დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 655 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/12/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 18/12/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 450.010.000.05.001.000.858 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (18/12/2000 - 29/12/2004)
საქართველოს კანონი
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
ეროვნული კინემატოგრაფია (შემდეგში – კინო) ეროვნული ხელოვნების განუყოფელი ნაწილია, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე მნიშვნელოვანი აღიარება პოვა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კინო , შემოქმედებითი საქმიანობის გარდა , მოიცავს რთულ ტექნოლოგიურ, საწარმოო, ეკონომიკურ და ფინანსურ პროცესებს, რის გამო მისი განვითარება ბევრადაა დამოკიდებული სახელმწიფოს ზრუნვასა და ხელშეწყობაზე.
ეს კანონი, ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას და ქართული კინემატოგრაფიის მრავალწლიანი ტრადიციებისა და კინოს სფეროში მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მიზნად ისახავს კინოს არსებობისა და განვითარებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის სამართლებრივი საფუძვლებისა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა კინოს შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა კინოს შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, „კულტურის შესახებ“, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს ეროვნული კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის სამართლებრივ მექანიზმებს, ადგენს ეროვნული ფილმის სტატუსს, მისი წარმოებისა და გაქირავების დაფინანსების საკანონმდებლო საფუძვლებს, კინოს სფეროში მოქმედი კომპეტენტური დაწესებულების სამართლებრივ მდგომარეობას, კინოს სახელმწიფო დაფინანსების წესსა და პირობებს.
მუხლი 3. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი პრინციპები
კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი პრინციპებია:
ა) კინოს განვითარებისათვის ზრუნვა;
ბ) შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნა;
გ) საავტორო უფლებათა დაცვის ხელშეწყობა;
დ) კინოს განვითარებისათვის ტექნოლოგიური, სამეცნიერო, საინფორმაციო, საწარმოო და საგანმანათლებლო ბაზის სრულყოფა;
ე) ეროვნული ფილმის წარმოებისა და კინოპროდუქციის გავრცელებისათვის ხელის შეწყობა;
ვ) მსოფლიო კინოპროცესებში ქართული კინოს ინტეგრაციისათვის ზრუნვა;
ზ) სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების უზრუნველყოფა.
მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კინემატოგრაფია (კინო) – ხელოვნების დარგი, რომელიც მოიცავს პროფესიულ, შემოქმედებით, საწარმოო, ტექნიკურ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას და მიმართულია კინოპროდუქციის შესაქმნელად და გასავრცელებლად;
ბ) ფილმი – რეპროდუქციისათვის გამიზნული აუდიო-ვიზუალური ნაწარმოები, რომელიც გარკვეული ჩანაფიქრის საფუძველზე აერთიანებს კინო-, ვიდეოფირზე, ლაზერულ დისკეტზე ან სხვა სახის ტექნიკურ საშუალებაზე აღბეჭდილ თანამიმდევრობით დაკავშირებულ კადრებს და აღიქმება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის დახმარებით;
გ) სრულმეტრაჟიანი ფილმი – 52 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ფილმი;
დ) მოკლემეტრაჟიანი ფილმი – 52 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ფილმი;
ე) კინომატიანე – დოკუმენტური მასალა, რომელშიც ასახულია წარსული მოვლენები ან ფაქტები და მისი გამოყენება შესაძლებელია მომავალში;
ვ) ფილმის გაქირავება – მოგების მიღების მიზნით ფილმის ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით გავრცელება;
ზ) ფილმის ჩვენება – კინოდარბაზში, აგრეთვე საეთერო, საკაბელო და თანამგზავრული ტელევიზიით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მაყურებლისათვის ფილმის დემონსტრირება;
თ) ფილმის პროდიუსერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინიციატორი და პასუხისმგებელია ფილმის წარმოებასა და დაფინანსებაზე;
ი) ფილმის დისტრიბუტორი (გამქირავებელი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს გააქირაოს ფილმი;
კ) ფილმის დემონსტრატორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უჩვენებს მაყურებელს ფილმს;
ლ) კინოდარბაზი – სათანადოდ აღჭურვილი სპეციალიზებული ადგილი, სადაც ხდება ფილმის ჩვენება;
მ) კინოორგანიზაცია – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს განეკუთვნება ფილმის ან კინომატიანის სიუჟეტის შექმნა, ფილმის ასლის გამრავლება, გაქირავება, ჩვენება, ფილმის აღდგენა, კინოდარბაზის ტექნიკური მომსახურება, კინომასალებისა და კინოაღჭურვილობის წარმოება, ფილმწარმოების მომსახურება (კინოტექნიკის გაქირავება, კინოკომპლექსის ან კინოპავილიონის იჯარა, კოსტიუმების შეკერვა, დეკორაციების მშენებლობა, გრიმისა და საგრიმიორო მასალების დამზადება, რეკვიზიტის დამზადება-გაქირავება, გადასაღები ტექნიკისა და სპეცეფექტების მომზადება, კინოფირის დამუშავება, ფილმის გახმოვანება, მუსიკალური გახმოვანება და სხვ.), საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ბეჭდვითი, საგამომცემლო, სარეკლამო-პროპაგანდისტული საქმიანობა კინოს სფეროში, ფილმის ან კინომატიანის ასლისა და საწყისი მასალების შენახვა;
ნ) ფილმის პროექტი – დოკუმენტების პაკეტი, რომლის საფუძველზედაც მიიღება გადაწყვეტილება ფილმის წარმოების დაფინანსების შესახებ;
ო) ფილმის ან კინომატიანის საწყისი მასალები – ნეგატივი, კონტრატიპი, საკონტროლო ასლი, ვიდეომასტერკასეტა, მაგნიტური ფონოგრამის ორიგინალი და სხვა მასალა, რომელიც აუცილებელია ფილმის წარმოებისა და ტირაჟირებისათვის ნებისმიერი ფორმით (კინოფილმი, ვიდეოკასეტა, ლაზერული დისკეტი და სხვ.);
პ) ფილმის ტირაჟირება (გამრავლება) – ფილმის ერთი ან მეტი ასლის დამზადება ნებისმიერი ფორმით;
ჟ) კინოპროდუქცია – ფილმი, კინომატიანე, ფილმის ან კინომატიანის საწყისი მასალები, ტირაჟი ან ტირაჟის ნაწილი;
რ) კინოაღჭურვილობა – მოწყობილობა, აპარატურა, ტექნიკური საშუალებები და მათი სათადარიგო ნაწილები, რომლებიც გამოიყენება კინოწარმოების, ტირაჟირების, გაქირავების, ფილმის ჩვენებისა და ფილმწარმოებისათვის საჭირო სამუშაოებისა და მომსახურებისათვის;
ს) კინომასალები – ნედლეული და მასალა, რომლებიც გამოიყენება ფილმის წარმოების, ტირაჟირების, გაქირავების, ჩვენებისა და აღდგენისათვის, აგრეთვე ფილმწარმოებისათვის აუცილებელი სამუშოების შესრულებისა და მომსახურებისათვის, კინოაღჭურვილობის დამზადებისათვის;
ტ) კინოარქივი – ფილმსაცავი, სადაც ინახება კინოპროდუქცია.
მუხლი 5. ეროვნული ფილმი
1. ფილმი ჩაითვლება ეროვნულად, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ფილმი იქმნება საქართველოს სახელმწიფო ენაზე;
ბ) ფილმის პროდიუსერია საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
გ) ფილმის ავტორები არიან საქართველოს მოქალაქეები;
დ) ფილმის გადამღები ჯგუფის (დამდგმელი-რეჟისორები, დამდგმელი-ოპერატორები, ოპერატორები, ხმის ოპერატორები, მხატვრები, კოსტიუმების მხატვრები, მემონტაჟეები, მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები) შემადგენლობის 30 პროცენტს არ აღემატება იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა;
ე) ფილმის წარმოების, ტირაჟირების, გაქირავებისა და ჩვენების მიზნით გაწეული სამუშაოების მთლიანი მოცულობის არანაკლებ 50 პროცენტს ახორციელებს საქართველოში რეგისტრირებული კინოორგანიზაცია.
2. ეროვნულად ჩაითვლება უცხო ენაზე (არა სახელმწიფო ენაზე) გადაღებული ფილმი, თუ ეს (უცხო ენაზე გადაღება) განპირობებული იყო სცენარის სპეციფიკით და ფილმი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.
3. ეროვნულ ფილმად შეიძლება ჩაითვალოს ერთობლივი წარმოების ფილმიც, თუ ის გადაიღეს უცხოურ კინოორგანიზაციებთან ერთად შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობების დაცვით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან კონკრეტული ფილმის პროექტის შესაბამისობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება ამ კანონისა და ეროვნული ფილმის დებულების შესაბამისად.
თავი II
კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი ფორმები და ღონისძიებები
მუხლი 6. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი ფორმები
1. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი ფორმებია:
ა) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და მისი სრულყოფა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეროვნული ფილმის წარმოებისა და გაქირავების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, აგრეთვე შესაძლებელია შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება;
გ) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კინოორგანიზაციების საქმიანობის შეღავათიანი საგადასახადო რეგულირება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო მხარდაჭერის სხვა ფორმები.
2. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებები მიმართულია:
ა) ეროვნული ფილმის შესაქმნელად;
ბ) კინოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსავითარებლად;
გ) ფილმების გაქირავებისა და ჩვენებისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად;
დ) სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტექნიკური პროგრამების განსახორციელებლად;
ე) კინოფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად;
ვ) საერთაშორისო კინოფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
3. ყველა კინოორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო მხარდაჭერა, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 7. კინოს სფეროში მოქმედი და მისი მხარდამჭერი სახელმწიფო დაწესებულება
1. ქართული კინოკულტურის დაცვის, მისი განვითარების ხელშეწყობის, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ურთიერთობათა კოორდინაციის უფლებამოსილება ეკისრება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს (შემდეგში – ეროვნული კინოცენტრი).
2. ეროვნული კინოცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპებით.
მუხლი 8. ეროვნული კინოცენტრის სამართლებრივი სტატუსი და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. ეროვნული კინოცენტრი წარმოადგენს ამ კანონის საფუძველზე საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონითა და საკუთარი დებულებით გათვალისწინებული საქმიანობა. საკუთარი მიზნების მისაღწევად ეროვნული კინოცენტრი აგრეთვე უფლებამოსილია გასწიოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობაც.
3. ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს კულტურის მინისტრი საქართველოს კინემატოგრაფისტთა საერთო-ეროვნულ შემოქმედებით კავშირთან შეთანხმებით.
5. ეროვნული კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული კინოცენტრის დებულების შესაბამისად.
6. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) კინოს დარგში კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) ქართული კინოს დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამების შექმნასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესში სათანადო წინადადებების მომზადება და წარდგენა კინემატოგრაფიისათვის გამოსაყოფი ასიგნებების ნაწილში;
დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კინემატოგრაფიისათვის გამოყოფილი სახსრების განაწილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი საკონკურსო წესით;
ე) კინოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კინოქსელისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო მხარდაჭერის კოორდინაცია;
ვ) ფილმების ერთიანი საინფორმაციო-სააღრიცხვო ბანკის შექმნა;
ზ) საქართველოს ეროვნული კინოარქივის შექმნა;
თ) კინოგანათლებისა და კინომეცნიერების განვითარება, შემოქმედებითი და საინჟინრო-ტექნიკური კადრების მომზადებისათვის ხელის შეწყობა;
ი) კინოს დარგში სტატისტიკური აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა, კინოორგანიზაციათა ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება;
კ) კინოს დარგში საერთაშორისო კავშირების განვითარება, საერთაშორისო კინოორგანიზაციებში წარმომადგენლობა, მონაწილეობა კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში;
ლ) ფილმის ავტორთა უფლებების დაცვისათვის ზრუნვა და ხელშეწყობა;
მ) ეროვნული ფილმის დებულების შემუშავება და დამტკიცება.
7. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურა, მისი კომპეტენცია, მართვის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი, სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები, საფინანსო საქმიანობის საფუძვლები და ქონების ფორმირების წესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.
თავი III
კინოს სახელმწიფო დაფინანსება
მუხლი 9. კინოს სახელმწიფო დაფინანსების წესი და პირობები
1. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა მისი სახელმწიფო დაფინანსება.
2. კინოს სახელმწიფო დაფინანსებისათვის ყოველწლიურად ეროვნული კინოცენტრის ორგანიზაციულ კოდზე იგეგმება სათანადო ასიგნებები საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან.
3. კინოს სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი და პირობები ამ კანონისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის საკონკურსო დებულების მიხედვით, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი კინემატოგრაფისტთა ეროვნულ-შემოქმედებით კავშირთან ერთად და ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.
4. ეროვნული კინოცენტრი სახელმწიფო დაფინანსების განაწილებას ახორციელებს საკონკურსო დებულების საფუძველზე კინოცენტრსა და შესაბამისად ეროვნული ფილმის პროდიუსერს, დისტრიბუტორს ან დემონსტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით.
5. კინოს სახელმწიფო დაფინანსება არის მიზნობრივი და იგი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა დანიშნულებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისა.
მუხლი 10. ეროვნული ფილმის წარმოების სახელმწიფო დაფინანსება
1. ეროვნული კინოცენტრი ქმნის საექსპერტო კომისიას, რომელიც შედგება შემოქმედი მუშაკებისა და შესაბამისი ექსპერტებისაგან. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საექსპერტო კომისიის დებულების საფუძველზე, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.
2. ეროვნული კინოცენტრი საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ფილმის (პროექტის) წარმოების დაფინანსებისა და პროდიუსერისათვის თანხის გამოყოფის შესახებ.
3. სახელმწიფო დაფინანსების წილი ეროვნული ფილმის წარმოებაში, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ფილმის საერთო ხარჯთაღრიცხვის 75 პროცენტს.
მუხლი 11. ეროვნული ფილმის გაქირავების სახელმწიფო დაფინანსება
1. ეროვნული კინოცენტრი საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ფილმის გასაქირავებლად (ასლის გამრავლება, სუბტიტრება, ვიდეოასლის დამზადება, რეკლამა და სხვ.) თანხის გამოყოფის შესახებ.
2. ეროვნული ფილმის გაქირავების სახელმწიფო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს გაქირავების საერთო ხარჯების 50 პროცენტს.
მუხლი 12. ეროვნული ფილმის საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის სახელმწიფო დაფინანსება
1. ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია ხარჯების 100 პროცენტამდე (ან სრულად) ოდენობით დააფინანსოს ეროვნული ფილმების მონაწილეობა „ა“ კატეგორიის საერთაშორისო ფესტივალებში, ხოლო სხვა კატეგორიის ფესტივალებში კი – ნაწილობრივ.
2. ეროვნულმა კინოცენტრმა შეიძლება ნაწილობრივ დააფინანსოს საქართველოში საერთაშორისო და ეროვნული კინოფესტივალების მოწყობა.
მუხლი 13. ეროვნული ფილმის წარმოება სახელმწიფო დაკვეთით
სახელმწიფო დაკვეთისას, ფილმის პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, ეროვნულ კინოცენტრს უფლება აქვს საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე გამონაკლისის სახით მიიღოს გადაწყვეტილება ფილმის ან კინომატიანის წარმოების 100 პროცენტით სახელმწიფო დაფინანსების შესახებ. ამ შემთხვევაში ეროვნულ კინოცენტრს დამატებით მიზნობრივად გამოეყოფა ასიგნებები სახელმწიფოს მიერ.
მუხლი 14. ეროვნული ფილმის საწყისი მასალებისა და კინომატიანის შენახვის წესი
1. სრული სახელმწიფო დაფინანსებით წარმოებული ეროვნული ფილმის საწყისი მასალები და კინომატიანე შესანახად და დასაცავად გადაეცემა სახელმწიფო კინოარქივს.
2. ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით წარმოებული ეროვნული ფილმის საწყისი მასალების შენახვის პირობებს განსაზღვრავს პროდიუსერსა და ეროვნულ კინოცენტრს შორის დადებული ხელშეკრულება.
3. სახელმწიფო კინოარქივში ეროვნული ფილმის საწყისი მასალებისა და კინომატიანის შენახვის წესებს განსაზღვრავს ეროვნული კინოცენტრი.
4. სახელმწიფო კინოარქივი ეროვნული ფილმისა და საწყისი მასალების შენახვისას იცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს.
5. სახელმწიფო კინოარქივი ეროვნული ფილმისა და კინომატიანის პროდიუსერებს შეუზღუდავად უქმნის პირობებს საწყისი მასალების გამოსაყენებლად.
მუხლი 15. კინოორგანიზაციების საქმიანობის საბაჟო და საგადასახადო რეგულირების თავისებურებანი
ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით კინოორგანიზაციების საქმიანობის საბაჟო და საგადასახადო რეგულირების თავისებურებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი IV
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 16. ეროვნული კინოცენტრის ჩამოყალიბება
1. საქართველოს კულტურის სამინისტრომ საქართველოს კინემატოგრაფისტთა საერთო-ეროვნულ შემოქმედებით კავშირთან ერთად ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება ეროვნული კინოცენტრის ჩამოყალიბებისა და ამოქმედებისათვის.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მომდევნო წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას ეროვნული კინოცენტრის ორგანიზაციულ კოდზე გაითვალისწინოს კინოს დაფინანსების ხარჯები.
მუხლი 17. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (როგორც სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ საწესდებო კაპიტალის 2/3 წილის მფლობელმა) და საქართველოს კულტურის სამინისტრომ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად შეიმუშაონ კინოქსელის რეფორმირების სახელმწიფო პროგრამის პროექტი მისი რენტაბელობის მიღწევისა და კინოს თვითდაფინანსების პრინციპის ამოქმედების მიზნით.
მუხლი 18. მისაღები ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების 2001 წლის 1 აპრილამდე მიღების მიზნით ეთხოვოს:
ა) საქართველოს პრეზიდენტს, გამოსცეს ბრძანებულება „ეროვნული კინემატოგრაფიის მხარდამჭერ ღონისძიებათა და კინოქსელის რეფორმირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“;
ბ) საქართველოს კულტურის მინისტრს, გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ბ.ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ.ბ) „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ.გ) „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ.დ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი აქტები.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 19. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 5 დეკემბერი.
№655–Iს
დოკუმენტის კომენტარები