დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 173-უ.ს.რ.ს. |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 02/08/2012 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050000.30.056.016021 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყის ფონდის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა სატყეო მეურნეობის მართვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს ტყის კოდექსის, „გარემოს დაცვის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, საქართველოს კანონების, ამ კანონისა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია:
ა ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყეების მოვლა, დაცვა და აღდგენა;
ბ ) სატყეო მეურნეობის მართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ტყის ფონდი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდი, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიებისა;
ბ) ტყის ფონდის მონიტორინგი – ტყის ფონდის შეფასების, მისი მდგომარეობის დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვების, ანალიზისა და პროგნოზირების სისტემა;
გ) ხე-ტყე – ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი;
დ) ხე-ტყის დამზადება – ზემდგომი ხე-ტყის მოჭრა და/ან ძირნაყარი ხე-ტყიდან მერქნის ამოღება და გამოზიდვა;
ე ) ტყის რესურსი – ტყის ფონდში არსებული მიწის ნაყოფიერი ფენა, ტყის არამერქნული რესურსი (სოკოები, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეული, სხვა ბალახეული, ბუჩქოვანი მცენარეები და მათი პროდუქტები), ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები (თესლი, ნაყოფი, ძირკვი, ლაფანი, ფიჩხი, ნეკერი და სხვა);
ვ ) ტყის მოვლა – სატყეო სამეურნეო ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია ტყის მდგრადი და მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბება, ტყის ბუნებრივი სასარგებლო თვისებებისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ფონდის დაცვა ხანძრებისაგან, ენტომომავნებლებისა და ფიტოდაავადებებისაგან;
ზ ) ტყის აღდგენა – სატყეო სამეურნეო ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლი, რომლის მიზანია ტყით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირისა და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, ტყის გაშენება და გაშენებული ნარგაობის მრავალწლიანი მოვლა;
თ ) ხე-ტყის დამზადების ბილეთი – დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც პირს უფლება აქვს ტყის ფონდის ტერიტორიებზე მოიპოვოს ხე-ტყე;
ი ) ნადირობის ბილეთი – დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც პირს უფლება აქვს, მოიპოვოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახეობის ცხოველთა სამყაროს ობიექტი გარკვეულ ტერიტორიაზე, დადგენილ დროში, დაწესებული საშუალების გამოყენებით;
კ ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა – ტყის ფონდის გამოყენება სათიბად, საძოვრად, სახნავად, საფუტკრისა და პირუტყვის დროებითი სადგომების მოსაწყობად, სატყეო პლანტაციური მეურნეობის საწარმოებლად, მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების საწარმოებლად, თევზის მეურნეობის მოსაწყობად;
ლ ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა – ტყით დაუფარავ ფართობებზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა, კვებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობა-მოწყობა, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების მშენებლობა-მოწყობა;
მ ) მომსახურების საფასური – შესაბამისი მომსახურებისათვის ტყის მართვის ორგანოსათვის სავალდებულოდ გადასახდელი თანხა;
ნ ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება;
ო ) მართვის ორგანო – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო;
პ ) სოციალური ჭრა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში არაკომერციული მიზნით, მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით უზრუნველყოფისათვის შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.
2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართვ ელოს ტყის კოდექსში.
მუხლი 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყის მართვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ტყის ფონდს მართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო.
მუხლი 5. მართვის ორგანოს კომპეტენცია ტყის ფონდის მართვის სფეროში
ტყის ფონდის მართვის სფეროში მართვის ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი,
ბ) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა;
გ) ტყის ფონდის საზღვრების დადგენაში მონაწილეობის მიღება ;
დ) ტყის ფონდის აღრიცხვა და დაგეგმვა;
ე) ტყის ფონდის დაყოფა სატყეო უბნად, სატყეოდ, კვარტალად, ლიტერად;
ვ) ტყის ფონდის დაყოფა სამცველოებად;
ზ) ტყის დაცვა უკანონო ჭრებისაგან, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენა ;
თ) ხე-ტყის დამზადება;
ი) ტყის მოვლა – აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება;
კ ) ამ კანონით დადგენილი მომსახურებების გაწევა და ტყითსარგებლობის ხელშეკრულების დადება;
ლ ) საქართველოს წითელი ნუსხის წარმოებაში მონაწილეობა;
მ ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ნ ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის;
ო ) ფიზიკური და იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.
მუხლი 6. მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები
1. მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია:
ა) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
ბ ) ხე-ტყის დამზადება;
გ ) ნადირობის ბი ლეთის გაცემა;
დ ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ე ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
ვ ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა;
ზ ) ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:
თ ) ტყეკაფის მონიშვნა;
ი ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სხვა სახეებიც.
მუხლი 7. ხე-ტყის დამზადების ბილეთი
1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში ხე-ტყის ტყის ფონდის ტერიტორიაზე დამზადებისათვის.
2. ხე-ტყის დამზადების ბილეთს გასცემს მართვის ორგანო ან/და მართვის ორგანოს მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე – სხვა პირ(ებ)ი.
3. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 8. ხე-ტყის დამზადება
1. მართვის ორგანო უფლებამოსილია სოციალური ჭრების ფარგლებში განახორციელოს ხე-ტყის დამზადება:
ა) მოსახლეობის ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით ( I და II ხარისხის ხეები);
ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით ( II ხარისხის ხეები) .
2. მართვის ორგანო ხე-ტყის დამზადებას უზრუნველყოფს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფისათვის.
3. მართვის ორგანოს მიერ ხე-ტყის დამზადების მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი ხმარდება ტყის მოვლას და აღდგენას.
4. მართვის ორგანოს მიერ ხე-ტყის დამზადების მომსახურების გაწევის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 9. ნადირობის ბილეთი
1 . ნადირობის ბილეთის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
2 . ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .
3. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების კვოტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს და ანაწილებს მართვის ორგანო.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კვოტების დამტკიცებამდე ნადირობა არ დაიშვება.
5. ნადირობის ბილეთის გაცემის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 10. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი
1. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი გაიცემა:
ა) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტების დამზადებისათვის;
ბ) ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებისათვის;
გ) ტყის არამერქნული რესურსების დამზადებისათვის;
დ) მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის.
2. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 11. სალიცენზიო ობიექტის მომზადება
სალიცენზიო ობიექტის მომზადება მოიცავს ფართობის აღწერას, საექსპლუატაციო უბნის კონტურების დადგენას და სატაქსაციო დახასიათებას, ხე-ტყის დამზადების ადგილის, მერქნიანი მცენარეების სახეობების, დასამზადებელი ხე-ტყის სავარაუდო მოცულობის დადგენას, სარგებლობის კონკრეტულ წესს, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნებს, ასევე სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისებრივ და დროში განსაზღვრულ წესებს, სალიცენზიო ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.
მუხლი 12. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა
1. ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტია მის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მცენარეებით და შენობა-ნაგებობებით.
2 . ტყის ფონდის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ან სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი.
3 . ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით.
4 . ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 13. ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება
ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება მოიცავს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადებას, მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათებას, სიტუაციური გეგმის მომზადებას, ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადებას და ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათებას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 23 ივნისის კანონი №47-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 28.06.17
მუხლი 14. ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფის და ხე-ტყის დამზადების წესი
ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფის და ხე-ტყის დამზადების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 15. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება
ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 16. მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური
მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 17. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭება
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭებისა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 18. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
ჩაქვი,
2012 წლის 2 აგვისტო
№173-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის კომენტარები