს) სახანძრო დაცვა.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებათა საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ და ეს კონსტიტუცია.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი კანონი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ბათუმი.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა არის მართკუთხა ქსოვილი პროპორციით 2/3, რომელსაც გაჰკვეთს შვიდი ჰორიზონტალური ზოლი: 1-3-5-7 ზოლი ლაჟვარდის ფერი, ხოლო 2-4-6 ზოლი თეთრი ფერის. დროშის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოსახულება თან ერთვის ამ კონსტიტუციას.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოყენების წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა ზომით საქართველოს სახელმწიფო დროშის სამი მეხუთედია.
4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ღონისძიებების ჩატარებისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად გამოიფინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას აღიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშაც.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი წარმოადგენს ტალღისებურად გადაკვეთილ ჰერალდიკურ ფარს, ცენტრში მცირე ჰერალდიკური ფარით. მცირე ჰერალდიკურ ფარზე მეწამურ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი, ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარის პირველ ნაწილში მწვანე ველზე გამოსახულია ოქროს ციხე. ფარის მეორე ნაწილში ლაჟვარდ ველზე გამოსახულია სამი ოქროს მონეტა ორი ერთზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულება თან ერთვის ამ კონსტიტუციას.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.
3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ღონისძიებების ჩატარებისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფო გერბთან ერთად გამოიფინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბიც.
თავი II. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობას და ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შედგება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 6 დეპუტატისაგან.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიიღებენ მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის წესი, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6362 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია, პროცედურები და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილება.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს.
3. უზრუნველყოფილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილებას ვადამდე შეუწყვეტს, თუ:
ა) არსებობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის პირადი განცხადება უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე;
ბ) გარდაიცვალა;
გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ;
დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ე) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ვ) დაიკავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
ზ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სასესიო (პლენარული და კომისიის სხდომები) მუშაობაში.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
1. დაუშვებელია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უძღვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ აქტებს, ასრულებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით ან თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას.
1. საკანონმდებლო საკითხების მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მისი უფლებამოსილების ვადით იქმნება კომისიები.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 5 წევრით.
3. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციაში.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციაში წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.
3. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმდინარე საქმიანობის წარმართვის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიურო.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომები საჯაროა. დამსწრეთა უმრავლესობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შეუძლია ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომა ან მისი ნაწილი დახურულად გამოაცხადოს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული, დამტკიცებული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გამოთქვა თანხმობა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომებს.
3. კენჭისყრა არის ღია, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი უფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საგაზაფხულო სესია იხსნება მარტის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის მესამე ხუთშაბათს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე ხუთშაბათს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, სესიებს შორის პერიოდში იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან ორი დღის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად ვალდებულია მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეიკრიბოს და შეუდგეს მუშაობას.
3. წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის (სხდომის) მოწვევის თაობაზე ერთვის განსახილველ საკითხთა ნუსხა.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია (სხდომა) ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო:
ა) იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული გამგებლობისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში;
ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს;
გ) აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას;
დ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;
ე) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით;
ვ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
ზ) აწესებს კონტროლს მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულებაზე;
თ) ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს, კომისიების თავმჯდომარეებს, ამტკიცებს კომისიების შემადგენლობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში იძლევა თანხმობას თანამდებობის პირების დანიშვნასა და განთავისუფლებაზე;
კ) საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით საქართველოს პარლამენტში;
ლ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს;
მ) ახორციელებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მიერ მიღებული აქტების დამტკიცებისათვის, საჭიროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების ის რაოდენობა, რომელიც დადგენილია ამ აქტის მიღებისათვის.
4. სხვა სახის გადაწყვეტილებათა მიღების წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს კომისიას, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არანაკლებ 2 000 ამომრჩეველს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
3. მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია არის უფლებამოსილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი.
1. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან შენიშვნებით უბრუნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა უმრავლესობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პირველადი რედაქციით მიღებისათვის საჭიროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის მხარდაჭერა. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც ხუთი დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ კონსტიტუციით დადგენილ ვადაში არ მოაწერა ხელი კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს, თუ იმავე კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:
ა) ახალარჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.
2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას ან/და იგი ვერ ახორციელებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თუ მან ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში ტარდება რიგგარეშე არჩევნები საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს ახორციელებს დროებითი საპრეზიდენტო საბჭო, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მიერ მიღებული აქტი ექვემდებარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებას მისი უფლებამოსილების ცნობიდან 1 თვის ვადაში. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მიერ მიღებულ აქტს, ეს აქტი კარგავს იურიდიულ ძალას.
3. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს უფლებამოსილება წყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.
თავი III. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისაგან.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, რომლის პროექტსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კონსტიტუციური კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“, საქართველოს კანონების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელსაც ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეაჩეროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აქტის მოქმედება ან გააუქმოს ეს აქტი, თუ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საქართველოს კანონებსა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებს.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა.
2. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6362 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების (დაწესებულებების) ხელმძღვანელთან (ხელმძღვანელებთან) შეთანხმების პროცედურის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია არ დაამტკიცოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცალკეული წევრის აცილების საკითხი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ აცილების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შემთხვევაში, დაუშვებელია აცილებული პირის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმავე შემადგენლობაში დანიშვნა განთავისუფლებული ან გადამდგარი მთავრობის წევრის ნაცვლად.
3. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ არ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმავე ან ახალ შემადგენლობას.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, საკითხის დასმა შემდგომი 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე:
ა) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას;
ბ) ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობას;
გ) საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების (დაწესებულებების) ხელმძღვანელთან (ხელმძღვანელებთან) შეთანხმებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას;
დ) უფლებამოსილია გაათავისუფლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, გააუქმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აქტი;
ე) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობებით დადგენილი წესით განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს;
ზ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მუშაობის ძირითად მიმართულებებს;
თ) კონტროლს უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრების საქმიანობას;
ი) პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე საქართველოს პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე;
კ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში;
ლ) ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს, გარდა კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონისა;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს;
ო) ახორციელებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მინისტრი მთავრობის თავმჯდომარის დავალებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უფლება არა აქვს:
ა) თანამდებობიდან გადააყენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი;
ბ) განკარგოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცალკეული წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამის ახალ წევრს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნიშნავს ორი კვირის ვადაში საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების (დაწესებულებების) ხელმძღვანელთან (ხელმძღვანელებთან) შეთანხმებით.
2. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა ნახევარზე მეტით განახლდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით დადგენილი წესით, დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში:
ა) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებასა და სტრუქტურას;
გ) ამტკიცებს მთავრობის აპარატის დებულებას, სტრუქტურას;
დ) ქმნის სათათბირო ორგანოებს და ამტკიცებს მათ დებულებებს;
ე) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების სამართლებრივი აქტები;
ვ) შეიმუშავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ ანგარიშს;
თ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) ხელს უწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, აგრეთვე კულტურისა და სამეცნიერო დაწესებულებების მართვას, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების მოვლა-პატრონობას;
კ) მონაწილეობას ღებულობს ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის საკითხების გადაწყვეტაში, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ლ) უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-პატრონობისა და სხვა კომუნიკაციების განვითარების ხელშეწყობას;
მ) ხელს უწყობს ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობასა და ურბანულ განვითარებას;
ნ) ქმნის სათანადო პირობებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტურიზმისა და სპორტის განვითარებისათვის;
ო) უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მართვას, სურსათისა და სხვა საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
პ) ახორციელებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო იქმნება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მმართველობის უზრუნველსაყოფად.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებია:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის;
ბ) სოფლის მეურნეობის;
გ) ფინანსთა და ეკონომიკის;
დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გადააყენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თუ:
ა) მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას;
ბ) იგი ვერ ახორციელებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაყენებიდან ორი თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ შეარჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მას თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტისას;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებისას;
დ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაყენებისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადადგომისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია.
თავი IV. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და ფინანსები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ყოველწლიურად სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, განხილვა და დამტკიცება ხორციელდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვის წესი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის პროექტი.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი თვისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს სამი თვისა.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე დაუშვებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილია საბიუჯეტო წელს ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი გადასახდელები ახალ საბიუჯეტო წელს ყოველთვიურად გასწიოს არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12-ის ოდენობით.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში სარგებლობს ფინანსური ავტონომიით.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს კანონის საფუძველზე შესაძლებელია გადაეცეს სახელმწიფო საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ნაწილი, ასევე სპეციალური დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ თვითმმართველობის ორგანოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შეიძლება გადაეცეთ ფინანსური სახსრები.
თავი V. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღება და გადასინჯვა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის მიერ და ძალაში შედის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის და კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარდგენის უფლება აქვთ:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არანაკლებ 20 000 ამომრჩეველს.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის წარდგენის შემდეგ, კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტს განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს. საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან ერთად საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვა ხდება კონსტიტუციური კანონის სახით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, რომელიც აქვეყნებს მას საჯარო განხილვისათვის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მიღებისა და ძალაში შესვლის პროცედურები განისაზღვრება კონსტიტუციის ამ თავის შესაბამისად.
თავი VI. გარდამავალი დებულებები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია ძალაში შედის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებს მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ კონსტიტუციას.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფენ კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობას.
1. 2004 წელს არჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტამდე, მისი შემადგენლობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე, უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია, პროცედურები და საქმიანობის წესი რეგულირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების დღისათვის მოქმედი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები გაიმართება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით დადგენილ ვადებში.
ბათუმი,
2008 წლის 20 თებერვალი
№286 უ.ს.გ.ს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი
დოკუმენტის კომენტარები