დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 317 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/07/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.016991 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №317
2012 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი“.
მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №31 დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ი . მერაბიშვილი
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად და ადგენს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის წესს.
2. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრს აწარმოებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები (შემდგომში – შესაბამისი ორგანოები).
3. უწყებრივ რეესტრში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეგისტრაცია ხორციელდება მათი აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით.
4. რეგისტრაციას ექვემდებარება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული ყველა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი.
მუხლი 2. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეგისტრაცია
1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრი წარმოებს როგორც ჟურნალის სახით, ასევე ელექტრონული ფორმით.
2. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მფლობელი ან უფლებამოსილი პირი რეგისტრაციის მიზნით წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს ან შესაბამის ორგანოებს, რომელსაც თან უნდა დაურთოს ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია:
ა) ობიექტის მფლობელი;
ბ) ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
გ) ობიექტის ადგილმდებარეობა;
ასევე, არსებობის შემთხვევაში, შემდეგი შინაარსის შემცველი დოკუმენტაცია:
დ) ობიექტის მწარმოებელი/მშენებელი;
ე) ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება;
ვ) ინფორმაცია ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ;
ზ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერი ან შესაბამისი აქტის ნომერი.
3. განცხადების შეტანიდან 4 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო ან შესაბამისი ორგანოები განიხილავენ განცხადებას და თუ დადგინდა, რომ ობიექტს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გააჩნია შესაბამისი ზღვრული ტექნიკური პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც იგი მიეკუთვნება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, მას ანიჭებენ სარეგისტრაციო ნომერს და შეაქვთ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში.
მუხლი 3. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა
1. სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა სავალდებულოა, თუ შეიცვალა ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.
2. მონაცემებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის დადგომიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ობიექტის მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარადგენს სააგენტოში ან შესაბამის ორგანოებში სათანადო განცხადებას, რომელშიც მიუთითებს განხორციელებულ ცვლილებას და რომელსაც დაურთავს ცვლილების ამსახველ დოკუმენტაციას.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ცვლილებებისას სააგენტო ან შესაბამისი ორგანოები 3 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებენ შესაბამისი ცვლილების შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში.
4. ცვლილების შეტანის დროს ადრე რეგისტრირებული მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი არ იცვლება.
მუხლი 4. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრიდან ამოღება
1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის ექსპლუატაციიდან გამოსვლისას ან როდესაც ობიექტს აღარ გააჩნია ის ზღვრული ტექნიკური პარამეტრები, რითაც იგი წარმოადგენს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, ობიექტის მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარადგენს შესაბამისი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტაციას სააგენტოში ან შესაბამის ორგანოებში.
2. ინფორმაციის სააგენტოში ან შესაბამის ორგანოებში წარდგენის შემდეგ სააგენტო ან შესაბამისი ორგანოები 4 სამუშაო დღის ვადაში იღებენ გადაწყვეტილებას ობიექტის უწყებრივი რეესტრიდან ამოღების შესახებ.
3. ობიექტის უწყებრივი რეესტრიდან ამოღების შემთხვევაში უწყებრივ რეესტრში შეიტანება სათანადო ჩანაწერი.
მუხლი 5. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მონაცემები
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში ობიექტის რეგისტრაციისათვის შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) რეგისტრაციის თარიღი;
გ) ობიექტის მფლობელი;
დ) ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
ე) ობიექტის ადგილმდებარეობა;
ვ) ობიექტის მწარმოებელი/მშენებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება;
თ) ინფორმაცია ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ;
ი) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერი ან შესაბამისი აქტის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კ) სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
დოკუმენტის კომენტარები