დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 942 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 16/01/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.120.000.05.001.003.440 |
საქართველოს კანონი
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელებას (გარდა რადიოს და ტელევიზიის საშუალებით) უნდა ახლდეს გაფრთხილება თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ, რომლის ტექსტს, კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამგვარი ინფორმაცია უნდა ავსებდეს რეკლამის მთელი მოცულობის არანაკლებ 20 პროცენტს.“.
2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. სპონსორობა
ამ კანონის მიხედვით, სპონსორობა არის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევისა და გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით) სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით. სპონსორული შენატანი განიხილება რეკლამის ღირებულებად, ხოლო სპონსორი და დასპონსორებული, შესაბამისად, – რეკლამის დამკვეთად და რეკლამის გამავრცელებლად. სპონსორს უფლება არა აქვს, ჩაერიოს რეკლამის მწარმოებლისა და გამავრცელებლის საქმიანობაში. სპონსორობის უფლება არა აქვთ იმ პირებს, რომელთა ნაწარმის ან საქმიანობის გავრცელებაც აკრძალულია ამ კანონით. აკრძალულია თამბაქოს მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიერ პირდაპირი ან/და არაპირდაპირი, ანუ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის საშუალებით, სპონსორობა.“.
მუხლი 2
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თამბაქოს რეკლამაზე განსათავსებელი გაფრთხილება თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ დაამტკიცოს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ თამბაქოს რეკლამაზე განსათავსებელი გაფრთხილების დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 30 დეკემბერი.
№942–რს
დოკუმენტის კომენტარები