„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“

„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 31/12/2012
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016036
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31
31/12/2012
ვებგვერდი, 03/01/2013
310020000.55.067.016036
„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/01/2013 - 24/10/2013)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №31

2012 წლის 31 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს საზღვაო კოდექსის 692 მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ' ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესი“;
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სააგენტოს დირექტორის მოადგილე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიმამუკა თალაკვაძე



„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა (შემდგომში - საკრუინგო კომპანია) აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესი“ (შემდგომში - წესი) არეგულირებს:

ა) საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების პროცედურებს;

ბ) საკრუინგო კომპანიის მიმართ გაცემული აღიარების სერტიფიკატის შესაბამისობის ზედამხედველობისა და მონიტორინგის წესს საქართველოს საზღვაო კოდექსისა და წინამდებარე წესის დებულებებთან;

გ) საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის უფლებებს, ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას.

2. საკრუინგო კომპანიის აღიარება ნებაყოფლობითია. აღიარების არქონა, არ წარმოადგენს საქმიანობის შემაფერხებელ გარემოებას.

3. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება წინამდებარე წესის დანართი 1-ის შესაბამისად.

4. აღიარების სერტიფიკატის მქონე საკრუინგო კომპანია გემის ეკიპაჟის დასაკომპლექტებლად მეზღვაურთა შერჩევის და დასაქმების მიზნით ახორციელებს: მეზღვაურთა კონსულტირებას შერჩევისა და დასაქმების პროცესში, აცნობებს არსებული ვაკანსიების შესახებ, აწვდის სამუშაო ძალას დამსაქმებელს ან ახორციელებს სხვა ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია მეზღვაურთა დასაქმებასთან.

5. კოდექსისა და წინამდებარე წესის მიზნებისათვის საკრუინგო კომპანიის აღიარებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში  შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).

6. სააგენტო აღიარებული საკრუინგო კომპანიების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს საჯაროდ, საკუთარ ვებ-გვერდზე: www.mta.gov.ge, რომელიც საქართველოში აღიარებული საკრუინგო კომპანიების ოფიციალურ სიას წარმოადგენს.

7. საკრუინგო კომპანიის აღიარების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანებით №1-1/592 დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში „საფასურის წესი“) შესაბამისად.


მუხლი 2. აღიარების სერტიფიკატის გაცემის პროცედურა
1. საკრუინგო კომპანიას, რომელსაც სურს მიიღოს აღიარება სააგენტოს უნდა წარუდგინოს წინამდებარე წესის დანართ №2-ში გათვალისწინებული შევსებული განაცხადის ფორმა. განაცხადის ფორმას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) განზრახულობათა წერილი ან შეთანხმება მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების სფეროში საკრუინგო კომპანიასა და გემთმფლობელს ან/და გემთმფლობელის ოფიციალურ წარმომადგენელთან მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების სფეროში (შემდგომში - შეთანხმება მეზღვაურთა შერჩევასა და დასაქმებაზე);

გ) მეზღვაურსა და გემთმფლობელს შორის გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუში;

დ) დოკუმენტური დასაბუთება იმის შესახებ, რომ საკრუინგო კომპანიას გააჩნია შესაბამისი  ადმინისტრაციული  შენობა მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების საწარმოებლად;

ე) დოკუმენტური დასაბუთება იმის შესახებ, რომ მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების პროცესში ჩართული იქნება, როგორც მინიმუმ ერთი პირი, რომელსაც გააჩნია საზღვაო განათლება, გემის მართვის დონის ერთ-ერთი წოდება  და მინიმუმ ერთი წლის აღიარებული სანაოსნო სტაჟი ან პირი, რომელსაც არ გააჩნია ამ პუნქტში მითითებული საზღვაო კვალიფიკაციები, თუმცა მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების სფეროში აქვს მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლის სტაჟი.

ვ) საკრუინგო კომპანიის ოფიციალური ბეჭდის ორი ასლი და იმ პირის ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება ხელი მოაწეროს მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების პროცესში საწარმოებელ დოკუმენტაციას.

ზ) საკრუინგო კომპანიის მმართველი საბჭოს, ზედამხედველი ორგანოს წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, იმაზედ რომ აღნიშნული პირი არ არიან ნასამართლევი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბების, ბლანკის, ბეჭდის ნიმუშის ან ყალბი დოკუმენტების დამზადება გავრცელების კუთხით;

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციით, საკრუინგო კომპანია ადასტურებს, რომ:

ა) საკრუინგო კომპანია დაარსებულია და დარეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) საკრუინგო კომპანიას გააჩნია მოქმედი პერსონალურ მონაცემთა ბაზა ;

გ) საკრუინგო კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოება, არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში ან მისი ეკონომიკური საქმიანობა არ არის შეჩერებული;

დ) საკრუინგო კომპანიას გააჩნია შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა შემდეგი დოკუმენტური დასაბუთებით: ხარისხის სახელმძღვანელო, და წინამდებარე წესის მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურები.

3. სააგენტო ჩაატარებს საკრუინგო კომპანიის შეფასებას აღიარების მიზნით წინამდებარე წესის დანართი 3-ის შესაბამისად. სააგენტო აფასებს წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და ამოწმებს მის სისწორეს. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აღმოჩნდება საკმარისი შემოწმების ჩასატარებლად სააგენტო შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით საკრუინგო კომპანიას განუსაზღვრავს დამატებით ვადას.

4. სააგენტო აღიარების სერტიფიკატს გასცემს ან გაცემაზე უარს აცხადებას შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში.

5. საკრუინგო კომპანიის სახელის ცვლილების შემთხვევაში სააგენტო გასცემს აღიარების ახალ სერტიფიკატს, რომლის გაცემამდე საკრუინგო კომპანია ვალდებულია დააბრუნოს ძველი სერტიფიკატი. ახალი სერტიფიკატის გაცემის საფასური განისაზღვრება საფასურის წესის მიხედვით.


მუხლი 3. საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
აღიარების სერტიფიკატის მქონე საკრუინგო კომპანიას გააჩნია შემდეგი ვალდებულებები:

ა)  გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, ასევე განუწყვეტლივ ეცნობოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას მეზღვაურთა განათლების, სერტიფიცირებისა და დასაქმების სფეროში;

ბ) დაასაქმოს მხოლოდ შესაბამისად კვალიფიციური პირი, მათ შორის სერტიფიცირებული საქართველოს კანონის „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ შესაბამისად;

გ) შეამოწმოს დასასაქმებელი პირის კვალიფიკაცია და მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს ნებისმიერი ყალბი დოკუმენტაციის აღმოჩენის შემთხვევაში;

დ) აწარმოოს მათ მიერ შერჩეული მეზღვაურების მონაცემთა ბაზა, შეინახოს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სავალდებულო წვრთნის გავლის შესახებ ინფორმაცია, სამედიცინო შემოწმების შესახებ დოკუმენტაცია და შრომითი ხელშეკრულების ასლები. ასევე შეინახოს ინფორმაცია სანაოსნო სტაჟის შესახებ და დოკუმენტაცია, შესაბამისი ორგანოდან მეზღვაურის საბუთების ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნის შემთხვევაში;

ე) უზრუნველყოს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს  კანონმდებლობასთან;

ვ) დასაქმებამდე გააცნოს მეზღვაურს შრომითი ხელშეკრულების პირობები, მათ შორის,  შესასრულებელი სამუშაოს, მეზღვაურის უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე, ასევე მიაწოდოს ოფიციალური ინფორმაცია იმ ხარჯების შესახებ, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მეზღვაურის დასაქმების პროცესში;

ზ) გამოიკვლიოს და უპასუხოს ნებისმიერ პრეტენზიას, რომელიც უკავშირდება მის საქმიანობას, და სააგენტოს შეატყობინოს ნებისმიერი გადაუწყვეტელი პრობლემის შესახებ;

თ) შესაძლებლობის ფარგლებში შეამოწმოს გემთმფლობელის შესაბამისი საშუალებები სხვა სახელმწიფოს ნავსადგურებში მიტოვებული მეზღვაურების დასაცავად;

ი) ყოველ 4  (ოთხი) თვეში ერთხელ მიაწოდოს სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაცია მის მიერ დასაქმებული მეზღვაურების შესახებ;

კ) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიერ აღიარების პირობების მონიტორინგის ფუნქციის სრულად და შეუფერხებლად განხორციელებასთან;

ლ) საკრუინგო საქმიანობის განხორციელებისას სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირს  დაუსაბუთებლად არ განუცხადოს უარი დასაქმებაზე;

მ) უზრუნველყოს, რომ მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების პროცესში ჩართული იქნება, როგორც მინიმუმ ერთი პირი, რომელსაც გააჩნია გემის მართვის დონის ერთ-ერთი წოდება და მინიმუმ ერთი წლის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი ან პირი, რომელსაც არ გააჩნია ამ პუნქტში მითითებული საზღვაო კვალიფიკაცია, თუმცა მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების სფეროში აქვს მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლის სტაჟი;

ნ) უზრუნველყოს მინიმუმ ერთი პირის დასაქმება კალენდარული წლის განმავლობაში;

ო) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს გემთმფლობელის მიერ შრომით ხელშეკრულებაში მეზღვაურთა სოციალური დაცვის პირობების გათვალისწინება და მათი ჯეროვანი შესრულება;

პ) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მეზღვაურისათვის ხელშეკრულების ასლის მიწოდება;

ჟ) დარწმუნდეს, რომ შრომითი ხელშეკრულება მეზღვაურს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენებს და არ შექმნის მისი შრომითი თუ სხვა სახის ექსპლუატაციის საფრთხეს;

რ) შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიოს მონეტარული დანაკარგების საფრთხის წინაშე აღმოჩენილ პირს, მათ შორის გემთმფლობელთან კონსულტაციების მეშვეობით;

ს) უზრუნველყოს ხარისხის მართვის სისტემიდან გამომდინარე მინიმუმ შემდეგი პროცედურების  დანერგვა;

ს.ა)  შესაბამისობის შეფასების პროცედურები, მათ შორის ვაკანტური ადგილის შესაბამისი კომპეტენციის/კვალიფიკაციის დოკუმენტების შემოწმების პროცედურები „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის დებულებების (შემდგომ − კონვენცია) გათვალისწინებით;

ს.ბ) კანდიდატის კომპეტენციის/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების, ნამდვილობის შემოწმების პროცედურები;

ს.გ) სააგენტოსათვის ყალბი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდების პროცედურები;

ს.დ)  დასასაქმებელი პირისათვის შრომითი ხელშეკრულების პირობების გაცნობის პროცედურები;

ს.ე)  ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის სააგენტოსათვის წარდგენის პროცედურები;

ს.ვ) შეუსაბამობების აღმოფხვრის პროცედურები;

ს.ზ) პრეტენზიების გამოკვლევისა და პასუხის გაცემის პროცედურები;

ტ) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში შეატყობინოს სააგენტოს:

ტ.ა) აღიარების სერტიფიკატის დაკარგვის, მოპარვის ან დაზიანების ფაქტი;

ტ.ბ) ინფორმაცია სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ იმ დოკუმენტების წარდგენის გზით, რომლებიც ადასტურებენ  ამ ცვლილებებს;

ტ.გ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრუინგო კომპანია წყვეტს/დროებით აჩერებს მის საქმიანობას;


მუხლი 4. ზედამხედველობა აღიარების სერტიფიკატის გაცემის პირობებთან შესაბამისობაზე 
1. სააგენტო არანაკლებ წელიწადში ერთხელ ახორციელებს საკრუინგო კომპანიის შესაბამისობის შემოწმებას წინამდებარე წესის დანართი 4-ის შესაბამისად.

2. შემოწმების პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად სააგენტო განსაზღვრავს ვადას მინიმუმ 10 (ათი) სამუშაო დღის ოდენობით. საკრუინგო კომპანია ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს შეუსაბამობების აღმოფხვრის შესახებ, რომლის შემდეგაც სააგენტო განახორციელებს საკრუინგო კომპანიის მომდევნო შემოწმებას დაფიქსირებული შეუსაბამობების ნაწილში.

3. სააგენტო უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე განახორციელოს დაუგეგმავი შემოწმება, თუკი არსებობს ინფორმაცია/დასაბუთებული (ან გონივრული) ეჭვი, რომ საკრუინგო კომპანია არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან ხარისხის მართვის სისტემაში დაფიქსირებული შეუსაბამობები პირდაპირ უკავშირდება მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების პროცესს.

4. აღიარების სერტიფიკატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გარემოებების დადასტურებისას სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით. აღიარების სერტიფიკატის შეჩერების ვადა განისაზღვრება 2 თვით. შეჩერებული აღიარების სერტიფიკატის განახლების მოთხოვნით საკრუინგო კომპანია უფლებამოსილია წარადგინოს აღიარების სერტიფიკატის შეჩერების გამომწვევი გარემოებების აღმოფხვრის შესახებ დოკუმენტურად დასაბუთებული ინფორმაცია შეჩერებიდან 2 თვის ვადაში. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს აღიარების სერტიფიკატის გაუქმებას;

5. აღიარების სერტიფიკატის შეჩერებასთან/შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება:

ა) თუ საკრუინგო კომპანია არ/აღარ შეესაბამება წინამდებარე წესის მოთხოვნებს;

ბ) თუ საკრუინგო კომპანიამ არ აღმოფხვრა დაფიქსირებული შეუსაბამობები ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

გ) თუ საკრუინგო კომპანიამ წარადგინა მცდარი ან ცრუ ინფორმაცია სააგენტოში;

დ) თუ საკრუინგო კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა;

ე) თუ საკრუინგო კომპანიამ მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც არ დაასაქმა კალენდარული წლის განმავლობაში;

ვ) ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დოკუმენტურად დასაბუთებული ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, 2 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

6. აღიარების სერტიფიკატის გაუქმების შემდეგ, სააგენტოს გადაწყვეტილების შეტყობიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში საკრუინგო კომპანია ვალდებულია დააბრუნოს აღიარების სერტიფიკატი.

7. საკრუინგო კომპანია უფლებამოსილია ხელახლა შეიტანოს განაცხადი აღიარების მოთხოვნით, აღიარების გაუქმებიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ.

8. სააგენტო ოფიციალურად აქვეყნებს აღიარების გაუქმების შესახებ ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე;

9. წინამდებარე წესიდან გამომდინარე ნებისმიერი გადაწყვეტილება, გარდა ყოველწლიური აუდიტის განხორციელებისა, ფორმდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

10. ყოველწლიური აუდიტი ტარდება ერთი წლის ვადის გასვლიდან მომდევნო 20 (ოცი) დღის განმავლობაში.


მუხლი 5. პერსონალურ მონაცემთა დაცვა
1. საკრუინგო კომპანია ვალდებულია მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა მოახდინოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. აღიარებული საკრუინგო კომპანია ვალდებულია მის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია არ გამოიყენოს მეზღვაურის  სხვა კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობის შეზღუდვის მიზნით.

 


მუხლი 6. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
1. 2013 წლის 1 მარტამდე თუ საკრუინგო კომპანია ნებაყოფლობით გაივლის საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების აუდიტს, რომელიც ჩატარდება საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოსთვის ძალაში მყოფი საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილზე უფრო მაღალი სტანდარტით, სააგენტო აღიარებს საკლასიფიკაციო საზოგადოების აუდიტის მიერ გაცემულ სერტიფიკატს და ავტომატურად აღიარებს საკრუინგო კომპანიას.

2. ეს ბრძანება, გარდა მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე–3 მუხლის „ს“ პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-3 მუხლის „ს“ პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან.