დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1756 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/12/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1(8), 14/01/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460.070.000.05.001.000.472 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (14/01/1999 - 12/06/2012)
საქართველოს კანონი
საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ
ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტებისა და ერთდღიანი ვიზიტიორების (შემდგომში – ტურისტი) აღრიცხვას და სტატისტიკური მონაცემების ბანკის შექმნას, ხელს უწყობს დარგში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას.
მუხლი 1 . ზოგადი დებულება
ტურისტთა აღრიცხვა არის ქვეყანაში ტურისტული საქმიანობის კონტროლის, რეგულირებისა და დარგის სისტემური მართვის საშუალება.
მუხლი 2 . ტერმინთა განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ტურისტი – პირი, რომელიც იმყოფება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, უცხო გარემოში, დასვენების, საქმიანი თუ სხვა მიზნით, ვადით არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს ერთი წლისა – უწყვეტად, და ყოფნის ადგილას მისი საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი;
ბ) ერთდღიანი ვიზიტიორი – პირი, რომელიც იმყოფება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, უცხო გარემოში, დასვენების, საქმიანი თუ სხვა მიზნით, ვადით არა უმეტეს 24 საათისა და ყოფნის ადგილას მისი საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი;
გ) ორგანიზებული ტურისტი – პირი, რომელსაც შეძენილი აქვს ტური, ანუ რომლის მოგზაურობა ორგანიზებულია ტურისტული სუბიექტის (ფირმის, საწარმოს, ორგანიზაციის, ტუროპერატორის და სხვა) მიერ და იღებს მისგან კომპლექსურ მომსახურებას;
დ) ტრანზიტული ტურისტი – პირი, რომელიც მიემგზავრება მესამე ქვეყანაში საქართველოს ტერიტორიის გავლით.
მუხლი 3 . კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი გამოიყენება:
ა) ყველა ტურისტის მიმართ, რომლებსაც აქვთ საქართველოში შემოსასვლელი ვიზა, ან რომელთა შემოსვლა ვიზის გარეშე დაშვებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებთა მიმართ, რომლებიც ტურისტებად მიემგზავრებიან საქართველოდან.
2. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს საპატიო მოქალაქეებზე, უცხოეთის დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობათა მეთაურებსა და თანამშრომლებზე, იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად სარგებლობენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, საერთაშორისო ავიახაზის ტრანზიტულ ტურისტებზე (მგზავრებზე), რომლებსაც უფლება არა აქვთ დატოვონ აეროპორტში გამოყოფილი ტერიტორია, საერთაშორისო სარეისო სატრანსპორტო ეკიპაჟების წევრებზე.
მუხლი 4 . ტურისტთა აღრიცხვის წესი
საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვა ხორციელდება „ მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მიგრანტის ბარათის მეშვეობით.
მუხლი 5 . ტურისტთა აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოები
1. ტურისტთა აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტი „ მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. ზემოაღნიშნული დეპარტამენტი ტურისტთა მოძრაობის თაობაზე კვარტალში ერთხელ დადგენილი წესით ინფორმაციას აწვდის საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტს.
მუხლი 6. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 24 დეკემბერი.
№1756–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები