დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6327-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.016777 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) საჯარო ინფორმაცია – ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;“;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) საიდუმლო ინფორმაცია – საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.“.
3. მე-10 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.“.
4. 27-ე მუხლის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) გამოქვეყნება – კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანა და საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) პროაქტიული გამოქვეყნება − შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსება.“.
5. 271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 271 . პერსონალური მონაცემები
პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
6. 273 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 273 . პროფესიული საიდუმლოება
პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას.“.
7. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
2. საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.“.
8. 31-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ აქვს ის ღირებულება, რომლის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული.“.
9. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.“.
10. 37-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები:
„3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით.
4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მტკიცდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.
11. 39-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
12. მე-40 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.“.
13. 42-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.“.
14. 43-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
15. 44-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვები „პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია“ შეიცვალოს სიტყვებით „პერსონალური მონაცემები“;
ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ამოღებულ იქნეს.
16. 45-ე და 46-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
17. 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
18. 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე;“.
19. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 50. ადრე არსებული საჯარო ინფორმაციის ღიაობა
ამ კოდექსის 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებებისა, ღიაა, თუ იგი შექმნილი, გაგზავნილი ან მიღებულია 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, ამ ინფორმაციაში მოხსენიებული პირების იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით მათი სიცოცხლის განმავლობაში.“.
20. 82-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 82. კომერციული საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენის წესი
განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი, კომერციული საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაცვა, თუ სურს ამ ინფორმაციის საიდუმლოობის უზრუნველყოფა.“.
21. 99-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ დოკუმენტის გაცნობის ინტერესი აღემატება საიდუმლოების დაცვის ინტერესს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს გასაცნობად წარედგინება საქმის ის მასალებიც, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების ასლები გადაეცემა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით.“.
22. 111-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სხდომა ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომა დახურულად გამოაცხადოს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.“.
23. 164-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღსრულებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულებაზე, თუ ეს ეწინააღმდეგება მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებას ან გამოიწვევს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნებას, რომლის დაცვის ვალდებულებაც მას კანონით აკისრია.“.
24. 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეებს შეიძლება მოუსმინონ ერთმანეთის დაუსწრებლად, თუ ეს აუცილებელია პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად და თუ სხვაგვარად შეუძლებელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენა.“.
25. 218-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. 2013 წლის 1 სექტემბრამდე შესაბამისმა ორგანოებმა (თანამდებობის პირებმა) უზრუნველყონ ამ კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა).“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-4 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-7 ნაწილით გათვალისწინებული 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მე-9 ნაწილისა, მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-12 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-4 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-7 ნაწილით გათვალისწინებული 28-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მე-9 ნაწილი, მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-12 ნაწილი ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 25 მაისი.
№6327-Iს
დოკუმენტის კომენტარები