,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

  • Word
,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 01-48/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 280070010.22.035.016164
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
01-48/ნ
07/08/2012
ვებგვერდი, 07/08/2012
280070010.22.035.016164
,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/08/2012 - 29/08/2012)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-4 8/

2012 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ'

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., 19, მუხლი 241) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“.

2. ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (დანართი 1).

2. დამტკიცდეს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“(დანართი 2)..

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი 1 (სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„დანართი №1

სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – პენსია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს პენსიის ფულადი ნაწილის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს პენსიის ფულადი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

2. წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

    მუხლი 2. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

1. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლაბემოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზე­ბული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პენსია – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი სარგებელი;

ბ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-კვლევით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს, სკოლისგარეშე, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში სამეცნიერო ან პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა;

გ) წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.

თავი II

პენსიაზე უფლება

    მუხლი 4. პენსიაზე უფლების წარმოშობა

1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.

2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ სარგებელზე (პენსიაზე ან სახელმწიფო კომპენსაციაზე), მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის (პენსიის ან სახელმწიფო კომპენსაციის) მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად.

3. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

თავი III

პენსიის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება  და გადაანგარიშება

    მუხლი 5. პენსიის დასანიშნად მიმართვა

1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. უცხო ქვეყნის მოქალაქემ პენსიის დანიშვნისათვის სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის თაობაზე, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება და ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრება.

4. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ.

5. უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება.

    მუხლი 6. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე

1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

2. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და პირი აკმაყოფილებს პენსიის დანიშვნის პირობებს სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება პენსიის არდანიშვნის თაობაზე.

3. პენსია ინიშნება:

ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;

ბ) პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.

    მუხლი 7. პენსიის გაცემა

1. პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.

2. პენსიონერს უფლება აქვს მოითხოვოს პენსიის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა მომდევნო თვის ბოლომდე.

3. პენსიონერისათვის პენსიის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში პენსიონერის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

    მუხლი 8. პენსიის შეჩერება და განახლება

  1. პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:

ა) პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით ;

ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას.

2. პენსია განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას.

3. პენსიის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.

    მუხლი 9. პენსიის შეწყვეტა

1. პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;

გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება:

გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

გ.ბ) ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პენსიის შეჩერების შემთხვევაში – პენსიის შეჩერების დღიდან;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;

ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას;

ზ) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას;

თ) პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;

ი) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პენსიის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.

3. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.

    მუხლი 10. პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში

1. პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) პენსიონერის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი საპენსიო თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით საპენსიო თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე;

ბ) მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.

2. პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვივდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

3. გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.

    მუხლი 11. პენსიის გადაანგარიშება

საპენსიო ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში, პენსიების ოდენობების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად სააგენტოს მიერ.

თავი IV

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 12. გარდამავალი დებულება

  1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარს, ხოლო 67 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარს, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდებათ შეჯამებულად „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.

 2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარზე, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარზე, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და მათი „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით განისაზღვრება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარით, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარით.

 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებული იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით შეჩერებულად ითვლება და თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, მაშინ პენსია შეწყდება.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მოპოვებული ფულადი გასაცემლების ჯამური ოდენობით ერთიანი გასაცემლის სახით ავტომატურ გადაანგარიშებას.

5. 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები, ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად.“.

4. ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №2-ში (სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კოპენსაცია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციულ ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.”;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

1. კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად .

2. სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზე­ბული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.”;

დ) თავი II ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II

კომპენსაციის დანიშვნა

    მუხლი 4. კომპენსაციის დანიშვნის ძირითადი საფუძვლები

კომპენსაციის დანიშვნის ძირითადი საფუძვლებია ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომა:

ა) კანონით დადგენილი ნამსახურების ვადის ამოწურვა;

ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;

დ) მარჩენალის გარდაცვალება.“.

    მუხლი 5. კომპენსაციის მიღების უფლება

1. პირს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას, თუ იგი არ ეწევა საჯარო საქმიანობას.

2. კომპენსაციის მიღების უფლება წყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

3. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს ენიშნებათ და დანიშნული კომპენსაციის მიღება უგრძელდება საჯარო საქმიანობის განხორციელების მიუხედავად.

4. დაუშვებელია ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის ერთდროულად მიღება. აგრეთვე, კომპენსაციასთან ერთად სახელმწიფო პენსიის მიღება.

5. ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის მიღების უფლების არსებობისას, აგრეთვე კომპენსაციის და „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო პენსიის ერთდროულად მიღების უფლების არსებობისას, პირს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლით და ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება განცხადების შესაბამისად.”;

ე) თავი III ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თავი III

კომპენსაციის ოდენობები

    მუხლი 6. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა

1. ამ წესითა და კანონით გათვალისწინებული გაანგარიშების მიუხედავად, დანიშნული კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს.

2. კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი ვრცელდება კომპენსაციის მიმღებ ყველა პირზე დანიშვნის ვადის მიუხედავად, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაციებისა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით და 2006 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება მის მიმღებ ყველა პირზე კომპენსაციის ვადის მიუხედავად.

4. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით.”;

ვ) თავი IV-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თავი IV

კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის ან ასაკის მიღწევის გამო.”.

ზ) მე-7 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული შემდეგი პირები:

ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში;

ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;

გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახების წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;

დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);

ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;

ვ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილი პენსიონერები, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.“;

ზ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის ნამსახურობა შემდეგ ორგანოებში: სამხედრო, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე პერიოდი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, პროკურატურის ორგანოები, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.“;

თ) 71 მუხლის:

თ.ა) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი) 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს.

9. საერთო სასამართლოს მოსამართლეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან, თუ უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ასევე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების, ან საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, აგრეთვე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პენსიაში გასულ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 15 მაისიდან კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.“;

თ.ბ) მე -11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად.“;

თ.გ) მე -13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, გენერალურ აუდიტორს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის (მოადგილეებისათვის) უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.”;

ი) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს;

კ) მე-9 მუხლის:

კ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს;“;

კ.ბ) პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს.“;

კ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია ენიშნებათ:

ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს სტატუსის დადგენის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;

ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის 125%-ს.“;

ლ) მე-10 მუხლის:

ლ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება კომპენსაცია ან საპენსიო/სოციალური პაკეტი.“;

ლ.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

მ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირების გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლეს;“;

ნ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. კომპენსაციის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები

1. კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.

2. პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები:

ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ფულადი ატესტატი ან საფინანსო ცნობა: 

ა.ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს შესახებ ან ფულადი ატესტატი ან საფინანსო ცნობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

 ა.ბ) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ფულადი ატესტატი ან საფინანსო ცნობა, გარდაცვალების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

 ბ) პროკურატურის მუშაკებზე 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ:

ბ.ა) პროკურატურის მუშაკზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

 გ) პარლამენტის წერზე (ყოფილ წევრზე) კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 65 წლის ასაკის შესრულებამდე, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს ცნობა ხელფასის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ: 

გ.ა) პარლამენტის წევრზე (ყოფილ წევრზე) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, პარლამენტის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა ხელფასის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

 გ.ბ) პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

 დ) პარლამენტის აპარატის მოხელეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, შრომის საერთო სტაჟისა და მისი პარლამენტში მინიმუმ 8-წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა, იგივე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის შესახებ;

ე) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ;

ვ) საერთო სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, თუ მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის დაკავშირებული სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლასთან ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციასთან – საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი:

 ვ.ა) საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

 ზ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:

ზ.ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუნებტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

 თ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:

 თ.ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა. შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

ი) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან (შემდგომში – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ;

კ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

ლ) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) კომპენსაციის დასანიშნად – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლებამოსილების ვადის გასვლის (მოადგილისათვის – არანაკლებ 5 წლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ხანგრძლივობის) დამადასტურებელი დოკუმენტები, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების შესახებ:

ლ.ა) გენერალურ აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

ლ.ბ) გენერალურ აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) გარდაცვალების შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილისათვის კომპენსაციის დასანიშნად – კანონიერი წარმომადგენლის განცხადება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მეურვის ან მზრუნველის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა.’;

 ო) მე-16 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. კომპენსაციის დანიშვნის ვადები

 1. კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე საკითხს სააგენტო განიხილავს, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან, არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.

 2. მარჩენალის გარდაცვლების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.“;

პ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. კომპენსაციის გაცემა

1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის გაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაციის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.

2. მიმდინარე თვის კომპენსაციის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე. აღნიშნული პერიოდი არის მაქსიმალურად დასაშვები ვადა სააგენტოსა და კომპენსაციის გამცემ საბანკო დაწესებულებას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.

3. კომპენსაციის მიტანა ბინაზე ხორციელდება კომპენსაციის გამცემ საბანკო დაწესებულებაში მისი მიმღები პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, აღნიშნულის საჭიროების დასაბუთების მითითებით.

 4. კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი კომპენსაციის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი კომპენსაციის თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით კომპენსაციის თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე;

ბ) მოთხოვნა, შეჩერებული კომპენსაციის განახლების შესახებ, კომპენსაციის მიმღები პირის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია კომპენსაციის მიმღები პირის სიცოცხლეში.

5. პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) კომპენსაციის თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

6. 2012 წლის 1 სექტემბრამდე კომპენსაციის მიმღები პირის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად.

7. გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი კომპენსაციის მიმღები პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.“;

ჟ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. კომპენსაციის გაცემის შეჩერება

1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:

ა) პირის მიერ კომპენსაციის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც ამ პირის მიერ არ ხდება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოძრაობა 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც შესაბამისი ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს შესაბამის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს კომპენსაციის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით ;

 ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა) ;

გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა.

2. კომპენსაციის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.“;

რ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. კომპენსაციის შეწყვეტა

კომპენსაცია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;

დ) არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;

ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა – კომპენსაციის ამ წესის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების დღიდან;

ზ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;

ი) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებისას;

კ) კომპენსაციის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ.“;

ს) მე -20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. კომპენსაციის განახლება

1. შეჩერებული კომპენსაციის განახლება მოხდება კომპენსაციის მიმღები პირის მიერ სააგენტოში კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის შეჩერების დღიდან.

2. შეწყვეტილი კომპენსაციის განახლება მოხდება კომპენსაციის განახლებისათვის საჭირო წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის დღიდან, კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.

3. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი კომპენსაციის მიმღებს კომპენსაციის შეწყვეტის შემდეგ წარმოეშობა კომპენსაციის დანიშვნის ახალი საფუძველი, შესაძლებელია განხორციელდეს ადრე დანიშნული კომპენსაციის აღდგენა ან ახლის დანიშვნა კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად. ასეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, კომპენსაციის მიღება ხორციელდება პირის არჩევანის საფუძველზე.

4. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და მიეცემა წარსული დროისთვისაც, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის გაცემის შეჩერების დღიდან.“;

ტ) 21 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. კომპენსაციის გადაანგარიშება

1. კანონის თანახმად, განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობების გადაანგარიშება მოხდება შემდეგი სახით:

ა) კანონით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხების მაქსიმალური ოდენობების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად, 2006 წლის 1 იანვრიდან;

ბ) თუ ხელახალი შემოწმების დროს პირი გადაყვანილია შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა კატეგორიაში, ამ შემთხვევაში კომპენსაციის გადაანგარიშება ახალი სტატუსის შესაბამისად მოხდება მომდევნო თვიდან.

2. კანონით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი არ ვრცელდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით დანიშნულ ოდენობებზე.“;

უ) 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ,,პოლიციის შესახებ” და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს თანამდებობრივი სარგოსა და სამხედრო ან სპეციალური წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამს. ასეთივე წესით გაანგარიშდება ხელფასი საზღვრის დაცვის, სასჯელაღსრულების და სხვა ძალოვანი სტრუქტურის მუშაკთა კომპენსაციის ოდენობის დააგნარიშებისას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.”;

 ფ) დანართი №1 (აკადემიური, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობების ჩამონათვალი) ამოღებულ იქნეს. 

მუხლი 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მოსახურების სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ ბრძანების შესასრულებლად.

მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანება და „უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების ადმინისტრირების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს №283/ნ ბრძანება.

მუხლი 4. ეს ბრძანება, გარდა პირველი და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 5. ამ ბრძანების პირველი და მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

ზ. ჭიაბერაშვილი