დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6573-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020000.05.001.016857 |
საქართველოს კანონი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) (გარდა წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობისა საქმიანობის ამ ნაწილში) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“;
ბ) მე-3 და 31 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 28 ივნისი.
№6573-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები