„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 971
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 30/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 200.230.100.05.001.003.465
  • Word
971
30/12/2008
სსმ, 41, 30/12/2008
200.230.100.05.001.003.465
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საწარმოებისა და ორგანიზაციების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების ან/და სახელმწიფო სესხების დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ზოგად პრინციპებს, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე დავალიანებების რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების წარდგენის, განხილვის, მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების წესებს აღნიშნული საწარმოებისა და ორგანიზაციების საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით.“.

2. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტები ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი;

ბ) კომისია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კომისიის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები;

გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება – გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის სხვაობა, რომელიც არ არის გადახდილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;

დ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი და დადგენილ ვადაში დაუფარავი ვალდებულება;

ე) გადახდისუუნარობა – საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების დაფარვის შეუძლებლობა;

ვ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია – ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების (მათ შორის, ჯარიმები, საურავები, პირგასამტეხლო და სხვა) გაყინვა ან/და გადავადება ამ კანონით დადგენილი წესით;

ზ) დავალიანების გაყინვა – ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების გადახდის ვალდებულების შეჩერება განსაზღვრული ვადით;

თ) დავალიანების გადავადება – ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების გადახდის ვალდებულების განვადება;

ი) განსაკუთრებული შემთხვევა – როდესაც ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულის) რესტრუქტურიზაცია ხორციელდება განმეორებით:

ი.ა) იმ საწარმოს საპრივატიზებოდ მომზადება მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, ან/და საწარმოს აქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სტრატეგიული დანიშნულება ან/და საექსპორტო პოტენციალი;

ი.ბ) საწარმოს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების არსებობა, რომელიც წარმოიშვა იმ საქონლის/მომსახურების მიწოდებაზე მიუღებელი ანაზღაურების გამო, რომელიც უნდა დაფინანსებულიყო ბიუჯეტიდან;

კ) უიმედო სესხი – სასესხო დავალიანება, რომელიც ვერ დაიფარება სასესხო დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების შედეგად, ამასთანავე, საწარმო ამოღებულია სამეწარმეო რეესტრიდან ან/და ლიკვიდირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 მუხლი 2. ზოგადი დებულებანი

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ამ კანონით დადგენილი წესი (მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში) ვრცელდება ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის განხორციელების დროისათვის არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე.

3. ამ კანონით დადგენილი წესით ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის უფლება საწარმოს ეძლევა მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში და მხოლოდ ერთხელ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა.

4. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა არ აღემატება 5 წელს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა, როდესაც ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულის) რესტრუქტურიზაცია ხორციელდება არა უმეტეს 15 წლის ვადით.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის კომისია.

2. კომისიას უფლება აქვს ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესწავლისას მოიწვიოს საწარმოს, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ;“;

ბ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:

„ა1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ;

2) ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ;“;

ბ.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ცალკეული ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების ოდენობის დაზუსტების შესახებ, სასესხო დავალიანების საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით;“;

გ) მე-4–მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) საწარმოს ხელმძღვანელის წერილობით მიმართვას;

ბ) პარტნიორთა/აქციონერთა კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ;

გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის განხორციელებაზე იმ კრედიტორთა თანხმობას, რომელთა მოთხოვნა შეადგენს კრედიტორთა (სახელმწიფოს გარდა) მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს;

დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოების თანხმობას მათ მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ. თუ საწარმოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის/ერთეულების ბიუჯეტის მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება არ აღემატება ამ ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების 5 პროცენტს, აღნიშნულ თანხმობას გასცემს გამგებელი, ხოლო სხვა შემთხვევაში – საკრებულო, ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში კი – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;

ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის გეგმას;

ვ) წინადადებებს ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გაყინვის ან/და გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ;

ზ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს/ორგანოების მიერ გაცემულ ცნობას, შედარების აქტს საბიუჯეტო დავალიანების (გადასახადების ცალკეული სახეების, ჯარიმებისა და საურავების მიხედვით) შესახებ;

თ) დებიტორებისა და კრედიტორების სიას (თანხების მითითებით), დამოწმებულს საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ;

ი) უძრავი ქონების ჩამონათვალს და ამ ქონების ღირებულების შესახებ აუდიტორულ დასკვნას;

კ) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებულ გასული და მიმდინარე წლების საბუღალტრო ბალანსებს და ამავე ფორმით დამოწმებულ დოკუმენტს გადახდისუუნარობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერის შესახებ.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით – ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას, რომელიც ორი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის თაობაზე.

6. კომისიის მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები, ვადები, მათი დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

7. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომისიის ოქმს და ხელშეკრულების/ხელშეკრულებების ასლს/ასლებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ.

8. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანება რესტრუქტურიზებულად ითვლება და საწარმო რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობას იწყებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.

9. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს. დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებსა და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს განმეორებით, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, იმ დავალიანებასთან ერთად, რომელიც უკვე რესტრუქტურიზებულია (შესაბამის პერიოდამდე დარიცხულ სარგებლის თანხასთან ერთად).

5. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 15 წლისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არა უმეტეს 5 წლისა.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხით მოსარგებლე საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულებისა და ამავე ხელშეკრულების თანახმად გაფორმებული გრაფიკის შესაბამისად.“.

5. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რესტრუქტურიზაციის პერიოდში რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ სასესხო დავალიანებას გრაფიკით დარჩენილ გადასახდელ თანხაზე ყოველთვიურად ერიცხება სარგებელი 0,5 პროცენტის ოდენობით.

3. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხით მოსარგებლე საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულებისა და ამავე ხელშეკრულების თანახმად გაფორმებული გრაფიკის შესაბამისად.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულისა – შესაბამის პერიოდამდე დარიცხულ სარგებლის თანხასთან ერთად) რესტრუქტურიზაციის დამატებითი ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 15 წლისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არა უმეტეს 5 წლისა.“.

6. მე-6–მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 6. საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა

საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა უნდა შეიცავდეს:

ა) ამ საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზს;

ბ) ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და სხვა სახის ღონისძიებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ამ საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების დაფარვა;

გ) ამ საწარმოს წარმოების ზრდის, პროდუქციის რეალიზაციის, საწარმოო დანახარჯების, მოგებისა და სხვა სახის ძირითად მაჩვენებლებს;

დ) ფულადი შემოსავლებისა და ფულადი რესურსების გამოყენების გაანგარიშებებს.

    მუხლი 7. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმო ვალდებულია:

ა) სრულად და დროულად დაფაროს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებანი;

ბ) შეასრულოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია ამ ხელშეკრულებითა და ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ.

2. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმოს უფლება აქვს წინასწარ დაფაროს რესტრუქტურიზებული თანხა ან მისი ნაწილი ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად და წერილობით მოითხოვოს შესაბამისი ცვლილების შეტანა (მათ შორის, გადახდის ვადისა და თანხის შემცირება) დავალიანებების დაფარვის შესახებ გაფორმებულ გრაფიკში. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია. თანხის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში წინასწარ დაფარულ თანხას სარგებელი არ ერიცხება.

3. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში კრედიტორებს, რომლებმაც საწარმოს თანხმობა მისცეს დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე, უფლება არა აქვთ სასამართლოში შეიტანონ განცხადება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ და სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

4. იმ კრედიტორებს, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, უფლება არა აქვთ განსაკუთრებულ შემთხვევებში რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოს მიმართ სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 8. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დამთავრება ან ვადამდე შეწყვეტა

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა მთავრდება და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წყდება:

ა) საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით;

ბ) ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემთხვევაში;

გ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, თუ საწარმომ წინასწარ (ვადამდე) სრულად დაფარა რესტრუქტურიზებული დავალიანება ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას:

ა) რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელ თანხაზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან საწარმოს მიმართ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები;

ბ) რესტრუქტურიზებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელი თანხების იძულებით ამოსაღებად საგადასახადო ორგანოები იყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სესხით მოსარგებლე საწარმოს მიმართ სასამართლოში აღძრავს სამოქალაქო სარჩელს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.“.

7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონით დარეგულირებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება მხოლოდ იმ საწარმოების მიმართ, რომელთაც რესტრუქტურიზაციის შესახებ წერილობითი განცხადებები და ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სრულად წარუდგინეს (დარეგისტრირებულია შესაბამისი წესით) 2011 წლის 1 იანვრამდე.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 30 დეკემბერი.

№971–რს