ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ

ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6598-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 24/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 260000000.05.001.016869
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6598-რს
29/06/2012
ვებგვერდი, 13/07/2012
260000000.05.001.016869
ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (21/12/2012 - 24/07/2013)

საქართველოს კანონი

ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

1. ეს კანონი ადგენს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მომზადების, წარდგენის და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ამ კანონის მიზანია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა;

ბ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების პირობებისა და წესების განსაზღვრა.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბუღალტრული აღრიცხვა – სუბიექტის სამეურნეო ოპერაციების ცვლილებათა შესახებ ინფორმაციის შეგროვების, გაზომვის, დაჯგუფებისა და გადაცემის სისტემა ფულად გამოსახულებაში;

ბ) ბუღალტერი − ფიზიკური პირი, რომელიც უშუალოდ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან/და ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას;

გ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები − სამეურნეო მოვლენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და მათი გაგებისათვის აუცილებელი შიგა ინსტრუქციები;

დ) ფინანსური ანგარიშგება – სუბიექტის ფინანსური მდგომარეობის და მისი საქმიანობის ფინანსური შედეგების სტრუქტურირებული ასახვა;

ე) სუბიექტი − ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმე), კერძო სამართლის იურიდიული პირი, საბიუჯეტო ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ვ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (შემდგომ – აუდიტი) − აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მიერ ჩატარებული სამუშაო, რომელიც მიმართულია:

ვ.ა) ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების ანგარიშგების) უტყუარობისა და სისრულის შესახებ აუდიტორის/ აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მოსაზრების გამოხატვისკენ;

ვ.ბ) ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვით აუდიტორის/ აუდიტორული (აუდიტური) ფირმის რწმუნების გამოხატვისკენ;

ვ.გ) სხვა დასაბუთებული ან/და შეზღუდული მარწმუნებელი გარიგების შესაბამისი მოსაზრების გამოხატვისკენ;

ზ) აუდიტორი − სერტიფიცირებული პირი, რომელიც არის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია აუდიტორთა რეესტრში და ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას;

თ) აუდიტორული (აუდიტური) ფირმა (შემდგომ − აუდიტორული ფირმა) − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქართველოში არსებული ფილიალი, რომელიც არის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია აუდიტორთა რეესტრში და ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას სერტიფიცირებული პირის (პირების) მეშვეობით;

ი) პროფესიული მომსახურება – მომსახურება, რომელიც მოითხოვს ბუღალტრულ და მასთან დაკავშირებულ უნარებს, როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ახორციელებს მომსახურებას საბუღალტრო, აუდიტორული, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის ან ბიზნესსაკონსულტაციო სფეროში;

კ) სერტიფიცირებული პირი − ფიზიკური პირი, რომელიც აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ აღიარებულია სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად ან სერტიფიცირებულ ბუღალტრად და რომელიც თავის კვალიფიკაციას ადასტურებს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად;

ლ) სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი – ფიზიკური პირი, რომელიც სერტიფიცირებულია პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში (IFRS);

მ) სერტიფიცირებული ბუღალტერი – ფიზიკური პირი, რომელიც სერტიფიცირებულია პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში (IFRS for SMEs);

ნ) გარიგების პარტნიორი – აუდიტორი/აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული სერტიფიცირებული პირი, რომელიც პასუხისმგებელია აუდიტის ჩატარებისათვის და გაცემულ აუდიტორულ დასკვნაზე;

ო) აუდიტორული დასკვნა – აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული დოკუმენტი ჩატარებული აუდიტის შედეგების შესახებ, რომელშიც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ადასტურებს, რომ სუბიექტის ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება შეესაბამება/არ შეესაბამება ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს და კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;

პ) მარწმუნებელი გარიგება − გარიგება, როდესაც აუდიტორი/ აუდიტორული ფირმა გამოთქვამს მოსაზრებას განსახილველი საგნის შეფასების ან/და გაზომვის შედეგის სათანადო კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ, რომლის მიზანია, აამაღლოს მესამე პირების ნდობის ხარისხი;

ჟ) პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი − აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულ პირად აღიარებისათვის დადგენილი ნორმები, რომლებიც შეესაბამება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES);

რ) განგრძობითი განათლების სტანდარტი − აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული პირის კვალიფიკაციისა და სტატუსის შენარჩუნებისათვის დადგენილი ნორმები;

ს) აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია − ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი ან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ აღიარებული რეგიონალური ორგანიზაციის ნამდვილი წევრი ან ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად აკრედიტებული პირი.

 

თავი II. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება

    მუხლი 3. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სამართლებრივი საფუძვლები

1. ბუღალტრული აღრიცხვა რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ბუღალტრული აღრიცხვა უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს.

2. ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები შედგება სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებისა და კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებისაგან.

3. სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები.

4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სახელმწიფო სექტორის ცალკეული კატეგორიების დაწესებულებებისთვის დაადგინოს კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების გამოყენების ვალდებულება, მათი საქმიანობის გათვალისწინებით.

5. სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

6. კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები შედგება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისაგან (IFRS), მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS for SMEs) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტებისაგან.

7. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ მიღებული სტანდარტები და ინტერპრეტაციები, რომლებიც მოიცავს:

ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს;

გ) ინტერპრეტაციებს, რომლებიც მიღებულია ფინანსური აღრიცხვის ინტერპრეტაციების საერთაშორისო საბჭოს (IFRIC) მიერ ან ინტერპრეტაციების მუდმივმოქმედი კომიტეტის (SIC) მიერ.

8. მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs) მცირე და საშუალო საწარმოებისათვის.

9. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტები არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის რეკომენდებული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები, რომლებსაც ადგენს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

10. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS) და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) საქართველოს სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობის მიზნით ისინი ქართულ ენაზე უნდა თარგმნოს და გამოსცეს იმ აკრედიტებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრია.

11. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნულ, ქართულ ენაზე თარგმნილ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებსა (IFRS) და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს (IFRS for SMEs), აგრეთვე თავის მიერ დადგენილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივ (ეროვნულ) სტანდარტებს რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ამ სტანდარტებს აქვეყნებს რეგისტრაციაში გატარების შემდეგ.

12. სავალდებულოა მხოლოდ შესაბამის პერიოდში მოქმედი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS) და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) ქართული თარგმანის გამოყენება, რომლებიც რეგისტრირებულია ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად. პირს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების ინგლისური ტექსტი.

    მუხლი 4. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება

1. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ამ მუხლის შესაბამისად.

2. კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების გამოყენების მიზნით მეწარმე სუბიექტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, შეიძლება ჩაითვალოს მცირე და საშუალო საწარმოდ ან მიკროსაწარმოდ.

3. მეწარმე სუბიექტი ითვლება:

ა) მიკროსაწარმოდ, თუ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, იგი არის მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი მიკროსაწარმოდ ითვლება მხოლოდ შესაბამისი საქმიანობის ნაწილში;

ბ) მცირე და საშუალო საწარმოდ, თუ იგი არ აკმაყოფილებს მიკროსაწარმოსათვის დადგენილ კრიტერიუმებს.

4. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად.

5. მცირე და საშუალო საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).

6. მიკროსაწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება არ ევალება.

7. მეწარმე სუბიექტის გარდა , კერძო სამართლის სხვა იურიდიული პირი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი ( ეროვნული ) სტანდარტების შესაბამისად , თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . ამასთანავე , მას უფლება აქვს, გამოიყენოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IF RS ) ან მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs).

8. საბიუჯეტო ორგანიზაცია და საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9. სუბიექტმა ბუღალტრული აღრიცხვა შეიძლება აწარმოოს პირადად, დაქირავებული პირის ან ბუღალტრული მომსახურების მიღების მეშვეობით. ბუღალტრულ მომსახურებად ითვლება პირის მიერ სუბიექტისთვის ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურების გაწევა.

10. ბუღალტერი შეიძლება იყოს როგორც სერტიფიცირებული, ისე არასერტიფიცირებული პირი.

11. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტი არ არის საჯარო დოკუმენტი. ეს დოკუმენტი, შესაბამისი სუბიექტის გარდა, ხელმისაწვდომია მაკონტროლებელი/ზედამხედველი ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ნებისმიერი სხვა პირისთვის – შესაბამისი სუბიექტის თანხმობით.

12. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტი სუბიექტთან ინახება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავი III. აუდიტი

    მუხლი 5. აუდიტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები

1. აუდიტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოში აუდიტი ტარდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად.

3. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA) არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დამტკიცებული აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი, რომლებიც ამ კანონის მიღების დღისთვის მიღებული და გამოცემულია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ და რომლებიც გადამუშავებული, შეცვლილი, დამტკიცებული და გამოცემული იქნება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ.

4. აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი არის აუდიტისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების განსახორციელებლად ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ სახელმძღვანელოდ გამოცემული დოკუმენტების კრებული.

5. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) საქართველოს სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობის მიზნით ისინი ქართულ ენაზე უნდა თარგმნოს და გამოსცეს იმ აკრედიტებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრია.

6. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ, ქართულ ენაზე თარგმნილ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISA) რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ამ სტანდარტებს აქვეყნებს რეგისტრაციაში გატარების შემდეგ.

7. სავალდებულოა მხოლოდ შესაბამის პერიოდში მოქმედი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) ქართული თარგმანის გამოყენება, რომლებიც რეგისტრირებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. პირს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების ინგლისური ტექსტი.

    მუხლი 6. აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მინიჭება

1. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალი და ფიზიკური პირი საქართველოში აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას იძენენ აუდიტორთა რეესტრში (შემდგომ − რეესტრი) რეგისტრაციის შემდეგ.

2. რეესტრს აწარმოებს (აწარმოებენ) აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია (ორგანიზაციები).

3. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალი ან ფიზიკური პირი რეესტრში რეგისტრაციისათვის განცხადებით მიმართავს იმ აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრებულია იგი.

4. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალის ან ფიზიკური პირის მიერ ამ მუხლის მე-6–მე-9 პუნქტებში აღნიშნული შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია დაარეგისტრიროს იგი შესაბამის რეესტრში.

5. რეესტრი არის 2 ტიპის:

ა) სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებული არიან ის აუდიტორები/ აუდიტორული ფირმები, რომლებსაც აქვთ სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლება;

ბ) სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების არმქონე პირთა რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებული არიან ის აუდიტორები/ აუდიტორული ფირმები, რომლებსაც არ აქვთ სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლება.

6. სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) დასაქმებული ჰყავდეს სულ ცოტა 1 სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი;

ბ) იყოს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი;

გ) ჰქონდეს ხარისხის კონტროლის სისტემა;

დ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის გავლის შემდეგ მიღებული ჰქონდეს პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა;

ე) ჰქონდეს აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგია, რომელიც შეესაბამება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISA).

7. სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) იყოს სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი;

ბ) იყოს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი;

გ) ჰქონდეს ხარისხის კონტროლის სისტემა;

დ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის გავლის შემდეგ მიღებული ჰქონდეს პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა;

ე) ჰქონდეს აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგია, რომელიც შეესაბამება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISA).

8. სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების არმქონე პირთა რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) დასაქმებული ჰყავდეს სულ ცოტა 1 სერტიფიცირებული ბუღალტერი;

ბ) იყოს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი;

გ) ჰქონდეს ხარისხის კონტროლის სისტემა;

დ) ჰქონდეს აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგია, რომელიც შეესაბამება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISA).

9. სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების არმქონე პირთა რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) იყოს სერტიფიცირებული ბუღალტერი;

ბ) იყოს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი;

გ) ჰქონდეს ხარისხის კონტროლის სისტემა;

დ) ჰქონდეს აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგია, რომელიც შეესაბამება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISA).

10. აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას ეკრძალება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისათვის, უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალისათვის ან ფიზიკური პირისათვის გაწევრებაზე უარის თქმა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებში აღნიშნულ შესაბამის მოთხოვნებს, გარდა აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრობისა.

11. აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას აქვს სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრში საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალის ან ფიზიკური პირის რეგისტრაციის უფლება, თუ იგი არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი ან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ აღიარებული რეგიონალური ორგანიზაციის ნამდვილი წევრი ან თუ აკრედიტაციიდან 1 წლის შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელებულ კონტროლს შენიშვნების გარეშე გაივლის.

12. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად აღიაროს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი პროფესიული ორგანიზაციის ნამდვილი წევრი ფიზიკური პირი. სხვა შემთხვევაში აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოითხოვოს ცოდნის დადასტურება.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, რომელთა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი პროფესიული ორგანიზაციის ნამდვილი წევრობის შემთხვევაშიც აკრედიტებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ ფიზიკური პირი სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად უნდა აღიაროს.

14. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი დაადასტურებს, რომ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი იგივეა, რაც სერტიფიცირების სტანდარტი, რომლითაც ეს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ახორციელებდა პირთა სერტიფიცირებას აკრედიტაციამდე, აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია თავის მიერ ამ სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად სერტიფიცირებული პირი სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად აღიაროს.

15. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც აღარ აკმაყოფილებს შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პირობებს, ექვემდებარება ამ რეესტრიდან ამოღებას.

16. თუ აუდიტორი/აუდიტორული ფირმა აღარ აკმაყოფილებს შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პირობებს, ის ვალდებულია ამის შესახებ ინფორმაცია 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს იმ აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრებულია. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას ეს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია დააკისრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია აუდიტორი/აუდიტორული ფირმა 5 სამუშაო დღის ვადაში ამოიღოს შესაბამისი რეესტრიდან.

18. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალის ან ფიზიკური პირის მიერ აუდიტის შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ჩატარების შემთხვევაში აუდიტი ჩატარებულად არ ჩაითვლება.

19. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას მისი შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მოთხოვნით, გარდა ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

    მუხლი 7. აუდიტის ჩატარება

1. სუბიექტის აუდიტი შეიძლება ჩაატაროს აუდიტორმა ან აუდიტორულმა ფირმამ.

2. აუდიტი შეიძლება ჩატარდეს სავალდებულო ან საინიციატივო წესით.

3. სავალდებულო აუდიტის ჩატარების ვალდებულება დადგენილია ამ კანონით ან საქართველოს სხვა ნორმატიული აქტით.

4. აუდიტის ჩატარება სავალდებულოა:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის, რომლებსაც ევალებათ ყოველწლიური აუდიტის ჩატარება;

ბ)  იმ საწარმოებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტებისა.

5. სავალდებულო აუდიტი ტარდება ყოველწლიურად, კალენდარული წლის მომდევნო წლის 31 ოქტომბრამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პირი სუბიექტის ხარჯით დაიქირავებს აუდიტორს ამ სუბიექტისათვის აუდიტის ჩატარების მიზნით.

7. სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრში რეგისტრირებულ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას. ამასთანავე, იგი უნდა ჩაატაროს ამ აუდიტორმა/აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულმა სერტიფიცირებულმა პროფესიონალმა ბუღალტერმა.

8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებული არიან, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, გამოსაქვეყნებლად წარუდგინონ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. საინიციატივო აუდიტი ტარდება უფლებამოსილი პირის (პირების) გადაწყვეტილებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

10. აუდიტორულ დასკვნას ხელმოწერით ადასტურებს შესაბამისად აუდიტორი, აუდიტორული ფირმა ან გარიგების პარტნიორი.

11. აუდიტორული ფირმის შიგა პროცედურით შესაძლებელი უნდა იყოს გარიგების პარტნიორის იდენტიფიცირება. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აუდიტორულ ფირმას დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს ის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრებულია იგი.

12. (ამოღებულია – 21.12.2012, №135 ).

საქართველოს 2012 წლის 2 1  დეკემბრის კანონი №1 3 5 - ვებგვერდი,  30 .12.2012წ.

    მუხლი 8. აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა

1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა პასუხისმგებელია ხარისხის კონტროლის სისტემის სათანადო პოლიტიკისა და პროცედურების ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებისა და გამოყენებისათვის.

2. ხარისხის კონტროლის სისტემა არის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის (ISQC) შესაბამისად აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მიზანია აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ აუდიტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიზნებისა და ზოგადი პრინციპების შესაბამისად ჩატარება.

3. ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ მიღებული სტანდარტები და მითითებები იმ პირთა ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, რომლებიც ახორციელებენ აუდიტს და ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვას, ასევე სხვა სახის მარწმუნებელ და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს.

4. ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის (ISQC) საქართველოს სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობის მიზნით ის ქართულ ენაზე უნდა თარგმნოს და გამოსცეს იმ აკრედიტებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრია.

5. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ, ქართულ ენაზე თარგმნილ ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტს (ISQC) რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ამ სტანდარტს აქვეყნებს რეგისტრაციაში გატარების შემდეგ.

6. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს ის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრებულია ეს აუდიტორი/აუდიტორული ფირმა. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს 3 წელიწადში ერთხელ მაინც.

7. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი არის აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ შემუშავებული ხარისხის კონტროლის სისტემის შეფასება აუდიტორული დასკვნებისა და ამ დასკვნების მომზადების პროცესის შემოწმებით.

8. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის დებულების შესაბამისად, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისათვის წარუდგენს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი − აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია.

9. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია აუდიტორის/ აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს ხარისხის კონტროლის შემმოწმებლის მეშვეობით.

10. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელებიდან 6 თვის ვადაში ხარისხის კონტროლის შემმოწმებელი ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის (ISQC) შესაბამისად ადგენს მონიტორინგის დასკვნას, რომლის თითო ეგზემპლარი გადაეცემა აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას და აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას.

11. აუდიტორული ფირმა ვალდებულია მასში დასაქმებულ ყველა სერტიფიცირებულ პირს გააცნოს მონიტორინგის დასკვნა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აუდიტორულ ფირმას დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს ის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრებულია იგი.

12. მონიტორინგის დასკვნა შეიძლება იყოს 4 კატეგორიის:

ა) პირველი კატეგორიის − როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს შენიშვნების გარეშე გაივლის;

ბ) მეორე კატეგორიის − როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს მცირე შენიშვნებით გაივლის;

გ) მესამე კატეგორიის − როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს მნიშვნელოვანი შენიშვნებით გაივლის;

დ) მეოთხე კატეგორიის − როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს ვერ გაივლის.

13. ხარისხის კონტროლის შემმოწმებელი ვალდებულია მონიტორინგის დასკვნაში შეიტანოს თავისი შენიშვნები ან/და მოსაზრებები როგორც აუდიტორის/აუდიტორული ფირმის, ისე აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული ყველა სერტიფიცირებული პირის შესახებ.

14. აუდიტორის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორს. აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორულ ფირმას ან/და ყოველ კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე − შესაბამის გარიგების პარტნიორს.

15. მონიტორინგის დასკვნას იხილავს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია და იღებს ამ მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას როგორც აუდიტორის/აუდიტორული ფირმის, ისე აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული ყველა სერტიფიცირებული პირის მიმართ.

16. როგორც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, ისე აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული ყველა სერტიფიცირებული პირი უფლებამოსილია პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა მის მიმართ შედგენილი მონიტორინგის დასკვნის განხილვაში და წარადგინოს ახსნა-განმარტება.

17. თუ აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვერ გაივლის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს, შესაბამისი აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია ამოიღოს იგი შესაბამისი რეესტრიდან.

18. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ერთი ტიპის რეესტრიდან მეორე ტიპის რეესტრში გადაიყვანოს.

19. მონიტორინგის დასკვნის შედეგებიდან გამომდინარე, აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია სერტიფიცირებული პირის მიმართ იღებს გადაწყვეტილებას:

ა) სერტიფიკატის მოქმედების შენარჩუნების თაობაზე;

ბ) შეცდომების გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის თაობაზე;

გ) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

20. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია სერტიფიცირებული პირის მიმართ მიიღოს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან მეტი გადაწყვეტილება.

21. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში სერტიფიცირებული პირის მიერ შეცდომების გამოუსწორებლობის შემთხვევაში სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება. შეცდომების გამოუსწორებლობისას აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია გამოაქვეყნოს სერტიფიცირებული პირის მიმართ არსებული შენიშვნები.

22. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისას ფიზიკურ პირს სერტიფიკატის მოქმედების განახლების მოთხოვნით მიმართვა შეუძლია სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებიდან 1 წლის შემდეგ.

    მუხლი 9. ეთიკის წესები

1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია პროფესიული მომსახურების განხორციელებისას დაიცვას ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი, ქართულ ენაზე თარგმნილი და ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code).

2. პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code) ქართულ ენაზე უნდა თარგმნოს და გამოსცეს იმ აკრედიტებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრია.

3. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ, ქართულ ენაზე თარგმნილ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსს (IESBA Code) რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ამ კოდექსს აქვეყნებს რეგისტრაციაში გატარების შემდეგ.

4. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა იმ სუბიექტისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, რომელსაც იგი აუდიტს უტარებს. ამასთანავე, იგი არ უნდა იყოს ჩართული ამ სუბიექტის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

5. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება არ აქვს, ჩაატაროს აუდიტი იმ შემთხვევაში, თუ:

ა) სუბიექტსა და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შორის არსებობს ფინანსური ან/და სხვა ინტერესი, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სუბიექტზე გაცემული აუდიტორული დასკვნის შინაარსზე;

ბ) სუბიექტი და აუდიტორი/აუდიტორული ფირმა არიან ურთიერთდამოკიდებული პირები საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით;

გ) სუბიექტსა და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შორის არსებობს შრომითი ურთიერთობა.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის ფინანსურ ინტერესად ჩაითვლება ინტერესი აქციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებში, სესხებსა და სხვა სავალო ვალდებულებებში, ისეთი უფლებებისა და ვალდებულებების ჩათვლით, რომლებიც ითვალისწინებს ასეთი ინტერესის მოპოვებას, ასევე წარმოებულებს, პირდაპირ დაკავშირებულს ასეთი ინტერესის მოპოვებასთან.

7. ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება გახდეს აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

8. ამ მუხლის პირველი, მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში:

ა) აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს ის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრებულია იგი;

ბ) სავალდებულო აუდიტი ჩატარებულად არ ჩაითვლება.

9. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება ხარისხის კონტროლის შემმოწმებელსა და აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ სერტიფიცირებულ პირზე, მათ მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისას.

    მუხლი 10. ინფორმაციის კონფიდენციალურობა

1. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ პროფესიული მომსახურების განხორციელებისას მიღებული ინფორმაცია პროფესიული საიდუმლოებაა.

2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია:

ა) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, დროის გასვლისა და საქმიანობის შეცვლის მიუხედავად;

ბ) სუბიექტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს პროფესიული საიდუმლოება.

3. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შეცვლის შემთხვევაში წინა აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, შემდეგ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია იმ სუბიექტის შესახებ, რომელსაც აუდიტი ჩაუტარა.

4. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში პროფესიული მომსახურების განხორციელებისას მიღებული ინფორმაცია სხვა პირს გადასცეს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს ის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრებულია იგი. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრობის შეჩერებაც.

6. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება ხარისხის კონტროლის შემმოწმებელსა და აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ სერტიფიცირებულ პირზე, მათ მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

 

თავი IV. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია

    მუხლი 11. პროფესიული ორგანიზაციის აკრედიტაცია

1. ამ კანონის მიზნებისათვის აკრედიტებული შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს.

2. ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის აკრედიტაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი.

3. ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც არ არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი ან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ აღიარებული რეგიონალური ორგანიზაციის ნამდვილი წევრი, აკრედიტაციას იღებს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მოთხოვნების შესაბამისი შიგა პოლიტიკა და პროცედურები ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებით:

ა) თავისი წევრი აუდიტორების/აუდიტორული ფირმების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის მექანიზმი;

ბ) მოთხოვნები სერტიფიცირებულ პირთა განათლების მიმართ და მათი სერტიფიცირების სისტემა;

გ) თავისი წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის (IESBA Code) მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფის სისტემა;

დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების სისტემა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიულ ორგანიზაციას აკრედიტაცია ეძლევა 5 წლით. იგი უფლებამოსილია განმეორებითი აკრედიტაცია მოითხოვოს წინა აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 3 წლის შემდეგ.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიულ ორგანიზაციას აკრედიტაცია გაუხანგრძლივდება 1 წლით, თუ ის მიიღებს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ასოცირებული წევრის სტატუსს.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის აკრედიტაციის პირობებთან შესაბამისობის მონიტორინგს ყოველწლიურად ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი .

7. ამ კანონის მიზნებისათვის ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი ან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ აღიარებული რეგიონალური ორგანიზაციის ნამდვილი წევრი, აკრედიტებულად ითვლება მისი წევრობის განმავლობაში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრს პირველ წელს დაუდასტუროს შესაბამისად ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრობა ან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ აღიარებული რეგიონალური ორგანიზაციის წევრობა.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამისად ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრობის ან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ აღიარებული რეგიონალური ორგანიზაციის წევრობის შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერებიდან 1 თვის განმავლობაში აცნობოს ეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრს.

10. ამ კანონის მიზნებისათვის, თუ ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის წევრების 50%-ზე მეტს შეადგენენ იმ ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის წევრები, რომლის აკრედიტაციის ვადაც გასულია, ითვლება, რომ ეს ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციები ერთი და იგივეა. შესაბამისად, აღნიშნულ ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიულ ორგანიზაციას საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოსთვის – აკრედიტაციის ცენტრისთვის აკრედიტაციის მიღების მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვს რეგისტრაციიდან 3 წლის შემდეგ.

11. აკრედიტაციის წესს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი.

    მუხლი 12. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის კომპეტენცია

1. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრია, ვალდებულია:

ა) ქართულ ენაზე თარგმნოს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგინოს და გამოსცეს:

ა.ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS);

ა.ბ) მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs);

ა.გ) აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA);

ა.დ) ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი (ISQC);

ა.ე) პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

ბ) დაადგინოს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგინოს და გამოსცეს:

ბ.ა) ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელთა სერტიფიცირების წესები;

ბ.ბ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის დებულება, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მოთხოვნების შესაბამისად.

2. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის ფუნქციებია:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტების შედგენა, გამოცემა და საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსთვის სარეგისტრაციოდ წარდგენა;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის სარეკომენდაციო (სანიმუშო) ანგარიშთა გეგმის შემუშავება და გამოცემა;

გ) ბუღალტერთა საკვალიფიკაციო სწავლებების (ტრენინგების) განხორციელება;

დ) ფიზიკურ პირთა სერტიფიცირება, კერძოდ:

დ.ა) ბუღალტერთა (სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად და სერტიფიცირებულ ბუღალტრად) სერტიფიცირება;

დ.ბ) ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელთა სერტიფიცირება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სერტიფიცირების წესების შესაბამისად;

დ.გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ან სხვა დაინტერესებულ პირთან შეთანხმებით სხვა სახის სერტიფიცირების განხორციელება;

ე) დისციპლინური საქმის წარმოება თავისი წევრი აუდიტორის/ აუდიტორული ფირმის და ამ აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული სერტიფიცირებული პირის მიმართ;

ვ) განგრძობითი განათლების სტანდარტის შემუშავება, დადგენა და გამოყენება;

ზ) თავისი წევრების მიერ ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ეთიკის წესების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფის კონტროლი;

თ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დებულების შესაბამისად;

ი) თავის მიერ სერტიფიცირებულ პირთა სიის საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება;

კ) თავისი წევრი აუდიტორების/აუდიტორული ფირმების რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა.

3. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია, ამ მუხლით განსაზღვრული საქმიანობის გარდა, განახორციელოს სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული ან/და კანონით აუკრძალავი სხვა ნებისმიერი საქმიანობა.

4. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია პირთა სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად და სერტიფიცირებულ ბუღალტრად სერტიფიცირებას ახორციელებს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) განათლების საერთაშორისო სტანდარტების (IES) მოთხოვნების დაცვით.

5. პირთა სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად და სერტიფიცირებულ ბუღალტრად სერტიფიცირების პროგრამები საჯარო უნდა იყოს. ამასთანავე, ამ პროგრამებში მითითებული უნდა იყოს სერტიფიცირებულ პირად აღიარებისათვის საჭირო ცოდნის სავალდებულო მინიმალური მოთხოვნები.

6. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია აუდიტორების/აუდიტორული ფირმების შემოსავლების მოცულობის შესახებ. ამასთანავე, იგი ვალდებულია აუდიტორების/ აუდიტორული ფირმების შემოსავლები დაყოს გაწეული მომსახურების სახეების მიხედვით.

7. აკრედიტებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს ყოველწლიურად, შესაბამისი წლის მომდევნო წლის ბოლომდე.

8. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნოს ყოველწლიურად, საკუთარ ვებგვერდზე ან/და პრესაში, შესაბამისი წლის მომდევნო წლის 1 ივლისამდე. თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშის საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია ეს ანგარიში ვებგვერდზე ჰქონდეს გამოქვეყნებიდან სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში.

 

თავი V. პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა

    მუხლი 13. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

1. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს ამ მუხლით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, თუ შესაბამისი კანონმდებლობით ასეთი ქმედებისთვის (მოქმედებისთვის/უმოქმედობისთვის) სხვა პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ იმავე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი სუბიექტის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, რაც მას არ ათავისუფლებს აუდიტის ჩატარების ვალდებულებისაგან.

    მუხლი 14. პასუხისმგებლობის დაკისრების წესი

1. სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, რომლის შესახებაც დგება სამართალდარღვევის ოქმი. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი.

2. ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტების მიმართ სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პირი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პირის შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; სამართალდარღვევის შინაარსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის.

4. სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე ეცნობება იმ პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს აღნიშნული საქმის წარმოება, და მას გადაეცემა სამართალდარღვევის ოქმის 1 ეგზემპლარი.

5. პირი უფლებამოსილია პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა მის მიმართ დაწყებული სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში და წარადგინოს ახსნა-განმარტება.

6. ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტების მიმართ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პირი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება ოქმის შედგენიდან 1 თვის ვადაში. ამ გადაწყვეტილების 1 ეგზემპლარი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში გადაეცემა იმ პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა აღნიშნული საქმის წარმოება.

8. სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში აღინიშნება: გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს/პირის დასახელება; საქმის განხილვის თარიღი; მონაცემები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილებოდა საქმე; საქმის განხილვისას დადგენილი გარემოებები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; გადაწყვეტილების შინაარსი; გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი.

9. ამ კანონის შესაბამისად დაკისრებულ ჯარიმას პირი იხდის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

10. ამ კანონით დაწესებული ჯარიმა ირიცხება ბიუჯეტში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. დავის გადაწყვეტა

1. ამ კანონიდან გამომდინარე დავა განიხილება და გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. მონიტორინგის დასკვნა გასაჩივრდება აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის გადაწყვეტილებასთან ერთად.

3. მონიტორინგის დასკვნის თაობაზე აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის გადაწყვეტილება აუდიტორმა, აუდიტორულმა ფირმამ ან აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულმა სერტიფიცირებულმა პირმა შესაძლებელია გაასაჩივროს სასამართლოში, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

4. სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება სასამართლოში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

5. სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.

 

თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 16. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებებით მიღებული, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში 2013 წლის 1 იანვრისათვის მოქმედი ნორმატიული აქტები მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტების გამოყენების ვალდებულების ძალაში შესვლამდე.

2. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტები მოქმედებს 2015 წლის 1 იანვრამდე.

3. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის საკვალიფიკაციო სერტიფიკატები, რომლებიც ძალაშია 2013 წლის 1 იანვრისათვის, მოქმედებს 2013 წლის 1 იანვრიდან 5 წლის განმავლობაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ სერტიფიცირებულ პირს და აუდიტორულ ფირმას, რომელსაც დაქირავებული ჰყავს ასეთი სერტიფიცირებული პირი, უფლება აქვს, რეგისტრირებული იყოს მხოლოდ სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების არმქონე პირთა რეესტრში.

5. აკრედიტებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ 2013 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ბუღალტერთა (სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად და სერტიფიცირებულ ბუღალტრად) სერტიფიცირების პროგრამების შემუშავება.

6. აკრედიტებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრია, 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ხარისხის კონტროლის შემმოწმებლის სერტიფიცირების პროგრამისა და ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის დებულების შემუშავება.

7. ფინანსური ანგარიშგების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად მომზადება სავალდებულოა 2015 წლის 1 იანვრიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთანავე, 2015 წლის 1 იანვრამდე სუბიექტს უფლება აქვს, გამოიყენოს ეს სტანდარტები.

8. ფინანსური ანგარიშგების მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად მომზადება სავალდებულოა 2015 წლის 1 იანვრიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთანავე, 2015 წლის 1 იანვრამდე სუბიექტს უფლება აქვს, გამოიყენოს ეს სტანდარტები.

9. 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარებ იან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული აუდიტორები/ აუდიტორული ფირმები.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესი მოქმედებს 2013 წლის 1 იანვრიდან 4 წლის განმავლობაში. ამასთანავე, აღნიშნულ პუნქტში მითითებული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი არ ხორციელდება 2013 წლის 1 იანვრიდან 3 წლის განმავლობაში.

11. 2013 წლის 1 იანვრიდან 3 წლის განმავლობაში ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისთვის აუდიტის ჩატარების უფლება აქვს ნებისმიერ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის რეესტრშია რეგისტრირებული.

12. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, ჩაატაროს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების 2012 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის რეესტრშია რეგისტრირებული.

13. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანო – აკრედიტაციის ცენტრმა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული აკრედიტაციის წესი 2012 წლის 1 ნოემბრამდე წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

14. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს საკუთრებაში მყოფი აქტივები მისი ლიკვიდაციისთანავე გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

15. 2013 წლის 1 ივლისამდე აუდიტორების/აუდიტორული ფირმების პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრება არ მოითხოვება.

16. საქართველოს პარლამენტთან არსებული  აუდიტორული საქმიანობის საბჭო მისი ლიკვიდაციისთანავე გადასცემს ინდივიდუალური აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების ერთიან რეესტრს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

საქართველოს 2012 წლის 2 1  დეკემბრის კანონი №1 3 5 - ვებგვერდი,  30 .12.2012წ.

    მუხლი 17. დასკვნითი დებულებანი

1. 2013 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) საქართველოს 1995 წლის 7 თებერვლის კანონი „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№23−26, მუხ. 496);

ბ) საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4(11), 1999 წელი, მუხ. 18) ;

გ)  საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 30 ივნისის დადგენილება „საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27−30, მუხ. 656);

დ) საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 19 მარტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №16(23), 1999 წელი, მუხ. 239).

2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლებისა, მე-16 მუხლის პირველი−მე-4 და მე-7−მე-12 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლები, მე-16 მუხლის პირველი−მე-4 და მე-7−მე–12 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 29 ივნისი.

№6598-რს

შეტანილი ცვლილებები:

1 . საქართველოს 2012 წლის 2 1  დეკემბრის კანონი №1 3 5 - ვებგვერდი,  30 .12.2012წ.