„გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“

„გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 020
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 17/09/2012
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 07/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016025
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
020
17/09/2012
ვებგვერდი, 19/09/2012
310020000.55.067.016025
„გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/09/2012 - 21/10/2013)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №020

2012 წლის 17 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საზღვაო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ' ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები“.
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების“, „საზღვაო დისციპლინარული წესდების“ და „ნავსადგურების, გემებისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის სისტემის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე' საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 12 დეკემბრის №51 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე   ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები“.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილევახტანგ მიქელაიშვილი



 

გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის  აღრიცხვის წესები


თავი I
 

საერთო დებულებები


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. “გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის  აღრიცხვის წესები“ (შემდგომში – წესები) განსაზღვრავს საქართველოში გემის სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურას (შემდგომში – სარეგისტრაციო პროცედურა), სახელმწიფო რეგისტრაციის პირობებს,  რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს, დაკარგული ან დაზიანებული გემის სარეგისტრაციო მოწმობის ნაცვლად დუბლიკატის გაცემის წესს, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრი) წარმოების წესებსა და დასარეგისტრირებელ მონაცემთა ჩამონათვალს, მათში ცლილებ(ებ)ის შეტანის წესს, სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმების/შეჩერების საფუძვლებსა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის პირობებს საქართველოს საზღვაო კოდექსისა (შემდგომ ტექსტში – კოდექსი) და საზღვაო სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

2. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი შედგება შემდეგი წიგნებისგან:

ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნი;

ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნი;

გ) ბერ-ბოუტ ჩარტერის წიგნი;

დ) მშენებარე გემების წიგნი.

3. სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში გემის რეგისტრაციას, რეგისტრაციაზე უარის თქმას, რეგისტრაციის შეჩერებას, გემის რეგისტრაციიდან მოხსნას, გემის რეგისტრაციის შეწყვეტას და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

4. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას არ ექვემდებარება:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მფლობელობაში არსებული მცურავი საშუალებები;

ბ) გემზე არსებული საშტატო მცურავი ობიექტი, რომლის გარეშეც გემის ნაოსნობა აკრძალულია.  

5. გემთმფლობელი პასუხისმგებელია სააგენტოში გემის სარეგისტრაციოდ წარდგენილ მონაცემთა სისწორესა და სისრულეზე.

6. გემის სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტრაციაზე უარის თქმა,  რეგისტრაციის შეჩერება, გემის რეგისტრაციიდან მოხსნა, გემის რეგისტრაციის შეწყვეტა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

7. ამ წესებით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მოწმობ(ებ)ის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება სააგენტოს მიერ.

8. სააგენტოს გადაწყვეტილება სახელმწიფო რეესტრში გემის რეგისტრაციაზე, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების შეტანაზე ან საზღვაო იპოთეკის აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე რეგისტრაციის შეჩერება, გემის რეგისტრაციიდან მოხსნა, გემის რეგისტრაციის შეწყვეტა, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 2. ტერმინებისა და ცნებების განმარტება
1. ამ წესების მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გემის სარეგისტრაციო ნომერი – სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში გემის რეგისტრაციის რიგითი ხუთციფრიანი ნომერი, შემდეგი ინდექსით:

ა.ა) M-00000  – ენიჭება გემს, რომელიც რეგისტრირდება საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში და ახორციელებს შეუზღუდავ ნაოსნობას ღია ზღვაში;

ა.ბ) C-00000 – ენიჭება გემს, რომელიც რეგისტრიდება შიდა ნაოსნობის გემების წიგნში და ახორციელებს შეზღუდულ სანაპირო ნაოსნობას;

ა.გ) BC-00000 – ენიჭება გემს, რომელიც რეგისტრირდება ბერბოუტ ჩარტერის წიგნში;

ა.დ) UC-00000 – ენიჭება გემს, რომელიც რეგისტრირდება მშენებარე გემების წიგნში.

ბ) გემის სარეგისტრაციო მოწმობა - გემის სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გემის სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში რეგისტრაციას. გემის სარეგისტრაციო მოწმობა მისი მოქმედების ვადის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად. გემის რეგისტრაციის დროებითი მოწმობა გაიცემა ამ წესების მე-11 მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურის I ეტაპზე, ხოლო გემის სარეგისტრაციო მოწმობა იმავე მუხლით  გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურის IV ეტაპზე;

ბ.ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში გემის რეგისტრაციისას გაიცემა გემის რეგისტრაციის მოწმობა - Certificate of Registry;

ბ.ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნში 100  რეგისტრული ტონა და მეტი ტევადობის გემის რეგისტრაციისას გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა შიდა ნაოსნობის მითითებით;

ბ.გ) 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლების გემის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა შიდა ნაოსნობის გემების წიგნში გემის რეგისტრაციისას;

ბ.დ) სარეგისტრაციო მოწმობა ბერბოუტ ჩარტერის წიგნში რეგისტრაციისას გაიცემა ბერბოუტ ჩარტერის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმით – Bareboat Charter Certificate of Registry;

ბ.ე) მშენებარე გემის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა მშენებარე გემების წიგნში რეგისტრაციის მოწმობის ფორმით, იმის მითითებით, რომ გემი არის მშენებარე – Under Construction.

გ) გემთმფლობელი - გემის მესაკუთრე ან პირი, რომელსაც გემის მესაკუთრისაგან მინიჭებული აქვს გემის მესაკუთრის სახელით გემის ფლობის/ექსპლუატაციის უფლება;

დ) გემის სარეგისტრაციო საბუთი – ამ წესებით გათვალისწინებული, გემის სახელმწიფო რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთი;

ე) საზღვაო იპოთეკის აღრიცხვა – საზღვაო იპოთეკის შესახებ მონაცემების შეტანა სახელმწიფო რეესტრში; 

ვ) რეგისტრირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზა – სახელმწიფო რეესტრში, ელექტრონული დოკუმენტის სახით, რეგისტრირებულ მონაცემთა ერთობლიობა;

ზ) გემის განმასხვავებელი ნიშნები - ასოებისა და ციფრებისაგან შემდგარი სიმბოლოები, რომლებიც დაიტანება სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში რეგისტრირებულ გემზე;

თ) საფასური – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანებით №1-1/592 დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული სააგენტოს მომსახურების საფასური;

ი) სარეგისტრაციო მოსაკრებელი – საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის სახელმწიფო რეგისტრაციის   ყოველწლიური მოსაკრებელის ოდენობა და ბიუჯეტში მისი გადახდის წესი განისაზღვრება “სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით.

2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებსა და ცნებებს აქვთ საქართველოს საზღვაო კოდექსითა, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 3. რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია
სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა რამე არ დადგინდება.

მუხლი 4. რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა
1. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები საჯაროა.

2. ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან უნდა შეიცავდეს ამონაწერის გაცემის მომენტისათვის გემთან დაკავშირებით არსებულ მონაცემებს. 


მუხლი 5. სახელმწიფო რეგისტრაციასთან დაკავშირებული საბუთების შენახვა 
1. ამ წესებით გათვალისწინებული განაცხადები და გემის სარეგისტრაციო საბუთები ინახება სააგენტოში, თითოეულ გემთან დაკავშირებით გახსნილ საქმეში (შემდგომ ტექსტში – გემის საქმე), აღნიშნული გემის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციაში ყოფნის პერიოდსა და სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმების დღიდან 5 წლის განმავლობაში.

2. გემის უშიშროების გეგმებზე დაშვება ზღვაზე სიცოცხლის დაცვის შესახებ 1974 წლის კონვენციის (SOLAS 1974), ISPS კოდექსის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ცვლილებათა გათვალისწინებით, განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.


მუხლი 6. სახელმწიფო რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი
1. სახელმწიფო რეგისტრაციას აწარმოებს რეგისტრატორი მთავარი რეგისტრატორის მიერ უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში. უფლებამოსილების დელეგირების დოკუმენტში მიეთითება რეგისტრატორის უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ.

2. სახელმწიფო რეგისტრაციის პროცესში მთავარი რეგისტრატორი და რეგისტრატორი ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და საზღვაო სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

3. საზღვაო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილების დელეგირება წარმოებს ერთჯერადი ფორმით და ფორმდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, შესაბამისი გარემოებების მითითებით.


თავი II
სახელმწიფო რეესტრის სტრუქტურა და წარმოების წესი

მუხლი 7. სახელმწიფო რეესტრი
1. საქართველოში გემის სახელმწიფო რეგისტრაცია ხორციელდება სახელმწიფო რეესტრში, რომელიც შედგება წინამდებარე წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული წიგნებისაგან. სახელმწიფო რეესტრი წარმოებს მატერიალური და ელექტრონული სახით.

2. სახელმწიფო რეესტრი მატერიალური დოკუმენტის სახით წარმოადგენს დანომრილ და ზონარგაყრილ ჟურნალს. მასში შეტანილი ჩანაწერი მოწმდება  რეგისტრატორის ხელმოწერით. ჩანაწერში შესწორების შეტანა დასტურდება სიტყვებით „ენდეთ შესწორებას“ და ასევე მოწმდება რეგისტრატორის  ხელმოწერით.

3. სააგენტო უზუნველყოფს რეგისტრირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის დაცვას არასანქცირებული შეღწევისაგან. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნით, სააგენტო ვალდებულია მიაწოდოს მას ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან. მატერიალურ და ელექტრონულ დოკუმენტებში რეგისტრირებულ მონაცემთა შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მატერიალურ დოკუმენტში რეგისტრირებულ მონაცემებს.

4. გემის სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მისი სარეგისტრაციო ნომერი არ გამოიყენება სხვა გემის სახელმწიფო რეგისტრაციისათვის.

5. სახელმწიფო რეესტრში ჩანაწერები სრულდება ქართულ ენაზე, ხოლო გემისა და გემთმფლობელის სახელწოდება – ასევე ინგლისურ ენაზე.  ციფრებით გამოხატული მონაცემები სახელმწიფო რეესტრში შეიტანება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გაზომვათა ერთეულებით.


მუხლი 8. სახელმწიფო რეესტრის მონაცემები
1. სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნებში, გარდა ბერბოუტ ჩარტერის წიგნისა, რეგისტრირდება შემდეგი მონაცემები:

ა) ექსპლუატაციაში მყოფი გემის შესახებ:

ა.ა) სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი;

ა.ბ) სახელწოდება რეგისტრაციის მომენტისათვის;

ა.გ) წინანდელი სახელწოდება,  ბოლო რეგისტრაციის ქვეყანა და აღნიშნული რეგისტრაციის შეწყვეტის/შეჩერების თარიღი;

ა.დ)  ტიპი;

ა.ე) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის - IMO-ს ნომერი;

ა.ვ) აღიარებული ორგანიზაციის სახელწოდება;

ა.ზ) კატეგორია – თუ გემის საერთო ტევადობა 100 ტონაზე ნაკლებია;

ა.თ) საერთაშორისო მოსახმობი სიგნალი - თუ გემი აღჭურვილია კავშირგაბმულობის საშუალებით;

ა.ი) აშენების/დამზადების წელი და ადგილი;

ა.კ) კორპუსის მასალა;

ა.ლ) ძრავ(ებ)ის გამოშვების თარიღი, ტიპი, მოდელი, რაოდენობა, სიმძლავრე, სიჩქარე;

ა.მ) გაბარიტული ზომები: სიგრძე, სიგანე, საერთო და სუფთა ტვირთტევადობა; საერთო ტვირთამწეობა და/ან მგზავრთტევადობა;

ა.ნ) გემთმფლობელის:

ა.ნ.ა) სახელწოდება;

ა.ნ.ბ) სამართლებრივი ფორმა;

ა.ნ.გ) იურიდიული მისამართი (თუ ისინი სხვადასხვაა);

ა.ნ.დ) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი საბუთის ნომერი;

ა.ო) საზღვაო იპოთეკის თაობაზე ამ წესების 27-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემები;

ა.პ) გემზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი საბუთის (ნასყიდობის ხელშეკრულება, სამკვიდროს მოწმობა, სასამართლო გადაწყვეტილება და სხვა) რეკვიზიტები (ნომერი, გაფორმების თარიღი, მოქმედების ვადა), გარდა ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული გემის რეგისტრაციისა;

ბ) მშენებარე გემის შესახებ – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ნ“, „ა.ო“ და , “ა.პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ნ.ა“ – „ა.ნ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, თუ გემთმფლობელი იურიდიული პირია, ხოლო „ა.ნ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები – თუ იგი ფიზიკური პირია.


მუხლი 9. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა
1. თუ სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულმა მონაცემებმა განიცადეს ცვლილება, გემთმფლობელი ვალდებულია, აღნიშნული ცვლილების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმართოს სააგენტოს შესაბამისი განაცხადით (შემდგომში – განაცხადი რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ), რომელსაც თან უნდა ერთოდეს მასში მითითებულ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები.

2. სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის სააგენტოში რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

3. თუ სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შედეგად საჭირო გახდა ადრე გაცემული გემის  სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა, მაშინ მის ნაცვლად სააგენტო გასცემს ახალ სარეგისტრაციო მოწმობას. აღნიშნულ შემთხვევაში, შეცვლილი გემის სარეგისტრაციო მოწმობა უბრუნდება სააგენტოს.

4. თუ სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა განპირობებულია საზღვაო იპოთეკით, მაშინ სააგენტოს წარედგინება ამ წესების განაცხადი საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ და მასზე თანდართული საბუთები.

 


მუხლი 10. სახელმწიფო რეგისტრაციაზე/სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის საფუძვლები
სახელმწიფო რეგისტრაციაზე/სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის საფუძვლებია, თუ:

ა) განაცხადი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

ბ) განაცხადი ან/და სარეგისტრაციო საბუთები არ აკმაყოფილებს ამ წესების მოთხოვნებს და ეს ხარვეზ(ებ)ი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული განმცხადებლის მიერ;

გ) სარეგისტრაციო საბუთები ყალბია;

დ) მაძიებელი ითხოვს იმ გემის სახელმწიფო რეგისტრაციას, რომელსაც სახელმწიფო რეგისტრაცია გაუქმებული ჰქონდა ამ წესების 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და აღნიშნული გაუქმებიდან არ გასულა 2 წელი;

ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უარის თქმის სხვა საფუძველი.


თავი III
გემის სახელმწიფო რეგისტრაცია

ზოგადი დებულებები


მუხლი 11. სარეგისტრაციო პროცედურა
1. გემი, რომელსაც სურს დარეგისტრირება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, ვალდებულია გაიაროს წინასარეგისტრაციო ინსპექტირება მინიმუმ ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი გარემოების არსებობისას:

ა) გემის ასაკი არის 20 წელი ან მეტი;

ბ) გააჩნია ერთი დაკავება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურების მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში;

გ)  იმყოფება საქართველოს  მიერ არ აღიარებული  საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ  და რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთების დროისათვის წარმოადგენს საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოებაში კლასის გადაცემის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას;

დ) თუ გემს  ბოლო 24 თვის განმავლობაში განცდილი აქვს სერიოზული საზღვაო ინციდენტი ან უბედური შემთხვევა;

ე) იცვლის დროშას რომელიმე ურთიერთგაგების მემორანდუმის შავ სიაში აღრიცხული ქვეყნიდან;

ვ) 20 ან  მეტი შეუსაბამობის არსებობისას ბოლო 12 თვის განმავლობაში, რომელიც დადასტურებულია ნავსადგურის კონტროლის სახელმწიფო სამსახურების ანგარიშებით.

2. გემი, რომელიც გაივლის წინა სარეგისტრაციო ინსპექტირებას აღარ არის ვალდებული გაიაროს რეგისტრაციის III ეტაპის ბოლოს განსაზღვრული სააგენტოს მიერ აღიარებული ინსპექტირება, თუკი არ არსებობს ამისათვის შესაბამისი საფუძველი. რეგისტრატორის რეკომენდაციის საფუძველზე, მთავარი რეგისტრატორი ყოველ ასეთ შემთხვევაზე მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

3. სარეგისტრაციო პროცედურა, გარდა ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციისა, ხორციელდება შემდეგ ოთხ ეტაპად:

ა) I ეტაპი - გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მაძიებლის (შემდგომში – მაძიებელი) მიერ სააგენტოსათვის გემის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ განაცხადების და შემდეგი სარეგისტრაციო საბუთების ელექტრონული ან ბეჭდური ვერსიის სახით წარდგენა: 

ა.ა) რეგისტრაციის განაცხადის ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მინდობილობა, დავალების ხელშეკრულება და სხვა);

ა.ბ) გემზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი საბუთი (ნასყიდობის ხელშეკრულება, სამკვიდროს მოწმობა, სასამართლო გადაწყვეტილება და სხვა).

ა.გ) აღიარებული ორგანიზაციის მიერ გემზე გაცემული საერთაშორისო კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობები/სერტიფიკატები ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში აღიარებული ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა, რომ სარეგისტრაციო გემი აყვანილია ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ;

ა.დ) განაცხადი გემის რადიოსადგურის რეგისტრაციისათვის;

ა.ე) ბოლო რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს/ ორგანიზაციის მიერ გაცემული გემის რეგისტრაციის მოწმობა;

ა.ვ) გემთმფლობელის წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ სახელმწიფო რეესტრში გემის მუდმივი რეგისტრაციის თარიღიდან, გემის რეგისტრაცია წაიშლება/შეჩერდება წინა რეგისტრაციის ქვეყნის გემების შესაბამის რეესტრში;

ა.ზ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - თუ სარეგისტრაციო გემის მფლობელი  იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმეა, ხოლო თუ გემთმფლობელი ფიზიკური პირია  კანონმდებლობით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო საბუთი;

ა.თ) საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების მქონე პირის თანხმობის წერილი - საზღვაო იპოთეკის არსებობის შემთხვევაში;

ბ) სააგენტოს  მიერ რეგისტრაციის განაცხადისა და თანდართული სარეგისტრაციო საბუთების წინასწარი განხილვა-შეფასება, გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობის არა უმეტეს 6 თვის ვადით გაცემა ან აღნიშნული მოწმობის გაცემაზე უარის თქმა. სააგენტო გემის რეგისტრაციაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებს რეგისტრაციის მაძიებელს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს საფასურისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

გ) II ეტაპი - მაძიებლის მიერ შემდეგი სარეგისტრაციო საბუთების წარდგენა:

გ.ა) სარეგისტრაციო პროცედურის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების ორიგინალების წარმოდგენა, გარდა მე-3 პუნქტის „ა.გ“, „ა.ე.ა“ და „ა.ე.ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, რომელთა წარმოდგენაც საკმარისია ასლის სახით.

გ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ გემზე გაცემული საერთაშორისო კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობების/სერტიფიკატების ასლები;

გ.გ) ზღვაოსნობაუნარიანობის სერტიფიკატის ასლი – 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები ტევადობის გემისათვის;

გ.დ) გემის 2 ფოტოსურათი, მისი წინა და გვერდითი ხედებით, ისე, რომ ჩანდეს გემის სახელი და მიწერის ნავსადგური;

გ.ე) გემის დაზღვევის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი;

გ.ვ) უცხო ქვეყნის გემების ბოლო რეესტრში გემის რეგისტრაციის შეწყვეტის/შეჩერების დამადასტურებელი საბუთი;

გ.ზ) სააგენტოს მიერ აღიარებული გემის შემმოწმებლის მიერ განხორციელებული გემის ინსპექტირების პატაკი;

გ.თ) გემის უწყვეტი ისტორიის (Continuous Synopsis Record) - ასლი.

დ) III ეტაპი – II ეტაპზე წარმოდგენილი სარეგისტრაციო საბუთების  განხილვა-შეფასება და სააგენტოს მიერ გემის შემოწმება, საერთაშორისო კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობების/სერტიფიკატების მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ე) IV ეტაპი – გემის რეგისტრაციის მოწმობის და სხვა სავალდებულო საბუთების გემთმფლობელისათვის ჩაბარება ან გემის რეგისტრაციის მოწმობის გაცემაზე უარის თქმა.

4. თუ მაძიებელი სარეგისტრაციო პროცედურის I და II ეტაპზე წარსადგენ საბუთებს წარადგენს I ეტაპზე, მაშინ სარეგისტრაციო პროცედურა ხორციელდება ამ მუხლის მესამე პუნქტის “ა”, “დ” და “ე” ქვეპუნქტების შესაბამისად. 

5. მოწმობების მოქმედების ვადა:

ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში დარეგისტრირებული გემის რეგისტრაციის მოწმობა  გაიცემა უვადოდ, ყოველწლიური დამოწმების პირობით;

ბ) გემის რადიოსადგურის მოწმობა – გაიცემა ერთი წლის ვადით;

გ) გემის ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მოწმობა – გაიცემა უვადოთ. მოწმობა დაექვემდებარება განახლებას თუ გემზე განხორციელდება კონსტრუქციული ცვლილებები;

დ) ზღვის ნავთობით დაბინძურებისგან სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სერტიფიკატი - გაიცემა სადაზღვევო პოლისის (CLC Blue Card) მოქმედების ვადის შესაბამისად.


თავი IV
ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაცია

მუხლი 12. განაცხადი ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციისათვის
ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციისათვის უფლებამოსილმა პირმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი განაცხადი მთავარი რეგისტრატორის სახელზე და თან დაურთოს შემდეგი საბუთები:

ა. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ბერბოუტ ჩარტერში მყოფი გემის მიმართ უფლებამოსილი პირის დანიშვნას;

ბ. ბერბოუტ ჩარტერერის სახელი და გვარი, მისამართი და ტელეფონი, ფაქსი (არსებობის შემთხვევაში) და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ. ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელსაც განსაზღვრავს მთავარი რეგისტრატორი,

დ. ჩარტერის ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

დ.ა. გემის სახელი;

დ.ბ. ბერბოუტ ჩარტერერისა და გემთმფლობელის სახელები;

დ.გ. ჩარტერის ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი და ადგილი;

დ.დ. გემის რეგისტრაციის ქვეყანა.

ე. გემის რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამისი რეესტრის ოფიციალური ცნობა გემთმფლობელისა და გემის მიმართ არსებული ნებისმიერი ქონებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ;

ვ. საზღვაო იპოთეკარის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა გემის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს სახელმწიფო რეესტრის ბერბოუტ ჩარტერის წიგნში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ. ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სხვა ქვეყნის შესაბამის რეესტრში გემის რეგისტრაციის შეჩერებას;

თ. შესაბამისი მოსაკრებლის და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მუხლი 13. ბერბოუტ ჩარტერის წიგნის მონაცემები 
1. მას შემდეგ რაც სააგენტოს სრულად წარედგინება  მე-12 მუხლით მოთხოვნილი საბუთები და მოსაკრებლის და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით რეგისტრატორი ბერბოუტ ჩარტერის წიგნში აკეთებს შემდეგი სახის ჩანაწერებს:

ა. გემის სახელი;

ბ. სახელის შეცვლის შემთხვევაში პირველადი რეგისტრაციის სახელი;

გ. გემის ოფიციალური ნომერი;

დ. IMO ნომერი;

ე. ამოსაცნობი სიგნალი;

ვ. გემის ტიპი;

ზ. გემის განზომილებები;

თ. გემის ამძრავი მექანიზმის ტიპი;

ი. კორპუსის ნომერი;

კ. საერთო ტევადობა და სუფთა ტევადობა;

ლ. აშენების ქვეყანა;

მ. აშენების წელი;

ნ. სამშენებლო მასალა;

ო. ბერბოუტ ჩარტერერის და გემთმფლობელის  სახელი და მისამართი;

პ. გემის ძირითადი რეგისტრაციის ქვეყანა;

ჟ. ბერბოუტ ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

რ. ბერბოუტ ჩარტერის ხელშეკრულების დადების ადგილი და თარიღი;

ს. ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის ნომერი;

ტ. ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის თარიღი;

უ. ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღი;

ფ. ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადა;

ქ. გემის მიმართ დანიშნული აგენტის საკონტაქტო დეტალები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“, „ლ“, „მ“, „ო“, „ს“, „ტ“, „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია დაიტანება ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობაზე.

3. ბერბოუტ ჩარტერერი ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია ბერბოუტ ჩარტერის ხელშეკრულებაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მისი განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად რეგისტრატორი განახორციელებს შესაბამის ჩანაწერს ბერბოუტ ჩარტერის წიგნში ცვლილების თარიღის მითითებით.


მუხლი 14. ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობა
1. ბერბოუტ ჩარტერის წიგნში გემის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტია ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობა.

2. ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა ბერბოუტ ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესაბამისად, რომელიც ექვემდემბარება გახანგრძლივებას.

3. ბერბოუტ ჩარტერის ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული გემის სახელმწიფო რეესტრშო რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება კოდექსის 35-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. 


მუხლი 15. ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის შეჩერება ან წაშლა
1. კოდექსის დებულებების შესაბამისად და ამ წესებიდან გამომდინარე ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის შეჩერება ან წაშლა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

ა. ბერბოუტ ჩარტერის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ან ხელშეკრულების ვადის გასვლა, რის საფუძველზეც გემი დარეგისტრირდა ბერბოუტ ჩარტერის წიგნში;

ბ. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღრულ სხვა შემთხვევებში.

2. როდესაც ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის შეწყვეტა ხდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების გამო, რეგისტრაციის შეწყვეტა არ იწვევს იმ ქონებრივი შეზღუდვების გაუქმებას იმ პირების მიმართ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბერბოუტ ჩარტერის წიგნში.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების გამო რეგისტრაციის შეწყვეტისას გემთმფლობელი ან ბერბოუტ ჩარტერერი ვალდებულია სააგენტოს დაუბრუნოს ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის ორიგინალი:

ა. დაუყოვნებლივ, თუ გემი იმყოფება საქართველოში;

ბ. მიზანშეწონილ ვადაში თუ გემი არ იმყოფება საქართველოში გარემოებათა გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ მიზანშეწონილ ვადად ჩაითვლება ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის შეწყვეტის დღიდან 30-ე კალენდარული დღე.


მუხლი 16. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის განახლება/ხელახალი გაცემა
1. ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის განახლებაზე/ხელახალ გაცემაზე განაცხადის წარმოდგენა წარმოებს წერილობითი ფორმით მთავარი რეგისტრატორის სახელზე:

ა. ბერბოუტ ჩარტერერის მოთხოვნით;

ბ. ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლამდე.

2. ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის განახლებაზე/ხელახალ გაცემაზე განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც განხორციელდა ბერბოუტ ჩარტერის ხელშეკრულებაში;

ბ. რეგისტრაციის საფასურისა და საქართველოს კანონმდელობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მთავარი რეგისტრატორის მიერ წარმოდგენილი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრატორი ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:

ა. ბერბოუტ ჩარტერის წიგნში ახორციელებს ჩანაწერებს ნებისმიერი იმ ცვლილების შესახებ, რომელიც განორციელდა ბერბოუტ ჩარტერის ხელშეკრულებაში;

ბ. გამოსცემს განახლებულ/ხელახლა გაცემულ ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობას, რომელშიც ეთითება ახალი რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადა და ახორციელებს შესაბამის ჩანაწერს ბერბოუტ ჩარტერის წიგნში. 


მუხლი 17. ბერბოუტ ჩარტერის წიგნიდან გემის მოხსნის გადაწყვეტილება
მთავარი რეგისტრატორი იღებს ბერბოუტ ჩარტერის წიგნიდან გემის მოხსნის გადაწყვეტილებას შემდეგ შემთხვევებში:

ა. 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, იმ თარიღიდან, როდესაც გავიდა ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის ვადა და მთავარ რეგისტრატორს არ მიუღია წერილობითი განცხადება მოწმობის ხელახალი გაცემის თაობაზე. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მითითებული ვადის გასვლამდე მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით გემს შეუჩერდება რეგისტრაცია.

ბ. მთავარმა რეგისტრატორმა მიიღო განცხადება, თუმცა გამოირკვა, რომ:

ბ.ა. გემი არ/აღარ შეესაბამება კოდექსის დებულებებს ან/და რეგისტრაციის პირობებს;

ბ.გ. გემი არ/აღარ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ან უსაფრთხოების, უშიშროების და გარემოს დაცვის შესახებ შესაბამის კანონმდებლობას.        


მუხლი 18. ბერბოუტ ჩარტერში მყოფი გემის მიმართ არსებული უფლებები
1. გემის ბერბოუტ ჩარტერის წიგნში რეგისტრაცია კოდექსისა და წინამდებარე წესების დებულებების შესაბამისად, არ ახდენს გავლენას გემის მიმართ არსებულ საკუთრების უფლებაზე.

2. გემთმფლობელი ან ბერბოუტ ჩარტერერი ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს გემთან დაკავშირებული საკუთრების უფლების ნებისმიერი სახის ან სხვა სახის ცვლილების შესახებ, 30 კალენდარული დღის ვადაში ცვლილების განხორციელების დღიდან.

3. ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის წიგნიდან გემი მოიხსნება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ცვლილებების განხორციელებიდან 30-ე დღეს, თუკი გემთმფლობელი ან სხვა ნებისმიერი უფლებამოსილი პირი არ წარმოადგენს წერილობით თანხმობას ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის გაგრძელების თაობაზე.


მუხლი 19. ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის დახურვა
მას შემდეგ რაც მთავარი რეგისტრატორი მიიღებს ოფიციალურ ცნობას სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანოდან, რომ გემის მიმართ გაკეთებულია განცხადება სხვა ქვეყნის შესაბამის რეესტრში გემის გადაყვანის თაობაზე, დარეგისტრირდა სხვა ქვეყნის შესაბამის რეესტრში რეგისტრატორი ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:

ა. რეგისტრაციის დახურვის გზით წყვეტს გემის რეგისტრაციას;

ბ. უკან გამოიწვევს ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობას;

გ. აცნობებს სხვა ქვეყნის შესაბამის ორგანოს, რომ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში ამ გემის რეგისტრაცია შეწყდა.


მუხლი 20. ცვლილებები ბერბოუტ ჩარტერის ხელშეკრულებაში და თანმდევი ქმედებები
1. პირი, რომელიც აღარ წარმოადგენს გემთმფლობელს, იმ გემისა რომლის მიმართ გაცემულია ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობა, 30 დღის ვადაში ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს ასეთი ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ახალი გემთმფლობელის სახელი და გვარი, რეგისტრაციის მისამართი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების შესაბამისად, მთავარი რეგისტრატორი ეთანხმება გემის ახალი გემთმფლობელის სახელით დარეგისტრირებაზე ან უარს ამბობს ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის გაგრძელებაზე, მე-16 მუხლის დებულებების შესაბამისად.


მუხლი 21. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
ბერბოუტ ჩარტერერი ვალდებულია 7 დღის ვადაში მიაწოდოს სააგენტოს ნებისმიერი ცვლილება წერილობით, რომელიც განხორციელდა ბერბოუტ ჩარტერერთან მიმართებაში, მათ შორის ნებისმიერი ფინანსური ვალდებულება.

მუხლი 22. ბერბოუტ ჩარტერერის შეცვლა
იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდა ბერბოუტ ჩარტერერის შეცვლა, ახალი ბერბოუტ ჩარტერერი ან სხვა უფლებამოსილი პირი, ვალდებულია სააგენტოს დაუბრუნოს გაცემული ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობა და წარუდგინოს ბერბოუტ ჩარტერის ახალი ხელშეკრულება, რის შემდეგაც რეგისტრატორი გასცემს ახალ მოწმობას და გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს ბერბოუტ ჩარტერის წიგნში.

მუხლი 23. წაშლის მოწმობა
იმ შემთვევაში, როდესაც მოხდა გემის რეგისტრაციიდან მოხსნა კოდექსის ან ამ წესებში გათვალისწინებული გარემოებებით, რეგისტრატორი გასცემს გემის რეგისტრაციიდან წაშლის მოწმობას, რომელშიც უთითებს რეგისტრაციიდან წაშლის შესახებ და წაშლის თარიღს. 

მუხლი 24. სხვა მოწმობები
ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის გაცემასთან ერთად სააგენტო გასცემს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სავალდებულო მოწმობებს.

თავი V
 

მშენებარე გემის რეგისტრაცია


მუხლი 25. მშენებარე გემის რეგისტრაციის განაცხადი      
1.      მშენებარე გემის რეგისტრაციის განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

ა) აღიარებული ორგანიზაციის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს/ორგანიზაციის მიერ აღიარებული (დადასტურებული) გემის ზოგადი სპეციფიკაცია და/ან წერილი, რომელიც ადასტურებს მშენებარე გემის აღიარებული ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ მშენებლობას და ამონაწერი გემთსაშენი ქარხნის მშენებარე გემების სიიდან;

ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2. გემის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შეყვანამდე გემთფლობელი ვალდებულია გაიაროს ამ წესების მე-11 მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო ეტაპები.   

 


თავი VI
საზღვაო იპოთეკის აღრიცხვა

მუხლი 26. განაცხადი საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ და მასზე თანდართული სააბუთები
1. ამ წესების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს წარედგინება განაცხადი საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ.

2. განაცხადს საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ თან უნდა ერთოდეს:

ა) საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულება, აგრეთვე მისი დანართები, თუ ისინი  გათვალისწინებულია აღნიშნული ხელშეკრულებით;

ბ) გემის საკუთრების მოწმობა.

3.  საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ განაცხადის დედანი, თანდართულ საბუთებთან ერთად, ინახება გემის საქმეში. 


მუხლი 27. საზღვაო იპოთეკის შესახებ სახელმწიფო რეესტრში აღრიცხული მონაცემები
1. საზღვაო იპოთეკის შესახებ სახელმწიფო რეესტრში აღირიცხება შემდეგი მონაცემები:      

ა) დამგირავებლის და მოგირავნის სახელწოდება:

ა.ა) სახელწოდება;

ა.ბ) სამართლებრივი ფორმა;

ა.გ) იურიდიული მისამართი;

ა.დ) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი საბუთის ნომერი;

ბ) საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულების ნომერი, დადების თარიღი და მოქმედების ვადა;

გ) მითითება იმის თაობაზე, არის თუ არა საზღვაო იპოთეკით დატვირთული გემი ან მისი ნაწილი, დატვირთული სხვა იპოთეკით ან სხვა სანივთო ან ვალდებულებითი უფლებით;

დ) საზღვაო იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა;

ე) საზღვაო იპოთეკის მოწმობის გაცემის თარიღი და ნომერი - აღნიშნული მოწმობის გაცემის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ – „ა.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, თუ დამგირავებელი და მოგირავნე იურიდიული პირები არიან, ხოლო „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები – თუ ისინი ფიზიკური პირებია.


მუხლი 28. საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ განაცხადის შევსების, წარდგენისა და მისი დამოწმების წესი
1. დამგირავებელი ვალდებულია:

ა) შეავსოს საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ განაცხადის დედნის პირველი და მე-2 ნაწილები და დაამოწმოს ისინი თავისი ხელმოწერითა და ბეჭდით. ამასთან, თუ დამგირავებელი ფიზიკური პირია, მისი ხელმოწერა სანოტარო წესით უნდა იქნეს დამოწმებული.  

ბ) წარუდგინოს სააგენტოს საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულების დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

გ) წარუდგინოს ადმინისტრაციას გემის საკუთრების მოწმობის დედანი, რომელზეც კეთდება აღნიშვნა საზღვაო იპოთეკის შესახებ.

2. შევსებული განაცხადი საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ მოწმდება ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და მისი ასლი გადაეცემათ დამგირავებელსა (გემთმფლობელი) და მოგირავნეს.


მუხლი 29. საზღვაო იპოთეკასთან დაკავშირებული უფლებების დათმობა
1. მოგირავნე უფლებამოსილია დაუთმოს საზღვაო იპოთეკასთან დაკავშირებული თავისი უფლებები სხვა პირს.

2. საზღვაო იპოთეკასთან დაკავშირებული უფლებების დათმობისას:

ა) დამგირავებელი და ახალი მოგირავნე ავსებენ საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ განაცხადის დედნის მე-3 და მე-4 ნაწილებს და ამოწმებენ ჩანაწერებს თავიანთი ხელმოწერებითა და ბეჭდებით. ამასთან, თუ ახალი მოგირავნე ფიზიკური პირია, მისი ხელმოწერა სანოტარო წესით უნდა იქნეს დამოწმებული;

ბ) რეგისტრატორი:

ბ.ა) საზღვაო იპოთეკის შესახებ სახელმწიფო რეესტრში აღრიცხულ მონაცემებში აკეთებს ჩანაწერს მოგირავნის უფლებების დათმობის თარიღის, სამართლებრივი საფუძვლისა და ახალი მოგირავნის ვინაობის შესახებ;

ბ.ბ) აკეთებს ახალ ჩანაწერს გემის საკუთრების მოწმობაში, რომლის ასლს გადასცემს ახალ მოგირავნეს.


მუხლი 30. საზღვაო იპოთეკის შეწყვეტა
საზღვაო იპოთეკის შეწყვეტის შესახებ მოგირავნე წერილობით აცნობებს სააგენტოს, რომელსაც შეაქვს შესაბამისი ჩანაწერი საზღვაო იპოთეკის შესახებ სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში აღრიცხულ მონაცემებში.

თავი VII
გემის განმასხვავებელი ნიშნები

მუხლი 31. გემის განმასხვავებელი ნიშნები და მათი გემზე დატანის წესი 
1. გემის განმასხვავებელი ნიშნებია:

ა) გემის სახელწოდება, რომელიც დაიტანება გემის ქიმზე, დანაშენზე (სანავიგაციო ხიდურის დონეზე), ორივე ბორტსა და კიჩოზე. ამასთან, გემის სახელწოდება დანაშენზე აღინიშნება ინგლისურ ენაზე;

ბ) მიწერის ნავსადგურის დასახელება, რომელიც დაიტანება გემის კიჩოზე;

გ) საერთაშორისო მოსახმობი სიგნალი – კავშირგაბმულობის საშუალებით აღჭურვილი გემისათვის;

დ) IMO-ს ნომერი, რომელიც დაიტანება გემის დანაშენზე (სანავიგაციო ხიდურის დონეზე) და გემის კიჩოზე;

ე) გემის სარეგისტრაციო ნომერი – 100 ტონა და მასზე ნაკლები საერთო ტევადობის გემებისათვის.

2. თუ 100 ტონა და მასზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე მისი კონსტრუქციული აგებულების გამო შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განმასხვავებელი ნიშნების დატანა, მაშინ მასზე დაიტანება:

ა) G  – რეგისტრაციის ქვეყანა საქართველო;

ბ) მიწერის ნავსადგურის ლათინური პირველი ასო:

ბ.ა) B – ბათუმის ნავსადგური;

ბ.ბ) P – ფოთის ნავსადგური;

ბ.გ) KU  – ყულევის ნავსადგური;

ბ.დ) S – სუფსის ნავსადგური;

ბ.ე) SU – სოხუმის ნავსადგური.

გ) გემის კატეგორია;

დ) გემის სარეგისტრაციო ნომერი.

3. გემის სარეგისტრაციო ნომერი დაიტანება გემის ქიმზე (კორპუსის ორივე მხარეს) და კიჩოზე ისე, რომ გემის სრული საექსპლუატაციო დატვირთვისას აღნიშნული ნომერი მოქცეული იყოს წყლის ზევით. სარეგისტრაციო ნომრის თითოეული სიმბოლოს სიმაღლე უნდა იყოს არანაკლები 50 მმ.-ისა, ხოლო ფერი – იმ ფერის კონტრასტული, რა ადგილზედაც დაიტანება სარეგისტრაციო ნომერი.


მუხლი 32. გემის სარეგისტრაციო მოწმობები
1. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე სააგენტოს მიერ, წინამდებარე წესების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოწმობების გარდა გაიცემა:

ა) „გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა“  რომელიც  გაიცემა ამ გემის დროებითი რეგისტრაციისათვის;

დ) „გემის რადიოსადგურის მოწმობა“, რომელიც გაიცემა იმ გემზე, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობას;

ე) საქართველოს საზღვაო კოდექსით და საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული სერტიფიკატები/მოწმობები.

2. „გემის რეგისტრაციის მოწმობა“ შეივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე. 


მუხლი 33. გემის სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
1. გემის სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, მისმა მფლობელმა სააგენტოს უნდა მიმართოს შესაბამისი განაცხადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის ადმინისტრაციაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, დაკარგული/ დაზიანებული გემის სარეგისტრაციო მოწმობის სანაცვლოდ სააგენტო გასცემს მის დუბლიკატს. გემის სარეგისტრაციო მოწმობის დუბლიკატის ზედა მარჯვენა კუთხეში, ქართულ და ინგლისურ ენებზე, კეთდება წარწერა „დუბლიკატი“ და მისი გაცემის დღიდან დაკარგული/დაზიანებული გემის სარეგისტრაციო მოწმობა ჩაითვლება ძალადაკარგულად.


თავი VIII
გემის სახელმწიფო რეგისტრაციის შეჩერების ან გაუქმების საფუძვლები

მუხლი 34. გემის სახელმწიფო რეგისტრაციის შეჩერების ან გაუქმების საფუძვლები
1. საქართველოს გემს, რომელიც ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში გადაეცა უცხო ქვეყნის იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, სახელმწიფო რეგისტრაცია შეუჩერდება ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადით. ასეთ შემთხვევაში:

ა) სააგენტოს წარედგინება შესაბამისი შევსებული განაცხადის ფორმა;

ბ) სააგენტოს მიერ გაცემული ყველა მოწმობა, გარდა რეგისტრაციის და გემის უწყვეტი ისტორიის მოწმობებისა, სავალდებულო წესით უბრუნდება სააგენტოს;

გ) სააგენტოს წარედგინება ბერბოუტ ჩარტერის ხელშეკრულების ასლი;

დ) სააგენტოს წარედგინება ახალი რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამისი ორგანოს წერილი გემის რეგისტრაციის თაობაზე.

2. გემის სახელმწიფო რეგისტრაციიდან მოიხსნება ან რეგისტრაცია შეუწყდება როგორც მინიმუმ ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას:

ა) საქართველოს საზღვაო კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) „ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის პროცედურების შესახებ“ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 789 (19) რეზოლუციით გათვალისწინებული წესით, 1 წლის განმავლობაში გემის სამჯერ დაკავებისას ტექნიკური მიზეზების გამო;

გ) საერთაშორისო ნაოსნობის მოთხოვნების დარღვევის გამო 1 წლის განმავლობაში გემის ორჯერ დაკავებისას;

დ) თუ გემი გადავიდა ამ წესების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამსახურის მფლობელობაში;

ე) გემთმფლობელის განცხადების საფუძველზე;

ვ) გემთმფლობელის მიერ ყოველწლიური მოსაკრებლის  გადაუხდელობის გამო.

3. თუ სახელმწიფო რეგისტრაცია უნდა შეუჩერდეს ან გაუუქმდეს საზღვაო იპოთეკით დატვირთულ გემს, მაშინ აღნიშნულის თაობაზე სააგენტო წინასწარ აცნობებს ამ საზღვაო იპოთეკის მოგირავნეს.

4. გემის სახელმწიფო რეგისტრაციის შეჩერების/გაუქმების თარიღიდან გემი კარგავს საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლებას.

5. გემის სახელმწიფო რეგისტრაციიდან მოხსნისას სააგენტო გასცემს „გემის სახელმწიფო რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობას“. აღნიშნული მოწმობა შეივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.


თავი IX
სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების კატეგორიები

მუხლი 35. შიდა ნაოსნობის გემების წიგნში დასარეგისტრირებული მცურავი საშუალებების კატეგორიები
შიდა ნაოსნობის გემების წიგნში დასარეგისტრირებელი შემდეგი მცურავი საშუალებები განისაზღვრება:

ა) ზომამცირე გემი, კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით;

ბ)  ნიჩბიანი ნავი მცურავი საშუალება, რომელსაც არ გააჩნია მექანიკური ამძრავი მექანიზმი;

გ) მოტორიანი ნავი მცურავი საშუალება, რომელსაც გააჩნია პორტატული/ფიქსირებული მექანიკური ამძრავი მექანიზმი, რომელიც დამონტაჟებულია ღია მდგომარეობაში და ნავის სიგრძე არ აღემატება 7 მეტრს;

დ) სანაპირო ნაოსნობის კატარღა მექანიკური ამძრავი მექანიზმით, რომლის სიმძლავრეც მერყობს 60-დან 150 ცხენის ძალამდე და გააჩნია 5 მგზავრზე მეტის გადაყვანის შესაძლებლობა ან მცურავი საშუალება, რომლის მექანიკური ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე აღემატება 150 ცხენის ძალას მგზავრთა ტევადობის მიუხედავად.


თავი X
ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის რეგისტრაცია

მუხლი 36. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის რეგისტრაცია ნაოსნობის უფლების გარეშე
1. გემი, რომელიც გამოყვანილია ექსპლუატაციიდან შესაძლოა დარეგისტრირდეს რეესტრის შესაბამის წიგნში წინამდებარე წესების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო ეტაპების გავლის შემდეგ.

2. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის რეგისტრაციის განაცხადზე შესაბამისი ეტაპის გათვალისწინებით არ არის აუცილებელი მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.დ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბუთები, ხოლო  „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბუთის წარმოდგენა სავალდებულოა ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. გემის ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ და ნაოსნობის უფლებით დარეგისტრირებაზე განაცხადის წარმოდგენისას სავალდებულოა მე-11 მუხლის „ა.დ“. „გ.ბ“ და „“გ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენა და შესაბამისი სარეგისტრაციო ეტაპების გავლა.


თავი XI
გარდამავალი დებულებები

მუხლი 37. წესების ამოქმედებამდე რეგისტრაცია შეჩერებული გემი
1. ამ წესების ამოქმედებამდე საქართველოს ის გემი, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლება, რეგისტრაციის განახლების მომენტისათვის ვალდებულია იმყოფებოდეს საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ.

2. რეგისტრაციის შეჩერების პერიოდში, მათ შორის რეგისტრაციის შეჩერების გასაგრძელებლად ასეთ გემს არ მოეთხოვება საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა.


მუხლი 38. გემის სარეგისტრაციო ნომერი
1. ამ წესების მიზნებისათვის საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის შესაბამისი წიგნების ნუმერაცია იწყება თავიდან.

2. თუ ამ წესების ამოქმედებამდე გემი დარეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, თუმცა წინამდებარე წესების შესაბამისად საჭიროა მისი გადატანა შესაბამის წიგნში, სარეგისტრაციო ნომერი მიენიჭება თავიდან, თუმცა მოქმედი სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, რომელიც ძალაში რჩება სარეგისტრაციო მოწმობების ვადის გასვლამდე.