საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/09/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 16/10/2000
სარეგისტრაციო კოდი 400.060.000.05.001.000.823
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
528
29/09/2000
სსმ, 36, 16/10/2000
400.060.000.05.001.000.823
საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

 

თავი I ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საზღვაო საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელებისათვის, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისათვის მზადყოფნის და თანამშრომლობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს ზღვაში განსაცდელში მყოფი ყველა ადამიანისთვის, გემისთვის ან/და საფრენი აპარატისთვის, განურჩევლად მათი ეროვნული კუთვნილებისა და სტატუსისა, დახმარების აღმოჩენის და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის წესებს.

    მუხლი 3. ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საძიებო-სამაშველო კოორდინატორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), რომელიც საძიებო-სამაშველო რაიონში ხელმძღვანელობს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას, საძიებო და სამაშველო სამუშაოებს;

ბ) საძიებო-სამაშველო რაიონი – საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და ტერიტორიული ზღვის რაიონი, რომლის საზღვრებშიც ხორციელდება საძიებო-სამაშველო ოპერაციები;

გ) საძიებო-სამაშველო ერთეული – სათანადოდ მომზადებული პერსონალით დაკომპლექტებული და შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილი გემი, რომლითაც შესაძლებელია საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება;

დ) საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი (შემდგომ – სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი) – სააგენტოს  სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საძიებო-სამაშველო რაიონში ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების ორგანიზებისა და კოორდინაციისათვის;

ე) საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი – საძიებო-სამაშველო ოპერაციების ხელმძღვანელი;

ვ) ადგილზე მოქმედების კოორდინატორი – სააგენტოს შესაბამისი სამსახური, საძიებო-სამაშველო ერთეულის კაპიტანი, საზღვაო გემის ან საფრენი აპარატის კაპიტანი, რომელიც კოორდინაციას უწევს საძიებო-სამაშველო ოპერაციებს;

ზ) ავარიული სტადია – გაურკვევლობის, განგაშის ან განსაცდელის სტადიის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი;

თ) გაურკვევლობის სტადია – გემის ან ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი გაურკვეველი სიტუაცია, რომელიც წარმოიშობა განსაზღვრულ დროს ნავსადგურში გემის მიუსვლელობით ან გემის ადგილსამყოფლის თუ უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ ინფორმაციის მიუღებლობით;

ი) განგაშის სტადია – სიტუაცია, როდესაც საშიშროება ემუქრება გემის ან ადამიანების უსაფრთხოებას, რადგან გაურკვევლობის სტადიის დაფიქსირების შემდეგ ვერ მოხერხდა გემთან დაკავშირება ან ინფორმაციის სხვა წყაროებიდან მიღება, ან როდესაც მიღებული ინფორმაციით გემის საექსპლუატაციო საიმედობა არ არის იმდენად დარღვეული, რომ გამოიწვიოს განსაცდელის სტადია;

კ) განსაცდელის სტადია – სიტუაცია, როდესაც დანამდვილებითაა ცნობილი, რომ გემს ან ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ის საჭიროებს შველას, რადგან:

კ.ა) მიღებულია ინფორმაცია, რომ გემს ან ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული და გარდუვალი საფრთხე ემუქრება;

კ.ბ) განგაშის სტადიის დაფიქსირების შემდეგ ვერ მოხერხდა ვერც გემთან დაკავშირება და ვერც ინფორმაციის სხვა წყაროებიდან მიღება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელია გემი იმყოფებოდეს განსაცდელში;

კ.გ) მიღებული ინფორმაციით, გემის საექსპლუატაციო საიმედობა იმდენადაა დარღვეული, რომ განსაცდელის სტადია გარდუვალია;

ლ) შველა – განსაცდელში მყოფი ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა და მათთვის სხვა სახის დახმარების გაწევა;

მ) გარემოსათვის ზიანის მიყენება – სანაპირო და შიდა წყლებში ან მათ მიმდებარე რაიონებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის, საზღვაო ფლორის, ფაუნისა და რესურსებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, რაც გამოწვეულია დაბინძურებით, ხანძრით, აფეთქებით ან სხვა მსგავსი ინციდენტით;

ნ) ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების გამომწვევი ინციდენტი – შემთხვევა ან ერთნაირი მიზეზით გამოწვეული შემთხვევები, რომლებსაც მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურება, რაც საფრთხეს შეუქმნის ერთი ან რამდენიმე ქვეყნის ინტერესებში შემავალ ზღვის გარემოს თუ სანაპირო ზოლს და მოითხოვს გადაუდებელ მოქმედებას ან საგანგებო ზომების მიღებას;

ო) საზღვაო დანადგარი – ნებისმიერი სახის სტაციონარული ან მცურავი დანადგარი თუ ნაგებობა, რომელიც გამოიყენება აირისა და ნავთობის დაზვერვისას, მოპოვებისას და წარმოებისას, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას;

პ) ნავთობის დამუშავებასთან დაკავშირებული საზღვაო ნავსადგურები და ობიექტები – ნავთობტერმინალები, მილსადენები, საზღვაო ნავსადგურები და სხვა ობიექტები, რომლებიც გამოიყენება ნავთობის დამუშავებისას და ქმნიან ნავთობით დაბინძურების საშიშროებას;

ჟ) სახელმძღვანელო დოკუმენტები – საქართველოს კანონმდებლობა, საძიებო-სამაშველო ოპერაციების და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის გეგმები;

რ) საერთაშორისო სტანდარტები – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) შესაბამისი კონვენციები, სახელმძღვანელო საერთაშორისო საზღვაო და საჰაერო ძიებისა და შველის შესახებ.

 

თავი II  საზღვაო-სამაშველო სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურა

    მუხლი 4. საძიებო-სამაშველო კოორდინატორი

1. საძიებო-სამაშველო კოორდინატორი პასუხს აგებს:

ა) სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მოწყობილობებითა და შტატებით უზრუნველყოფაზე, აგრეთვე ძიების, შველისა და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის სისტემის მართვაზე;

ბ) ძიების, შველისა და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო საშუალებების მიწოდებასა და ამოქმედებაზე;

გ) ოპერაციაში მონაწილე პერსონალის მომზადების კოორდინაციაზე;

დ) ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების პრაქტიკის შემუშავებაზე.

2. საძიებო-სამაშველო კოორდინატორი ახორციელებს ზღვაში მყოფი გემის, ადამიანისა და საფრენი აპარატის ძიებისა და შველის, აგრეთვე ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებს.

    მუხლი 5. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი

1. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი ექვემდებარება საძიებო-სამაშველო კოორდინატორს და ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციასა და საძიებო-სამაშველო ოპერაციებს.

2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი ახორციელებს სადღეღამისო ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურს სპეციალური რადიოკავშირისა და ელექტრონული საშუალებებით, მორიგეობს რადიოეთერში და მონიტორინგს უწევს გემების მოხსენებათა სისტემაში მონაწილეობას.

3. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი საძიებო-სამაშველო რაიონში საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების, სხვა სახელმწიფოების, სანაოსნო კომპანიებისა და საზღვაო ნავსადგურების სამაშველო ძალების მონაწილეობით ახორციელებს ზღვაში მყოფი გემის, ადამიანისა და საფრენი აპარატის ძიებასა და შველას, აგრეთვე ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.

4. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი საძიებო-სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას:

ა) აგროვებს ინფორმაციას უბედური შემთხვევის შესახებ;

ბ) შეიმუშავებს ძიების, შველისა და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის გეგმას;

გ) ოპერაციაში მონაწილეებს აწვდის ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო და საძიებო-სამაშველო საშუალებებს და კოორდინაციას უწევს მათ;

დ) ადგენს გემის საძიებო-სამაშველო ზონის საზღვრებს;

ე) უბედური შემთხვევის შესახებ აცნობებს გემთმფლობელს;

ვ) უბედური შემთხვევის შესახებ აცნობებს იმ საძიებო-სამაშველო ცენტრებს, რომლებსაც შესაძლებელია დახმარებისათვის მიმართოს;

ზ) დახმარებას სთხოვს გემის კაპიტნებს, სამაშველო ორგანიზაციებსა და ნავსადგურების ხელმძღვანელებს;

თ) ახდენს ნებისმიერი სახის გემისა და საფრენი აპარატის მობილიზებას;

ი) ნიშნავს ადგილზე მოქმედების კოორდინატორს, თუ საძიებო-სამაშველო ოპერაცია წარმოებს ნავსადგურის კაპიტნის პასუხისმგებლობის ზონის გარეთ.

5. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი შედგება ცენტრის უფროსის, მისი მოადგილის, მორიგე კოორდინატორის, მორიგე რადიოოპერატორისა და უფროსი მექანიკოსისაგან, აგრეთვე ტექნიკური პერსონალისაგან, ოპერატიული შტაბისა და ექსპერტთა ჯგუფისაგან.

6. ტექნიკური პერსონალი შედგება სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის საშტატო პერსონალის, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო და საძიებო-სამაშველო მოწყობილობათა მომსახურე ტექნიკური პერსონალისაგან.

7. ოპერატიულ შტაბში შედიან საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად მოწვეული შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილი პირები, უმაღლესი საზღვაო განათლებისა და შორეული ნაოსნობის გემებზე მართვის დონეზე მუშაობის გამოცდილების მქონე საზღვაო სპეციალისტები.

8. ექსპერტთა ჯგუფს შეადგენენ მოწვეული საზღვაო სპეციალისტები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები (ინჟინრები, ჰიდრომეტეოროლოგები, ექიმები, ქიმიკოსები, მეხანძრე-მაშველები, ჰიდროლოგები, ეკოლოგები და ა. შ.).

9. ოპერატიული შტაბის წევრები და ექსპერტთა ჯგუფი არ მიეკუთვნებიან სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის საშტატო პერსონალს.

    მუხლი 6. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი

1. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.

2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსს უნდა ჰქონდეს უმაღლესი საზღვაო განათლება, 3000 და მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის დიპლომი და ტანკერზე კაპიტნად მუშაობის არანაკლებ 5 წლის აღიარებული სტაჟი.

3. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსს უფლება აქვს:

ა) ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისას და საძიებო-სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას მოახდინოს სამაშველო საშუალებათა და პასუხისმგებლობის ზონაში მყოფი უცხო ქვეყნის გემების მოზიდვა;

ბ) თხოვნით მიმართოს უცხო ქვეყნის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრებს, დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს საძიებო-სამაშველო რაიონის საზღვრებს გარეთ განსაცდელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს დროშით მცურავ გემებს;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით ნება მისცეს ან უარი უთხრას უცხო ქვეყნის სამაშველო საშუალებებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში საგანგებო კომისიის შექმნის წინადადებით მიმართოს ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებს და მუნიციპალიტეტებს, რათა უზრუნველყოს განსაცდელში მყოფი ადამიანების, გემის და საფრენი აპარატის გადარჩენისათვის, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისათვის განხორციელებული ოპერაციების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი არის ცენტრის წარმომადგენელი საქართველოს ფარგლებს გარეთ.

5. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ამოწმებს საქართველოს ნავსადგურებში და საძიებო-სამაშველო ერთეულებზე არსებულ საავარიო-სამაშველო აღჭურვილობას და დაღვრილი ნავთობის სალიკვიდაციო აღჭურვილობას.

   მუხლი 7. საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი

საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი არის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ან მორიგე კოორდინატორი, რომელსაც ევალება:

ა) მიიღოს ინფორმაცია საზღვაო ინციდენტის შესახებ და შეაფასოს იგი ავარიული სტადიების შესაბამისად;

ბ) გაარკვიოს, ექსტრემალური მოქმედებისათვის აუცილებელი მოწყობილობებიდან რომელია განსაცდელში მყოფ გემზე;

გ) ჰქონდეს ინფორმაცია ამინდის პროგნოზზე;

დ) გაარკვიოს გემების გადაადგილება და ადგილსამყოფელი, აცნობოს მათ შესაძლო საძიებო-სამაშველო რაიონის შესახებ;

ე) აღნიშნოს რუკაზე საძიებო-სამაშველო რაიონი და მიიღოს გადაწყვეტილებები საძიებო-სამაშველო მეთოდებისა და საშუალებების გამოყენების შესახებ;

ვ) შეიმუშაოს საძიებო-სამაშველო ოპერაციების და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის გეგმები;

ზ) უცხო ქვეყნების საძიებო-სამაშველო ცენტრებთან ერთად კოორდინაცია გაუწიოს ოპერაციას;

თ) ორგანიზება გაუწიოს ოპერაციაში მონაწილე პერსონალის ინსტრუქტირებას და მიიღოს მისგან ინფორმაცია;

ი) შეაფასოს მიღებული ინფორმაცია და, აუცილებლობის შემთხვევაში, შესწორებები შეიტანოს შესაბამის გეგმაში;

კ) განალაგოს პერსონალი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებისათვის საჭირო სქემით;

ლ) ორგანიზება გაუწიოს გადარჩენილთათვის გათვალისწინებული დახმარების საშუალებების დროულად მიწოდებას;

მ) ქრონოლოგიური თანამიმდევრობითა და სიზუსტით აწარმოოს სამორიგეო ჟურნალი;

ნ) შეადგინოს პატაკები;

ო) კოორდინაცია გაუწიოს საძიებო-სამაშველო საშუალებების საჭიროებისამებრ გამოყენებას;

პ) მოამზადოს დასკვნითი მოხსენება უბედური შემთხვევის შესახებ.

    მუხლი 8. ადგილზე მოქმედების კოორდინატორი

1. ადგილზე მოქმედების კოორდინატორს ნიშნავს საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი.

2. უბედური შემთხვევის ადგილზე პირველად მისული საზღვაო გემის ან საფრენი აპარატის კაპიტანი კისრულობს ადგილზე მოქმედების კოორდინატორის ფუნქციების შესრულებას, ვიდრე საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი არ დანიშნავს მის შემცვლელს.

3. ადგილზე მოქმედების კოორდინატორი ვალდებულია:

ა) დაამოწმოს უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღება;

ბ) დაუკავშირდეს განსაცდელში მყოფ გემს;

გ) განსაცდელში მყოფი გემისგან მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და გადასცეს იგი სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს;

დ) იქონიოს უწყვეტი რადიოკავშირი;

ე) დროულად მივიდეს შემთხვევის ადგილზე;

ვ) განახორციელოს საძიებო-სამაშველო ოპერაციები;

ზ) კოორდინაცია გაუწიოს შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა გემების მოქმედებას;

თ) თავის მოქმედებათა შესახებ აცნობოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს;

ი) შეასრულოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის რეკომენდაციები.

    მუხლი 9. ხელშეკრულება დახმარების შესახებ

1. თუ ავარიულ მდგომარეობაში მყოფ გემს ან გემზე არსებულ ტვირთს დაღუპვა არ ემუქრება და ეკიპაჟი აკონტროლებს სიტუაციას და შეუძლია საკუთარი ძალებით, საგანგებო ზომების მიღებით გადაარჩინოს გემი, მაგრამ ამჯობინებს დახმარებისათვის მიმართოს მაშველს, გემის კაპიტანსა და მაშველს შორის იდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მაშველმა დახმარება უნდა აღმოუჩინოს განსაცდელში მყოფ გემს, ხოლო გემის კაპიტანი ვალდებულია გადაუხადოს მაშველს გაწეული სამუშაოს საფასური.

2. უშედეგოდ განხორციელებული სამუშაოს რისკზე პასუხისმგებელია ავარიულ მდგომარეობაში მყოფი გემის კაპიტანი, ხოლო მაშველი ოპერაციის დასრულებისას, შედეგის მიუხედავად, ღებულობს გაწეული სამუშაოს საფასურს.

    მუხლი 10. ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში ადგილზე მოქმედების კოორდინატორი

1. სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი − ნავსადგურის კაპიტანი არის ადგილზე მოქმედების კოორდინატორი, თუ დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაცია და საძიებო-სამაშველო ოპერაცია ნავსადგურში ან ნავსადგურიდან 12 საზღვაო მილის რადიუსში (პასუხისმგებლობის ზონა) ხორციელდება.

2. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ადგილზე მოქმედების კოორდინატორი ვალდებულია:

ა) დაამოწმოს უბედურების შესახებ ინფორმაციის მიღება;

ბ) დაუკავშირდეს განსაცდელში მყოფ გემს;

გ) განსაცდელში მყოფი გემისგან მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და გადასცეს იგი სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს;

დ) იქონიოს უწყვეტი რადიოკავშირი;

ე) საზღვაო ნავსადგურების, სანაოსნო კომპანიების, აგრეთვე საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და სხვა ორგანიზაციების სამაშველო ძალების მონაწილეობით განახორციელოს და ორგანიზება გაუწიოს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას და საძიებო-სამაშველო ოპერაციებს;

ვ) კოორდინაცია გაუწიოს შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა გემების მოქმედებას;

ზ) თავის მოქმედებათა შესახებ აცნობოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს;

თ) შეასრულოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის რეკომენდაციები.

3. საძიებო-სამაშველო რაიონის დანარჩენ ნაწილში ადგილზე მოქმედების კოორდინატორს ნიშნავს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მორიგე კოორდინატორი, ხოლო სამაშველო ოპერაციების დასრულებისთანავე მას ათავისუფლებს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი.

    მუხლი 11. საძიებო-სამაშველო ოპერაციების დასრულება

1. საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი საძიებო-სამაშველო ოპერაციის დასრულების ან ავარიული სტადიის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციის მიღებისას ოპერაციის შედეგებს აცნობებს საძიებო-სამაშველო კოორდინატორს, მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე სამაშველო ერთეულებს და შესაბამის სამსახურებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საძიებო-სამაშველო ოპერაციებში ან/და დაინტერესებული იყვნენ ამ ოპერაციებით.

2. ადამიანებისა და გემის გადარჩენის შემდეგ, აგრეთვე თუ დადგ ინდა, რომ შემდგომი ძიება უშედეგოა, საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი სამაშველო ოპერაციებს დასრულებულად აცხადებს.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6975 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი III თანამშრომლობა და მოქმედებათა კოორდინაცია

    მუხლი 12. სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა

1. (ამოღებულია).

2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ერთობლივად ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, დახმარებისათვის მიმართავს სხვა სახელმწიფოთა სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრებს და ცალკეულ სამაშველო ერთეულებს, ამასთან, საძიებო-სამაშველო რაიონში მოიზიდავს სხვა სახელმწიფოთა სამაშველო ორგანიზაციებსა და მცურავ საშუალებებს.

3. ძიებისას, შველისას და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისას ერთობლივ მოქმედებათა გაუმჯობესების მიზნით სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი მონაწილეობს სხვა სახელმწიფოთა სამაშველო სამსახურების წვრთნაში.

4. სააგენტო თანამშრომლობს უცხო ქვეყნების ზღვაზე სამაშველო სამსახურებთან და ზღვაზე სამაშველო საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

    მუხლი 13. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოქმედებათა კოორდინაცია

სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ვალდებული არიან, საძიებო-სამაშველო ოპერაციების წარმატებით განხორციელების მიზნით უზრუნველყონ თავიანთი მოქმედებების კოორდინაცია.

    მუხლი 14. საქართველოს სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და საზღვაო ნავსადგურების მოქმედებათა კოორდინაცია

1. განსაცდელში მყოფი ადამიანების გადარჩენისას და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისას, აუცილებლობის შემთხვევაში, სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი კოორდინაციას უწევს საძიებო-სამაშველო რაიონში მყოფი სანაოსნო კომპანიების, საზღვაო ნავსადგურების, საქართველოს სამინისტროების, უწყებების და სხვა სპეციალური ქვედანაყოფების სამაშველო სამსახურების საშუალებებს და ძალებს.

2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო და სააგენტო ვალდებული არიან დანიშნონ ბუქსირის, სამხედრო გემისა და საჰაერო ხომალდის მუდმივი მორიგეობა, რომლებიც 30 წუთში მზად იქნებიან საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისათვის. საძიებო-სამაშველო ოპერაციების გეგმების დროულად კორექტირების მიზნით მათი მორიგეობის განრიგის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად გადაეცემა სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს.

3. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ სამინისტროებსა და ორგანიზაციებს.

 

თავი IV დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 15. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება „შავი ზღვის გაჭუჭყიანებისაგან დაცვის ბუქარესტის 1992 წლის კონვენციის მოთხოვნათა რეალიზაციის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ.“

    მუხლი 16. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 29 სექტემბერი.

№528-Iს