„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 11/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016102
2-67
11/03/2013
ვებგვერდი, 11/03/2013
040030000.22.032.016102
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-67

2013 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ :

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის  №2-67 ბრძანებაში  (ვებგვერდი, 20/04/2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016067) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების“:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები

1. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია:

ა) საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირება და ამ მიზნის უზრუნველსაყოფად ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგების წარმოებასა და გაშენებაზე ზედამხედველობა, ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება, ვენახის ფართობებსა და საწარმოებში პროდუქციის მოძრაობისა და ნაშთების კარტოთეკის (საინფორმაციო ბანკის) დადგენა და წარმოება;

გ) დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, კომპენტენციის ფარგლებში, ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვა;

დ) საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა, ქართული ღვინის პოპულარიზაცია, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

ე) დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, შესაბამისი პროგრამების, ტექნიკურ-ტექნოლოგიური დოკუმენტაციის, კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება და მასში მონაწილეობის მიღება;

ვ) ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებსა და ღვინის ბრენდზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ზ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებზე, შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა;

თ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების  კონტროლი;

ი) მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობა;

კ) ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების, კონკურსების, გამოფენებისა და სემინარების მოწყობის ხელშეწყობა;

ლ) სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

მ) კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

2. სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები.“

2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ანაწილებს ფუნქციებს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;

ა.ბ) „თ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, აგრეთვე სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილესა და სპეციალისტებს, ადგენს კომისიის წევრების შემადგენლობას, განსაზღვრავს  მათ ფუნქციებს;“

ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სხვადასხვა საკითხთა რეგულირების მიზნით ქმნის კომისიებს ან/და სამუშაო ჯგუფებს;“.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: 

„მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე და მრჩეველი, რომლებსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.

5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.“

3. მე-4  და  მე-5 მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა)    ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ)    ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

გ)    ხარისხის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი;

დ)  მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან, შემოსული წერილების ან სააგენტოში წარმოებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტაციის თუ კორესპონდენციის  რეგისტრაცია, მათი მოძრაობის ან შესრულებულ დავალებათა აღრიცხვა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ინფორმაციის გაცემა;

გ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, სააგენტოს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და კოორდინაცია;

ე) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური ანალიზი;

ვ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სააგენტოს ინტერესების სამართლებრივი დაცვა;

ზ) იმ ხელშეკრულებათა შედგენა ან/და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება, რომლებშიც მხარედ წარმოდგენილია სააგენტო;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;

ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ წინადადებების მომზადება;

კ) საერთაშორისო-სამართლებრივ ურთიერთობებში, სააგენტოს ინტერესების წარმოდგენა, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიცირების ფაქტების არსებობისას, შესაბამისი რეაგირება;

ლ) სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა და სააგენტოს ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;

მ) სააგენტოს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ნ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და სხვა ტექნიკის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ო) სააგენტოს თანამშრომლების საზღვარგარეთ (სემინარებზე, კონფერენციებზე და სხვა) სამივლინებო დოკუმენტების მომზადების ხელშეწყობა;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

2. ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) დარგობრივი ტექნიკურ-ტექნოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული წერილების, ინფორმაციის და სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა;

გ) დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, შესაბამისი პროგრამების, კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) დარგის სტატისტიკური ანგარიშების და ტექნიკური რეგლამენტების მომზადებაში მონაწილეობა და მათი ანალიზი;

ე)    მევენახეობის სტრატეგიული განვითარების ტექნიკურ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა და კვლევა.

3. ხარისხის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან პროდუქტებზე, შესაბამისობის სერტიფიკატის მომზადება და გაცემა;

ბ) საქართველოდან საექსპორტო ყურძნისეული წარმოშობის სასაქონლო პროდუქტებზე, წარმოშობის სერტიფიკატების მომზადება, გაცემა და ექსპორტირებული პროდუქციის აღრიცხვა;

გ) ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის, საჭირო მონაცემთა შესწავლა და დადგენა;

დ) ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე, ხარისხობრივი და რაოდენობრივი კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ღვინის ჩამოსახარისხებლად (ღვინის დაბალ ხარისხში გადასაყვანად) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) რეგისტრირებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების კონტროლი;

ზ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების  ფიზიკო-ქიმიური  ანალიზების და ორგანოლეპტიკური დასკვნების მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენა;

თ) ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლი;

ი) ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება;

კ) ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების, აგრეთვე ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სერტიფიკაციის სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება;

ლ) სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან, შენახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და ანალიზი;

მ) მოსალოდნელი მოსავლის პროგნოზირება, არსებული საწარმოო სიმძლავრეებისა და ნედლეულის რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ნ) ღვინის კომპანიების მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების განზრახვისა და ვენახების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;

ო)  რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა;

პ)    მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ჟ)    ვენახის ერთიანი კადასტრის წარმოება.

4. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, როგორც შიდა, ისე გარე, სამომხმარებლო ბაზარზე ღირსეულად დამკვიდრებისა და დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ხელშეწყობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობის ხელშეწყობა;

გ) ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების, კონკურსების და გამოფენების მოწყობა ან/და მათში მონაწილეობის მიღება;

დ) დარგის საინფორმაციო უზრუნველყოფა, სააგენტოს ვებგვერდზე სააგენტოს შესახებ ინფორმაციის და სიახლის განთავსება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ე) მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

ვ) სხვა ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

ზ) სამომხმარებლო ბაზრის მარკეტინგული კვლევა;

თ)  საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარება;

ი) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დოკუმენტების უცხო ენაზე მომზადება.“

4. მე-6 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადეგუსტაციო კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.

3. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე და სპეციალისტები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.

4.    თავმჯდომარე ადგენს სადეგუსტაციო კომისიის წევრების შემადგენლობას.“.

5. მე-7 მუხლის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თავმჯდომარის თანხმობით, მონაწილეობს სააგენტოში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;“

ბ) „ი“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით კირვალიძე