მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6603-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 480280000.05.001.016871
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6603-რს
29/06/2012
ვებგვერდი, 13/07/2012
480280000.05.001.016871
მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

ეს კანონი ადგენს საქართველოში მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ერთიან სისტემას საქართველოს კანონმდებლობის და მეთევზე-მეზღვაურთა სერტიფიცირების, მომზადებისა და ვახტის გაწევის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მეთევზე-მეზღვაური − თევზსაჭერი გემის მეზღვაურთა შემადგენლობისა და პერსონალის ყველა წევრი;

ბ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

გ) კომპეტენციის სერტიფიკატი − შკიპერზე, ოფიცერზე, GMD SS-ის რადიოოპერატორზე გაცემული და დადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს, იმსახუროს ამ თანამდებობაზე და შეასრულოს პასუხისმგებლობის ამ დონისათვის გათვალისწინებული ფუნქციები;

დ) სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მეთევზე-მეზღვაურის მიერ მომზადების სპეციალური კურსის გავლას;

ე) დიპლომი − განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ვ) საზღვაო-საწვრთნელი კურსი − შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების პროგრამა, რომლის გავლაც აუცილებელია მეთევზე-მეზღვაურის მიერ სათანადო კომპეტენციის მისაღებად და რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ;

ზ) მართვის დონე − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია შკიპერის, უფროსი თანაშემწის, თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის ან თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსის მიერ სათანადო თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებასთან;

თ) ექსპლუატაციის დონე − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის, თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსის, ელექტროინჟინრის ან GMD SS - ის რადიოოპერატორის მიერ მართვის დონის ოფიცრის ხელმძღვანელობით სათანადო თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებასთან;

ი) დამხმარე დონე − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია თევზსაჭერი გემის რიგითი შემადგენლობის მიერ ექსპლუატაციის ან მართვის დონეზე მომუშავე პირის ხელმძღვანელობით სათანადო ფუნქციების შესრულებასთან;

კ) თევზსაჭერი გემის მეზღვაურთა შემადგენლობა (შემდ გომ − ეკიპაჟი) − მეზღვაურთა შემადგენლობა, რომელიც მოიცავს შკიპერს, ოფიცერსა და რიგითს;

ლ) თევზსაჭერი გემის პერსონალი − ყველა პირი, ეკიპაჟის წევრის გარდა, რომლებიც დასაქმებული არიან თევზსაჭერ გემზე, შკიპერის დავალებით ასრულებენ გარკვეულ მოვალეობას და გავლილი აქვთ ამ კანონით განსაზღვრული საზღვაო-საწვრთნელი კურსი;

მ) სანაპირო ნაოსნობა − ნაოსნობა, რომლის დროსაც გემი არ შორდება საქართველოს სანაპირო ზოლს 50 საზღვაო მილზე მეტი მანძილით;

ნ) საერთაშორისო ნაოსნობა − ნებისმიერი ნაოსნობა, რომელიც არ არის სანაპირო ნაოსნობა;

ო) საერთაშორისო სტანდარტები − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (შემდგომ − IMO) მიერ დადგენილი სტანდარტები, მათ შორის, თევზსაჭერ გემებზე დასაქმებულ მეზღვაურთათვის დაწესებული მომზადებისა და სერტიფიცირების მოთხოვნები, რომლებიც სავალდებულოა საქართველოსათვის;

პ) GMD SS − საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და უბედური შემთხვევის დროს;

ჟ) სუპერინტენდანტი − საზღვაო გამოცდილების მქონე კომპანიის თანამდებობის პირი, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს გემის ტექნიკური ექსპლუატაციისთვის ან/და ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის;

რ) შკიპერი − თევზსაჭერი გემის კაპიტანი;

ს) თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი − სამანქანე განყოფილების უმაღლესი რანგის ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია გემის ძალოვან მექანიზმებზე და გემის მექანიკური მოწყობილობებისა და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციისა და შენახვისათვის;

ტ) თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი − თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის მომდევნო რანგის სამანქანე განყოფილების ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია თევზსაჭერი გემის ძალოვან დანადგარებზე და გემის სამანქანე მოწყობილობებისა და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციისა და შენახვისათვის, თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში;

უ) გამოცდილი მეთევზე − თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის წევრი, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და აკმაყოფილებს კომპეტენციის მოთხოვნებს, რათა უსაფრთხოდ მართოს თევზსაჭერ გემზე განლაგებული აღჭურვილობა;

ფ) მეთევზე − პირი, რომელიც მონაწილეობს თევზსაჭერი გემით თევზის მოპოვებაში;

ქ) თევზსაჭერი გემი − ნებისმიერი გემი, რომელიც გამოიყენება თევზჭერისა და სხვა სახეობის საზღვაო რეწვისათვის და რომლის განუყოფელი ნაწილია რეწვის იარაღი;

ღ) თევზსაჭერი გემის სამანქანე განყოფილების პერსონალი − სამანქანე განყოფილებაში მომუშავე ყველა პირი, სამანქანე განყოფილების ოფიცრის გარდა, რომელთაც აქვთ სათანადო კომპეტენცია, რათა მოემსახურონ თევზსაჭერი გემის სამანქანე განყოფილების აღჭურვილობასა და ელექტრომოწყობილობებს;

ყ) თევზსაჭერი გემის საგემბანე განყოფილების პერსონალი − საგემბანე განყოფილებაში მომუშავე ყველა პირი, საგემბანე განყოფილების ოფიცრის გარდა, რომელთაც აქვთ სათანადო კომპეტენცია, რათა მოემსახურონ საგემბანე აღჭურვილობებს;

შ) STCW-ის კონვენცია − „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსი, რომელიც მიღებულია კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების 1995 წლის კონფერენციის მე-2 რეზოლუციით, განახლებული ვერსიით;

ჩ) SOLAS-ის კონვენცია − „ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენცია (რომელიც მოიცავს 1978 წლისა და 1988 წლის ოქმებს), განახლებული ვერსიით;

ც) კანდიდატი − ნებისმიერი სერტიფიკატის მაძიებელი პირი;

ძ) გემთმფლობელი − კომპანია, სხვა ორგანიზაცია ან პირი (მმართველი, ან უეკიპაჟოდ გემის დამფრახტველი), რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს დროშით მცურავი თევზსაჭერი გემის ექსპლუატაციისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისათვის.

2. ტერმინები, რომლებიც განმარტებული არ არის ამ კანონში, განიმარტება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3448  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების მიზნით მიმართავენ სააგენტოს, ასევე ყველა პირზე, რომლებიც დასაქმებული არიან საქართველოს დროშით მცურავ თევზსაჭერ გემზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ გემებზე, რომელთა სიგრძე 7 მეტრზე ნაკლებია. სააგენტო განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს 7 მეტრი და ნაკლები სიგრძის როგორც ძრავიანი, ისე ნიჩბიანი თევზსაჭერი გემების პერსონალის სერტიფიცირებისა და მომზადებისათვის.

    მუხლი 3. სააგენტოს კომპეტენცია

ამ კანონის მიზნებისათვის სააგენტო ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) კომპეტენციის სერტიფიკატისა და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების გაცემას ან/და დადასტურებას;

ბ) მეთევზე-მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მონიტორინგს;

გ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარებას და სისტემურ მონიტორინგს;

დ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის აღიარებას;

ე) კომპეტენციის სერტიფიკატისა და სხვა სერტიფიკატების ფორმისა და გაცემის წესის, ასევე გაცემული სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცებას;

ვ) სერტიფიკატების ნამდვილობის დამოწმებას და მათი გაყალბების თავიდან აცილების ღონისძიებების გატარებას;

ზ) კომპეტენციის სერტიფიკატისა და სხვა სერტიფიკატების მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის განსაზღვრას, შესაბამისი გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას;

თ) ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების შემუშავებასა და გამოცემას;

ი) ამ კანონის დარღვევისათვის კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას;

კ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

    მუხლი 4. მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა

1. მეთევზე-მეზღვაურის პროფესია რეგულირებადი პროფესიაა. მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა მოიცავს პროფესიულ საზღვაო განათლებას, უმაღლეს საზღვაო განათლებას და სპეციალიზებულ საზღვაო წვრთნას.

2. თევზსაჭერ გემზე მუშაობის მსურველს, მიღებული საზღვაო განათლებისა და კომპეტენციის შესაბამისად, თევზსაჭერ გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის თანამდებობის დაკავებისა და თანამდებობრივი გადაადგილება-მონაცვლეობის უფლებას აძლევს სააგენტოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი და სხვა სერტიფიკატები, რომელთა გაცემის წესი და პირობები რეგულირდება ამ კანონით.

3. მეთევზე-მეზღვაურმა 5 წელიწადში ერთხელ შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში უნდა გაიაროს გადამზადების კურსი, რომელსაც აფინანსებს გემთმფლობელი ან/და თვითონ მეთევზე-მეზღვაური.

4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება ამ კანონისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3448  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 5. სააგენტოს მიერ მეთევზე-მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება

1. იმ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება და მონიტორინგი, რომელიც ახორციელებს მეთევზე-მეზღვაურთა წვრთნას, ასევე შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარება ხდება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. თუ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება აღიარებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება შეუძლია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარების შემდეგ.

3. სააგენტო ცნობს სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ კომპეტენციის სერტიფიკატს ან სხვა სერტიფიკატს, თუ ამ სახელმწიფოში მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემა აღიარებულია IMO-ს მიერ ან არსებობს შესაბამისი შეთანხმება საქართველოსთან.

    მუხლი 6. სერტიფიკატები

1. თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხას ადგენს სააგენტო.

2. სერტიფიკატების გაცემის წესს განსაზღვრავს სააგენტო.

    მუხლი 7. სერტიფიკატების შესაბამისობა

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის საფუძველზე გაცემული სერტიფიკატების ერთმანეთთან შესაბამისობის წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

    მუხლი 8. სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება

სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება ხდება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 9. მეთევზე-მეზღვაურის გამოცდა

მეთევზე-მეზღვაურის მიერ კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელი გამოცდის ჩაბარების წესი განისაზღვრება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 10. ზედამხედველის, შემფასებლის, აკადემიური პერსონალისა და ინსტრუქტორის კვალიფიკაცია

1. ზედამხედველს, შემფასებელს, აკადემიურ პერსონალსა და ინსტრუქტორს, რომლებიც ხელმძღვანელობენ წვრთნას საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეთ სათანადო უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება, ასევე თევზსაჭერ გემზე სამეთაურო შემადგენლობის წევრად მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი ან სუპერინტენდანტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი ან სამეცნიერო ხარისხი სპეციალობის მიხედვით.

2. ზედამხედველის, შემფასებლის, აკადემიური პერსონალისა და ინსტრუქტორისათვის წასაყენებელ დამატებით მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო.

    მუხლი 11. კანდიდატისათვის დაწესებული ზოგადი მოთხოვნები

1. სააგენტო საქართველოს მოქალაქესა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს თევზსაჭერი გემის სამეთაურო შემადგენლობის წევრის წოდებას, თუ:

ა) იგი არის არანაკლებ 18 წლისა;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობით აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება მართვის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად;

დ) აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად;

ე) აქვს შესაბამისი სერტიფიკატები;

ვ) აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

2. მეთევზე-მეზღვაურებმა, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, თანამდებობრივი მოვალეობის მოთხოვნათა ფარგლებში უნდა იცოდნენ ინგლისური ენა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება შკიპერსა და თევზსაჭერი გემის უფროს მექანიკოსზე, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 20 წლისა.

4. მართვის დონესა და ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც დასაქმებული არიან 24 მეტრი და ნაკლები სიგრძის თევზსაჭერ გემებზე სანაპირო წყლებში, არ მოეთხოვებათ უმაღლესი საზღვაო განათლება.

5. კანდიდატი, რომელსაც აქვს ამ კანონის საფუძველზე გაცემული მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი და შესაბამისი ნაოსნობის სტაჟი, კომპეტენციის სერტიფიკატის განახლებისას არ საჭიროებს განმეორებით გამოცდის ჩაბარებას, თუ მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი გამოცდაზე მისაღებ კომპეტენციის სერტიფიკატზე მაღალი ან იმავე დონისაა.

6. კანდიდატისათვის წასაყენებელ დამატებით მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო.

    მუხლი 12. მეთევზე-მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი წაყენებული მოთხოვნები

მეთევზე-მეზღვაურის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად ყველა კანდიდატმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 13. მეთევზე-მეზღვაურთა რეგისტრაცია და აღრიცხვა

1. სააგენტო აღრიცხავს შკიპერის, ოფიცრისა და რიგითი შემადგენლობის ყველა კომპეტენციის სერტიფიკატს, მათ შორის, გაცემულ, ვადაგასულ, ვადაგაგრძელებულ, შეჩერებულ, გაუქმებულ, დაკარგულ და განადგურებულ სერტიფიკატებს, სერტიფიკატში აღნიშნული შესაბამისი შეზღუდვის მითითებით.

2. ამ კანონის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

3. გემთმფლობელი ვალდებულია აწარმოოს მეთევზე-მეზღვაურთა საბუთებისა და მონაცემების აღრიცხვა, შენახვა და ოფიციალური მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს მათი სააგენტოსათვის წარდგენა.

    მუხლი 14. გემთმფლობელის პასუხისმგებლობა

1. შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის არმქონე მეთევზე-მეზღვაურის სამუშაოდ დაქირავება იწვევს გემთმფლობელის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის შესაბამისად.

2. გემთმფლობელი ვალდებულია თევზსაჭერი გემის უფროსი სამეთაურო შემადგენლობიდან დანიშნოს თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისთვის პასუხისმგებელი პირი.

3. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის მეთევზე-მეზღვაურებით დაკომპლექტება, რომელიც განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

    მუხლი 15. შეღავათის დაშვება

1. მეთევზე-მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას სააგენტოს შეუძლია მისი მოვალეობის შესრულების უფლება მისცეს სათანადო სერტიფიკატის არმქონე მეზღვაურს განსაზღვრული ვადით, თუ მისი კომპეტენცია დასაკავებელი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ რანგზე ერთი რანგით ნაკლებია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების საფუძველზე მუშაობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

3. შკიპერისა და თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის თანამდებობების დაკავების უფლებას სააგენტო სათანადო კომპეტენციის არმქონე მეზღვაურს აძლევს მხოლოდ შკიპერისა და თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას, არა უმეტეს 1 თვის ვადით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო ანიჭებს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. გემთმფლობელი ვალდებულია სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატის არმქონე მეთევზე-მეზღვაური უმოკლეს ვადაში შეცვალოს სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატის მქონე სპეციალისტით.

    მუხლი 16. თევზსაჭერ გემზე იმ პირის დაშვება, რომელიც არ არის  ეკიპაჟის ან პერსონალის წევრი

1. გამონაკლის შემთხვევაში, შკიპერის პასუხისმგებლობით, თევზსაჭერ გემზე, ეკიპაჟისა და პერსონალის წევრების გარდა, შესაძლებელია ავიდეს სხვა პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.

2. გემზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის ასვლის წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

    მუხლი 17. თევზსაჭერ გემზე ნორმატიული აქტების არსებობის უზრუნველყოფა

გემთმფლობელი ვალდებულია იმ თევზსაჭერ გემზე, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში, უზრუნველყოს საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და საერთაშორისო საზღვაო კონვენციების არსებობა.

 

თავი II. თევზსაჭერ გემზე სამეთაურო შემადგენლობის წოდებები

    მუხლი 18. თევზსაჭერ გემზე თანამდებობების პასუხისმგებლობის დონეების მიხედვით განაწილება

1. მართვის დონეზე პასუხისმგებელ თევზსაჭერი გემის უფროს სამეთაურო შემადგენლობას განეკუთვნებიან:

ა) შკიპერი;

ბ) უფროსი თანაშემწე;

გ) თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი;

დ) თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი;

ე) სუპერინტენდანტი.

2. ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ თევზსაჭერი გემის საშუალო სამეთაურო შემადგენლობას განეკუთვნებიან:

ა) თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე;

ბ) თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი;

გ) ელექტროინჟინერი;

დ) GMDSS-ის რადიოოპერატორი.

3. თევზსაჭერი გემის რიგით შემადგენლობას განეკუთვნებიან ეკიპაჟის ის წევრები, რომლებიც მითითებული არ არიან ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში.

4. დამხმარე დონისადმი წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო.

    მუხლი 19. თევზსაჭერ გემზე გემთწამყვანის წოდებები

თევზსაჭერ გემზე გემთწამყვანს ენიჭება შემდეგი წოდებები:

ა) 12 მეტრზე ნაკლები სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი;

ბ) 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი;

გ) 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი;

დ) 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე;

ე) 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე.

    მუხლი 20. თევზსაჭერ გემზე მექანიკოსის წოდებები

თევზსაჭერ გემზე მექანიკოსს ენიჭება შემდეგი წოდებები:

ა) 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი;

ბ) 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი;

გ) 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი;

დ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი;

ე) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი;

ვ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი.

    მუხლი 21. თევზსაჭერ გემზე ელექტროინჟინრის წოდებები

1. თევზსაჭერ გემზე ელექტროინჟინერს ენიჭება შემდეგი წოდებები:

ა) თევზსაჭერი გემის პირველი თანრიგის ელექტროინჟინერი;

ბ) თევზსაჭერი გემის მეორე თანრიგის ელექტროინჟინერი.

2. თევზსაჭერ გემზე ელექტროინჟინრის ფუნქციები შესაძლებელია შეითავსოს მექანიკოსმა, თუ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია თანხმობას განაცხადებს.

    მუხლი 22. თევზსაჭერ გემზე რადიოსპეციალისტის წოდებები

1. თევზსაჭერ გემზე რადიოსპეციალისტს ენიჭება შემდეგი წოდებები:

ა) GOC GMDSS-ის ოპერატორი;

ბ) ROC GMDSS-ის ოპერატორი;

გ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის პირველი თანრიგის ოპერატორი;

დ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის მეორე თანრიგის ოპერატორი.

2. თევზსაჭერ გემზე რადიოსპეციალისტის ფუნქციები შესაძლებელია შეითავსოს შკიპერმა ან თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწემ, თუ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია თანხმობას განაცხადებს.

 

თავი III. თევზსაჭერი გემის სამეთაურო შემადგენლობისათვის წაყენებული მოთხოვნები

    მუხლი 23. თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება

1. შკიპერი ვალდებულია შეიმუშაოს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წვრთნისა და მომზადების გეგმა და შეათანხმოს გემთმფლობელთან.

2. შკიპერი აკონტროლებს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მომზადების პროცესს და სასწავლო გეგმების შესრულების შესახებ 3 თვეში ერთხელ აცნობებს გემთმფლობელს.

3. შკიპერი გემთმფლობელს ყოველწლიურად წარუდგენს წერილობით ანგარიშს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მომზადების შესახებ. ანგარიშს უნდა ერთოდეს სასწავლო გეგმები, მეცადინეობათა პროგრამები და მეთევზე-მეზღვაურთა სია, მათი ცოდნის შეფასების მითითებით.

4. გემთმფლობელის მიერ თევზსაჭერ გემზე დანიშნული მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისთვის პასუხისმგებელი პირი გემთმფლობელს წარუდგენს სრულ ანგარიშს მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების შესახებ და მიუთითებს არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

    მუხლი 24. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი

1. ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, ასევე 12 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე შკიპერად ან სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 6-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს STCW-ის კონვენციის შესაბამისად მიღებული სავახტო თანაშემწის რანგით მუშაობის იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

    მუხლი 25. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე

1. ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს 12 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 12-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარია, ან STCW-ის კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

    მუხლი 26. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი

 1. ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს საერთაშორისო ან სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, ასევე 12 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე შკიპერად ან სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 6-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს STCW-ის კონვენციის შესაბამისად მიღებული სავახტო თანაშემწის რანგით მუშაობის იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

    მუხლი 27. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე

1. ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს 12 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 12-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარია, ან STCW-ის კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

        მუხლი 28. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი  

1. ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის გემის სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 6-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს STCW-ის კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

    მუხლი 29. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე

1. ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს 12 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 12-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარია, ან STCW-ის კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

    მუხლი 30. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი

1. ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს 12 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე შკიპერად ან სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და სანაპირო ან საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 6-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს STCW-ის კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

    მუხლი 31. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე

1. ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს 12 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 12-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარია, ან STCW-ის კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

    მუხლი 32. 12 მეტრზე ნაკლები სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი

1. ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს 12 მეტრი ან ნაკლები სიგრძის თევზსაჭერ გემზე მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 6-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სავაჭრო გემზე მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

    მუხლი 33. 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი

1. თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე -11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა , ჰქონდეს 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ხანძართან ბრძოლის პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩააბაროს გამოცდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 6-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარია.

3. თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის სტაჟი, რომლიდანაც 12 თვე უნდა იყოს 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მეორე მექანიკოსის რანგით მუშაობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს ხანძართან ბრძოლის პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს საგამოცდო პროგრამა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემის მექანიკოსებისათვის. ასეთი საგამოცდო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს თევზსაჭერი გემის მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრისა და საერთო უსაფრთხოების წესებს.

    მუხლი 34. 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი

 თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 6-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარია.

3. თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს სამანქანე განყოფილებაში მეორე მექანიკოსის რანგით მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რომლიდანაც 12 თვე უნდა იყოს 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მუშაობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს ხანძართან ბრძოლის პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს საგამოცდო პროგრამა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემის მექანიკოსებისათვის. ასეთი საგამოცდო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს თევზსაჭერი გემის მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრისა და საერთო უსაფრთხოების წესებს.

    მუხლი 35. თევზსაჭერი გემის პირველი თანრიგის ელექტროინჟინერი

ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს უმაღლესი საზღვაო განათლება და გემის მეორე თანრიგის ელექტროინჟინრის კომპეტენციის სერტიფიკატი. გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე არანაკლებ 1500 კვტ-ია, კანდიდატს ასევე მოეთხოვება ელექტროინჟინრად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

    მუხლი 36. თევზსაჭერი გემის ელექტროინჟინერი

1. ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს უმაღლესი განათლება.

2. გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 600 კვტ ან მეტია, კანდიდატს, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, მოეთხოვება ელექტროინჟინრად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

3. კანდიდატს შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, უფროსი ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით, გემზე, რომლის წევის ელექტროძრავას საერთო სიმძლავრე 3000 კვტ-ზე ნაკლებია.

4. კანდიდატს შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, უფროსი ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით, თევზსაჭერ გემზე, რომელსაც არ აქვს წევის ელექტროძრავა და რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე (თევზის მოპოვების, გადამუშავებისა და საზღვაო რეწვის დანიშნულების ელექტრომოწყობილობათა სიმძლავრის გარეშე) არანაკლებ 5000 კვტ-ია.

5. კანდიდატს ნებისმიერ გემზე შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, მეორე თანრიგის ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით.

    მუხლი 37. GMDSS-ის რადიოოპერატორი

1. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება GMDSS-ით აღჭურვილ გემებზე რადიოკავშირის განმახორციელებელ ოპერატორებზე, SOLAS-ის კონვენციის შესაბამისად.

2. პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ან ასრულებს რადიოკავშირის ფუნქციებს GMDSS-ით აღჭურვილ გემზე, ან პირი, რომელსაც სურს თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება, ვალდებულია მიიღოს GMDSS-ის რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი, რომელიც გაცემული ან დადასტურებულია სააგენტოს მიერ რადიოკავშირის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

3. ამ კანონის თანახმად, გემზე მუშაობისთვის GMDSS-ის რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად, SOLAS-ის კონვენციის შესაბამისად:

ა) კანდიდატი უნდა იყოს 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) კანდიდატს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული სწავლება და წვრთნა;

) კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კონვენციით განსაზღვრულ კვალიფიკაციის სტანდარტებს .

 

თავი IV. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად და მისი მოქმედების ვადის დასადასტურებლად კანდიდატის ცოდნის შემოწმება

    მუხლი 38. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის დადასტურება

1. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი.

2. მეთევზე-მეზღვაური ვალდებულია 5 წელიწადში ერთხელ განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი.

3. კანდიდატის პროფესიული კომპეტენტურობა მტკიცდება ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით ან იმ ფუნქციების შესრულებით, რომლებიც გათანაბრებულია თევზსაჭერ გემზე მუშაობის ამ სტაჟთან, ან შესაბამისი განახლების კურსის წარმატებული დამთავრებით ან თევზსაჭერი გემის ზესაშტატო ერთეულის თანამდებობაზე სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

    მუხლი 39. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის ცოდნის შემოწმება

1. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის ცოდნა მოწმდება გამოცდების ჩაბარებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. კანდიდატის ცოდნას ამოწმებს სააგენტოს მუდმივმოქმედი სახელმწიფო საზღვაო-საკვალიფიკაციო კომისია, რომელსაც ნიშნავს სააგენტოს დირექტორი.

3. სახელმწიფო საზღვაო-საკვალიფიკაციო კომისიის წევრებს უფლება აქვთ, საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში დაესწრონ გამოცდებს.

4. კანდიდატის ცოდნა მოწმდება 5 წელიწადში ერთხელ.

    მუხლი 40. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის ჩამორთმევა და მისი მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება

1. კომპეტენციის სერტიფიკატის ჩამორთმევა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებით შეჩერებას „საზღვაო დისციპლინური წესდების“ შესაბამისად ახდენს:

ა) სააგენტო;

ბ) შკიპერი;

გ) ნავსადგურის კაპიტანი სააგენტოსთან შეთანხმებით.

3. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება ხდება საზღვაო ინციდენტის მოკვლევის პერიოდში, ხოლო კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერების შესახებ შემდგომი გადაწყვეტილება მიიღება მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების დროებითი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

4. სააგენტო ყველა სახის დისციპლინური გადაცდომის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს საზღვაო კოდექსით, „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესით“, „საზღვაო დისციპლინური წესდებით“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

5. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლებამდე მოწმდება კანდიდატის ცოდნა ამ კანონის შესაბამისად.

 

თავი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 41. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს მის განსახორციელებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების მომზადება.

2. 2013 წლის 1 ივნისიდან ეს კანონი ვრცელდება უცხო ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე დასაქმებულ მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც ახორციელებენ თევზჭერას საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

3. თუ პირმა ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო კომპეტენციის სერტიფიკატი მართვის დონის/ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად და მისი კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ პირის ცოდნა და კომპეტენცია აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასა და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით.

4. სააგენტომ 2013 წლის 1 თებერვლიდან უზრუნველყოს მეთევზე - მეზღვაურთა შესახებ ელექტრონული ბაზის შექმნის დაწყება.

5. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 29 ივნისი.

№6603-რს