დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 880 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 15/01/2009 |
ძალაში შესვლის თარიღი | 29/01/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.230.000.05.001.003.421 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (15/01/2009 - 24/11/2011)
საქართველოს კანონი
საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ
მუხლი 1. კანონის მიზნები და მოქმედების სფერო
1. ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის (შემდგომში – კონტროლის პალატა) სტატუსს, უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს, ორგანიზაციასა და დამოუკიდებლობის გარანტიებს.
2. კონტროლის პალატა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.
3. კონტროლის პალატა აღიარებს უმაღლესი აუდიტორული და მაკონტროლებელი ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებებს და ხელმძღვანელობს მათ მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპებით.
4. მხოლოდ ამ კანონით განისაზღვრება კონტროლის პალატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, უფლებამოსილების განხორციელების წესი და ფარგლები.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აუდიტი – კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული შემოწმება, რომელიც მოიცავს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლასა და ანალიზს, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმებას მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ბ) კომპლექსური აუდიტი – პროგრამით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად, აუდიტის ობიექტის საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის ყოველმხრივი შესწავლა;
გ) თემატური აუდიტი – პროგრამით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად, აუდიტის ობიექტის საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის ცალკეული თემის (საკითხის) შესწავლა;
დ) გასვლითი აუდიტი – კომპლექსური ან თემატური აუდიტის ჩატარება აუდიტის ობიექტის საქმიანობის ადგილზე;
ე) კამერალური აუდიტი – კომპლექსური ან თემატური აუდიტის კონტროლის პალატაში ჩატარება აუდიტის ობიექტიდან მიღებული მასალების საფუძველზე;
ვ) ფინანსური აუდიტი – აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ზ) შესაბამისობის აუდიტი – აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი;
თ) ეფექტიანობის აუდიტი – სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის ანალიზი და შეფასება;
ი) აუდიტორი – კონტროლის პალატის მოსამსახურე, რომელიც აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით;
კ) აუდიტორ-სტაჟიორი – პირი, რომელიც სტაჟიორად ინიშნება კონტროლის პალატაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით;
ლ) აუდიტის ობიექტი – პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი კონტროლის პალატის უფლებამოსილება.
მუხლი 3. კონტროლის პალატის სტატუსი
1. კონტროლის პალატა არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს აუდიტს.
2. კონტროლის პალატა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან/და მისი საქმიანობის კონტროლი, ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით. აკრძალულია კონტროლის პალატაზე ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა.
3. კონტროლის პალატა უწყებრივად, ფინანსურად, ფუნქციონალურად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია.
მუხლი 4. კონტროლის პალატის საქმიანობის ძირითადი მიზნები და პრინციპები
1. კონტროლის პალატის საქმიანობის ძირითადი მიზნებია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.
2. კონტროლის პალატის საქმიანობის პრინციპებია:
ა) ობიექტურობა;
ბ) დამოუკიდებლობა;
გ) საჯაროობა;
დ) პროფესიონალიზმი.
მუხლი 5. კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობები
კონტროლის პალატა უფლებამოსილია, სხვა სახელმწიფოთა უმაღლეს აუდიტორულ, მაკონტროლებელ და სხვა შესაბამის ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადოს შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ.
თავი II. კონტროლის პალატის საქმიანობის მიმართულებები
მუხლი 6. კონტროლის პალატის უფლებამოსილება
1. კონტროლის პალატის უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოზე, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.
2. საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად კონტროლის პალატა ამოწმებს:
ა) საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებას;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების პროექტების შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას;
გ) სახელმწიფო ვალის ფორმირებასა და მართვას, სახელმწიფო კრედიტების გაცემას;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოში რეგისტრირებულ საკრედიტო და საფინანსო დაწესებულებებში სახელმწიფო სახსრების მოძრაობის კანონიერებას;
ვ) საქართველოს დიპლომატიური სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის კორპორაციის) საქმიანობას კონტროლის პალატა ამოწმებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) მიმართ;
თ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების მართვასა და განკარგვას;
ი) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტს. კონტროლის პალატა სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას ამოწმებს, თუ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ საწარმოს აუდიტს სამ წელიწადში ერთხელ მაინც არ ატარებს მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან ერთ-ერთი. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოს აუდიტის ჩატარების მოთხოვნით კონტროლის პალატას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიმართავს საქართველოს მთავარი პროკურორი ან მისი მოადგილე;
კ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებასა და სესხს, რომლის გარანტად დგას სახელმწიფო, აგრეთვე მის საქმიანობას იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საბიუჯეტო ან სახელმწიფო ფონდების კუთვნილი თანხების, ასევე რაიმე ფორმით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების გამოყენებასთან ან მართვასთან.
3. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერებას კონტროლის პალატა ამოწმებს არაგეგმური თემატური აუდიტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონტროლის პალატა ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსურ აუდიტს.
4. კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით ატარებს ექსპერტიზას და გასცემს დასკვნებს საფინანსო და ეკონომიკური სფეროების მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, აგრეთვე იმ პროგრამებზე, რომელთა დასაფინანსებლად განსაზღვრულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრების გამოყენება ან რომლებიც გავლენას ახდენს ამ სახსრების ფორმირებაზე.
5. კონტროლის პალატა უფლებამოსილია, ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელებისას დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინადადება საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვის თაობაზე. საბიუჯეტო სახსრების არაკანონიერი ხარჯვის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
6. კონტროლის პალატა უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტს, სხვა შესაბამის ორგანოებსა და დაწესებულებებს წარუდგინოს საგადასახადო კანონმდებლობის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემასა და სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები.
7. კონტროლის პალატა თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უფლებამოსილია, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია (საგადასახადო საიდუმლოება) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
8. კონტროლის პალატა უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოაქვეყნოს აუდიტის აქტი, ცნობა, ანგარიში (დასკვნა), რეკომენდაცია, მოხსენება და სხვა ანგარიშები და დასკვნები. ამასთანავე, იგი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს კანონით დაცული საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ეხება აუდიტის ობიექტს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1. კონტროლის პალატა უფლებამოსილია, აუდიტის ობიექტის საქმიანობაზე ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობის განხორციელების მიზნით აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარდგენა კონტროლის პალატის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
2. წინასწარ აუდიტზე არ ვრცელდება ამ კანონის V თავის დებულებები, გარდა 23-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა.
თავი III. კონტროლის პალატის შემადგენლობა, ორგანიზაცია და სტრუქტურა
მუხლი 8. კონტროლის პალატის სისტემა
1. კონტროლის პალატა ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემაა. იგი შედგება კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისაგან.
2. კონტროლის პალატის შიდა საქმიანობის საკითხები, საქმისწარმოების წესი, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, აუდიტის მომზადების, ჩატარების ვადები და წესი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტით.
3. კონტროლის პალატის მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურისა და სტაჟირების გავლის წესი, უფლება-მოვალეობანი, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების გამოყენება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კონტროლის პალატის თავმჯდომარის ნორმატიული აქტით.
მუხლი 9. კონტროლის პალატის თავმჯდომარე
1. კონტროლის პალატას ხელმძღვანელობს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
2. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ხუთი წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
3. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა.
4. კონტროლის პალატის თავმჯდომარე თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან ეწეოდეს სხვა პოლიტიკურ საქმიანობას.
5. უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელების დამოუკიდებლობა. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ან ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე.
6. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები დადგენილი წესით უზრუნველყოფენ კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირად უსაფრთხოებას.
მუხლი 10. კონტროლის პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილება
კონტროლის პალატის თავმჯდომარე:
ა) წარმართავს კონტროლის პალატის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს კონტროლის პალატის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გ) თავმჯდომარეობს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომებს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კონტროლის პალატის მოსამსახურეებს ამ კანონით დადგენილი წესით;
ე) განსაზღვრავს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ზღვრულ რიცხოვნობას;
ვ) ამტკიცებს კონტროლის პალატის თანამდებობათა დასახელებებს, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს კონტროლის პალატისათვის დადგენილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში;
ზ) ამტკიცებს აუდიტის გეგმებს;
თ) ადგენს აუდიტის ფორმასა და ფარგლებს, მისი ჩატარების ვადასა და ადგილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, უფლებამოსილია გააგრძელოს აუდიტის ჩატარების ვადა;
ი) მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით გამოსცემს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებებს;
კ) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მოხსენებებსა და ანგარიშებს;
ლ) წარმოადგენს კონტროლის პალატას საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
მ) გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ნ) ამტკიცებს საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტსა და საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს;
ო) ქმნის კომისიებსა და სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს;
პ) განსაზღვრავს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციურ მოვალეობებს და ახდენს მათზე უფლებამოსილების დელეგირებას;
ჟ) უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომას. ამასთანავე, მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, პარლამენტის კომიტეტმა, საპარლამენტო ფრაქციამ ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითმა კომისიამ;
რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს კონტროლის პალატის მოსამსახურეებს, აკისრებს მათ დისციპლინურ პასუხისმგებლობას, აჯილდოებს უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფულადი პრემიით, ფასიანი საჩუქრებით; საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით კონტროლის პალატის მოსამსახურეთა დაჯილდოების შესახებ;
ს) განსაზღვრავს ფულადი პრემიის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – ერთჯერადი დახმარების ოდენობას;
ტ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ხელშეუხებლობა
1. კონტროლის პალატის თავმჯდომარის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული კონტროლის პალატის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
2. კონტროლის პალატის თავმჯდომარის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის თანხმობით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
3. კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად.
4. კონტროლის პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) თანამდებობიდან გადაყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, შეზღუდულქმედუნარიანად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
დ) კონტროლის პალატის თავმჯდომარის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;
ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
ვ) გარდაცვალება.
მუხლი 12. კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეები
1. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
2. კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეების სამსახურებრივ შეუთავსებლობაზე ვრცელდება კონტროლის პალატის თავმჯდომარისათვის ამ კანონით დადგენილი წესები.
3. კონტროლის პალატის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კონტროლის პალატის თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი მოადგილე.
4. კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეები უფლებამოსილი არიან, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული არიან, დაესწრონ საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტისა და საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს.
5. კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ კონტროლის პალატის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებებს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ანგარიშვალდებული არიან კონტროლის პალატის თავმჯდომარის წინაშე.
6. კონტროლის პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტისას მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ კონტროლის პალატის ახალი თავმჯდომარის არჩევისთანავე.
მუხლი 13. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი და მისი უფლებამოსილება
1. კონტროლის პალატაში იქმნება კონტროლის პალატის პრეზიდიუმი, რომელშიც თანამდებობრივად შედიან კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეები. პრეზიდიუმის დანარჩენ წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
2. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომას იწვევს კონტროლის პალატის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.
3. კონტროლის პალატის პრეზიდიუმს თავმჯდომარეობს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
4. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი განიხილავს:
ა) საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს, აგრეთვე სახელმძღვანელო დოკუმენტებს;
ბ) აუდიტის წლიურ საორიენტაციო და კვარტალურ გეგმებს, ასევე იღებს გადაწყვეტილებას არაგეგმური აუდიტის ჩატარების თაობაზე;
გ) საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კონტროლის პალატის ბიუჯეტისა და მოსამსახურეთა ზღვრული რიცხოვნობის პროექტს;
დ) კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების სტრუქტურას;
ე) საქართველოს პარლამენტში წარსადგენ მოხსენებებსა და ანგარიშებს;
ვ) კომისიებისა და სპეციალური სამუშაო ჯგუფების ანგარიშებს;
ზ) მნიშვნელოვანი აუდიტის შედეგებს და მათზე შემდგომი რეაგირების საკითხს;
თ) საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის პროექტს;
ი) და აფასებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების მუშაობის ანგარიშებს.
5. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდიუმის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.
6. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს უფლება აქვთ, პრეზიდიუმის სხდომაზე მათი მონაწილეობით განხილული საკითხების შესახებ წერილობით წარმოადგინონ თავიანთი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვის სხდომის ოქმს.
თავი IV. კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში
1. ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატას ხელმძღვანელობს შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.
2. ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილება, სამსახურებრივი შეუთავსებლობა, აგრეთვე მისი უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
1. ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე.
2. ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე არის კონტროლის პალატის მოსამსახურე, რომელსაც შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
3. ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის დავალებით, ხელმძღვანელობს ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებებს.
მუხლი 16. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების ანგარიშვალდებულება
ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატა ყოველწლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ წარუდგენს კონტროლის პალატის პრეზიდიუმსა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
1. კონტროლის პალატა საქმიანობას წარმართავს აუდიტის წლიური საორიენტაციო და კვარტალური გეგმებით.
2. კონტროლის პალატის აუდიტის გეგმებში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებები.
3. დაუშვებელია აუდიტის ჩატარება შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებისა და საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტით დადგენილი ფორმით დამტკიცებული პროგრამის გარეშე.
1. არაგეგმური აუდიტი ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისა და საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის მიმართვის საფუძველზე, აგრეთვე კონტროლის პალატის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით.
2. არაგეგმური აუდიტი ამ კანონით დადგენილი წესით ასევე ტარდება საპარლამენტო უმცირესობის ან/და იმ ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც არ არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში. ამ პუნქტით დადგენილ თითოეულ სუბიექტს არაგეგმური აუდიტის ჩატარების მოთხოვნის უფლება მორიგი სესიის მიმდინარეობისას აქვს მხოლოდ ერთხელ.
3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული სუბიექტი ითხოვს არაგეგმური აუდიტის ჩატარებას ისეთ საკითხზე, რომელზედაც კონტროლის პალატამ უკვე ჩაატარა აუდიტი, კონტროლის პალატა მომთხოვნ სუბიექტს უგზავნის აუდიტის შედეგების ამსახველ სათანადო დოკუმენტაციას.
4. თუ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტის შედეგების ამსახველი დოკუმენტაციის მიღების მიუხედავად, არაგეგმური აუდიტის ჩატარების მომთხოვნი სუბიექტი კვლავ მოითხოვს შესაბამის საკითხზე არაგეგმური აუდიტის ჩატარებას, კონტროლის პალატა ატარებს არაგეგმურ განმეორებით აუდიტს.
მუხლი 19. აუდიტის ჩატარების ვადა
აუდიტის ჩატარების ვადა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. აუდიტის ხანგრძლივობისა და აუდიტის ობიექტის სირთულის გათვალისწინებით, აუდიტის ჩატარების ვადას არა უმეტეს 30 კალენდარული დღით აგრძელებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. აუდიტის ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
მუხლი 20. აუდიტის განმახორციელებელი კონტროლის პალატის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები
1. ამ კანონით დადგენილი აუდიტის ჩატარების უფლება აქვთ კონტროლის პალატის მოსამსახურეებს – აუდიტორსა და აუდიტორ-სტაჟიორს.
2. აუდიტორ-სტაჟიორის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონითა და კონტროლის პალატის თავმჯდომარის ნორმატიული აქტით.
3. აუდიტის განმახორციელებელ კონტროლის პალატის მოსამსახურეებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვთ:
ა) აუდიტის საგანთან დაკავშირებით აუდიტის პროცესში მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და ნებისმიერი დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), აუდიტის ობიექტს მოსთხოვონ დოკუმენტური მასალის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა, გადაიღონ დოკუმენტების ასლები;
ბ) დაუბრკოლებლად შევიდნენ აუდიტის ობიექტში, ჩაატარონ ინვენტარიზაცია;
გ) საჭიროების შემთხვევაში დალუქონ საწყობები, არქივები და სალაროები, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აუდიტის ობიექტებისა;
დ) მიიღონ ახსნა-განმარტება შესამოწმებელ საკითხებთან დაკავშირებით.
4. აუდიტის განმახორციელებელი კონტროლის პალატის მოსამსახურეები ვალდებული არიან:
ა) დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
ბ) აუდიტის დაწყებამდე აუდიტის ობიექტს წარუდგინონ აუდიტის ჩატარების შესახებ ბრძანება და დამტკიცებული პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა;
გ) უზუნველყონ აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) აუდიტის შედეგები არ გახადონ საჯარო შესაბამისი აუდიტის აქტის, ცნობის და ანგარიშის (დასკვნის) შედგენამდე;
ე) აუდიტის პროცესში შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დოკუმენტების ორიგინალები დაურთონ აუდიტის აქტს, ცნობას, ანგარიშს (დასკვნას), ხოლო დოკუმენტების ორიგინალების დამოწმებული ასლები დატოვონ აუდიტის ობიექტში;
ვ) დაიცვან საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი;
ზ) აუდიტის ჩატარებისას არ ჩაერიონ აუდიტის ობიექტის მიმდინარე საქმიანობაში.
5. ამ მუხლით განსაზღვრული მოსამსახურე აუდიტის შედეგებზე ადგენს აუდიტის აქტს, ცნობას ან/და ანგარიშს (დასკვნას).
6. კონტროლის პალატის მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნების შესრულება აუდიტის ობიექტისათვის სავალდებულოა.
7. აუდიტის შედეგების სისწორესა და სისრულეზე პასუხს აგებს აუდიტის განმახორციელებელი კონტროლის პალატის მოსამსახურე.
8. ამ მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება აუდიტორ-სტაჟიორზე.
მუხლი 21. სპეციალისტები და ექსპერტები
1. კონტროლის პალატა უფლებამოსილია აუდიტის პროცესში მოიწვიოს ან/და ჩართოს სპეციალისტი, ექსპერტი. კონტროლის პალატის ურთიერთობა მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სპეციალისტი, ექსპერტი არის პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა და რომელიც მოიწვევა სპეციალური გამოკვლევის ჩატარების მიზნით, აუდიტისათვის საჭირო გარემოებათა შესახებ სათანადო აქტის შესადგენად.
3. სპეციალისტსა და ექსპერტზე ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-5 პუნქტით დადგენილი უფლება-მოვალეობებისა.
მუხლი 22. საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი
1. საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი ადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და ფუნქციების განხორციელებისას მოსამსახურეთა ქცევის წესებსა და ნორმებს.
2. კონტროლის პალატის მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი.
3. საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 23. აუდიტის ობიექტის უფლებები და მოვალეობები
1. აუდიტის ობიექტს უფლება აქვს:
ა) კონტროლის პალატის შესაბამისი ბრძანების, დამტკიცებული პროგრამის, უფლება-მოვალეობათა ნუსხის წარუდგენლობის შემთხვევაში კონტროლის პალატის მოსამსახურე არ დაუშვას ობიექტზე აუდიტის ჩასატარებლად;
ბ) მოითხოვოს აუდიტის აქტი, ცნობა, ანგარიში (დასკვნა).
2. აუდიტის ობიექტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს კონტროლის პალატის მოსამსახურე სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, სამუშაო ოთახით;
ბ) უზრუნველყოს კონტროლის პალატის მოსამსახურე აუდიტის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინფორმაციით; იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე, ობიექტურობასა და სისრულეზე;
გ) არ ჩაერიოს კონტროლის პალატის მოსამსახურის საქმიანობაში, არ შეაფერხოს აუდიტის ჩატარება, ხელი შეუწყოს კონტროლის პალატის მოსამსახურეს, შეამოწმოს დოკუმენტები სამუშაო საათების განმავლობაში ისე, რომ არ შეაფერხოს აუდიტის ობიექტის მუშაობა.
3. აუდიტის ჩატარებისას აუდიტის ობიექტი ვალდებულია, კონტროლის პალატის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს სრული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია პროგრამაში მითითებულ საკითხებზე. შესაბამისი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აუდიტის ობიექტს შეუძლია კონტროლის პალატას მიმართოს თხოვნით, გააგრძელოს ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. კონტროლის პალატა უფლებამოსილია, აუდიტის ობიექტის თხოვნით აღნიშნული ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.
4. აუდიტის ობიექტის მიერ კონტროლის პალატისათვის აუცილებელი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მიწოდებისათვის თავის არიდება, მცდარი ინფორმაციის წარდგენა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 24. აუდიტის აქტი, ცნობა, ანგარიში (დასკვნა) და რეკომენდაცია
1. აუდიტის შედეგებზე ამ კანონით დადგენილი წესით დგება აუდიტის აქტი, ცნობა, ანგარიში (დასკვნა) და რეკომენდაცია.
2. შესაბამისობის აუდიტისა და ფინანსური აუდიტის შედეგებზე დგება აუდიტის აქტი ან ცნობა. აქტი დგება დასრულებული აუდიტის შედეგებზე, ხოლო ცნობა – იმ აუდიტის შედეგებზე, რომლის დასრულება რაიმე მიზეზით შეუძლებელია.
3. ეფექტიანობის აუდიტის შედეგებზე დგება ანგარიში (დასკვნა).
4. კონტროლის პალატა უფლებამოსილია, წინასწარი აუდიტის შედეგებზე შეადგინოს და აუდიტის ობიექტს გაუგზავნოს რეკომენდაცია.
5. კონტროლის პალატის აუდიტის აქტი, ცნობა ან/და ანგარიში (დასკვნა) წარედგინება აუდიტის ობიექტს. აუდიტის აქტი, ცნობა ან/და ანგარიში (დასკვნა) ასევე შეიძლება წარედგინოს აუდიტის ობიექტის ზემდგომ ორგანოს ან იმ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია აუდიტის ობიექტი.
6. არაგეგმური აუდიტის აქტი, ცნობა ან/და ანგარიში (დასკვნა), ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების გარდა, ასევე წარედგინება ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ იმ სუბიექტს, რომელმაც მოითხოვა არაგეგმური აუდიტის ჩატარება.
7. კონტროლის პალატა უფლებამოსილია, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას გაუგზავნოს ინფორმაცია აუდიტის შედეგებზე და წარუდგინოს რეკომენდაციები.
8. დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს. სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება მხოლოდ ის მასალა (ან მისი ნაწილი), რომელიც უშუალოდ შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ. წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი რეალიზაციის ღონისძიებათა თაობაზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აცნობონ კონტროლის პალატას.
მუხლი 25. მიწერილობა, წარდგინება
1. შემოწმების ჩატარების დროს აუდიტის ობიექტის მხრიდან დაბრკოლებების შექმნის, ასევე კონტროლის პალატის კომპეტენციის ფარგლებში სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კონტროლის პალატას უფლება აქვს, აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობას მისცეს მიწერილობა, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად.
2. კონტროლის პალატის კანონიერი მიწერილობის შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება არის ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
3. შემოწმებით გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კონტროლის პალატა წარდგინებას უგზავნის აუდიტის ობიექტს ან მის ზემდგომ ორგანოს.
4. მიწერილობას და წარდგინებას ხელს აწერს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების მიწერილობასა და წარდგინებას – შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
5. კონტროლის პალატის წარდგინება განხილული უნდა იქნეს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს კონტროლის პალატას 1 თვეში, თუ მასში სხვა ვადა არ არის მითითებული.
6. კონტროლის პალატის კანონიერი წარდგინების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში კონტროლის პალატას უფლება აქვს, დასვას საბიუჯეტო ან/და არასაბიუჯეტო ობიექტის ხელმძღვანელობის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის განხილვის საკითხი.
მუხლი 26. ფინანსური ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სტანდარტები
1. კონტროლის პალატა აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად, აგრეთვე იყენებს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სექტორის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს.
2. კონტროლის პალატა აუდიტის პროცედურებთან დაკავშირებით შეიმუშავებს და ამტკიცებს მეთოდოლოგიებს, სახელმძღვანელოებსა და ინსტრუქციებს.
თავი VI. კონტროლის პალატის აქტების გასაჩივრება და დავების განმხილველი საბჭო
მუხლი 27. კონტროლის პალატის აუდიტის აქტის, ცნობის ან/და ანგარიშის (დასკვნის) გასაჩივრება
1. აუდიტის ობიექტები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად არიან ადმინისტრაციული ორგანოები, უფლებამოსილი არიან, კონტროლის პალატის აუდიტის აქტი, ცნობა ან/და ანგარიში (დასკვნა) ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ მხოლოდ კონტროლის პალატაში.
2. აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოებისა, უფლებამოსილი არიან, კონტროლის პალატის აუდიტის აქტი, ცნობა ან/და ანგარიში (დასკვნა) ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ კონტროლის პალატაში, ასევე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი განუხილველი რჩება კანონით დადგენილი წესით.
4. კონტროლის პალატაში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით.
მუხლი 28. კონტროლის პალატის დავების განმხილველი საბჭოს შემადგენლობა
1. აუდიტის აქტზე, ცნობაზე ან/და ანგარიშზე (დასკვნაზე) კონტროლის პალატაში წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს კონტროლის პალატის დავების განმხილველი საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელიც შედგება არა უმეტეს ცხრა წევრისაგან.
2. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის კონტროლის პალატის თავმჯდომარე. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ კონტროლის პალატის მოსამსახურეები, შესაბამისი დარგის ექსპერტები, საზოგადოებრიობის ან/და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები.
3. საბჭოში კონტროლის პალატის მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს. საბჭოს შემადგენლობას, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა, განსაზღვრავს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. საბჭოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს არასამთავრობო ორგანიზაციას ან/და იმ საპარლამენტო ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში.
4. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, საბჭოს შემადგენლობაში დანიშნოს არა უმეტეს ორი პარლამენტის წევრისა, რომელთაგან ერთი უნდა იყოს იმ საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელი, რომელიც არ არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში.
5. საბჭოს წევრის (წევრების) უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საბჭო საქმიანობას ახორციელებს არსებული შემადგენლობით. მისი შემადგენლობა შეივსება ამ მუხლით დადგენილი წესით.
1. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მისი არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კონტროლის პალატის თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი მოადგილე.
2. საბჭო უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს დავა, თუ სხდომას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. თუ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდება.
3. საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, განსხვავებული აზრი წერილობით ჩამოაყალიბოს და დაურთოს გადაწყვეტილებას. ხმის მიცემისაგან თავის შეკავება დაუშვებელია.
4. საბჭო ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს მისი წარდგენიდან 20 დღის ვადაში. განსახილველი საქმის სირთულის გათვალისწინებით, ეს ვადა საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 20 დღით.
5. საბჭო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებს განხილვის დამთავრებისთანავე, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს გადაეცემა 3 დღის ვადაში.
6. საბჭოს სხდომები ღიაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმის მასალები შეიცავს სახელმწიფო ან სხვა სახის საიდუმლოებას.
7. საბჭოში დავა განიხილება მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) მონაწილეობით. განხილვისათვის დანიშნულ დროს მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავა მის გარეშე განიხილება.
8. საბჭოს საქმიანობის წესი, უფლებამოსილება და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტით.
მუხლი 30. საბჭოს გადაწყვეტილება
1. დავის განხილვის შემდეგ საბჭო იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. თუ საბჭო დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იგი უფლებამოსილია, გასაჩივრებული აუდიტის აქტის, ცნობის ან ანგარიშის (დასკვნის) შემდგენს დაავალოს, განმეორებით შეისწავლოს და განიხილოს მხოლოდ სადავო საკითხი საბჭოს მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 20 დღეზე მეტი. აღნიშნულ პერიოდში დავის განხილვის ვადის დენა შეჩერებულია.
3. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საბჭო ვალდებულია, მისი ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 3 დღისა მხარეს გადაწყვეტილებასთან ერთად გაუგზავნოს შესწორებული აუდიტის აქტი, ცნობა ან ანგარიში (დასკვნა).
4. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით.
თავი VII. სოციალური დაცვის გარანტიები
1. აუდიტორი ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა აუდიტორს (მისი ოჯახის წევრს) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონით დადგენილი წესით.
2. აუდიტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში.
3. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით. იგი იკრძალება სახელმწიფოს ხარჯზე.
4. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაში, შრომისუნარიანობის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვისას ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
5. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
თავი VIII. კონტროლის პალატის ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან
მუხლი 32. მოხსენებები, ანგარიშები და ინფორმაციები
1. კონტროლის პალატა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.
2. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა წარუდგენს თავის მოხსენებას. მოხსენებასთან ერთად პარლამენტს წარედგინება კონტროლის პალატის დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე.
3. კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. ეს ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა. ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საჯაროდ.
4. კონტროლის პალატის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშები ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
მუხლი 33. კონტროლის პალატის აუდიტი
კონტროლის პალატის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია.
მუხლი 34. კონტროლის პალატის დაფინანსება
1. კონტროლის პალატა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კონტროლის პალატის ბიუჯეტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები.
2. კონტროლის პალატისათვის მიმდინარე წლის საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების შემცირება, ასევე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირება შესაძლებელია მხოლოდ კონტროლის პალატის თანხმობით.
3. კონტროლის პალატის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი. კონტროლის პალატის ბიუჯეტის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
მუხლი 35. კონტროლის პალატის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება
1. კონტროლის პალატის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შრომის ანაზღაურების ოდენობაზე ნაკლები.
2. კონტროლის პალატის დანარჩენ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 36. კონტროლის პალატის ქონება
აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს კონტროლის პალატა საჭირო შენობა-ნაგებობებითა და სხვა სახელმწიფო ქონებით, რომლებიც აუცილებელია კონტროლის პალატის მიერ თავისი ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად.
თავი X. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 37. გარდამავალი დებულებანი
1. კონტროლის პალატამ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან ერთად უზრუნველყოს 2010 წლის 1 იანვრამდე საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის აუდიტის ჩასატარებლად შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და ნორმატიული ბაზის მომზადება.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე კონტროლის პალატა უფლებამოსილია, შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლოს და გააანალიზოს აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის ეკონომიურობა და შედეგობრიობა.
3. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კონტროლის პალატამ სათანადო ცვლილებები შეიტანოს შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში.
4. საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის ამ კანონის შესაბამისად მიღებამდე, აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №275-ორგ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტით, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით.
5. ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი მიღებულ იქნეს 2009 წლის 1 ოქტომბრამდე.
მუხლი 38. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, გარდა 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და VI თავისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 ოქტომბრიდან.
3. ამ კანონის VI თავი ამოქმედდეს 2009 წლის 1 მარტიდან.
4. ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება დაიწყოს 2012 წლის 1 იანვრიდან.
5. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 46).
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 26 დეკემბერი.
№880–რს
დოკუმენტის კომენტარები