დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1933 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/04/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14(21), 13/05/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.100.000.05.001.000.527 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (09/12/1999 - 05/05/2000)
საქართველოს კანონი
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პირის გამოკითხვა – ოპერატიული მუშაკის პირადი გასაუბრება ფიზიკურ პირთან, რომელმაც რაიმე იცის გამოსაკვლევი შემთხვევის ან მასთან დაკავშირებულ პირთა შესახებ (გამოკითხვა ნებაყოფლობითია და გამოსაკითხ პირს არ აფრთხილებენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ოპერატიული მუშაკი გამოკითხვის შესახებ დადგენილი წესით ადგენს პატაკს, რომელიც გასაცნობად არ წარედგინება გამოკითხულ პირს);
ბ) ცნობების შეგროვება – ოპერატიული მუშაკის მიერ კრიმინალისტიკური, ოპერატიულ-სამძებრო ან ინფორმაციის შენახვის სხვა წყაროდან იმ ფაქტობრივი მონაცემების ოფიციალურად მოპოვება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად;
გ) ვიზუალური კონტროლი – ოპერატიული თვალთვალი, რომელიც კონსპირაციულად ტარდება ოპერატიული მუშაკის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ უშუალოდ ან ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით;
დ) საკონტროლო შესყიდვა – ოპერატიული მუშაკის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგნის ან ნივთიერების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე);
ე) კონტროლირებადი მიწოდება – დანაშაულის გახსნის, დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად საქართველოს ფარგლებში (ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფარგლებს გარეთაც), საქართველოს ფარგლებს გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით ნივთიერი მტკიცებულების ან ისეთი საგნის კონტროლირებადი გადაადგილება, რომლის თავისუფალი რეალიზაცია კანონით აკრძალული ან შეზღუდულია;
ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება) – შესამოწმებელი პირის ან ეჭვმიტანილის დადგენა დაქტილოსკოპიური კარტოთეკის, შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვალის, სუნის ან გამონაყოფის მიხედვით;
ზ) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა – საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა ვიზუალურად ან ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, რაც არ ითვლება ექსპერტის დასკვნად;
თ) ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან – ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ელექტრონული კავშირიდან (ელექტროფოსტა), კომპიუტერული ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემებიდან გადაცემული, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით;
ი) საიდუმლო თანამშრომელი (კონფიდენტი) – 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით, კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოსთან და ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
კ) კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა – ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ დანაშაულებრივ ფორმირებაში შესაღწევად ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციის შექმნა.
მუხლი 2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანებია:
ა) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება;
ბ) იმ პირის დადგენა, რომელიც ამზადებს, სჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
გ) იმ პირის ძებნა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენა, რომელიც ემალება მოკვლევას, წინასწარ გამოძიებას, სასამართლოს, თავს არიდებს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ან იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა მოხდას;
დ) დანაშაულებრივი ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა;
ე) უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნა;
ვ) სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებელი ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება.
მუხლი 3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ემყარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, კონსპირაციის, ღია და ფარული მეთოდების შეხამების პრინციპებს.
2. აკრძალულია იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება, რომელიც:
ა) საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას;
ბ) საფრთხეს უქმნის იურიდიული პირის უფლებებს;
გ) დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან.
მუხლი 4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები.
2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის საფუძველზე და კანონით დადგენილი წესით, საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე გამოსცენ უწყებრივი ნორმატიული აქტები.
მუხლი 5. საქვეყნოობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, დადგენილი წესით.
2. იმ პირის მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი ცნობების გახმაურება, რომელსაც ეს ცნობები განდობილი ჰქონდა ან რომლისთვისაც ისინი ცნობილი გახდა სამსახურებრივ ან სხვა მოვალეობასთან დაკავშირებით, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებისათვის.
3. აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი მონაცემებისა და დოკუმენტების გაცნობა სამეცნიერო ან სხვა მიზნით, თუ მათი მოპოვებიდან გასული არ არის 25 წელზე მეტი.
4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი საიდუმლო თანამშრომლის ან ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს გახმაურება-გამჟღავნება აკრძალულია გასული დროის მიუხედავად, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც დადგენილი წესით უფლება აქვს გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოებას, თუ ეს მონაცემები და დოკუმენტები ესაჭიროება სამეცნიერო-კვლევითი ან პედაგოგიური საქმიანობისათვის.
მუხლი 6. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში
1. აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება იმ ამოცანის მისაღწევად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.
2. პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს მოქმედებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა, შეუძლია გაასაჩივროს ასეთი მოქმედების კანონიერება შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში, პროკურორთან ან სასამართლოში.
3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანდა ისეთი ორგანიზაციების საქმიანობაში, რომლებიც ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა.
4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით ამ პირის წინააღმდეგ. ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება შენახულ იქნეს და უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ მოადგილეს, აგრეთვე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყების ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს.
5. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს (საჯარო მოსამსახურის) მიერ ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება
მუხლი 7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება
1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას.
2. ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება:
ა) პირის გამოკითხვა;
ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი;
გ) საკონტროლო შესყიდვა;
დ) კონტროლირებადი მიწოდება;
ე) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა;
ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება);
ზ) დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურა;
თ) მოსამართლის ბრძანებით სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი (გარდა დიპლომატიური ფოსტისა);
ი) მოსამართლის ბრძანებით ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება; ელექტრული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს;
კ) დადგენილი წესით დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა;
ლ) დადგენილი წესით კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა.
3. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ ტარდება მოსამართლის ბრძანებით. ბრძანებას, მოკვლევის ორგანოს უფროსის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, გასცემს იმ სასამართლოს მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე – 73-ე, 78-ე – 781, 133-ე – 1331 და 2381 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე. შუამდგომლობას, მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობისა და მასზე დართული მასალების განხილვის, პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გასცემს ბრძანებას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ;
ბ) გამოიტანს დადგენილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელთა ჩატარება საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება, ან როდესაც შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო, მოკვლევის ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდეც. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ მისი დაწყებიდან 24 საათის ვადაში უნდა ეცნობოს შესაბამის პროკურორს. ასეთ შემთხვევაში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაწყებიდან 48 საათში, პროკურორი ვალდებულია შუამდგომლობით მიმართოს შესაბამის საერთო სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაკანონების მოთხოვნით. სასამართლო ვალდებულია პროკურორის შუამდგომლობა განიხილოს მისი წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში დახურულ სასამართლო სხდომაზე. პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ამოწმებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონის შესაბამისად ჩატარებას და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:
ა) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ ღონისძიებით მოპოვებული მონაცემების განადგურების შესახებ.
5. ამ მუხლის მე-3 – 4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ბრძანება, დადგენილება) საბოლოოა და იგი არ გასაჩივრდება.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს ან შეივსოს მხოლოდ ამ კანონით.
7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. ოქმი მიღებულ მასალებთან ერთად ინახება ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით.
8. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირი პირადად მონაწილეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩატარებაში, ამასთან, მას უფლება აქვს გამოიყენოს კონკრეტული დარგის სპეციალისტების, აგრეთვე ცალკეულ პირთა ნებაყოფლობითი ღია ან ფარული დახმარება.
მუხლი 8. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძვლები
1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძვლებია:
ა) აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის დავალება მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შესახებ. (ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ან დავალების მიმცემი თანამდებობის პირის – მოკვლევის ორგანოს უფროსის, გამომძიებლის, პროკურორის მითითებით);
ბ) დანაშაულის შესახებ დადგენილი წესით მიღებული განცხადების ან შეტყობინების განხილვის მიზნით მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის დავალება იმის შესახებ, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც აუცილებელია წინასწარი გამოძიების ჩატარება, მაგრამ სახეზე არ არის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნების დამადასტურებელი მონაცემები. (ამ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს);
გ) დადგენილება იმ პირის ძებნის შესახებ, რომელიც ემალება მოკვლევის ორგანოს, გამოძიებას, სასამართლოს ან თავს არიდებს სასჯელის მოხდას;
დ) პირის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება, ამოუცნობი გვამის ან უპატრონო ქონების აღმოჩენა;
ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნა-შეკითხვა;
ვ) საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოს თხოვნა-შეკითხვა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების (შეთანხების) შესაბამისად.
2. თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, მოკვლევის ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.
3. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილის ან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების მინისტრების თანხმობით, რომელიც სანქციონირებული უნდა იყოს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ან, შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების მიერ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 9 თვემდე.
4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით, რომელიც სანქციონირებული უნდა იყოს საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 12 თვისა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება.
მუხლი 9. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობები
1. ცალკეულ პირთა მოქალაქეობა, ეროვნება, სქესი, თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, საზოგადოებრივ გაერთიანებათა წევრობა, რელიგიური აღმსარებლობა და პოლიტიკური მრწამსი ხელს არ უშლის იმას, რომ მათ მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება, რომელიც ზღუდავს კანონით გარანტირებული სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების საიდუმლოებას, დაიშვება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით და თანამდებობის პირის მოტივირებული დადგენილებით, ან იმ პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც არამართლზომიერ მოქმედებათა მსხვერპლია, ან თუ სახეზეა ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მონაცემები, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წელზე მეტი ვადით. უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ნუსხა დგინდება უწყებრივი ნორმატიული აქტებით.
3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების და იუსტიციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების ოპერატიული ორგანოების გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი უწყებების ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2265-სსმI, №38(45), 04.08.1999წ., მუხ.184
მუხლი 10. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტა
1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება შეწყდება, თუ:
ა) შესრულდა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კონკრეტული ამოცანა;
ბ) დადგინდა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ობიექტურად შეუძლებელია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება;
გ) დადგინდა კონკრეტული გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს შესამოწმებელი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საფუძველს;
დ) გავიდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა.
2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისა და შეწყვეტის ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და უწყებრივი ნორმატიული აქტებით.
მუხლი 11. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგების გამოყენება
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რომ მომზადდეს და განხორციელდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებანი, დანაშაულის თავიდან აცილების, აღკვეთისა და გახსნის ღონისძიებანი.
2. ოპერატიული შემოწმების მასალები არ წარმოადგენს ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების და იურიდიული პირის უფლებების შეზღუდვის საფუძველს.
თავი III
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები
მუხლი 12. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები
1. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებს;
ბ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებს;
გ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;
დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიულ ორგანოებს;
ე) საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიულ ორგანოებს;
ვ) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტოს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიულ ორგანოებს;
ზ) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიულ ორგანოებს.
თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურს.
2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ნუსხა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამ კანონით.
3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები მათ წინაშე დასმულ ამოცანებს წყვეტენ დამოუკიდებლად, ურთიერთმოქმედებით, აგრეთვე ცალკეულ პირთა ხელშეწყობით.
საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2265-სსმI, №38(45), 04.08.1999წ., მუხ.184
მუხლი 13. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მოვალეობები
1. ამ კანონით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესრულებისას საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან:
ა) თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, საკუთრება, საზოგადოებრივი უშიშროება;
ბ) შეასრულონ გამომძიებლის წერილობითი დავალებები, პროკურორის მითითებები და სასამართლოს გადაწყვეტილებები იმ სისხლის სამართლის საქმეებზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ, რომლებიც მათ წარმოებაში აქვთ მიღებული;
გ) შეასრულონ სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულებათა (შეთანხმებათა) საფუძველზე შესაბამისი საერთაშორისო სპეციალური ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების სპეციალური ორგანოების თხოვნა-შეკითხვები;
დ) მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს და გაუწიონ მათ საჭირო დახმარება;
ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან კონსპირაციის წესები;
ვ) ხელი შეუწყონ დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან თავიანთ თანამშრომელთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა, აგრეთვე სისხლის სამართალწარმოების მონაწილეთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა პირადი უშიშროების უზრუნველყოფას, მათი ქონების დაცვა-შენახვას.
2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სათანადოდ შესასრულებლად მათთვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სპეციალური პროფესიული მომზადების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამედიცინო მომსახურების პირობები.
3. ოპერატიულ-სასამსახურო დოკუმენტები უკლებლივ უნდა წარედგინოს პროკურორს საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებისას ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სანქციონირებისას, გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 14. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების უფლებები
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესასრულებლად უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ:
ა) ღიად ან/და ფარულად ატარებდნენ ამ კანონის მე-7 მუხლში ჩამოთვლილ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;
ბ) უსასყიდლოდ ან სასყიდლიან საფუძველზე ამყარებდნენ თანამშრომლობას პირებთან, რომელთაც განაცხადეს თანხმობა, კონფიდენციალურ საფუძველზე ხელი შეუწყონ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს;
გ) ქმნიდნენ და იყენებდნენ საინფორმაციო სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესრულებას;
დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების დროს ხელშეკრულებით ან ზეპირი შეთანხმებით იყენებდნენ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, შეიარაღებულ ნაწილთა სასამსახურო შენობებს, ქონებას, აგრეთვე კერძო პირთა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ სადგომებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ქონებას;
ე) კონსპირაციის მიზნით იყენებდნენ დოკუმენტებს, რომლებშიც შენიღბულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამდებობის პირთა ვინაობა, ქვედანაყოფების, ორგანიზაციების სადგომებისა და სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილება, აგრეთვე იმ მოქალაქეთა ვინაობა, რომლებიც ამ ორგანოებთან თანამშრომლობენ კონფიდენციალურ საფუძველზე.
მუხლი 15. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება იმ ორგანოების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, რომელთა სამსახურშიც ისინი ირიცხებიან.
2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის და ორგანოს კანონიერ მოქმედებაში, გარდა იმ პირისა, რომელიც კანონით უშუალოდ არის საამისოდ უფლებამოსილი. აკრძალულია მისი მუშაობის შეფასება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგების რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.
3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარებისას ემორჩილება უშუალო უფროსს. აშკარად კანონსაწინააღმდეგო ბრძანების ან მითითების მიღებისას თანამდებობის პირი ვალდებულია იხელმძღვანელოს კანონით, ხოლო თუ მას აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებისა თუ მითითების შესრულების შედეგად შეიძლება მოხდეს ან ხდება დანაშაული, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ზემდგომ ორგანოს და პროკურორს.
4. სახელმწიფო დაწესებულებისა და სამხედრო ნაწილის თანამდებობის პირი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს.
5. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერი მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.
თავი IV
მოქალაქეთა ხელშეწყობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის
მუხლი 16. მოქალაქეთა ხელშეწყობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის
1. ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებასა თუ ჩატარებაში. ამასთან, მათი სურვილით შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობის, მათ შორის, კონტრაქტით თანამშრომლობის, კონფიდენციალობა. ეს პირები ვალდებულნი არიან საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია აღნიშნულ ორგანოებს, არ გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის.
2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს მათი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, სოციალური, თანამდებობრივი მდგომარეობის, ენის, განათლების, საზოგადოებრივი გაერთიანებების წევრობის, პოლიტიკური და რელიგიური მრწამსის მიუხედავად.
3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.
მუხლი 17. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელშემწყობ მოქალაქეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელშემწყობ პირებს სახელმწიფო იცავს.
2. თუ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის ხელშეწყობის გამო ცალკეულ პირებს, ასევე მათი ოჯახების წევრებს, ახლობლებს შეექმნებათ სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის რეალური საფრთხე, ეს ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ საჭირო ზომები ასეთი მოქმედების თავიდან ასაცილებლად, ბრალეული პირების დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად.
3. ცნობები იმ პირთა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მათი გაცემა შეიძლება მხოლოდ ამ პირთა ან მათი მემკვიდრეების წერილობითი თანხმობით ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. პირს, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობს, აქვს გასამრჯელოს მიღების უფლება.
5. პირს, რომელმაც თანხმობა განაცხადა კონტრაქტის საფუძველზე ითანამშრომლოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, სახელმწიფო აძლევს გარანტიას, რომ შესრულდება კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებანი.
6. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან კონტრაქტის საფუძველზე მოქალაქეთა თანამშრომლობის პერიოდი, როგორც ძირითადი საქმიანობა, შედის მათ შრომით სტაჟში. აღნიშნულ პირებს აქვთ საპენსიო უზრუნველყოფის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. საჭიროების შემთხვევაში პირის, რომელიც თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, ასევე მისი ოჯახის წევრების უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ტარდება მათი დაცვის სპეციალური ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. თუ პირი, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, დაიღუპა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობისას, დაღუპულის ოჯახსა და მის კმაყოფაზე მყოფთ შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევათ ერთდროული შემწეობა დაღუპულის ათი წლის ხელფასის ოდენობით და კანონით დადგენილი წესით ენიშნებათ პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო.
9. თუ პირმა, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობისას მიყენებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების შედეგად მიიღო ტრავმა, რომელიც გამორიცხავს მისი შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობას, მას შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთდროული შემწეობა ხუთი წლის ხელფასის ოდენობით და ენიშნება ინვალიდობის პენსია.
10. პირი, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან და დადგენილი წესით ჩართულია დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში დანაშაულის გახსნისა და მისი ჩამდენი პირების დადგენის მიზნით, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამ დროს არ ჩაიდინა ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაული ან მის ქმედებას მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია.
თავი V
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა
მუხლი 18. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილ საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოეყოფათ ფინანსური სახსრები, რომლებიც იხარჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI
კონტროლი და ზედამხედველობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისადმი
მუხლი 19. საუწყებო კონტროლი
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელმძღვანელები პერსონალურად აგებენ პასუხს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ორგანიზებისა და ჩატარების კანონიერებაზე.
მუხლი 20. სასამართლო კონტროლი
ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 21. საპროკურორო ზედამხედველობა
1. ზედამხედველობას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ახორციელებენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.
2. მონაცემები იმ პირებზე, რომლებიც უწევენ ან უწევდნენ კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს, თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ მათთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზაცია არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.
თავი VII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 22. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.
2. დაევალოთ ამ კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სახელმწიფო ორგანოებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მომწესრიგებელი უწყებრივი ნორმატიული აქტების შემუშავება და მათი რეგისტრაცია.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 30 აპრილი.
№1933–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2265-სსმI, №38(45), 04.08.1999წ., მუხ.184
2.საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61-სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.240
დოკუმენტის კომენტარები