დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6325-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.016787 |
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მონაცემთა დამმუშავებელი − საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სასამართლოში სამართალწარმოების მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებაზე;“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება
1. აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ მოქმედებს, თუ:
ა) მონაცემთა სუბიექტმა გამოხატა წერილობითი თანხმობა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე;
ბ) მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აშკარა აკრძალვის გარეშე;
გ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის მიერ შრომითი ვალდებულების შესრულებისათვის ან მასთან დაკავშირებული უფლების განხორციელებისათვის;
დ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, განაცხადოს თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე;
ე) მონაცემთა დამუშავება ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისათვის, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის;
ვ) მონაცემთა დამუშავება ხორციელდება ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან სავაჭრო გაერთიანების, ასოციაციის ან სხვა არაკომერციული ორგანიზაციის მიერ. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ ორგანიზაციის წევრებთან ან პირებთან, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ ორგანიზაციასთან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა მესამე პირისათვის გამჟღავნება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე.“.
4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად, ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება კანონით დადგენილი წესით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი პირის იდენტიფიკაციის მიზნებისათვის.“.
5. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისათვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.“.
6. 21-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მონაცემთა სუბიექტს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოთხოვნიდან დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური.“.
7. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. მონაცემთა დამუშავებაზე მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი.“.
8. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა;“.
9. 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინსპექტორის შესარჩევ საკონკურსო კომისიას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. კომისიის შემადგენლობაში პროპორციულობის პრინციპის დაცვით შედიან საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, აგრეთვე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
3. ინსპექტორი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო უმაღლესი განათლება, შესაბამისი პროფესიული გამოცდილება და საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს ინსპექტორის ფუნქციები.“.
10. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინსპექტორის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული მდგომარეობის დადგენის მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 25 მაისი.
№6325-Iს
დოკუმენტის კომენტარები