მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 488
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017159
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
488
28/12/2012
ვებგვერდი, 31/12/2012
300160070.10.003.017159
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/2012 - 27/04/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №488

2012 წლის 28 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის, 103-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბა­მისად დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი მომე­ტე­ბული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექ­ნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



                                                                                                                   დანართი

ტექნიკური რეგლამენტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის

შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების

 დადგენის შესახებ


მუხლი 1. გამოყენების სფერო

ტექნიკური რეგლამენტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად და ადგენს ამავე კოდექსის მე-18 მუხლში მითითებული ობიექტების ზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს, რომელთა მიხედვითაც ეს ობიექტები ჩაითვლებიან მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებად (შემდგომში _ ობიექტი).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული ტერმინთა განმარტებები.

მუხლი 3. ატრაქციონის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ატრაქციონი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს სანახაობრივ - გასართობად განკუთვნილ დროებით ან მუდმივად დამონ­ტა­ჟებულ 0,3 მ/წმ და მეტი სიჩქარის უწყვეტად მოძრავი (როდესაც მოძ­რავ გონდოლაში ჩასხდომისათვის საჭიროა მგზავრის თანმხვედრი მოძ­რა­ობა) ან 1,5 მ/წმ და მეტი სიჩქარის მქონე ელექტრომექანიკურ მოწყო­ბილობას ან/და კონსტრუქციას ადამიანთა გადასაადგილებლად, რომელ­საც გააჩნია 7 მ-ზე მეტი სიმაღლის ან 3,5 მ-ზე მეტი სიგრძის ფერმიანი ან/და კონსოლიანი რთული საინჟინრო სივრცითი ნაგებობა.

  მუხლი 4. საბაგირო გზის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

 1. მომეტებული  ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განე­კუთვნება საბაგირო გზა, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მოი­ცავს რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარ ერთიან სტაციონალურად და­მო­ნ­ტაჟებულ სისტემას და განკუთვნილია ადამიანების გადასაყვანად მოძ­რავი შემადგენლობით ან საბუქსირე მოწყობილობებით, სადაც დაკი­დე­ბა და/ან გაწევა უზრუნველყოფილია სამოძრაო მარშრუტის გასწვრივ გან­ლა­გებული ბაგირების მეშვეობით, როგორიცაა:

 ა) კიდული ბაგირგზა, სადაც კაბინები დაკიდებულია და/ან გადაა­დგილდება ერთი ან მეტი გამწევი ბაგირით. ამგვარი ბაგირგზა შესაძლოა იყოს გონდოლებიანი და სავარძლიანი საწეველებით;

ბ) სათრეველა საწეველები, როდესაც მომხმარებელი შესაბამისი აღჭუ­რვილობით გადაადგილდება ბაგირის საშუალებით.

2. ამ მუხლის  პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება:

ა) სოფლის მეურნეობის მიზნით გამოყენებულ მოწყობილობებზე;

ბ) საგამოფენო და/ან გასართობ პარკებში გამოყენებულ სტა­ცი­ო­ნალურ ან მოძრავ მოწყობილობაზე, რომელიც განკუთვნილია დასვენების მიზნისათვის და არა მგზავრთა გადასაყვანად; 

გ) სამთო მომპოვებელ და სამრეწველო დანიშნულების მოწყო­ბი­ლობებზე;

დ) ბაგირ-მართვად ბორანებზე.

მუხლი 5. ფუნიკულიორის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ფუნიკულიორი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: განკუთვნილია ადამიანების გადასაყვანად, გააჩნიათ დახრილი სარელსო გზებზე მოძრავი, თვლებზე ან მზიდ მექანიზმებზე მდგარი სატრან­სპ­ო­რტო საშუალებები, სადაც გაწევა უზრუნველყოფილია ერთი ან მეტი ბაგი­რით ვაგონისაგან განცალკევებულად დამონტაჟებული ამძრავი მექა­ნი­ზმის მეშვეობით.

 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება:

ა) ბაგირის საშუალებით გადაადგილებად ტრამვაებზე;

ბ) სოფლის მეურნეობის მიზნით გამოყენებულ მოწყობილობებზე;

გ) სამთო მომპოვებელ და სამრეწველო დანიშნულების მოწყობი­ლო­ბებზე;

დ) კბილანური სარკინიგზო გზებზე;

ე) ჯაჭვით-ამძრავიან მოწყობილობებზე.

მუხლი 6. საქვაბე დანადგარის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება საქვაბე დანადგარი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარა­მე­ტ­რები: მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს წნევაზე მომუშავე რამდე­ნიმე კომპონენტისაგან შემდგარ ერთობლიობას (ქვაბის დოლები, დამაკა­ვ­შირებელი მილგაყვანილობა, ორთქლის გადამხურებელი, ეკონომაიზერი, არმა­ტურა, მკვებავი ტუმბოები) ინტეგრირებულს ფუნქციონალური მთლი­ანო­ბისათვის, რომლის დანიშნულებაა 1100C–ზე მეტ ტემპერა­ტუ­რა­ზე ორთქლის ან გადახურებული წყლის წარმოება, როდესაც წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის (ჭურჭლის) მოცულობა აღემატება 300 ლიტრს. ასევე ამავე მოცულობის მაღალტემპერატურულ ორგანულ თბომატა­რე­ბე­ლ­ზე მომუშავე:

ა) ორთქლის ქვაბებზე 0,5 ბარზე მეტი სამუშაო წნევით;

ბ) სითხიან ქვაბებზე, რომლებშიც სითხის ტემპერატურა აღემატება ამავე სითხის 0,5 ბარი წნევის შესაბამის ნაჯერობის ტემპერატურას, რო­დე­საც წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის (ჭურჭლის) მოცულობა აღემატება 300 ლიტრს. 

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება:

 ა) იმ საქვაბე დანადგარზე, რომელიც დადგმულია გემებზე, სხვა მცუ­რავ საშუალებებზე და სარკინიგზო ლოკომოტივებზე;

ბ) სპირალურ (უდოლო) ქვაბებზე;

გ) ატომური ელექტრო სადგურების თბოენერგეტიკულ დანად­გა­რე­ბზე;

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტების საქვაბე დანა­დგარზე. 

მუხლი 7. წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები:

წარმოადგენს კორპუსს, რომელიც დაპროექტებულია და დამზადებულია დე­ნადი (გაზები; თხევადი, გათხევადებული და გახსნილი გაზები) არეე­ბის წნევის ქვეშ მოსათავსებლად, სხვა მოწყობილობებთან უშუალო მიმა­გრების ელემენტების ჩათვლით, გააჩნია 120 ლიტრზე მეტი მოცულობa, გათვალისწინებულია 0,5 ბარზე მეტ წნევაზე მუშაობისათვის  და რომლის წნე­ვის PS და მოცულობის V ნამრავლი აღემატება I ჯგუფის არეები­სა­თ­ვის 500 ბარი×ლიტრს, ხოლო II ჯგუფის  არეებისათვის 10 000 ბა­რი×ლიტრს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება:

ა) ტურბინების, გენერატორების და ტუმბოების შეზეთვისა და ჰერ­მე­ტიზირების სისტემაში შემავალ ჭურჭლებზე;

ბ) ჭურჭლებზე, რომლებიც ჩართულია ნავთობისა და გაზის მომ­პო­ვებელ დახურულ სისტემაში და არის მათი კონსტრუქციული შემა­დგე­ნლობის ელემენტი;

გ) ჭურჭლებზე, რომლებიც წნევის ქვეშ იმყოფებიან პერიოდულად მათში მოთავსებული არეებისაგან დაცლისათვის;

დ) სამედიცინო მანიპულაციებისთვის განკუთვნილ წნევაზე მომუ­შა­ვე ჭურჭლებზე;

ე) შეკუმშული და გათხევადებული გაზების შემცველ ჭურჭლებზე, რო­მ­ელთა დანიშნულებაა სატრანსპორტო საშუალებების, ძრავების საწვა­ვით უზრუნველყოფა;

ვ) ბირთვულ ობიექტებზე გამოსაყენებელ წნევაზე მომუშავე ჭურჭ­ლე­ბზე;

ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე გამოსა­ყე­ნე­ბელ წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე.

მუხლი 8. ამწე მოწყობილობის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განე­კუთვნება ამწე მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამე­ტრე­ბი: წარმოადგენს ტვირთის ასაწევ და გადასაადგილებელ მექანიზე­ბულ, ისრიან, კოშკურა, ხიდური ტიპის, 3 ტონა და მეტი ტვირთამ­წე­ო­ბის ამწე სატრანსპორტო  მანქანას, რომელსაც გააჩნია:

ა) ისრიანი ამწის შემთხვევაში _ ამწის გადაადგილების, მობრუნების და ისრის გაწვდომის ცვლილების მექანიზმები;

ბ)  ელექტრული პულტით მართვადი ხიდური ტიპის ამწის შემთხ­ვე­­ვაში -10 ტონა და მეტი ტვირთამწეობა;

გ) ბაგირზე ჩამოკიდებული ტვირთსატაცი მოწყობილობები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცე­ლდება:

ა) ამწე მოწყობილობაზე, რომელიც დამონტაჟებულია საზღვაო, სამ­დი­ნარო და სხვა მცურავ საშუალებებზე;

ბ) ექსკავატორებზე, რომლებიც განკუთვნილია მიწის სათხრელი სა­მუ­შაოებისთვის;

გ) სპეციალური დანიშნულების ამწე მოწყობილობაზე, როგორიცაა: მი­ლჩამწყობები; სამონტაჟო კონსტრუქციები (ანძები, კოჭები და სხვა);

დ) ჯალამბრებზე, სტაციონალურად დამონტაჟებულ ან მონორელსზე გადაადგილებად ელ. ტალებზე;

ე) პოლიციის და სამხედრო უწყების დანიშნულებით გამოყენებულ ამ­წე მოწყობილობებზე.

მუხლი 9. ლიფტის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განე­კუ­თვ­ნება ლიფტი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები:

ა) არის 180 კგ. და მეტი ნომინალური ტვირთამწეობის, ემსახურება შენო­ბებისა და ნაგებობების სართულებს, აქვს კაბინა, რომელიც მოძრა­ობს  უძრავად დამაგრებული და ჰორიზონტალური სიბრტყისადმი 150-ზე მეტად დახრილი მიმმართველების გასწვრივ და განკუთვნილია:

ა.ა) ადამიანების გადასაყვანად;

ა.ბ) ადამიანებისა და ტვირთების გადასაზიდად;

ა.გ) ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, როცა გამყოლს შეუძლია მას­ში თავისუფლად შესვლა და აღჭურვილია შიგნიდან მართვის ინსტ­რუ­მენტებით;

ბ) განსაზღვრული მიმართულებით მოძრავი ლიფტი, მაშინაც კი როდესაც ისინი არ მოძრაობენ უძრავად დამაგრებული მიმმართველების გასწ­ვრივ (მაგალითად: მაკრატელა ლიფტები).

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება:

ა) ლიფტებზე, რომელთა სიჩქარე არ აღემატება 0,15 მ/წმ-ს;

ბ) სამშენებლო სამუშაოებისათვის გამოსაყენებელ ლიფტებზე;

გ) პოლიციური ან/და სამხედრო მიზნებისათვის სპეციალურად წარმოებულ განსაკუთრებული კონსტრუქციის ლიფტებზე;

დ) სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილ სპეციალურ ლიფტებზე;

ე) საშახტო ლიფტებზე;

ვ) სცენაზე გამოსაყენებელ ლიფტებზე;

ზ) სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებულ ლიფტებზე;

თ) მანქანა-მოწყობილობას მიერთებულ ლიფტებზე, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ სამუშაო ადგილამდე მისაღწევად;

ი) ლიფტებზე, რომლებიც გადაადგილდება კბილა ლარტყისა და კბი­ლანების დახმარებით.

მუხლი 10. კარიერის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება კარიერი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული ნამუ­შევარი სივრცე, რომლის ზედაპირი ღიაა ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და რომელიც მუშავდება ორი ან მეტი საფეხურით.

მუხლი 11. მაღაროს, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

 მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება მაღარო, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: არის მადნეული, არამადნეული, სამთო–ქიმიური ნედლეულის და საშენი მასალების მიწისქვეშა დამუშავების წესით მომპოვებელი სამთო საწარმო, სამთო გვირაბების ერთობლიობით და განიავების ერთიანი სისტემით.

მუხლი 12. შახტის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება შახტი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: არის ფენოვანი სასა­რგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა დამუშავების წესით მომპოვებელი სამთო საწარმო, სამთო გვირაბების ერთობლიობით და განიავების ერთიანი სისტემით.

მუხლი 13. ბუნებრივი გამოქვაბულის და მღვიმის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, რომელსაც გააჩნიათ შემდეგი პარა­მე­ტრები: არის ისეთი მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება.

მუხლი 14. ესკალატორის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

1. მომეტებული  ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განე­კუთვნება ესკალატორი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მექანი­კურად ამძრავი კიბის ბრტყელას (ტვირთმზიდი ელემენტი, რომელიც შედ­გება საფეხურებისაგან და გაერთიანებულია წევის ჯაჭვებით) ჩაკეტი­ლი კონტური, სადაც მომხმარებლის გადასაადგილებელი ზედაპირი რჩება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და განკუთვნილია ერთი დონიდან მეორეზე ადამიანების ტრანსპორტირებისათვის. ესკალატო­რების ნომინალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს:

ა) 300-მდე დახრის კუთხის ესკალატორებისთვის 0,75 მ/წმ-ს;

ბ) 300-დან 350-მდე დახრის კუთხის ესკალატორებისთვის 0.50 მ/წმ-ს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება მოძრავ ბილიკებზე, სადაც მომხმარებლის გადასაადგი­ლებე­ლი ზედაპირი რჩება მისი მოძრაობის მიმართულების პარალელურად და მოძრაობს უწყვეტად, ხოლო მოძრავი ბილიკების დახრის კუთხე არ  აღემატება 120-ს.

მუხლი 15. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან/და ტერაკონის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელი ან/და ტერაკონი, რომელსაც გააჩნია შემ­დეგი პარამეტრები: წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათ­ვალისწინებული საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელს ან/და ამგვარი ნარჩენი მასალებისგან შემდგარ ტერაკონს.

მუხლი 16. სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების ტერიტორიას და რომელიც შეიძლება მოიცავდეს ნარჩენებს, განთავსებისათვის განკუთვნილ შემოსაზღვრულ ტერიტორიას ან/და შენობა-ნაგებობებს.

მუხლი 17. ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფ­რთხიანი პროცესი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მიმდინა­რე­ობს ისეთი საწარმოო პროცესები, სადაც გამოიყენება ჰაერდამყოფი და­ხუ­­რული ციკლის დანადგარი, რომლის საშუალებით მიიღება ჰაერის და­ყო­ფის პროდუქტები (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ჰელიუმ-ნეონის ნაერთი) ან მათი ნაერთები.

მუხლი 18. თხევადი ჟანგბადის წარმოების, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება თხევადი ჟანგბადის წარმოება, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მიმდინა­რეობს ისეთი საწარმოო პროცესები, სადაც გამოიყენება ჰაერდა­მ­ყოფი დახურული ციკლის დანადგარი, რომლის საშუალებით მიიღება ჰაერის დაყოფის პროდუქტები (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ჰელიუმ-ნეონის ნაერთი) ან მათი ნაერთები.

მუხლი 19. რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მიმდინარეობს ისეთი ტექნოლოგიური პროცესი, რომ­ლითაც ხორციელდება თხევადი ჟანგბადის გარდაქმნა აირად მდგო­მა­რეობაში და მისი ჩაჭირხვნა ბალონებში.

 მუხლი 20. სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

 მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: არის სამეწარმეო დანიშნულების სამაცივრო დანადგარი და მასთან უშუალოდ დაკავში­რე­ბუ­ლი ინფრასტრუქტურა, სადაც ტექნოლოგიურ ციკლში გამოყენებული ამია­კის წონაა 100 კგ. და მეტი, ან როდესაც სისტემაში ამიაკის დასა­ჭირხნად გამოიყენება კომპრესორი.

მუხლი 21. ნავთობბაზის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განე­კუთვნება ნავთობბაზა, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმო­ადგენს ობიექტს, რომელიც განკუთვნილია ნავთობისა და ნავთობ­პრო­დუ­ქტების გადასატვირთად ტრანსპორტის ერთი სახეობიდან მეორეზე და რომლის ავზების ჯამური მოცულობა 500 მ3-ზე მეტია.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ნავთობბაზებზე.

მუხლი 22. მაგისტრალური ნავთობსადენის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება მაგისტრალური ნავთობსადენი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მილსადენი, რომელიც განკუთვნილია ნედლი ნავთობის ტრანსპორტი­რე­ბი­სათვის, გარდა შიდასარეწაო ან/და შიდასაობიექტო მილსადენებისა.

   მუხლი 23. მაგისტრალური გაზსადენის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

    მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება მაგისტრალური გაზსადენი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: გაზსადენი, რომლის ნაგებობების და მოწყობილობების საშუალებით ხორციელდება გაზის ტრანსპორტირება მაღალი წნევით მომწოდებლიდან მომხმარებლამდე და ხაზობრივი ნაწილის დიამეტრი ტოლი ან მეტია 150 მმ-ზე.

მუხლი 24. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების), როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების დამდგენი პარამეტრები

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების), როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების დამდგენი პარამეტრები განსა­ზღ­ვრულია “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანება­რთ­ვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით.

მუხლი 25. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განე­კუ­თ­ვ­ნება სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალები, რომელ­საც გააჩ­ნია შემდეგი პარამეტრები:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამრეწველო მი­ზ­ნებისათვის გამოყენებული ფეთქებადი ნივთიერებები (ქიმიური ნაერ­თე­ბი ან მექანიკური ნარევები), რომელთა აფეთქების, დეტონაციის სიჩ­ქარე შეადგენს 2000 მ/წმ და მეტს, ხოლო  აფეთქებისას გამოყოფილი  ენე­რ­გია ტოლია ან აღემატება 2725 კჯ/კგ-ს და აფეთქების შედეგად ადგი­ლი აქვს შესრულებული მექანიკური მუშაობის ბრიზანტული ფორ­მით გამოვლინებას;

ბ) ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების გამომწვევი (მაინიცირებელი) საშუალებები როგორიცაა: ცეცხლგამტარი ზონარი, კაფსულდეტონატორი, ელექტროდეტონატორი, არაელექტროდეტონატორი და სადეტონაციო ზონარი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება შეიარაღებულ ძალებში და საპოლიციო უწყებებში გამოსა­ყენე­ბელი საბრძოლო დანიშნულების Fფეთქებად მასალებზე და პირო­ტექ­ნიკურ ნაკეთობებზე.

მუხლი 26. ავტოგასამართი სადგურის და ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები), როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირ­გა­სამართი და აირსავსები სადგურები), რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მიმდინარეობს ნავთობპროდუქტებისა და აირების მიღება, შენახვა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გაცემა.

 მუხლი 27. ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები), როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ჰიდროენერგეტიკული ნაგებობა, რომლის წყალსაცავის წყლის მასის პო­ტე­ნ­ცი­ური ენერგია მეტია 0,005X1013 ჯოულზე, რომელიც იანგარიშება ფორ­მუ­ლით E=ygHW ჯოული, სადაც y - წყლის კუთრი წონაა (y=1000 კგძ/მ3); g-თავი­სუფალი ვარდნის აჩქარებაა (g=9,81მ/წმ2); H-კაშხლის სიმაღლეა, მ; W-წყალსაცავში დაგროვილი წყლის მოცულობაა, მ3.

მუხლი 28. დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა   

დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქა­რთველოს მთავრობის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.