დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 108-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/12/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016012 |
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის (ბიუროს) მიერ კომიტეტში ფრაქციისათვის კომიტეტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს კომიტეტის წევრებს, რის შესახებაც აცნობებს პარლამენტის ბიუროს (დროებით სამანდატო კომისიას). უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის, აგრეთვე უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის შესაძლებელია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობა ან გაცვლა. კვოტების დათმობის ან გაცვლის შესახებ ფრაქციათა გადაწყვეტილება და ფრაქციების მიერ კომიტეტებში ახალი წევრების დანიშვნა ეცნობება პარლამენტის ბიუროს.“. 2. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) დათმობილი ან გაცვლილი კვოტის ფრაქციის მიერ დაბრუნების შემთხვევაში, თუ იგი ასეთი კვოტით არის დანიშნული.“. 3. 56-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარლამენტის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დროებით საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. კვოტების დათმობა ან გაცვლა შესაძლებელია ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი კვოტების დაცვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა კანდიდატურებს წარუდგენენ პარლამენტის თავმჯდომარეს.“. 4. მე-60 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფრაქციის მიერ წარდგენილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი წყვეტს კომისიაში საქმიანობას მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის, ფრაქციის მიერ კომისიიდან გამოწვევის, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობის ან გაცვლის, დათმობილი ან გაცვლილი კვოტის დაბრუნების შემთხვევაში, თუ იგი ასეთი კვოტით არის დანიშნული. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა, რის შესახებაც კომისიის თავმჯდომარე უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.“. 5. 74-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. კვოტების დათმობა ან გაცვლა შესაძლებელია ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“. 6. 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ფრაქციის მიერ წარდგენილი დროებითი კომისიის წევრი წყვეტს კომისიაში საქმიანობას ფრაქციის მიერ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობის ან გაცვლის, დათმობილი ან გაცვლილი კვოტის დაბრუნების შემთხვევაში, თუ იგი ასეთი კვოტით არის დანიშნული. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა, რის შესახებაც კომისიის თავმჯდომარე უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.“. 7. 92-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში საქმიანობას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის, ფრაქციის მიერ ამ ორგანოდან გაწვევის, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობის ან გაცვლის, დათმობილი ან გაცვლილი კვოტის დაბრუნების შემთხვევაში, თუ იგი ასეთი კვოტით არის დანიშნული. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა, რის შესახებაც პარლამენტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი აცნობებს პარლამენტს.“. 8. 251-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული ურთიერთობის დასამყარებლად, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით განისაზღვრება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა. კვოტების დათმობა ან გაცვლა შესაძლებელია ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 19 დეკემბერი 2012 წ. N108-Iს |
დოკუმენტის კომენტარები